საერთაშორისო მიმოხილვა. 2 მაისი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 2 მაისი 2022 წელი

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელმა, ახრა არისტავამ (ყოფილი ქართული გვარი `ერისთავი`) მკაცრად გააკრიტიკა უკრაინელი არისტოვიჩი მისი სიტყვებისთვის, რომ ახლა დროა საქართველომ ომით დაიბრუნოს აფხაზეთი. არისტავამ `ოცნების` მთავრობაც შეაქო და განაცხადა, რომ რაკი საქართველოს მთავრობა `არ აჰყვა` არისტოვიჩს და უარი თქვა ომზე, ამით (ახრა არისტავას თქმით) საქართველოს მთავრობამ  `მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა მთელი სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების განსამტკიცებლად` და `ნდობის ასამაღლებლად`.

ამავე დროს აფხაზები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ე.წ. `ჟენევის დისკუსიათა` შეწყვეტის გამო.

ეს ფორმატი შეიქმნა 2008 წლის ომის დასრულებისთანავე. მისი თანათავმჯდომარეები იყვნენ გაერო, ეუთო და ევროკავშირი. ხოლო დამკვირვებლები - აშშ და რუსეთი.

ახლა დასავლეთმა უარი თქვა მონაწილეობაზე, რაკი არ სურს რუსეთთან რაიმე ფორმატში მოლაპარაკება მაშინ, როდესაც მოსკოვი დამპყრობლურ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ.

`ჟენევის ფორმატი` გაურკვეველი ვადით გადაიდო.

. . . . . . . . . . . . . . .

პოლონეთმა უკრაინას 232 ცალი ტანკი Т-72 გადასცა.

საბჭოთა წარმოების Т-72 თავის კლასში (საშუალო სიმძიმის ტანკები) მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება.

272 ტანკი საკმაოდ დიდი რაოდენობაა. ანუ NATO-ს წევრი ქვეყნები აღარ ერიდებიან უკრაინისთვის სერიოზული შეიარაღების გადაცემას. სამხედრო დახმარების ხარისხი და ოდენობა იზრდება იმის კვალობაზე, რაც უფრო მეტად დემონსტრირებს უკრაინა ბრძოლის უნარს, ხოლო უკრაინული არმია წარმატებას აღწევს შეტევათა მოგერიებაში. კონტრშეტევებზეც გადადის.

ტანკი არ არის თავდაცვითი იარაღი. ტანკი 100%-ით შეტევითი იარაღია. მაშასადამე დასავლეთს უკვე სურს უკრაინა შეტევაზე გადავიდეს და ტერიტორიული მთლიანობაც აღადგინოს.

ყველა იმ რისკის მიუხედავად, რაც ამას ახლავს თან.

. . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღიარა, რომ რუსული არმია 9 მაისამდე ანუ `დიდ სამამულო ომში` გამარჯვების მორიგი წლისთავისადმი მიძღვნილ დიდ აღლუმამდე ვერ მიაღწევს გამარჯვებას უკრაინაში.

ესე იგი `გამარჯვებულთა აღლუმი` წითელ მოედანზე არ გაიმართება.

უფრო ზუსტად აღლუმი კი იქნება, მაგრამ `გამარჯვებულთა აღლუმი` ვერანაირად ვერ გახდება.

იმ აღლუმს არავინ დაესწრება აფხაზეთის და `სამხრეთ ოსეთის` პრეზიდენტთა გარდა;  ჩინეთის ლიდერის ჩამოსვლაც კი საეჭვოა.

ლავროვი ცდილობს ისეთი შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს პუტინი არც კი გეგმავდა ამ ომში გამარჯვებას 9 მაისამდე და წითელ მოედანზე `გამარჯვებულთა აღლუმის `მოწყობას.

რა თქმა უნდა ცრუობს! `გეგმავდა` რომელია.

 ზოგადად ამ ტიპის ავტორიტარული რეჟიმებისთვის სიმბოლოებს PR-თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ. რუსები იოლ გამარჯვებას ელოდნენ, რისი სიმბოლოც უნდა გამხდარიყო `გამარჯვებულთა აღლუმი`. სანაცვლოდ კი მიიღეს გაჭიანურებული ომი, რის გამოც პუტინის რეიტინგი სულ ეცემა და ეცემა.

პუტინი კუთხეში მომწვდეულ ვირთხას ემსგავსება თანდათან, რაც ძალიან საშიშია, მაგრამ დასავლეთს სხვა გზაც აღარ აქვს: პუტინის უკრაინაში წარმატება სრული კატასტროფა და დასავლური ცივილზიაციის, ასევე მსოფლიო წეს-წყობილების დასასრულის დასაწყისი გახდებოდა.

. . . . . . . . . . . . . . .

უკრაინული არმიის დივერსიულმა ჯგუფმა გუშინ, 1 მაისს რუსეთის კურსკის ოლქში ააფეთქა სარკინიგზო ხიდი.

ასევე გუშინ, ბელგოროდში (რფ) რუსულ სამხედრო ნაწილს  უკრაინულმა ავიაციამ ან უკრაინულმა დრონმა დაარტყა. უდიდესი აფეთქება იყო.

პუტინს ძალიან არ უნდოდა და არ აწყობდა PR-ულად, მაგრამ გუშინვე ამ ამბების გამო იძულებული გახდა ბელგოროდში, ანუ უკრაინის მეზობელ მხარეში საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა.

ეს უკვე ომის ახალ სტადიაზე გადასვლას ნიშნავს. მანამდე არ კადრულობდნენ რუსები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას: `უკრაინას ერთს შევუბერავთ სულს და წაიქცევაო`.

აქ არანაკლებ მნიშვნელოვანი ისაა, რომ დასაველთში იზრდება ამგვარი სამხედრო აქციების მიმღებლობა. ანუ ადრე თუ არა მხოლოდ გერმანია არამედ ამერიკაც კი აფრთხილებდნენ უკრაინას, არ ეცადა საბრძოლო მოქმედების გადატანა რუსეთის ტერიტორიაზე და არ აწვდიდნენ იმ იარაღს (დრონებს), რომლებიც უკრაინას შეეძლო რუსეთის ტერიტორიაზე გამოეყენებინა, ახლა მიდგომა შეიცვალა: დასავლეთი იმდენად არის მართლა გაბრაზებული პუტინის თავხედობით, რომ გადაწყვეტილი აქვს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, პუტინის რუსეთი სასტიკად დაამარცხოს და (როგორც აშშ თავდაცვის მინისტრმა ლლოიდ ოსტინმა თქვა რამშტაინის ბაზაზე) უსასტიკესად დასაჯოს ისე, საუკუნეობით აღარ მოუვიდეთ აზრად აგრესია მეზობლების წინააღმდეგ.

. . . . . . . . . . . . . . .

ევროკავშირი ამზადებს სანქციათა მეექვსე პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც გაითვალისწინებს რუსულ ნავთობზე უარის თქმას. ოღონდ ეტაპობრივად - წლის ბოლომდე.

ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც გერმანია, რომელიც ადრე ეწინააღმდეგებოდა რუსულ ნავთობზე ემბარგოს, ახლა უკვე მომხრეა ამ გადაწყვეტილებისა.

ამერიკამ ჯერ კიდევ მარტში თქვა უარი რუსული ნავთობის შესყიდვაზე, თუმცა ამერიკისთვის ეს გადაწყვეტილება ბევრად იოლი მისაღები იყო, რადგან თითქმის არ ყიდულობდა რუსულ ნავთობს.

გერმანიის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა ჰქონდა კიევის პრინციპულ პოზიციას: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ გერმანიას უწოდა `ევროკავშირის ყველაზე გაუბედავი ქვეყანა`.

უკრაინელი დიპლომატის ფრაზამ  გერმანელები გაანაწყენა, თუმცა უკრაინის წინააღმდეგ კი არ განაწყო, არამედ პირიქით, იძულებული გახადა თავისი ისტორიული კომპლექსები დაეძლიათ რუსეთის მიმართ.

ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა: ევროპელებზე, მათ შორის გერმანელებზე არა `ენის მოჩლექით`, არამედ მკვეთრი, მკაფიო, მკვახე, ზოგჯერ არადიპლომატიური ენით ლაპარაკი, როგორც ახლა უკრაინის ხელისუფლება ელაპარაკება..... `კარგად მოქმედებს`.

. . . . . . . . . . . . . . .

პუტინის თავხედურმა რიტორიკამ ტრამპიც კი გააბრაზა.

დონალდ ტრამპი 2 თვის წინ ამბობდა: `რა გენიალურად მოიქცა პუტინი, უკრაინაში რომ ჯარი შეიყვანაო`. ახლა კი ამბობს: `პუტინის სიტყვები ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ამერიკის შეურაცხყოფაა`.

ტრამპი ასევე პირდაპირ აცხადებს: მე რომ ვყოფილიყავი ამერიკის პრეზიდენტი, პუტინი ვერ გაბედავდა უკრაინაში შეჭრასო.

ამ სახეცვლილების მიზეზი, კვლავ და კვლავ ისაა, რომ დონალდ ტრამპიც და ყველა სხვაც მსოფლიოში ხედავს: პუტინი სამარცხვინოდ დამარცხდა, ვერ შეასრულა `დანაპირები`, რომ უკრაინას რამდენიმე დღეში მოუღებდა ბოლოს და ახლა საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის პირით ამბობს: `ჩვენ აზრადაც არ გვქონია უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა, მხოლოდ დონბასის დაცვა გვინდოდაო`.

აბა `უკრაინის დენაციფიკაციაზე` (ანუ ხელისუფლების შეცვლაზე) და დემილიტარიზაციაზე (ანუ უკრაინული არმიის სრულ მოსპობაზე) ვინ ლაპარაკობდა?

. . . . . . . . . . . . . . .

რუსის ჯარი აგრძელებს ყოვლად სამარცხვინო ძარცვა-გლეჯას და მოროდიორობას უკრაინის დაპყრობილ ნაწილში. იპარავენ და იტაცებენ ყველაფერს, რაც შესაძლოა რაიმე ფასეულობას წარმოადგენდეს.

მაგალითად, ოკუპირებული მელიტოპოლიდან წაიღეს უახლესი ამერიკული ტრაქტორები და კომბაინები, რომლებიც GPS სისტემით არიან აღჭურვილნი. ყოველი მათგანი $300 000 ღირს.

მაშასადამე, პუტინი რომ ამბობს, ჩემი მიზანი `დონბასის გათავისუფლება და აღორძინებააო` - სინამდვილეში სწორედ ე.წ. `განთავისუფლებულ დონბასს` ძარცვავს და ტოვებს სასოფლო-სამეურნეო წარმოების გარეშე.

GPS სისტემით ამერიკელებმა თვალი მიადევნეს, რომ ეს ტრაქტორები და კომბაინები ჩეჩნეთში გადაიყვანეს იმ ბანდიტებმა, ვინც პუტინმა გააგზავნა უკრაინელების საჟლეტად.

ოღონდ  შავი კომედია ისაა, რომ კი გადაიყვანეს, თუმცა ვერ იყენებნ, რადგან ამ დახვეწილ, მაღალტექნოლოგიურ მანქანებს კომპიუტერული მართვის სიტემები აქვთ და კოდებს ვერ ხსნიან, რათა აამუშავონ.

მოსკოვიდან გაიგზავნა სპეციალურად IT ჯგუფი, რათა მანქანებს კოდები მოხსნან.

მთელი მსოფლიოს ფერმერები დასცინიან ახლა პუტინს. არაფერია ავტოკრატისთვის იმაზე საშიში, ვიდრე დაცინვა.

დაცინვა შიშსაც აქრობს.

და გამორიცხავს რაიმე პატივისცემას.

`მოიპარა და ვერ იყენებს რაკი ვირმა  რა იცის ხუმრა რა ხილიაო` - დაახლოებით ამ აზრით დასცინიან სხვადასხვა ენაზე და სხვადასხვა ხალხური გამონათქვამებით. ამბობენ და იცინიან. ანუ `შიმპანზესავით უბადრუკი და უცოდინარიაო`

პუტინს არა მხოლოდ გმირი უკრაინელი არმიის წინააღმდეგობა `ამთავრებს`, არამედ აი ასეთი ისტორიები......

 თვითონ ხომ სტალინ-ბრეჟნევის დროინდელი ტექნოლოგიური დონის ტრაქტორებს და კომბაინებს უშვებენ დღემდე.