ცხოვრება ვულკანზე

ცხოვრება ვულკანზე

    ისტორიულ არჩევნებამდე ისტორიულად მცირე დრო რჩება – ორ თვეზე ნაკლები. ტაფტალოგიისთვის ბოდიში, მაგრამ ამ ტერმინს («ისტორიული») ხშირად მიმართავენ, როდესაც ჩვეულებრივი ადამიანური აღქმა «ისტორიზმის პრინციპებს» არ ემთხვევა.
    მართლაც, ორ თვეში უამრავი რამ შეიძლება მოხდეს. თითქოს დიდი დრო არ არის, მაგრამ სულ რაღაც ორ თვეში 1991 წლის 26 მაისის «ისტორიული» საპრეზიდენტო არჩევნებიდან, საქართველოში რევოლუციური პროცესი დაიწყო: ჯერ კიდევ ე.წ. «მოსკოვის პუტჩამდე» მოხდა განხეთქილება ხელისუფლებაში, რამაც ქვეყანა გადაიყოლა სამოქალაქო ომის მორევში. ხოლო როდესაც საქმე ჯერ სამოქალაქო დაპირისპირებამდე, შემდეგ კი უარესამდე მიდის, ისტორიული პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებას ეკისრება.
    დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ფეთქებადსაშიში და დაძაბული ვითარება, როგორიც დღესაა, საქართველოში ძალიან დიდი ხანია აღარ ყოფილა: შედარებაც შეუძლებელია 2003 წლის «ხავერდოვან რევოლუციასთან», რადგან შევარდნაძის დრომოჭმულ რეჟიმს მხარს უკვე აღარავინ უჭერდა. როგორც შემდეგ გაირკვა, თვით შევარდნაძის უახლოესი გაერმოცვის წევრებიც კი. დღეს სიტუაცია სხვაგვარია და სწორედ ეს სხვაგვარობა განაპირობებს «ფეთქებადსაშიშობას».
    თუმცა, სანამ პოლიტიკურ ასპექტებზე ვისაუბრებდეთ, მცირე სოციოფსიქოლოგიური დაკვირვება:
   

ფიქრები ტაქსში

    ამ სტატიისთვის შეიძლებოდა სწორედ ასე მეწოდებინა. თუმცა ჩავთვალე, რომ მეტისმეტად ვულგარული იქნებოდა. რა შუაშია ტაქსი და რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს მძღოლთან საუბარს პოლიტიკურ პროცესთან, მით უმეტეს, როდესაც იგი (უკვე მოყირჭებული ტერმინით) «ისტორიულობის» ტვიფარითაა აღბეჭდილი? მაგრამ ნუ ავჩქარდებით.
    ხშირად მგზავრობთ თბილისში ტაქსით? კვირაში ორჯერაც საკმარისია, რათა ერთი თავისებურება და მახასიათებელი შენიშნოთ: უცნაური აგრესია! რამდენიმე წლის წინ ასე არ იყო. ფაქტია, რომ სოციუმის ამ სეგმენტში რაღაც შეიცვალა. თანაც შეიცვალა იმდენად, რომ მთელი სოციალური ჭრილის მახასიათებელი გახდა: აჩერებ ტაქსს და აშკარად გრძნობ, რომ მძღოლი მტრულად გიყურებს – თითქოს რაღაც დანაშაული მიგიძღვის და ვალი გაქვს მისი. პოლიტიკაზე შეიძლება არ გელაპარაკოს, მაგრამ რაღაც მხუთავ დაძაბულობას მუდამ გრძნობ. აშკარაა, რომ თავს შეურაცხოფილად მიიჩნევს, რაკი იძულებულია გემსახუროს და შენი მითითებით სადღაც წაგიყვანოს. იგი თვლის, რომ აკეთებს რაღაც დამამცირებელს, მისთვის უკადრისს, მაშინ როდესაც ბევრად მეტს იმსახურებს, ვიდრე მძღოლობას. უმრავლეს შემთხვევაში უმაღლესი განათლება აქვს, არც თუ ისე შორეულ წარსულში უკეთ ცხოვრობდა. მისი აზრით «უკეთ» და ბევრად «ღირსეულად» – სხვას მაინც არ ემსახურებოდა: აშენებდა, ვაჭრობდა, ყიდულობდა, ყიდდა (ვთქვათ სადმე ერგნეთში), მცირე ბიზნესი ჰქონდა, შვარდნაძე გულგრილად სძულდა, თუმცა პოლიტიკა დიდად არ აინტერესებდა. ახლა კი მრისხანება ახრჩობს, რაკი იძულებულია «იტაქსაოს» და ვიღაცას ემსახუროს.
    თბილისის ქუჩებში ხელის აწევით ტაქსის გაჩერება უბრალდო საშიში ხდება. თითქოს შარში ეხვევი. სჯობს ტელეფონით გამოიძახო, თუმცა იქაც იგივე პრობლემაა: მთელი სოციალური კატეგორია, რომელიც უბრალო და, ასე თუ ისე, შემოსავლის მომტან საქმეს აკეთებს, აგრესიითაა დატენილი!
    რატომ არის ეს საინტერესო და საგულისხმო? იმიტომ, რომ აქ საზოგადოებაში დაგროვილი დაძაბულობა მჟღავნდება: ხალხში საშინელი წყენა და აგრესიაა! ყოველ შემთხვევაში მის ნაწილში, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ქვეყნისა და ერის ისტორიას მისი პასიონარული უმცირესობა ქმნის და არა ობივატელური უმრავლესობა. მარტივად თუ ვიტყვით: არა ისინი, ვისაც ოჯახური მყუდროება ყველაფერს ურჩევნია და «აუტკივარ თავს არ იტკივებს», არამედ ის კატეგორია, რომელიც მზად არის ქუჩაში გამოვიდეს და, თუ შანსი მიეცა, საკუთარი წყენა და შინაგანი განწყობა გარემოზე განავრცოს.
    ყველა რევოლუცია თუ სამოქალაქო ომი კაცობრიობის ისტორიაში სწორედ ამ ენერგიის ამოხეთქვით იწყება. ცივილიზებულმა, დემოკრატიულმა ქვეყნებმა კი წამლად მარტივი, თუმცა გენიალური ფორმულა შექმნეს: ხელისუფლებათა ცვლა! ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს, რაც სოციუმში წლების მანძილზე დაგროვილი დაძაბულობისა და ნეგატიური ენერგიის განმუხტვის საშუალებას ქმნის. ესე იგი ერთვარ მეხამრიდად თუ ორთქლის გამოშვების მექანიზმად იქცევა.
    «მარქსისტულ–ლენინური თეზისების» მიუხედავად, სინამდვილეში, რევოლუცია არა მხოლოდ და არა იმდენად მატერიალური ყოფის, რამდენადაც საზოგადოებრივი ცნობიერების პროდუქტია: იმ ადამიანს, ვისაც სახლში ორი დიპლომი უდევს და იძულებულია ტაქისტად გემსახუროს, ვერანაირი რაციონალური არგუმენტით ვერ დაარწმუნებ და ვერ დაუმტკიცებ, რომ ეს მისი ლოგიკური და სამართლიანი ხვედრია. ხოლო როდესაც ქვეყანა არჩევნების შედეგად «მხარს იცვლის» და სოციალური დაძაბულობა გამარჯვებული ოპოზიციციის მხარდამჭერთა მიერ ჰაერში გაშვებულ ბუშტებთან ერთად ქარვდება, ეს საბოლოოდ დადებით შედეგს იძლევა მაგრამ . . . . აქ არის ერთი ძალიან სერიოზული «მაგრამ».
    ეს წესი და კანონზომიერება მოქმედებს იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფოებრიობისა და ხელისუფლებათა ცვლის ხანგრძლივი ტრადიცია არსებობს. სწოერდ ეს ტრადიცია და მყარი სახელმწიფო ინსტიტუტები ქმნიან იმის გარანტიას, რომ ხელისუფლებათა ცვლა რყევისა და ნგრევის გარეშე ჩაივლის, ანუ თვით ამ ინსტიტუტებს არ დაანგრევს.
    გვაქვს კი საქართველოში ამის გარანტია? სამწუხაროდ, თუ რაიმეს ტრადიცია გაგავჩნია, ეს არის ქართული პოლიტიკური ელიტის ტრადიციული უპასუხისმგებლობა, რომელიც პირველად 1991–1993 წლების მოვლენებისას გამომჟღავნდა. ძალიან აღიზიანებთ ამის შეხსენება, მაგრამ რა ვქნათ, თუ მეორე კანონზომიერებაც მათ უკავშირდება? საქართველოში ჩამოყალიბდა რევოლუციონერი პოლიტიკოსისა და ქრონიკული ოპოზიციონერის ტიპაჟი, რომელიც მუდამ გადატრიალება–რევოლუციის მომხრეა, მუდამ ამბოხებულთა პირველ რიგებშია, საშინლად აღიზიანებს მოსახლეობის «ობივატელური ნაწილის» კონფორმიზმი, წარმატებული რევოლუციის შემდეგ მცირე ხნით მოდის ხელისუფლებაში, მაგრამ სულ მალე ისევ გადადის ოპოზიციაში, იწყებს მის მიერვე შექმნილი და მოყვანილი ხელისუფლების მონსტრუალიზებას და ხდება აგრესიული იმავე უმრავლესობის მიმართ, რომელიც რევოლუციას მხარს არ უჭერდა!
    არ არსებობს არავითარი წინაპირობა საიმისოდ, რათა 2012 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ (თუ ასეთი რამ მაინც მოხდა) ეს მანკიერი წრე კვლავ არ განმეორდება და იგივე ხალხი არ დაგვიწყებს ჭკუის სწავლებას, - თუ რა საშინელი მონსტრია ბიძინა, - ვინც დღეს მიშას აცხადებს დემონად, გუშინ შევარდნაძის 30 წლიანი საშინელი დიქტატურის თაობაზე გვიჭედავდა ყურებს, ხოლო გუშინწინ – ზვიად გამსახურდიას «პროვინციულ ფაშიზმს ებრძოდა».
   

 რა უნდა მიშას?

    მანკიერი წრიდან თავის დაღწევა ქვეყანას მხოლოდ პასუხისმგებელი და გონიერი პოლიტიკური ლიდერების მეშვეობით ძალუძს. დიახაც პიროვნული ფაქტორი ხდება გადამწყვეტი იმ სიტუაციაში, როდესაც საზოგადოებას სხვა რესურსი აღარ გააჩნია ნორმალური ტრანსფორმაციის უზრუნველსაყოფად. ამ შემთხვევაში იგულისხმება ორივე ლიდერი: მიშა სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. შესაძლებელია თუ არა, მათი ურთიერთმოქმედება (პაექრობაც ხომ ურთიერთმოქმედებაა!) ისე წარიმართოს, რომ ხელისუფლების ცვლა ან ახალი სახელისუფლებო კონფიგურაციის შექმნა – საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლის პროცესში – დამანგრეველი ენერგიის გამოთავისუფლების გარეშე მოხდეს?
    უმთავრესი პირობა პათოლოგიური პიროვნული დაპირისპირების გამორიცხვაა. სამწუხაროდ, ჩვენი ეთნოფსიქოლოგია საამისოდ ნაკლებ შანსს გავძლევს, რისი სიმპტომებიც უკვე იგრძნობა, მაგრამ წმინდად პოლიტოლოგიური თვალსაზრისით, ჯერ ის უნდა გაირკვეს, რა უნდათ მხარეებს. რასაკვირველია ძალაუფლების გარდა.
    რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მან ამ კითხვაზე პასუხი გასცა ორი თითქოსდა სხვადასხვა კატეგორიის აქციით. პირველი: ვანო მერაბიშვილის დანიშვნით პრემიერ–მინისტრად, რაც პროექტ «მემკვიდრის» განხორციელების და არა 2013 წელს პრემიერ–მინისტრის სავარძელში პირადად გადასკუპების ნიშანი გახდა (თუმცა ბევრს მიაჩნია, რომ ეს ჯერ კიდევ სრულებითაც არ არის ცხადი და ასპროცენტიანი) და მეორე: უცნაური განცხადებით სოფელ ბეშუმში, - შუამთობის ზეიმზე, - რომელიც სერიოზულ ინციდენტში გადაიზარდა.
    ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ მახვილგონივრული სვლა გააკეთა, როდესაც სახალხო ზეიმზე მისვლა და სიტყვით გამოსვლა სცადა. იქ რომ პრეზიდენტი არ გამოსულიყო (ვთქვათ ბობოყვათიდან ამოსვლა ვერ მოესწრო), ეს ხელისუფლების სერიოზული მარცხი იქნებოდა. მაგრამ სწორედ იმ დროს, როდესაც ივანიშვილის დაცვა ნაციონალთა აქტივს ეჭიდავებოდა, სააკაშვილმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: «ეგღა მაკლია, ჩვენს მიერ აშენებული ქვეყანა თქვენ გადმოგაბაროთ და დაგანგრევინოთ!!!».
    ჩემი აზრით, ეს განცხადება ყველაზე უკეთ და ზუსტად ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს პრემიერ–მინისტრობას 2013 წლის შემდეგ, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს, რათა, პირობითად თუ ვიტყვით, რიყის ხიდი არ დაანგრევინოს მომდევნო ხელისუფლებას. ვანო მერაბიშვილი რომ იმ ხიდს არ დაანგრევს, – ცხადია. ანუ, პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია, 2013 წლის შემდეგ ხელისუფლებაში დარჩეს გუნდი, რომელიც მის საქმეს გაგრძელებს და შეინარჩუნებს იმას, რაც მას საკუთარ გამარჯვებად მიაჩნია. მას ძალიან აშინებს ისტორიული დამარცხების განცდა (ისევ ეს ქართული ისტორიზმი! – ავტ), რაც აუცილებლად გაჩნდება, თუ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ხელისუფლება შეიცვალა.
    მაშასადამე, პასუხი კითხვაზე: «რა უნდა მიშას» – სავსებით ცხადია: უნდა დღევანდელი ხელისუფლების და პროექტის (ქვეყნის მოდერნიზაციის პროექტის) შენარჩუნება თუნდაც მისი პერსონალური მონაწილეობის გარეშე – ამ შემთხვეაში იგი თავს მაინც გამარჯვებულად ხოლო საკუთარ მისიას აღსრულებულად ჩათვლის.

რა უნდა ბიძინას?

    ბევრად რთული კითხვაა. ისევ და ისევ, გარდა ძალაუფლების მოპოვებისა. აქვე უნდა ითქვას, რომ არაფერი კრამოლური არ არის იმაში, რომ ადამიანს, ვისაც ამდენი ამაგი აქვს (ბოლოს და ბოლოს მილიარდ დოლარამდე გასცა სრულიად უსასყიდლოდ) ხელისუფლება უნდოდეს. მაგრამ აქ იგულისხმება პროექტი, რომლის განხორციელებასაც აპირებს. კეთილი სურვილი საკმარისი არ არის. არსებითია სწორედ ამგვარი ალტერნატიული პროექტის არსებობა. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი, საზოგადოებაში დაროვილი დაძაბულობისა და ფეთქებადსაშიში ენერგიის კონსტრუქციულ ჩარჩოში მიქცევა.
    ჯერ ჯერობით «ქართულ ოცნებას» პროგრამა არ გამოუქვეყნებია, რასაც მარტივი მიზეზი აქვს: კოალიციაში იმდენად განსხვავებული მსოფლმხედველობისა და ღირებულებების ძალები არიან წარმოდგენილნი, რომ მათ ნამდვილად გაუჭირდებათ შეთანხმება რაიმე ერთიან კონცეპტუალურ დოკუმენტზე. ეს გარემოება და კოალიციის პერსონალური სიჭრელე დღეს ქართული პოლიტიკის მთავარი პრობლემაა. ბევრად უფრო დიდი პრობლემა, ვიდრე სააკაშვილის ეგზერსისები ლაიტმოტივით «ვერ მოგართვით», «მეტი საქმე არა მაქვს» და ა.შ. იმიტომ, რომ ამ მხარეს უკვე ცხადია «რაც უნდა», მეორე მხარეს კი ეს ცხადი და ასევე მკაფიოდ გარკვეული არ არის. და სწორედ ეს გაურკვევლობა აშინებს ადამიანებს.
    როდესაც ქართველი პოლიტიკოსები ამბობენ, «საქართველოში ხალხი დაშინებულიაო», ხშირ შემთხვევაში გულისხმობენ, რომ ადამიანებს ცვლილებების ეშინიათ და შეჩვეულ ჭირს ამჯობინებენ. ეს შეფასება მთლად ზუსტი არ არის. სინამდვილეში ადამიანებს სიახლე ან ცვლილებები კი არ აშინებთ თავისთავად, არამედ გაურკვევლობა! მიშას რა უნდა – გასაგებია. მაგრამ რა უნდა ბიძინას?
    ნატო? ევროკავშირი? Wall street journal––ში გამოქვეყნებული სტატია – ივანიშვილის საგარეოპოლიტიკური შეხედულებების თაობაზე – 2004 წელს იმავე პრესტიჟულ გაზეთში სააკაშვილის სტატიათა «ქოფიფეისტის» შთაბეჭდილებას ტოვებს.
    მერედა რატომ ჰგონია ან რატომ უნდა დაუჯეროს ხალხმა, რომ ამას მიშასა და მის გუნდზე უკეთ შეძლებს? ეს არ არის ალტერნატიული პროექტი! ასეთი ფსევდოპროექტით და გაურკვევლობით ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება გონიერი და მოაზროვნე ამომრჩევლის მიმხრობა. ესე იგი, არჩევნებს წააგებს და ისევ იმ პასიონარული უმცირესობის ამარა დარჩება, რომელიც მუდამ მზად არის ქუჩაში გამოვიდეს, რათა ცხოვრებასა და გარემოზე «შური იძიოს».
    ამიტომ «ვცხოვრობთ ვულკანზე» და რამდენიც არ უნდა ვაკრიტიკოთ ხელისუფლება მისი წილი პასუხიმსგებლობისთვის, ოპოზიციამ და ოპოზიციურმა ლიდერმაც უნდა გაინაწილოს ეს პასუხისმგებლობა. კეთილი ინებონ და რამდენად სარისკოც არ უნდა იყოს, ქევყანას შესთავაზონ მკაფიო, გასაგები ალტერნატიული პროექტი! წინააღმდეგ შემთხვევაში არცევნებში მათი დამარცხება გარდაუვალია და ისღა დაგვრჩება, პირმორღვეული ვულკანიდან გაქცევით ვუშველოთ თავს.

2012