ძირითადი ეროვნული ინტერესი

ძირითადი ეროვნული ინტერესი - ეროვნული მოძრაობა

ძირითადი ეროვნული ინტერესი

«ეროვნული მოძრაობის» შესახებ მსჯელობა დღეს უკვე მრავალ ისეთ კითხვას წარმოშობს, რომელიც ადრე აზრადაც არავის მოუვიდოდა. ან მათი თუნდაც დასმა გააფთრებულ რეაქციას გამოიწვევდა და იმთავითვე აღიქმებოდა პროვოკაციად.
    მაგალითად, ასეთი, ერთი შეხედვით თითქოს აბსურდული კითხვა: რა მიზანს ისახავდა ეროვნული მოძრაობა?
    კითხვა ბევრს მართლაც აბსურდულად მოეჩვენება - როგორ თუ «რა მიზანს ისახავდა?» დამოუკიდებლობას!!! მაგრამ ეს სტერეოტიპული პასუხია, რომელიც თავისთავად, განყენებულად, აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს.
    «დამოუკიდებლობა», როგორც ცნება, ტერმინი, ზოგჯერ ევფემიზმი, - შინაარსობრივად ვერ ხსნის იმ ცნების არსს, რასაც ფორმალურად აღნიშნავს.
    1988 წლის ნოემბრის აქციის დროს გამართულ მიტინგზე გია ჭანტურიამ მომიტინგეებს მოუთხრო სომხური ეროვნული მოძრაობის წევრებთან საუბრის თაობაზე. მან აღშფოთება ვერ დამალა იმის გამო, რომ სომხებს ყარაბაღის პრობლემა უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნდათ, ვიდრე საბჭოთა კავშირიდან გასვლა: «რა მნიშვნელობა აქვს, ორ ოთახში იქნები პატიმარი თუ ერთში?»
    «დამოუკიდებლობა» საქართველოში ესმოდათ, როგორც საბჭოთა კავშირიდან გასვლა (ანუ აბსოლუტური ჭეშმარიტების ზეიმი), საერთაშორისო სამართალსუბიექტურობა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრობა და ა.შ.
    არადა, თავისთავად «დამოუკიდებლობა» (ის, რასაც ამ ცნებაში გულისხმობდნენ) შეიძლება მხოლოდ საშუალება ყოფილიყო ძირითადი ეროვნული ინტერესის დასაკმაყოფილებლად.
    მაშასადამე, ჩვენს ეროვნულ მოძრაობას ელემენტარული ინტელექტუალური საფუძველი რომ ჰქონოდა, ჯერ უნდა განესაზღვრა, რაში მდგომარეობს საქართველოს ძირითადი ეროვნული ინტერესი, მისი სტრატეგიული ამოცანა და ემოქმედა სწორედ ამ ძირითადი ეროვნული ინტერესის შესაბამისად.
    ოღონდ, აქვე, ისევ და ისევ შევნიშნავ, რომ ჭეშმარიტი ეროვნული ინტერესი პიროვნულ ინტერესთა ერთობაა და არა რომელიღაც ფსევდოინტელიგენტის მიერ შეთითხნილი ჰიპოთეთური (რუს. Умозрительный) სქემა.
    თუ ძირითადი ეროვნული ინტერესის დასაცავად და განსახორციელებლად აუცილებელი იყო საერთაშორისო სამართალსუბიექტურობა, მაშინ «მოძრაობას» დიახაც ყველაფერი უნდა გაეკეთებინა საბჭოთა კავშირიდან გამოსასვლელად - სრული იურიდიული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.
    მაგრამ (ბევრისათვის მიუღებელ აზრს გამოვთქვამ – ავტ) თუ ძირითადი ეროვნული ინტერესი ობიექტურად ეწინააღმდეგებოდა იმას, რასაც «მოძრაობის ლიდერები» დამოუკიდებლობაში გულისხმობდნენ, მაშინ ამ ცნების თვითმიზნად, იდეაფიქსად ქცევას აბსურდამდე მივყავართ: «დამოუკიდებლობაც» და «სახელმწიფოებრიობაც» ერს ხომ სწორედ ეროვნული ინტერესების დასაცავად ესაჭიროება?!
    მაგალითად, სომხებისათვის ძირითადი ეროვნული ინტერესი ყარაბაღის შემოერთებაში, თურქებზე (ისინი აზერბაიჯანელებსაც თურქებად თვლიან-ავტ.) ისტორიულ გამარჯვებაში («ათასწლეულის რევანშში») მდგომარეობდა და არა რუსეთისაგან დამოუკიდებლობაში.
    ნუ მოგვატყუებს ის ფაქტი, რომ 1991 წელს სომხებმა საბჭოთა კავშირიდან გასვლა გამოაცხადეს: ეს მხოლოდ ტაქტიკური სვლა იყო - ისევ და ისევ ყარაბაღის პრობლემის გადასაჭრელად. რეალურად კი სომხებს დამოუკიდებლობა (განსხვავებით იმდროინდელი საქართველოსაგან) არ ესმოდათ, როგორც რუსეთის საწინააღმდეგო მოძრაობა. ანუ სომხეთის ეროვნული მოძრაობა ანტირუსული არ ყოფილა თავისი შინაარსით, - მისი მთავარი მიზანი ისევ და ისევ ყარაბაღი გახლდათ.
    ნებისმიერ პოლიტიკურ ნაბიჯს სომხები დგამდნენ მხოლოდ და მხოლოდ ყარაბაღის შემოერთების მიზნით. ესე იგი ძირითადი ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე. საბჭოთა კავშირიდან გასვლაც (ოღონდ ანტირუსული სარჩულის გარეშე) იმიტომ გამოაცხადეს, რომ გორბაჩოვმა დროებით აზერბაიჯანს გაუწია დახმარება ყარაბაღის სომხურ სოფლებზე იურისდიქციის აღდგენაში.
    მაგრამ თუ ერევანში დაინახავდნენ, რომ ყარაბაღის პრობლემის გადასაჭრელად (ძირითადი ეროვნული ინტერესის განსახორციელებლად) კავშირის შემადგენლობაში დარჩენა უფრო ხელსაყრელი იყო, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირიდან გასვლის დეკლარირება აზრადაც არ მოუვიდოდათ.
    იგივე ითქმის აფსუანურ ეროვნულ მოძრაობაზე. აფხაზი სეპარატისტების ძირითადი ეროვნული ინტერესი აფხაზეთიდან ქართული მოსახლეობის გაძევებასა და დემოგრაფიული ვითარების შეცვლაში მდგომარეობდა. სწორედ ამ ძირითად მიზანს ემსახურებოდა მათი «მოძრაობა». ხოლო რაკი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში დარჩენა (ოღონდ «მოკავშირე და ავტონომიურ რესპუბლიკათა გათანაბრების» პირობით) მიზნის მისაღწევად უფრო ხელსაყრელი იყო (იმ ვითარებაში, როცა საქართველო დამოუკიდებლობას აცხადებდა და რუსეთს აღიზიანებდა), - რასაკვირველია დამოუკიდებლობის გამოცხადება და «ანტირუსული მოძრაობის» წამოწყება აზრადაც არ მოუვიდოდათ. ეს სავსებით ეთანადებოდა მათ ინტერესებს და ამიტომაც იქცნენ «ერთიანი სახელმწიფოს ურღვევობის» გულმხურვალე მომხრეებად.
    ანუ, იმიტომ კი არა, რომ КГБ-ს აგენტები იყვნენ და «კრემლის ბრძანებებს მონურად ასრულებდნენ» (როგორც ჩვენი იმდროინდელი  «ლიდერები» გვიმტკიცებდნენ), - უბრალოდ, ეს შეესაბამებოდა მათ ძირითად ეროვნულ ინტერესს, ხელს უწყობდა მის განხორციელებას. პოლიტიკა კი, როგორც მოგახსენეთ, ინტერესთა თანხვედრის ხელოვნებაა.
    ლიტველებისათვის, რომელთაც მსგავსი პრობლემები არ გააჩნდათ, ძირითადი ეროვნული ინტერესი თვისებრივად მახლობელ და ყველა თვალსაზრისით მშობლიურ (სისხლხორცეულ) დასავლურ სამყაროსთან ინტეგრაციაში მგდომარეობდა. ამიტომაც განვითარდა იქ ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობა საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის ნიშნითა და მოთხოვნით.
    ლიტველთა ძირითადი ეროვნული ინტერესის შესაბამისად, ისინი უნდა მოწყვეტოდნენ მათთვის სრულიად უცხო «რუსულ-თურანულ» სამყაროს და კვლავ შეერთებოდნენ დასავლურ (რომაულ-ქრისტიანულ) ცივილიზაციას, რომელიც მათთვის (სხვათა შორის, განსხვავებით ქართველებისაგან) მართლაც თვისებრივი იყო ყველა თვალსაზრისით.
    აქვე არ შეიძლება არ ითქვას, რომ სრული გაუგებრობაა ქართული ინტელიგენციის მიერ შექმნილი მითი ჩვენი «მარადჟამინდელი დასავლური ორიენტაციის» შესახებ.
    თუ აქ ქრისტიანობა იგულისხმება, მაშინ ეს სწრაფვა დიახათაც ერთმორწმუნე რუსეთისადმი ლტოლვაში გამოიხატა XV საუკუნიდან.
    მაგრამ «დასავლურ ორიენტაციაში» ამას როდი გულისხმობდნენ - იგულისხმებოდა მენტალიტეტის იდენტობა და «ცხოვრების წესი», - ძირითად სოციო-ფსიქოლოგიურ ფასეულობათა ერთობა. ამ თვალსაზრისით, არავითარი «დასავლური ორიენტაცია» ქართული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი არ ყოფილა!
    მაგალითად, ლიტველისათვის აბსოლუტურად ნორმალური და მისაღებია საზოგადოებრივი შემწყნარებლობის «დასავლური სტანდარტი», როდესაც, ვთქვათ, ჰომოსექსუალისტთა დემონსტრაცია ქალაქის ქუჩებში სავსებით ნორმალურად აღიქმება, როგორც «პიროვნული არჩევანის თავისუფლების» გამოხატულება. დასავლური ცივილიზაცია კი სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება, რაც კატეგორიულად მიუღებელია ქართული საზოგადოებისათვის მენტალურად და (ანუ) ტრადიციულად.
    უტრირებულად თუ ვიტყვით, «დასავლური მენტალიტეტი» (რის გარეშეც «დასავლური ორიენტაცია» ყალბი მითოლოგემაა) სწორედაც იმას ნიშნავს, რომ თბილისში ჰომოსექსუალისტებმა საჯარო ზეიმები მოაწყონ და ამას საზოგადოება უდრტვინველად შეურიგდეს; ან რესტორანში ყველამ საკუთარი ხარჯი გაისტუმროს; შრომითი ეთიკისა და «დაგროვების» დასავლური აღქმა-ჩვევა არსებობდეს და ასე შემდეგ.

    ძირითადი ეროვნული ინტერესის განხორციელება ნიშნავს ერისათვის ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიციის მოპოვებას ან შენარჩუნებას. ამიტომ, «ეროვნულ მოძრაობად», ისტორიული თვალსაზრისით შეიძლება მხოლოდ ის საზოგადოებრივ - პოლიტიკური პროცესი ჩაითვალოს, რომელიც არა მხოლოდ ერის შინაგან, სიღრმისეულ მისწრაფებებს გამოხატავს, არამედ პრაქტიკულად მოქმედებს ამ ინტერესების შესაბამისად.
    ასეთი დაზუსტება იმისათვის დაგვჭირდა, რომ აქვე ხაზგასასმელია ერთი, ძალზე მნიშვნელოვანი გარემოებაც: მოსახლეობა (მასა), «საზოგადოება» (სოციუმი), გარკვეულ მომენტში შეიძლება ამ ინტერესს ვერც აცნობიერებდეს, მაგრამ იგი ელიტამ უნდა გააცნობიეროს!
    მაგალითად, ერბაქანის ისლამისტური მოძრაობა თურქეთში ნამდვილად «ეროვნული მოძრაობა» იყო, მაგრამ იგი თურქეთის გრძელვადიან სტრატეგიულ ინტერესებს არ შეესაბამბოდა, ამიტომაც აღკვეთა თურქულმა ელიტამ (ისტებლიშმენტმა) სამხედროთა ხელით.
    ანუ «ეროვნული მისწრაფებებისა» და «გრძელვადიანი ეროვნული ინტერესების» გაიგივებაც შეცდომაა - «ძირითადი ეროვნული ინეტერესი» კი მათი თანხვედრის შედეგად წარმოიშობა.

    «მოძრაობა», რომელიც საქართველოში 1988 წლიდან დაიწყო, როგორც მოგახსენეთ, არ გამოხატავდა ერისა და პიროვნების შინაგან, დაუოკებელ, სიღრმისეულ მისწრაფებებს. მაგრამ იქნებ იგი ძირითად ეროვნულ ინტერესს შეესაბამებოდა?
    აქ მივედით ფუნდამენტურ კითხვამდე: რაში მდგომარეობდა საქართველოს ძირითადი ეროვნული ინტერესი II ათასწლეულის მიწურულს?

    ამ კითხვაზე პასუხის ძიებაში, თუ თვალს გადავავლებთ ყველაფერს, რაც საქართველოში 1988 წლიდან მოხდა და ქვეყნის «მოძრაობამდელ» მდგომარეობასაც გავითვალისწინებთ, ბევრისათვის მიუღებელ, აღმაშფოთებელ, მაგრამ უეჭველ დასკვნამდე მივალთ:
    საქართველოს ძირითადი ეროვნული ინტერესი ის გახლდათ, რომ ნებისმიერ ფასად, ნებისმიერი ხერხითა და საშუალებით, როგორმე თავიდან აეცილებინა ის უბედურება, რაც რეალურად მოხდა 1988-1993 წლებში ანუ თავიდან აეცილებინა ეთნოდემოგრაფიული სივრცის რღვევა (აფხაზეთისა და შიდა ქართლის ცენტრალური ნაწილის დაკარგვა); სამი ავტონომიის სახით საქართველოს ეთნოდემოგრაფიულ სხეულში ჩადებული «შეყოვნებული მოქმედების» ნაღმთა სრული აფეთქება (მესამე მოგვიანებით აფეთქდა, ოღონდ, საბედნიეროდ, საშინელი სისხლისღვრის გარეშე); თვით «ეროვნულობის» იდეის დისკრედიტაცია, ქართველთა ეროვნული ერთობის მატრიცის რღვევა (სამეგრელოს მოვლენები); - აღარაფერს ვამბობ სამოქალაქო ომზე, მასობრივ ხოცვა - ჟლეტასა და ნგრევაზე.

    პოლიტიკა საჭადრაკო ეტიუდს ჰგავს იმ თვალსაზრისით, რომ სწორად გაკეთებული სვლებით უეჭველად მივალთ წინასწარ დათქმულ (და ობიექტურად შესაძლებელ) შედეგამდე. სწორედ ამიტომ უწოდებენ პოლიტიკას «შესაძლებლის ხელოვნებას» - როდესაც ვამბობთ, რომ «პოლიტიკაში არსებობს «შესაძლებელი» და «შეუძლებელი», ვგულისხმობთ ამა თუ იმ პროცესის გარდაუვალობას.
    მაგალითად, აბსოლუტურად გარდაუვალი იყო ვითარების გართულება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ ანტირუსული ლოზუნგები აიტაცა. ოღონდ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი აქ ის გახლავთ, რომ როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალში მდგომარეობის გართულება და ინტერესთა სერიოზული კონფლიქტი გარდაუვალი იყო იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოში სულ სხვა პოლიტიკა გატარდებოდა: არ ავაფრიალებდით ლოზუნგს «ძირს რუსეთის დამპალი იმპერია», თავიდანვე დავადგებოდით «ლიტვურ გზას» და ასე შემდეგ. ამ გართულების ხარისხი უკვე ძალთა და შესაძლებლობათა რეალურ დისპოზიციაზე იქნებოდა დამოკიდებული.
    როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ცხინვალის რეგიონში ინტერესთა კონფლიქტი შეიძლებოდა არ გადაზრდილიყო საომარ ფაზაში, ხოლო აფხაზეთში (აგრეთვე ინტერესთა ძალზე ღრმა კონფლიქტის მიუხედავად), აფსუები ვერ მოახერხებდნენ ეთნოწმენდის ორგანიზებას, თუ საქართველო «ერთიანი მოსკოვური სახელმწიფოს» (განახლებული ფედერაციის თუ კონფედერაციის – ამას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა) სუბიექტად დარჩებოდა და დამოუკიდებლობას არ გამოაცხადებდა.
    სწორედ ეს განასხვავებდა აფხაზეთს ყარაბაღისაგან, სადაც ომი ნებისმიერ შემთხვევაში გარდაუვალი იყო და, ფაქტობრივად, ჯერ კიდევ ერთიანი სახელმწიფოს არსებობის დროს დაიწყო.
    სრული დემაგოგიაა იმის მტკიცება, თითქოს «საქართველოს რომ ჭკვიანური პოლიტიკა ეწარმოებინა, დამოუკიდებლობასაც მოვიპოვებდით და აფხაზეთ-სამაჩაბლოსაც შევინარჩუნებდით». ეს გამორიცხულია!
    აფხაზი და ოსი სეპარატიტები, 1988 წლიდან (როდესაც ანტისტალინურმა ისტერიამ აპოგეას მიაღწია, ხოლო ეროვნულ უმცირესობათა მიმართ ჩადენილ დანაშაულთა გამოსწორების, ისტორიული სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობა პოლიტიკურ დომინანტად იქცა), უაღრესად მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ისინი აჰყვნენ ისტორიულად «აღმავალ ტალღას» (როგორც ჩვენ ავყევით ასეთივე ტალღას XIX საუკუნის დასაწყისიდან, როცა რუსეთის ვეებერთელა სახელმწიფო კავკასიაში შემოდიოდა და დასაყრდენს ქმნიდა, რითაც ძალაუნებურად აძლიერებდა საქართველოს მრავალი თვალსაზრისით) და უეჭველად გაიმარჯვებდნენ ნებისმიერ შემთხვევაში.
    მით უმეტეს, რომ ძალიან ჭკვიანი და მაღალინტელექტუალური ელიტა აღმოაჩნდათ, რომელსაც მოსკოვის უნივერსიტეტები ჰქონდა დამთავრებული და არა ის უნივერსიტეტი, სადაც პროფესორები ამა თუ იმ ფორმით ქრთამს იღებენ.
    თანაც, არც აფსუებს და არც ოსებს ანტიქართული ლოზუნგები არ წამოუყენებიათ - იგივეს ამბობდნენ, ოღონდ «მოკავშირე და ავტონომიურ რესპუბლიკათა გათანაბრების» ფორმით, რაც შინაარსობრივად საქართველოს დაშლას ნიშნავდა ადრე თუ გვიან - განურჩევლად იმისა, მოითხოვდა თუ არა საქართველო ერთიანი სახელმწიფოდან გასვლას. ოღონდ აქ «დაშლა» არ არის «ეთნოდემოფრაფიული სივრცის» რღვევის ტოლფასი!

 

აქვე, ერთი საინტერესო საკითხიც უნდა განვიხილოთ: XX საუკუნის მიწურულს (განსხავებით XIX საუკუნის დასაწყისისაგან), რუსეთი საქართველოს უკვე აღარ აღიქვავდა «სტრატეგიულ მოკავშირედ».
    ამ ფენომენს საქართველოში დღემდე არ ექცევა სათანადო ყურადღება.
    ერთ უცნაურობას დავაკვირდეთ: 1987-1991 წლებში აზერბაიჯანი მოსკოვის მიმართ გაცილებით უფრო ლოიალურ პოლიტიკას ატარებდა, ვიდრე სომხეთი. აზერბაიჯანმა (სომხეთისაგან განსხვავებით), 1991 წლის აგვისტოში თანხმობა განაცხადა, ხელი მოეწერა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულებისათვის მაშინ, როდესაც სომხეთმა ეს კატეგორიულად უარყო და დამოუკიდებლობის დეკლარაციაც კი მიიღო (ჯერ კიდევ აგვისტოს პუტჩამდე).
    აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ყარაბაღის მოვლენათა დასაწყისში რუს სამხედროებს ერევანში თავს ესხმოდნენ, სცემდნენ, სომეხი ეროვნების სსრკ სახალხო დეპუტატები უმაღლესი საბჭოს სესიებზე უმწვავეს ბრალდებებს გამოთქვამდნენ «ცენტრალური ხელისუფლების» მიმართ და ა.შ.
    ერთი შეხედვით თითქოს ლოგიკური იქნებოდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ (რაშიც სომხეთის წვლილი განუზომლად უფრო მეტი იყო, ვიდრე აზერბაიჯანისა), მოსკოვს აზერბაიჯანისათვის დაეჭირა მხარი და არა სომხეთისათვის.
    არადა, პირიქით მოხდა: სომხეთმა (რუსეთის აქტიური მხარდაჭერით), აზერბაიჯანის არმია გაანადგურა და ყარაბაღთან ერთად ამ ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი დაიპყრო.
    უცნაურია არა?
    სინამდვილეში მოსკოვი მოქმედებდა რუსეთის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე.
    საქმე ის გახლავთ, რომ ერთდროულად რამდენიმე ფაქტორის გამო, სომხური საზოგადოება თავისი შინაგანი, სიღრმისეული მისწრაფებებით, რუსეთისადმი ლოიალურია. ეს ობიექტური მოცემულობაა, რომლის შეცვლა შეუძლებელია, ვინაიდან იგი ისტორიული განვითარების, გეოპოლიტიკური რეალობისა და თვით სომხური საზოგადოების ეთნოფსიქოლოგიური არსის ურთიერთმოქმედების შედეგია.
    ასევე, იმავე ფაქტორთა ზემოქმედების შედეგად, აზერბაიჯანი ვერასდროს გახდებოდა რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე: როგორი პოლიტიკაც არ უნდა გაეტარებინა აზერბაიჯანულ ელიტასა და ხელისუფლებას, მოსკოვში შესანიშნავად ეცოდინებოდათ, რომ ეს ტაქტიკური კომპრომისია, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანული საზოგადოება თავისი სიღრმისეული, თვისებრივი, სტრატეგიული მისწრაფებებით არალოიალურია რუსეთისადმი. ამიტომ რუსეთი, ნებისმიერ შემთხვევაში სწორედაც სომხეთს (სტრატეგიულ მოკავშირეს) დაუჭერდა მხარს და არა აზერბაიჯანს.
    ზუსტად ეს გათვლა მოქმედებდა საქართველოსთან მიმართებაში: როგორი პოლიტიკაც არ უნდა გაეტარებინა ქართულ ელიტას 1988 წლიდან, მოსკოვს ეცოდინებოდა, რომ ესეც ტაქტიკური კომპრომისია, ხოლო ქართული საზოგადოება მისდამი თვისებრივად არალოიალურია, ამიტომ იგი ნებისმიერ შემთხვევაში რუსულენოვან აფხაზობას დაუჭერდა მხარს, როგორც უფრო მეტად (შედარებით) ლოიალურს.
    აქ მეტნაკლებობა რასაკვირველია არსებობს: სომხების სტრატეგიულ მოკავშირედ აღქმის მიუხედავად, კავკასიაში რუსეთს კიდევ უფრო ერთგული და სანდო სტრატეგიული მოკავშირე ჰყავს: ოსები და «ოსეთი».
    ამრიგად, ნებისმიერი პოლიტიკური ტაქტიკისა და სტრატეგიის შემთხვევაში, საქართველო (რაკი «დაღმავალ ტალღაზე» აღმოჩნდა) ბევრ რამეს მაინც დაკარგავდა 1987 წლის შემდეგ. ამიტომ ქართული პოლიტიკის მთავარი მიზანი ის უნდა ყოფილიყო, რომ რაკი შეუძლებელი გახდა (ობიექტურად) მთლიანად აგვეცილებინა თავიდან იმპერიის რღვევის დამანგრეველი (ჩვენთვის) შედეგი, როგორმე მინიმუმამდე მაინც დაგვეყვანა დანაკარგი, - შეგვენარჩუნებინა მაქსიმუმი, რისი შენარჩუნებაც შესაძლებელი იყო. ყველაფერს საქართველო მაინც ვერ შეინარჩუნებდა და ყველაფერს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ აიცილებდა თავიდან. მაგრამ ძირითადი ეროვნული ინტერესის გათვალისწინებისა და შესაბამისი, გონიერი ტაქტიკის შემუშავების შემთხვევაში, ზოგიერთი დამანგრეველი პროცესის თავიდან აცილება ან ზარალის (დანაკარგის) მინიმუმამდე დაყვანა ნამდვილად შეიძლებოდა.
    ყოველ შემთხვევაში, საქართველოს შეეძლო მეტნაკლებად შეენარჩუნებინა ეთნოდემოგრაფიული პოზიციები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, თავიდან აეცილებინა გამანადგურებელი სამოქალაქო ომი (ზოგიერთი თვალსაზრისით კიდევ უფრო გამანადგურებელი, ვიდრე ომი აფხაზეთში); საერთოდ გამოერიცხა გართულება აჭარაში, რაც საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ ერთი სახელმწიფოსა და ფაქტობრივად კონფედერაციული ურთიერთობების დამყარებით დასრულდა; აგრეთვე გამოერიცხა ისტორიულად (სამწუხაროდ) დაუვიწყარი ექსცესი სამეგრელოში ანუ თვით ქართველი ერის ეთნიკური მთლიანობის საყრდენთა შერყევა და ა.შ.
    პოლიტიკაში რაციონალური გათვლა და პრაგმატიზმი არათუ სასურველია, - რაციონალური საწყისის გარეშე პოლიტიკა საერთოდ არ არსებობს. ოღონდ შესაძლებელია არსებობდეს პროცესი, რომელიც მოკლებული იქნება ყოველგვარ რაციონალურ პოლიტიკურ საწყისს. ამის მაგალითია სწორედ საქართველოს უახლესი ისტორია.

    არადა, 1988 წლისთვის, ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით, საქართველოს ძალიან ძლიერი პოზიციები ჰქონდა: აფხაზეთი იმ დროს საქართველოს ორგანული ნაწილი იყო თუნდაც იმიტომ, რომ იქ 250 ათასი ქართველი ცხოვრობდა. ასევე მყარი იყო საქართველოს პოზიციები შიდა ქართლშიც.
    ამრიგად, ეთნოდემოგრაფიული სივრცის თვალსაზრისით, ქვეყანამ მიაღწია მდგომარეობას, რომელიც 12-ე საუკუნის შემდეგ აღარ ჰქონია. უფრო მეტიც: დავითისა და თამარის ეპოქაშიც კი არ ჰქონდა გარკვეული თვალსაზრისით.
    ყველაფრის შენარჩუნება შეუძლებელი იყო, მაგრამ შეიძლებოდა შეგვენარჩუნებინა შესაძლებლის მაქსიმუმი.
    ამ მხრივ საქართველო ხომ უკეთეს საწყის ვითარებაში იმყოფებოდა, ვიდრე იგივე სომხეთი, ვინაიდან სომხების ძირითადი ეროვნული ინტერესი იმ დროისათვის სხვისი კუთვნილის წაგლეჯა - წართმევაში მდგომარეობდა, რაც ობიექტურად გაცილებით ძნელია, ვიდრე კუთვნილის შენარჩუნება.
    ამასთანავე, თავისი ინტერესების მაქსიმალურად დასაცავად საქართველოს სერიოზული გეოპოლიტიკური და სხვა უპირატესობები თუ კოზირები ჰქონდა, მაგრამ «მოძრაობის» სიჩლუნგის შედეგად, ისინი არათუ ვერ გამოვიყენეთ, არამედ, ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთი ჩვენი კოზირით სხვებმა ისარგებლეს.

 

მაშასადამე, საქართველოს ძირითადი ეროვნული ინტერესი იყო ეთნოდემოგრაფიული და ისტორიულ-კულტურული სივრცის მთლიანობის შენარჩუნება.
    ზოგიერთს შეიძლება მოეჩვენოს, თითქოს დასკვნა ულოგიკო და უსამართლოა ანუ დღევანდელი გადასახედიდან მოსჩანს პრიორიტეტულად ის, რაც შესაძლოა არ ყოფილიყო პრიორიტეტული 1988 წელს.
    ოპონენტს, ვინც ამ აზრს იზიარებს, უეჭველად ჰგონია, რომ დამანგრეველი პროცესები მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკის შედეგად წარმოიშვა და სიღრმისეული მიზეზები არ გააჩნდა. სინამდვილეში, ყველა იმ პროცესს, რაც განვითარდა აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, მთლიანად საქართველოში, ძალზე ღრმა შინაგანი მიზეზები ჰქონდა, ანუ ეს პროცესები ობიექტურ (და არა სუბიექტურ) ფაქტორებს ეფუძნებოდნენ.
    კვლავ საჭადრაკო ანალოგიას თუ მოვიშველიებთ, საქართველო 1988 წლიდან «შავებით თამაშობდა». «თეთრებს» იმთავითვე აქვთ უპირატესობა, მაგრამ სწორი, კარგად გათვლილი, ზუსტი, «ერთადერთი შესაძლო» საპასუხო სვლებით «შავებს» მაინც შეუძლიათ წარმატებით დაიცვან თავი, დაელოდონ «თეთრების» შეცდომას და კონტრშეტევაზეც გადავიდნენ, რაც საბოლოოდ პარტიის მოგებას თუ არა, ყაიმს მაინც მოასწავებს. ოღონდ «შავებმა» პარტიის დაწყებისთანავე თეთრების სვლებს საუკეთესო სვლებით უნდა უპასუხონ და ამით მოახდინონ «თეთრების» უპირატესობის კომპენსირება.
    თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ თუ «თეთრები» არც ერთ შეცდომას არ დაუშვებენ, «შავები» ნებისმიერ შემთხვევაში წააგებენ, - როგორი «სწორი» სვლებიც არ უნდა აკეთონ.
   
   

    ხოლო საქართველოს ძირითადი ეროვნული ინტერესისა (ეთნოდემოგრაფიული სივრცის მთლიანობა) და (მეორეს მხრივ) ქვეყნის ამჟამინდელი დაბეჩავებული მდგომარეობის გათვალისწინებით, იძულებული ვართ, დავასკვნათ:
    ის, რაც დღეს გვაქვს (საქართველოს სახელმწიფოებრივი სტატუსის თვალსაზრისით), არ ღირდა იმად, რა ფასადაც იგი დაგვიჯდა!
    ყველაფერს ამქვეყნად აქვს თავისი ფასი. საქართველოს დამოუკიდებლობის ფასი იყო აფხაზეთი!
    ოღონდ «აფხაზეთი» არა მხოლოდ როგორც ტერიტორია, ისტორიულ-კულტურული და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ფენომენი, არამედ «აფხაზეთი», როგორც ის, რაც იქ რეალურად მოხდა 1992-1993 წლებში. ანუ ომი, უბედურება, საზარელი სისხლისღვრა, ათეულობით ათასი ადამიანის მსხვერპლი, გენოციდი, ასეულობით ათასი საბრალო ქართველის აოტვნა, აყრა, გამოძევება და სამუდამოდ გაუბედურება.

    მაგრამ ყველაზე დიდი სისულელე ის იქნება, ახლა ვინმემ რომ თქვას: «მაშ თუ ასეა, ამიერიდან გავატაროთ «ჭკვიანური პოლიტიკა», შეცდომები გამოვასწოროთ და დაკარგული დავიბრუნოთ.»
    ნურას უკაცრავად! პოლიტიკაში არსებობს შეუქცევადის ცნება. ორჯერ ერთსა და იმავე მდინარეში შესვლა შეუძლებელია. ის, რაც მაშინ დაიკარგა, - დაიკარგა სამუდამოდ და ამ საქმეს აღარაფერი ეშველება.
    დღეს საქართველომ რუსეთის ფედერაციის 90-ე სუბიექტადაც რომ გამოაცხადოს თავი,  მაინც ვეღარ აღიდგენს იმას, რაც 1988 წლამდე ჰქონდა. ყველაფერი უკვე ძალიან გვიან არის და თუ ჩვენი ძირითადი ეროვნული ინტერესი (ეთნოდემოგრაფიული სივრცის მთლიანობა) შევწირეთ დამოუკიდებლობას, - უდიდესი სიბრიყვე იქნებოდა ახლა დამოუკიდებლობის დათმობა, რაკი ამ ფასადაც ვეღარ დავიბრუნებთ დაკარგულს.
    როგორი პოლიტიკაც არ უნდა გაატაროს საქართველომ, ვინც არ უნდა მოვიდეს ჩვენი ქვეყნის სათავეში, რუსეთი ამიერიდან ყოველთვის შეეცდება, დამოუკიდებელი საქართველო იყოს რაც შეიძლება სუსტი, ღარიბ-ღატაკი, დაგლახავებული და არასტაბილური ქვეყანა. იმიტომ კი არა, რომ რუსეთი «ბოროტია». უბრალოდ, დამოუკიდებელი, მდიდარი და სტაბილური საქართველო, განურჩევლად მისი საგარეოპოლიტიკური კურსისა, განურჩევლად რუსეთისადმი კონკრეტული ხელისუფლების განწყობისა, ობიექტურად (თვით არსებობის ფაქტით) შეუქმნის პრობლემას რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელიც რუსეთის «მზის წნულია». ეს გახლავთ საზარელი გეოპოლიტიკური რეალობა, რომლის შეცვლა საქართველოს არ შეუძლია და ვერც ოდესმე შეძლებს.
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, სინამდვილეში, სტრატეგიული თვალსაზრისით, რუსეთს ის კი არ აღელვებს, რომ საქართველოდან – ჩრდილოეთ კავკასიაში ექსტრემისტები არ გადადიოდნენ და იარაღი არ შედიოდეს, არამედ საქართველო იმდენად არ განვითარდეს, იმდენად აყვავებულ, სტაბილურ, მიმზიდველ ქვეყნად არ იქცეს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ჩვეულებრივ მაცხოვრებელს (არა ვაჰაბიტს, ისლამისტს, ექსტრემისტს, არამედ ნორმალურ ობივატელს) არ გაუჩნდეს სურვილი, თბილისში (და არა როსტოვში) ჩამოვიდეს პიროვნულ მისწრაფებათა დასაკმაყოფილებლად. ვთქვათ, თბილისის «დინამოსა» და მადრიდის «რეალის» მატჩზე დასასწრებად; თბილისის უნივერსიტეტში სასწავლებლად, რომლის დიპლომი საერთოევროპული რანგის იქნება; თბილისიდან – ნიუ-იორკში გადასაფრენად; ბიზნესის დასაწყებად საერთოევროპულ ბაზარზე გასვლის შესაძლებლობით; საქართველოში სამუშაო ვიზის მისაღებად, რაკი ანაზღაურება რუსეთზე მაღალი იქნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
    ამას რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს და ყოველნაირად შეეწინააღმდეგება აშკარად თუ ფარულად - როგორი ლოიალური პოლიტიკაც არ უნდა გაატაროს მის მიმართ დამოუკიდებელმა საქართველომ.
    პოლიტიკას მრისხანე, უმოწყალო კანონები აქვს. ამ კანონების იგნორირებას, უპასუხისმგებლობასა და გულარხეინობას იგი არავის აპატიებს.
   
   
   

    ესმოდათ თუ არა «მოძრაობის» ლიდერებს, რომ იმისათვის, რასაც ისინი თავიანთ საბოლოო მიზნად აცხადებდნენ (ანუ «დამოუკიდებლობისთვის»), პიროვნებას, ერსა და ქვეყანას ესოდენ საზარელი ფასის გადახდა მოუწევდა? ყველას არა, მაგრამ ზოგიერთს – უეჭველად!!!
    სწორედ ამით აიხსნება ის გაიძვერული თეორია, რომ «მოძრაობას» საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები არაფორმალურად უნდა ემართა, - «ოფიციალურ სტრუქტურებში ინკორპორაციაზე» არ უნდა წასულიყო, რათა გარდაუვალი დამანგრეველი «ფასისათვის» პასუხისმგებლობისაგან თავი დაეძვრინა.
    ანუ, საქმეც ის გახლავთ, რომ თავად მათ «უღირდათ» ასეთ ფასად და ფრთხილად ირჯებოდნენ, რათა მოსახლეობა ჯერ კიდევ 1988-1989 წლებში ვერ მიმხვდარიყო, რა ფასი «დაუჯდებოდა» დამოუკიდებლობა.
    თვითონ უღირდათ, რასაკვირველია - რატომაც არა? არც სახლი დაუკარგავდათ და არც კარი – პირიქით, ბევრი რამ შეიძინეს, ბედნიერ (დეპუტატ-თანამდებობა-ვიზიტებ-გავლენა-ფულიან) მომავალსაც ნერწყვმორეულნი შეჰყურებდნენ.
    მაგრამ აბა ერთი იმ უბედური სოხუმელი ქალისთვის ეკითხათ თუ «უღირდა», - ქმარმა რომ მიატოვა ლტოლვილობაში და თბილისში მეძავობს, რათა შვილებს ლუკმაპური მიუტანოს. . . .

    აქ არის კიდევ ერთი მომენტი, რომელსაც განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი: «მოძრაობის» ლიდერებმა ძალიან ოსტატურად ისარგებლეს მოსახლეობის, «უბრალო ობივატელის» სავსებით ბუნებრივი და გასაგები ზიზღით კომუნისტური რეჟიმის მიმართ. მაგრამ კომუნისტური რეჟიმის, კომუნისტური წყობის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი შეცვლისადმი სწრაფვა სულ სხვაა და ის, რასაც «მოძრაობა» ისახავდა მიზნად – სხვა.
    ვერ წარმომიდგენია ნორმალური ადამიანი, რომელსაც 1988 წელს სხვა გრძნობა და განწყობა (ზიზღის გარდა) ჰქონოდა კომუნისტური რეჟიმის მიმართ. გავიხსენოთ ბრეჟნევ-ანდროპოვის დროინდელი საზიზღარი, სულშეხუთული ატმოსფერო - როდესაც ვიდეოფილმი ან 250 მანეთად ღირებული ამერიკული ჯინსი სოციალური პრივილეგიისა და სოციალური აღმატებულობის ნიშანი იყო; როცა მარაზმატული საბჭოთა ტელევიზია საზიზღარი იდეოლოგემებით ძალით კვებავდა საზოგადოებას. გავიხსენოთ ცარიელი დახლები, პარტრაიკომები და «მარშიროვკები», სიყალბე და უსინდისო ყოველდღიური ტყუილი; პიროვნული მისწრაფებების, პიროვნული ინტერესის სრული იგნორირება.
    «მოძრაობის» ლიდერებმა ძალიან ეშმაკურად გააიგივეს ეს განწყობა თავიანთ მიზნებთან, თავიანთ განწყობასთან, «დამოუკიდებლობის» მოთხოვნასთან. სინამდვილეში კი, ანტიკომუნისტური მოძრაობა სულ სხვა ხერხებითა და მეთოდებით შეიძლებოდა განვითარებულიყო.
    თუ საუბარია იმაზე, რომ საქართველოში გათავისუფლებულიყო პიროვნული ინიციატივა; დაფუძნებულიყო კერძო მეწარმეობა; გაუქმებულიყო ყოველგვარი აკრძალვა ინფორმაციის გავრცელებასა და მიღებაზე; შექმნილიყო ვითარება, როდესაც (ვთქვათ) საზღვარგარეთ მოგზაურობა არ იქნებოდა საზიზღარი «პარტიულ-გბშნიკური» ნომენკლატურის პრივილეგია; ადამიანებს გაეკეთებინათ ის, რაც სურდათ, ეცხოვრათ საკუთარი მისწრაფებებისა და ოცნებების შესაბამისად; აღარ ყოფილიყვნენ ვალდებულნი, ეზუთხათ იდიოტური მარქსისტულ-ლენინური სენტენციები; «კომკავშირისა» და «კომპარტიის» ნაცვლად შეექმნათ თავიანთი პარტიები და დემოკრატიული მოძრაობები; გამოეშვათ თავისუფალი გაზეთები; დაეფუძნებინათ დამოუკიდებელი ტელეკომპანიები; ბოლოს და ბოლოს, ჩაეტარებინათ დემოკრატიული არჩევნები; შეეცვალათ კომუნისტური რეჟიმი; დაემყარებინათ პლიურალისტური დემოკრატია; გაეთავისუფლებინათ ტელევიზია, - ენახათ ის, რაც აინტერესებდათ, რაც უნდოდათ, რისი ნახვის სურვილიც ჰქონდათ და არ ყოფილიყვნენ ვალდებულნი, ენახათ ის, რაც ჭირის დღესავით სძულდათ და ეზიზღებოდათ; ემოგზაურათ მთელს მსოფლიოში, დაეწყოთ თავიანთი ბიზნესი, შეექმნათ ფირმები, კომპანიები, - ევაჭრათ, ეწარმოებინათ, გამდიდრებულიყვნენ მატერიალურად და სულიერად . . . აი, ყოველივე ამის მისაღწევად სულაც არ იყო აუცილებელი 9 აპრილის სასაკლაო და ლოზუნგი «ძირს რუსეთის დამპალი იმპერია». სავსებით საკმარისი იქნებოდა ჯერ გორბაჩოვის, შემდეგ კი ელცინის გუნდთან თანამშრომლობა!
    არ დაიჯეროთ «მოძრაობის» ლიდერთა შემდგომდროინდელი გაიძვერული განცხადებები, აქაოდა, «ჩვენ რომ არა, დღეს ისევ კომუნისტური რეჟიმი იქნებოდა, ისევ კომუნისტური პარტია, ისევ რაიკომები, ისევ «ობხსს»-ი, კომკავშირული ტურისტული სააგენტო «სპუტნიკი», «ერთპარტიული ტელევიზია», მარაზმატიული ერთაზროვანი პრესა» და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასეთი სიცრუე იმისათვის სჭირდებათ, რათა გაამართლონ, რაც ჩაიდინეს!
    სინამდვილეში, 1988 წელს, მთელს სახელმწიფოში გაშლილი პროცესების შედეგად, კომუნისტური რეჟიმი, კომუნისტური სოციალ-პოლიტიკური და ეკონომიკური წყობა უკვე განწირული იყო. მაგრამ საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ «მოძრაობის» ლიდერებს სულ სხვა მიზნები და ამოცანები ჰქონდათ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ რამდენად შეესაბამაბოდა ეს მიზნები საქართველოს ძირითად ეროვნულ ინტერესს. ან თუნდაც «რიგითი ადამიანის» მისწრაფებებს.
    სწორედ ეს არის კიდევ ერთი ახსნა 9 აპრილისა: სასაკლაოს ორგანიზატორებს ძალიან ეშინოდათ, რომ მოსახლეობა მიხვდებოდა განსხვავებას «ანტიკომუნისტურსა» და «ეროვნულს» შორის. ამდენად, ეროვნული მოძრაობა საქართველოში სწორედ 9 აპრილმა გადაარჩინა.
    არადა (მომიტევეთ, პატივცემულო მკითხველო, წინასწარ გთხოვთ შენდობას, საშინელი, საზარელი რამ უნდა ვთქვა!) უბრალო ადამიანის ბედნიერებისთვის, მისი სიმშვიდისა და ოჯახური მყუდროებისთვის, რაც ნორმალური ადამიანისათვის დიახაც ყველაზე მთავარია, - მიზანშეწონილი იქნებოდა არა ერთიანი, დიდი სახელმწიფოს დაშლა, არამედ მისი ტრანსფორმაცია ნამდვილ ფედერაციად, ან კონფედერაციად - განახლებულ კავშირად, საბაზრო ეკონომიკითა და პლიურალისტური დემოკრატიით!
    მართლაც საზარელი რამ ვთქვი, პატივცემულო მკითხველო - თავადაც კი შემეშინდა, მაგრამ როგორც არ უნდა განრისხდეთ, მაინც ამ აზრზე დავრჩები.

 

 «ეროვნული საკითხი» პიროვნებისათვის მაშინ ხდება სინამდვილეში დომინანტური, როდესაც მის ეთნიკურ იდენტიფიკაციას რეალური საფრთხე ემუქრება, ანუ ისტორიული თუ თანამედროვე მიზეზების, ან «ცივილიზაციური კუთვნილების» მწვავედ აღქმის გამო პიროვნული თვითდამკვიდრების ფაქტორი ხდება.
    ასე იყო სომხეთში, აფსუეთში, ლიტვაში და ჩეჩნეთში.
    სხვა შემთხვევაში კი, თუ ასეთი «წნეხი» არ არსებობს, - «ეროვნული პრობლემა» თითიდან გამოწვილი და მოგონილია ეთნონაციონალისტურად განწყობილი ინტელიგენციის მიერ – საკუთარი კორპორატიული ინტერესებიდან გამომდინარე.
    სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: XX საუკუნის ოთხმოციანი წლებისათვის ქართველ პიროვნებას ეთნიკური იდენტობის პრობლემა არ ჰქონია და სწორედ ამიტომ არ ქცეულა იგი რეალურ პიროვნულ ინტერესად.
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმ დროისათვის არავინ და აღარაფერი ემუქრებოდა ქართულ ენას, «ქართველის – ქართველობას», ქართულ კულტურას და ასე შემდეგ.
    რაც შეეხება პიროვნულ მისწრაფებათა განხორციელებას, რაც უფრო ფართო და გრანდიოზულია «შეთავსებადი» სივრცე, მით უფრო ხელსაყრელია და თვითდამკვიდრება - თვითრეალიზაციისათვის მით უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს პიროვნებას.
    მილიონობით ადამიანის პიროვნული ბედი ამაზე მეტყველებს. ამ თვალსაზრისით, «წვეთში აირეკლება ოკეანე».

    მოგონილი არ გეგონოთ: 1988 წელს, ზესტაფონში ერთი «ფუტკარაძის ბიჭი» ცხოვრობდა. ჩვეულებრივი, უწყინარი იმერელი იყო, ცხოვრების აზრს შვილების ბედნიერებასა და მეგობრების სიყვარულში ხედავდა (აბა სხვა რაში უნდა ხედავდეს ცხოვრების აზრს ნორმალური, არაპათოლოგიური ადამიანი?), - დროს თევზაობაში, ძირულაზე «ღორჯოს ჭერასა» და ქეიფში ატარებდა. «ფეროში» მუშაობდა მძღოლად, შრომისმოყვარე მშობლები სოფლიდან სურსათით ეხმარებოდნენ და ბევრი არაფერი უჭირდა.
    მისი მოხუცი, 80 წლის ბებია საუცხოო ტყემალს აკეთებდა, რომელიც სუფრებზე დიდ მოწონებას იმსახურებდა.
    ერთხელ თანასოფლელი ესტუმრა კრასნოიარსკიდან და სუფრაზე, სხვათა შორის უთხრა: «ე, ბიჭო, რუსები «სოუსებზე» გიჟდებიან, მათთვის იშვიათობაა, - გევიტანოთ ეს ტყემალი და გავყიდოთ».
    «ფუტკარაძის ბიჭს» ჭკუაში დაუჯდა. ზაფხული იყო, ბებია ტყემალს სწორედ იმ დროს აკეთებდა ხოლმე. სოფელში ჩავიდა, ბებიას ხელები დაუკოცნა და «ერთნაირ ბოთლებში» ჩასხმა სთხოვა. თამარამ სამასორმოცდაათი ბოთლი ჩამოასხა ეზოს ტყემლიდან. მეგობარმა «საცდელად» წაიღო, - კრასნოიარსკში ერთ-ერთი მაღაზიის დირექტორი ხანშიშესული ქართველი იყო.
    შეიტანეს ტყემალი მაღაზიაში, ზედ რაღაც ქაღალდი დააწებეს და დახლზე დადეს. 80 კაპიკი დააფასეს. ორ დღეში გაიყიდა. ჩუმადაც კი ყიდდნენ («Из под прилавка») გამყიდველი რუსი გოგონები. შემდეგ სათაყვანებელ «ავთანდილ მიხალიჩს» უკანასკნელ კაპიკამდე აბარებდნენ ნავაჭრს.
    იმ დროს კი, სოფელში, ასი მანეთიც ძალიან დიდი ფული იყო.
    რაკი წარმატებას მიაღწა, «ფუტკარაძის ბიჭმა» საქმის გაფართოება გადაწყვიტა - ტყემალს მის სოფელში რა მოლევდა. ბებიას რეცეპტი გამოართვა, ზესტაფონში კოოპერატივი შექმნა, მზარეულები დაიქირავა, ხაშურის მინის ტარის ქარხნის მთავარ ინჟინერს ადვილად მოელაპარაკა, ქუთაისის ერთ-ერთი სტამბის დირექტორის მოადგილე მისი ძმაკაცის მამა იყო და ეტიკეტები დააბეჭდვინა: «Грузинский ткемалевый соус».
    თბილისში, («აგროპრომსა» და «ცეკავშირში») «პატარა პატივისცემის ფასად» ნებართვა აიღო. ცოტა კი იწუწუნეს («ემანდ წვენებივით იქ არავინ მოწამლოს-ისევ არ დავიღუპოთო»), მაგრამ ამაზე გადირია - ბებიაჩემის ტყემალმა ვინ უნდა მოწამლოსო.
    იმავე შემოდგომა-ზამთარს 14 ათასი ბოთლი გაიტანა. ჯერ ციმბირში გაჰქონდა, შემდეგ საქმე გააფართოვა, - მოსკოვსაც მისწვდა და ლენინგრადსაც.
    იმ დროს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ რუს ტელეწამყვანს, ტატიანა ვედენეევას, რომელიც ის-ის იყო დეკრეტში გასულიყო და ტელევიზიისათვის თავი დაენებებინა, «Ткемалевый соус» ძალიან მოეწონა. ჩვენს ჭკვიან იმერელს კი ეტიკეტზე კოოპერატივის მისამართის მიწერა არ დავიწყებია.
    რას მოეწრო - «ტელევიზორში რომ ქალზე გიჟდებოდა», სწორედ იმ ქალმა არ შემოუთვალა მოსკოვში ჩამოდიო?! იმის ქმარიც «ვაჟკაცი რუსი» აღმოჩნდა, საქმე ააწყვეს და უკვე რუსეთის ოცამდე ქალაქს ამარაგებდნენ იმერული ტყემლით.
    ორიოდე წელიწადში ჩვენი კეთილი და გულუბრყვილო იმერელი ბავშვობიდან საოცნებო «levis»-ებში გამოეწყო, «ნოლშესტიც» იყიდა და «ნივაც», სოფელში ახალი ორსართულიანი სახლი ააშენა. იმის აივანზე ძმაკაცებთან ქეიფი მაინც ყველაფერს ერჩივნა.
    ჯერ ქუთაისში შეიძინა ბინა, შემდეგ თბილისში და ბოლოს მოსკოვში, - იასენევოში იყიდა ოროთახიანი. თუმცა მოსკოვში არ დასახლებულა: «ბავშვებს ქართული სკოლიდან ხომ არ გამევიყვანო».
    სოფელში ეკლესია გადახურა, გზა შეაკეთა, ქართული ხალხური ზღაპრების მშვენივრად ილუსტრირებული (ჩასაკეცი სურათებით) წიგნი გამოსცა საკუთარი ხარჯით.
    ბებია რომ გარდაეცვალა, მთელი იმერეთი «დასვა» ქელეხში, იტალიური მარმარილოს საფლავი «გაუკეთა».
    სოხუმში საქმე «ჩააწყო» და გაგრაში, ულამაზეს ადგილას, აგარაკის მშენებლობა დაიწყო - ბავშვებს დარჩებათო. ქუთაისის «ოვირ»-იდან საზღვარგარეთის პასპორტი «გამოიტანა» ნაცნობობით და ჯერ იუგოსლავიაში, შემდეგ ლონდონში იმოგზაურა.
    პოლიტიკა არ აინტერესებდა და «პარტიებს» ახლოს არ ეკარებოდა - მათი არაფერი სწამდა. თუნდაც იმიტომ, რომ ზესტაფონში თუკი ვინმე იდიოტი, კრეტინი და უმაქნისი იყო, ყველა იმ «პარტიებში» გაერთიანდა. ჩვენი გმირი კი საღი აზრითა და «თვალსაჩინოებით» ხელმძღვანელობდა. სხვათა შორის, ეს აზროვნების ერთადერთი სწორი და ჯანსაღი წესია. თბილისელი «ლიდერებიც» თავიდანვე იმიტომ არ ეხატებოდა გულზე, რომ თვალში არ მოსდიოდა, მორჩა და გათავდა! საკუთარ თავზე ძალდატანება კი უაზრობად მიაჩნდა.
    მაგრამ მისი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. 1991 წლის გვიან შემოდგომაზე, რომელიღაც მხარის მხარდამჭერმა რომელიღაც ბანდამ ვერტყვიჭალასთან, მანქანით მიმავალს, გზა გადაუღობა. მანქანა წაართვეს, გაძარცვეს, ბავშვები დააშინეს, მეუღლეს ბინძურად აგინეს, ხოლო თავად მას, წინააღმდეგობის გაწევისას, «კალაშნიკოვის» კონდახის ცემით თავი გაუტეხეს.
    ზესტაფონში მეგობრებს მიაკითხა, დახმარება სთხოვა: ერთ-ერთი მეცნო, მგონი აქაური უნდა იყოსო. მანქანის დარდი იმდენად არ ჰქონდა - ბოღმა ახრჩობდა: ერთობ თავმოყვარე და ფიცხი ბიჭი იყო - ნამდვილი ზემოიმერელი. მაგრამ მისთვის თავი არავინ გამოიდო: «იმათთან» შარი არავის უნდოდა.
    მაშინ ცხოვრებაში პირველად ჩაწყდა გული ჩვენს გულსუფთა იმერელს.
    რამდენიმე თვის შემდეგ, უშუქო და გათოშილ ზესტაფონში, მის «ცეხს» სამხედრო ფორმიანმა, ავტომატებით შეიარაღებულმა თხუთმეტმა უცნობმა სატვირთო მანქანა მიაყენა - ორი წლის წინ იუგოსლავიიდან ჩამოტანილი ჩამოსასხმელი ხაზი ნელ-ნელა, აუჩქარებლად, სვენებ-სვენებით დატვირთეს და სადღაც წაიღეს.
    როგორც კი გაიგო, ზესტაფონში ჩავიდა და გაძარცვულ საამქროს პირკუშტად დახედა. თანამშრომლები თვალს ვერ უსწორებდნენ, ქალები მწარედ ტიროდნენ – მათ ხომ სამუშაო-ლუკმაპური დაკარგეს.
    უხმოდ გამოტრიალდა და ქუთაისში დაბრუნდა. სულ მალე სამივე ბინა «კაპიკებად» გაყიდა (სოფელში აშენებული სახლის გაყიდვა არც უფიქრია -  ფანჯრები აჭედა მხოლოდ), მშობლებთან და ცოლ-შვილთან ერთად სამუდამოდ მოსკოვში გადასახლდა.
    ამჟამადაც იქ ცხოვრობს. რუსეთის მოქალაქეობა ჯერ კიდევ «სავიზო რეჟიმის» შემოღებამდე მიიღო.

    არსებობს ასეთი გამოთქმა: «პატრიოტიზმი არის უკანასკნელი თავშესაფარი ნაძირალებისათვის». ჩემი აზრით, ეს ინგლისური დებულება რუსულად და ქართულად არასწორადაა ინტერპრეტირებული. სინამდვილეში აქ იგულისხმება, რომ «პატრიტიზმი» ხშირ შემთხვევაში უკანასკნელი არგუმენტია სოციალურად ხელმოცარულთათვის ანუ იმათთვის, ვისაც რუსულად «Неудачник» ეწოდებათ.
    მაგალითად, საბჭოთა პერიოდში უნივერსიტეტის რომელიღაც სტუდენტი, ვისაც ვაკელი გოგონა უიმედოდ უყვარდა (ხოლო იმას კი სხვა მოსწონდა), თავს ხშირად იმით იმშვიდებდა, რომ «სამაგიეროდ მე სამშობლოს თავისუფლებისათვის ვიბრძვი, იმას კი (მეტოქეს) სამშობლო არ აინტერესებს».
    «მოძრაობის» ისტორია სავსეა ასეთი დაკომპლექსებული პერსონაჟებით.

    და ბოლოს. ქართული «მოძრაობის» ისტორია ადასტურებს ამ გენიოსთა დებულების ზნეობრიობასა და ჭეშმარიტებას:
    ჯონ მილი: ადამიანს აქვს უფლება, აღიაროს ძალისხმევის, გმირობის, თავშეწირვის ეთიკა, თვითგამორკვევის ეთიკა, მაგრამ არა აქვს უფლება, თავს მოახვიოს იგი სხვას.
    კარლ პოპერი: ყოველს აქვს უფლება, გაწიროს თავი საქმისათვის, რომელიც, მისი წარმოდგენით, ამას იმსახურებს, მაგრამ არავის აქვს უფლება, გაწიროს სხვა ან სხვა აიძულოს გაწიროს თავი ამ იდეალისათვის.

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა