«მხედრიონი» პოლიტიკაში დაბრუნდა

«მხედრიონი» პოლიტიკაში დაბრუნდა

        გასულ კვირას, დაუვიწყარი «მხედრიონის» ცხენოსნურმა აღლუმმაა დაადასტურა, რომ ხმები ამ ორგანიზაციის «გარდაცვალების» შესახებ, ერთობ გადაჭარბებულია. «მხედრიონი» ცოცხალია მანამ, სანამ «ბებერი მოჯაჰედინი» ჯაბა იოსელიანი მხნედ გამოიყურება. არადა, ჯაბა ნამდვილად ამართლებს (მიუხედავად ციხეში გატარებული 30 წლისა – უკანასკნელი «ხუთწლედის» ჩათვლით) ცნობილ რუსულ გამოთქმას: «Этот дуб ещё пошумит».
        დიახ, კიდევ «იბუბუნებს» ბერმუხა, რომელიც ქართული საზოგადოების (განსაკუთრებით, ე.წ. «ინტელიგენციის») თვისობრიობასა და ზნე-ჩვეულებებს ეფუძნება.
        ასე რომ, ჯაბა იოსელიანი უძლეველია ისევე, როგორც უძლეველია ჩვენი შესანიშნავი, შორსმჭვრეტელი და ბრძენი ინტელიგენცია, რომელმაც გამოძერწა ეს უნიკალური ფენომენი. ოღონდ თვით ჯაბა იოსელიანი იოტისოდენად არ არის რამეში დამნაშავე – 74 წლის ჯაბას დღესაც ისეთივე ჭაბუკური სულისკვეთება და რომანტიკული განწყობა აქვს, როგრც 16 წლის ჯაბას ჰქონდა. ამიტომ ნურავის ეგონება, რომ თითქოს იგი ოდესმე მოისვენებს და, ლუარსაბ თათქარიძესავით ტახტზე წამოგორებული, ჭერზე ბუზების თვლას დაიწყებს. ჯაბას ქართული ფენომენი ამ თვალსაზრისით «თათქარიძის» ქართული ფენომენის სრული ანტიპოდია.
        ამრიგად, ამ ფენომენის არსი ნათელია და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს – პოლიტოლოგიური თვალსაზრისით საინტერესო ის არის, თუ ამჟამინდელ ვითარებაში ვის დაუჭერს მხარს «ჯაბას მხედრიონი». ძნელი შესამჩნევი არ უნდა იყოს, რომ ქართულ საზოგადოებაში (ისევ და ისევ ჩვენი ბრძენი ინტელიგენციის დიდი ძალისხმევით) ახალი შეურიგებელი დაპირისპირების მარცვლები ითესება და ახალი «სამოქალაქო ომის წინათგრძნობაც» გაჩნდა. თანაც, დაპირისპირების «გამყოფი ხაზი» აღარ გადის იქ, სადაც გადიოდა 9-10 წლის წინათ. არა მხოლოდ საზოგადოებამ «განიცადა» სერიოზული ტრანსფორმაცია, არამედ სრულიად ახალი იდეოლოგემები, სტერეოტიპები და ცნობიერი ფაქტორები წარმოიშვა.
        რას მოიმოქმედებს ამ ვითარებაში ჯაბა იოსელიანი და ვის მხარეს დადგება ეს ფენომენი?
        საკითხი არ არის ისეთი «ნათელი», როგორც შეიძლება ზოგიერთს მოეჩვენოს, ვინაიდან დაპირისპირებაც აღარ არის იმგვარად სქემატური (ხელისუფლება – ოპოზიცია), როგორც 1990-1991 წლებში.
        «ოპოზიციისადმი» კუთვნილება ჯერ კიდევ სრულებითაც არ ნიშნავს, რომ «მხედრიონი» უეჭველად მისი მოკავშირე იქნება. გააჩნია ოპოზიციას ანუ გააჩნია იდეას, რომლის მატარებელიცაა ესა თუ ის ოპოზიციური ძალა.
        აგრეთვე გააჩნია ხელისუფლებას.
        «პროკურატურაც» ხელისუფლებაა და მასთან დაპირისპირებული «მოქკავშირის ახალგაზრდული გუნდიც».
        რაც შეეხება ედუარდ შევარდნაძეს, პრეზიდენტმა რაღაცნაირად მოახერხა (ამას დიდი ხელოვნება სჭირდება), რომ «მხედრიონის» ბედი თუ უბედობა მხოლოდ მასთან არ არის პერსონიფიცირებული. განსხვავებით ზვიად გამსახურდიასაგან, ვინც ეს ვერ მოახერხა და უმძიმესი შედეგიც მოიმკა.
        იმ შემთხვევაშიც კი, თუ «მხედრიონის» დაშლა-დაპატიმრება გაიგივებულია პირადად შევარდნაძესთან, ასეულობით (თითქმის ყველა) მხედრიონელის გათავისუფლებაც შევარდნაძესთანაა გაიგივებული.
        ხოლო ჯაბას პიროვნულ მოტივაციას (ასეთი მოტივაცია რომც ჰქონდეს) უეჭველად «დააოკებს» ის ფაქტი, რომ დღეს შევარდნაძე ყველა თვალსაზრისით გაცილებით ძლიერია, ვიდრე იყო 1995 წელს (აღარაფერს ვამბობ 1992 წელზე) და მისი ხელისუფლება გაცილებით მყარია, ვიდრე ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება იყო, თუნდაც 1991 წლის 27 მაისს.
        ნიშანდობლივია, რომ ჯერ კიდევ «გათავისუფლებამდე», 1999 წლის ოქტომბერში, როდესაც რამდენიმე კვირა რჩებოდა საპარლამენტო არჩევნებამდე, ჯაბა იოსელიანმა ციხიდან სენსაციური ტელეგანცხადება გააკეთა: «ეს ჩვენი პოლიტიკური მოღვაწეები სამარცხვინო ხალხია, სამარცხვინო ხალხია... მოქალაქეთა კავშირი არ ვარგა, მაგრამ მას რაღაც დონე მაინც აქვს. ესენი კი სამარცხვინო ხალხია...»
        «ბებერი მოჯაჰედინის» სიტყვებში ისეთი ზიზღი იგრძნობოდა, - საეჭვოა ჯაბას იმისათვის ეთქვა, რათა შემდგომ ხელისუფლებას შეეწყალებინა.
        ჯერ ერთი, «შეწყალების» გარანტიას მას ვერავინ მისცემდა რა განცხადებაც არ უნდა გაეკეთებინა. გარდა ამისა, «მხედრიონის» ლიდერს შეეძლო უბრალოდ არაფერი ეთქვა, ნეიტრალური პოზიცია დაეკავებინა (იგი ხომ ციხეში იმყოფებოდა!) და, მიუხედავად ამისა, მაინც გაეთავისუფლებინათ, ვინაიდან უკვე გარდაუვალი ხდებოდა იმ «ზვიადისტების» გათავისუფლება, ვინც მკვლელობისათვის არ იხდიდა სასჯელს.
        ხოლო «ზვიადისტების» გათავისუფლებისას საზოგადოებრივი განწყობის «გამოსასწორებლად» ჯაბას «გამოშვება» რომ გარდაუვალი იქნებოდა. – ამას ყველა ხვდებოდა. ხვდებოდა თვით ჯაბა იოსელიანიც. ამიტომ მისი «ზიზღნარევი» განცხადება «ოპოზიციის» მისამართით სავსებით გულწრფელი იყო უეჭველად.
        აქ «მეომრის» ფსიქოლოგიური სინდრომი თამაშობს უმთავრეს როლს. ჯაბა იოსელიანს (ისევე, როგორც თენგიზ კიტოვანს) ჭირის დღესავით სძულს ის პოლიტიკანთა ხროვა (არა «ზვიადისტები», არამედ სწორედ იმდროინდელი «ანტიფაშისტური ოპოზიცია»), ვინც «შეაგულიანა» იგი სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის მისაღებად და შემდეგ (როცა აღარ სჭირდებოდა), გულგრილად უმზერდა რეპრესიებს «მხედრიონის» წინააღმდეგ.
        ტყუილად ჰგონიათ ამ უკანასკნელთ, რომ «მხედრიონი» ოდესმე დაუდგება გვერდში და ხელისუფლებას მათ სასარგებლოდ დაუპირისპირდება. პირიქით: რაოდენ დაუჯერებელი და უცნაური უნდა იყოს, თუ ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს «მხედრიონელთა» გათავისუფლების პროცესს (სარწმუნო წყაროთა ცნობით, აპრილში გიგა გელაშვილის გათავისუფლების საკითხიც კი სერიოზულად განიხილებოდა – ლოთი ქობალიასთან ერთად) - «მხედრიონი» შეიძლება პირიქით, -დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს დაუპირისპირდეს.
        ოღონდ ეს ნამდვილად არ იქნება «ანგაჟირებული» ქმედება. «მხედრიონი» იქცევა ერთგვარ «საპირწონედ», მაგალითად, პროკურატურის რეფორმირების პროცესში და საერთოდ, ყველა სიტუაციაში, რომელიც წარმოიშვება «ახალი დაპირისპირების» პირობებში - «ჯაბა და სხვანი» მხარს დაუჭერენ არა რომელიმე კონკრეტულ მხარეს (მაგალითად, აუცილებლად ოპოზიციის ან აუცილებლად ხელისუფლების), არამედ რეალურ ქმედებას - თავიანთი შესრულების შესაბამისად;
        ოპოზიციის სიჩლუნგისა და ხელისუფლების «ეშმაკობის» წყალობით, საქართველოში ადრინდელი (ისევ და ისევ 9-10 წლის წინანდელი) იდეოლოგემები დაირღვა.
        ვთქვათ, ადრინდელი სტერეოტიპის შესაბამისად, ხელისუფლება უნდა ეწინააღმდეგებოდეს (ჯაბა იოსელიანისთვის ფანატიკურად საძულველი) პროკურატურის რეფორმირებას, ხოლო ოპოზიცია, პირიქით, მხარს უნდა უჭერდეს.
        ასე რომ, «ჯაბას ორიენტაცია» სრულებითაც არ არის ისეთი ერთმნიშვნელოვანი (დღევანდელ ვითარებაში), როგორც ზოგიერთს მიაჩნია.
        გამორიცხულია მხოლოდ ის, რომ «მხედრიონმა» სცადოს «ძველი» ფუნქციის დაბრუნება. ამას იგი აღარც მოინდომებს, ვინაიდან ეს შეუძლებელია, ისევე როგორც შეუძლებელია ორჯერ ერთი და იმავე მდინარეში შესვლა: საქართველოს ისტორიის ბობოქარმა მდინარემ 1988-93 წლებში ნაფოტივით ამოატივტივა «მხედრიონი» და მანვე ჩაძირა. თუმცა, ჯაბა იოსელიანის ფენომენს (ფენომენს, როგორც ასეთს) ისტორიამ ვერაფერი დააკლო და ვეღარც დააკლებს რამეს.

7 დღე, 30 მაისი, 2000 წელი