ვარდიკო ვარდობისთვეს რუსულ არმიაში შეხვდება

ვარდიკო ვარდობისთვეს რუსულ არმიაში შეხვდება

    საქართველოს პრეზიდენტის «მოულოდნელი» გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრ ვარდიკო ნადიბაიძის (ასე ვთქვათ) «თანამდებობიდან გათავისუფლების» შესახებ, სინამდვილეში მოულოდნელი არავისთვის უნდა ყოფილიყო.
    ეს გადაწყვეტილება ბოლოდროინდელ მოვლენათა ლოგიკიდან მომდინარეობს. რა თქმა უნდა, ასეთი დემარში შემთხვევითი არ არის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტის წინ. ამით შევარდნაძემ იმის დემონსტრირება სცადა, რომ იგი «დამარცხებული» კი არ მიდის მოსკოვში, არამედ საჭიროების შემთხვევაში მოსკოვისადმი პრინციპულ და უკომპრომისო კურსს გაატარებს.
    ვარდიკო ნადიბაიძე თავდაცვის მინისტრად 1994 წელს დაინიშნა. არც მაშინ უნდა გაკვირვებოდა ვინმეს ეს, ვინაიდან იმ დროს ედუარდ შევარდნაძემ პრორუსული კურსი აირჩია ჩვენი «ბრძენი» და «შორსმჭვრეტელი» ინტელიგენციის განწყობილების შესაბამისად, რომელსაც გარკვეულწილად დღემდე სჯერა, რომ რუსეთისადმი დათმობების პოლიტიკა ერთადერთი გამოსავალია.
    ამგვარი სტრატეგიით არაფერი გამოვიდა და არც შეიძლებოდა გამოსულიყო. რუსეთისადმი დათმობებით აფხაზეთს ნამდვილად ვეღარ დავიბრუნებთ. ახლა იგივეს ვეღარ იტყვიან, ვინაიდან არათუ «წმინდაწყლის» რუსი ოფიცრის (გრვზ-ს ყოფილი «ზავხოზის») დანიშვნამ საქართველოს თავდაცვის მინისტრად (რომელიც ქართულად ენას ძლივს აბრუნებდა და 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, «უდღეურად» აცხადებდა ფროიდისტული შეცდომით), არამედ შეთანხმებამ საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების თაობაზე შედეგი ვერ გამოიღო.
    მოგეხსენებათ, დოკუმენტი ითვალისწინებდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ოთხი სამხედრო ბაზის დაფუძნებას (ვაზიანში, ახალქალაქში, ბათუმსა და გუდაუთაში). გარდა ამისა, საქართველო აქტიურ მონაწილეობას იღებდა დსთ-ს მუშაობაში, მზად იყო ყოველმხრივი ინტეგრაციისათვის, ოღონდ კი აფხაზეთში რუსული პოლიტიკა შეცვლილიყო. ჩვენდა სავალალოდ, ამ პოლიტიკიდან არაფერი გამოვიდა. ახლა უკვე ყველა დარწმუნდა, რომ რუსეთს საქართველო არ მიაჩნია თანასწორუფლებიან მეგობრად და პარტნიორად - რუსულ-ქართული «მეგობრობა» შეიძლება აღდგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო დათანხმდება ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთიანი, ფედერაციული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას დედაქალაქით... მოსკოვში.
    გარდა ამისა, რუსეთს სურს აიძულოს ჩვენი ქვეყანა, უარი თქვას გეოპოლიტიკური პერსპექტივის თვალსაზრისით ძალზე ხელსაყრელი «სანავთობო პროექტების» განხორციელებაზე, რათა არ შესუსტდეს კრემლის გავლენა სამხრეთ კავკასიაში. სხვაგვარად თუ ვიტყვით, გეოპოლიტიკური კომპრომისი თბილისსა და მოსკოვს შორის არ შედგა. მაგრამ არა იმიტომ, რომ კომპრომისი თვისებრივად შეუძლებელი იყო: უბრალოდ, ელცინის გუნდმა შევარდნაძისაგან ფაქტობრივად დამოუკიდებლობის დათმობა მოითხოვა ყოველგვარი საპასუხო გარანტიების გარეშე. როგორც ჩანს, მათ საქართველო უკვე «გატეხილად» მიიჩნიეს და მოქმედებდნენ ჟირინოვსკის პრინციპით: «ქართველებს მივაწვეთ და თვითონ მოფორთხდებიან ჩვენთან პატიების სათხოვნელად».
    ვარდიკო ნადიბაიძე სწორედ ამ სამარცხვინო რეალობის განსახიერება იყო - იგი წარმოადგენდა იმ ეპოქას ქართული საზოგადოების ერთი (გავლენიანი) ნაწილის აზროვნებაში, რომელიც გამორიცხავდა რაციონალურ განსჯასა და პოლიტიკური პრობლემებისადმი პრაგმატულ მიდგომას.
    «რუსოფილური რომანტიზმი» საქართველოში საბოლოოდ დამარცხდა - გენერალი ვარდიკო მშობლიურ რუსულ არმიას უბრუნდება. სხვათა შორის, არ გეგონოთ, ამ არმიასთან მან საბოლოოდ გაიფუჭა ურთიერთობა. მოსკოვში, შესაძლოა, ნაწყენი იყვნენ მისი მოგზაურობით ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ რუსი ოფიცრების მიმართ მაინც ურყევი პრინციპებით მოქმედებენ: სადაც არ უნდა მსახურობდეს რუსი ოფიცერი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იგი რუსეთის მფარველობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს.
    ამგვარი პოლიტიკის მიზანი ადვილად ასახსნელია: ახლად წარმოშობილ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა უმრავლესობაში სოციალური თვალსაზრისით «რუსი» ოფიცრები მსახურობენ - მათი განაწყენება მოსკოვს ხელს არ აძლევს, ვინაიდან ამ შემთხვევაში ყველანი დაივიწყებენ «წიაღს, საიდანაც გამოვიდნენ». ასე რომ, ვარდიკო ნადიბაიძე წოდებასაც შეინარჩუნებს და პენსიასაც. მას ვერც პენტაგონში ხელმოწერილმა დოკუმენტმა უშველა - მისი «იმიჯი» გამოუსწორებელი იყო. ქართული მენტალიტეტი განსხვავდება (ვთქვათ) სომხურისაგან - იგი ვერ შეეგუება იმას, რომ ქართულ არმიაში რუსულად ლაპარაკობდნენ და არა ქართულად.
    რაც შეეხება ნადიბაიძის «გათავისუფლების» უშუალო მიზეზს - ეს, რა თქმა უნდა, საბაბია და არა მიზეზი. თანაც, თითქმის ყველა მიმომხილველი შეთანხმდა: მთავარი საქართველოს ფლოტის ავიაგამანდგურებელთა მწყობრიდან გამოსვლა კი არ არის (რის გამოც მათ ვერ შესძლეს პრეზიდენტის თვითმფრინავის ექსკორტირება თურქეთის საზღვრამდე), არამედ თვით ის ფაქტი, რომ ავიაგამანადგურებლები რუსეთის სამხედრო ბაზაზე აღმოჩნდა დისლოცირებული.
    ედუარდ შევარდნაძის შეფასებით, სწორედ ამ გარემოებამ გამოიწვია ბრძანების შეუსრულებლობა, ვინაიდან სამხედრო თვითმფრინავები რუსებმა მწყობრიდან გამოიყვანეს.
    ძალზე ნიშანდობლივია მეორე ფაქტიც: ერთ-ერთი ტერორისტის ძმა, რომელიც 9 თებერვლის დივერსიაში მონაწილეობდა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სატანკო ბატალიონის მეთაური აღმოჩნდა.
    რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი ტანკების მწყობრიდან გამოსვლაც სწორედ იმ ღამეს - ეს პირდაპირი მინიშნებაა (პრეზიდენტის მხრიდან), რომ ვარდიკო ნადიბაიძის ხელში საქართველოს არმია ფაქტობრივად უცხო ქვეყნის ქვესტრუქტურა იყო და ადვილად ექვემდებარებოდა ამავე ქვეყნის სპეცსამსახურთა გავლენას.
    შესაძლოა, უმაღლესი მთავარსარდალი უკმაყოფილო იყო რუსეთისაგან სამხედრო ტექნიკის, მათ შორის შავი ზღვის ფლოტის ნაწილის მიუღებლობითაც - ვარდიკო ნადიბაიძემ ამ თვალსაზრისით ვერაფერი გაახერხა.
    ასეა თუ ისე, ყველა ვერსია უფრო დამაჯერებლად გამოიყურება, ვიდრე მოარული ჭორი: შევარდნაძემ ნადიბაიძე ავიაგამანადგურებლის გამო მოხსნა და იმიტომ განაწყენდა, რომ თავდაცვის მინისტრი თურქეთში ზომაზე მეტად დათვრაო. არადა, ასეთ გადაწყვეტილებებს ემოციის საფუძველზე იმპულსურად არავინ იღებს. შევარდნაძისათვის ეს მით უმეტეს არ არის დამახასიათებელი.
    ახალი თავდაცვის მინისტრი (დავით თევზაძე) ყველა ზემოთჩამოთვლილი ნიშნით ვარდიკო ნადიბაიძის ანტიპოდია: იგი «საბჭოთა» ოფიცერი არ ყოფილა, «პრორუსული» იმიჯი არა აქვს, ქართულად კარგად საუბრობს, აფხაზეთში ნაბრძოლია და რაც მთავარია (წინამორბედისაგან განსხვავებით), მოსკოვის ნომენკლატურა არ არის.
    საყოველთაოდ ცნობილია: ვარდიკო ნადიბაიძე, ისევე, როგორც იგორ გიორგაძე, მოსკოვის კატეგორიული და დაჟინებული მოთხოვნით დაინიშნა პოსტზე, თუმცა (ვიმეორებ) მაშინ ეს შევარდნაძის ინტერესებშიც შედიოდა.
    თევზაძე მისაღები კანდიდატურა იქნება თითქმის ყველა საპარლამენტო ძალისათვის; თუმცა სამეგრელოს წარმომადგენლები მას ბრალად სდებენ 1993 წლის ნოემბრის მოვლენებისას მაროდიორთა მფარველობას. მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს, ითქვას: კონკრეტულად დავით თევზაძისათვის ასეთი ბრალდების წაყენება შეუძლებელია, ვინაიდან ის არც «მხედრიონელი» იყო და არც სოციალური კატეგორიის მებრძოლთაგან შედგებოდა და თვითმხილველთა მტკიცებით, ბრძოლისუნარიანობით არავის ჩამოუვარდებოდა (უფრო პირიქით). მოსალოდნელია, რომ მას მხარს დაუჭერს აფხაზეთის დეპუტაცია - როგორც მებრძოლს, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვის 1993 წლის დამდეგს სოხუმის დროებით გადარჩენაში.
    პოლიტიკური ორიენტაციის თვალსაზრისითაც, თევზაძე ნადიბაიძის ანტიპოდია. ჯერ ერთი, რუსულ არმიასთან არაფერი აკავშირებს. გარდა ამისა, სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სადაც ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამხედრო სასწავლებელში იმაღლებდა კვალიფიკაციას. ოპოზიცია მას ბრალად ვერ დასდებს «რუსეთუმეობას»; ამრიგად, ხელისუფლების წინააღმდეგ მოარული სტერეოტიპი (თავდაცვის მინისტრად რუსი დანიშნესო) უკვე შეიძლება ნიველირებულად ჩაითვალოს. ყველაზე საშიში და პრობლემატური საკითხი კი ის გახლავთ, თუ რამდენად შეძლებს დავით თევზაძე მართოს სიტუაცია ვარდიკო ნადიბაიძის შექმნილ არმიაში, სადაც ასეულობით «ვარდიკო» მსახურობს. გარდა ამისა, თენგიზ კიტოვანის ეპოქისდროინდელი «გვარდიელები» ვარდიკოს კი ემორჩილებოდნენ (რუსების შიშით), მაგრამ თევზაძეს დაემორჩილებიან თუ არა - კიდევ საკითხავია.

მერიდიანი, 29 აპრილი, 1998 წ.