ბაბუის სადღეგრძელო

ბაბუის სადღეგრძელო

        არა და არ წყდება გნიასი ევგენი პრიმაკოვის დაბადების დღის თაობაზე. როგორც ჩანს, ქართველებისთვის ყველა მნიშვნელოვანი ისტორიული საკითხი სუფრაზე წყდებოდა და წყდება. ასევე, ალბათ მხოლოდ ქართველებისთვის შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა, რა ითქვა რომელიღაც ბებერი «გბ»-შნიკის დაბადების დღეზე ან დალიეს თუ არა იმ სუფრაზე მისი ყოფილი ქართველი ცოლის შესანდობარი.
        კი, პლეხანოვზე გაზრდილ ჟენკა პრიმაკოვს ნამდვილად ყავდა ქართველი ცოლი, მაგრამ მას შემდეგ კიდევ ოთხი ცოლი გამოიცვალა. ძალიან ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს, რომლებთანაც კვლავინდებურად უყვარს ქეიფი – ქართველები სუფრაზე ნამდვილად სჯობიან რუსებს, მოლხენაც იციან და სპირტს არ ურევენ თბილ წყალში – ეგება პირდაპირ ტვინში დამარტყასო. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მხოლოდ მანამ, სანამ არ განაცხადებ პრეტენზიას, რომ შეიძლება გასცილდე იმ სტერეოტიპებს, რომლებიც რუსეთში ქართველზე ჩამოყალიბდა – გრძელი ცხვირით, კეპით, მოქეიფე და ჭკუამხიარული.
        ეს შესანიშნავად იცის პუტინმა და მხოლოდ ამიტომ თქვა პლეხანოველი ჟენკას სადღეგრძელოში «საქართველო კიდევ შეიძლება გაერთიანდესო». მან იცის (ან, ყოველ შემთხვევაში ჰგონია), რომ ქართველები გოიმები არიან და ამას ადვილად «ჭამენ».
        ასეა თუ ისე, მის ამ შეხედულებას ამყარებენ «დიდი ქართველი ინტელიგენციის» წარმომადგენლები, რომლებიც პლეხანოველ ცხოველსა და ჯუჯა «გბ»-შნიკს უმღერიან და აძლევენ საშუალებას კიდევ ერთხელ დასცინონ საქართველოსა და ქართველებს.
        თურმე ნუ იტყვით და პუტინის «გბ»-შნიკური ბაბუა პრიმაკოვი შეიძლება გახდეს მედიატორი რუსეთ-საქართველოს შორის. მოსკოვში ლამისაა შეიქმნას «საქართველოს გადარჩენის კომიტეტი», რომელსაც სათავეში «ძველი პლეხანოველი» ჩაუდგება ხოლო მის შემადგენლობაში ზურაბ ნოღაიდელი, ალექსანდრე ებრალიძე და იგორ გიორგაძე შევლენ. პრიმაკოვი, პუტინის სადღეგრძელოს შესაბამისად, შეარიგებს ქართველებს, ოსებს, აფხაზებს, გააერთიანებს საქართველოს და დააბრუნებს ლტოლვილებს. ამაში მხოლოდ და მხოლოდ ერთი ხელისშემშლელი ჰყოლია: დღევანდელი ხელისუფლება.
        არადა, ჯერ ერთი, პრიმაკოვი უკვე იყო ასეთი მედიატორი: 1997 წელს, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა, მისი ძველი მეგობრის, ედუარდ შევარდნაძის თხოვნით, თბილისში ვლადისლავ არძინბა ჩამოიყვანა, მაგრამ კრწანისში გაშლილი ამაზრზენი სუფრის გარდა (სადაც, სხვათა შორის, სეპარატისტთა ლიდერმა საჭმელს პირი არ დააკარა) არაფერი გამოვიდა.
        ეს უბრალოდ სასაცილოა – პუტინმა პრიმაკოვის სადღეგრძელოში ისიც თქვა, რომ იგი ძალიან უყვარს, რაკი რუსული დერჟავის დაცემის ხანაში მისი «აღორძინება» დაიწყოო. ჰოდა პრიმაკოვისეული «აღორძინების» ნიშანი აგერ გვაქვს – იგოეთიდან ორიოდე კილომეტრში. როგორ შეიძლება დერჟავის ამღორძინებელს რუსული რომანსი არ უმღერო?
        ბევრი ლაპარაკია ნანი ბრეგვაძის მიერ იმავე დაბადების დღეზე ნამღერ «თბილისოზეც». სხვათა შორის, ქალბატონი ბრეგვაძე რამდენიმე წლის წინ «გენიალური დაღესტნელი პოეტის» რასულ გამზატოვის დაბადების დღეზე მიიწვიეს და მისი მრავალრიცხოვანი ცოლების გვერდით პოზირებდა. იქაც იმღერა რა თქმა უნდა. ანუ მისი შემოქმედებითი გეოგრაფია ძალზე ფართოა.
        და საერთოდ, მხოლოდ ისეთ ღრმად პროვინციულ და პოლიტიკურად რეგვენ «ინტელიგენციაში» თუ დაიბადება აზრი, რომ «გბ»_შნიკური ცხოველი პრიმაკოვისა და მისი «შვილიშვილი» პუტინის დაბადების დღეზე ნამღერმა რუსულმა რომანსმა შეიძლება შეცვალოს რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესი, რომლის არსი საუკუნეობით არ იცვლება: რუსეთს არ სჭირდება სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში!!! იგი ნებისმიერ შემთხვევაში იმოქმედებს ამ სახელმწიფოს გასანადგურებლად და დასამცირებლად.
        თუმცა, სუფრაზე ქართველები ძალიან უყვართ რასაკვირველია – ნანი ბრეგვაძეც პრესტიჟულია ბანკეტზე. ისევე, როგორც საბჭოთა პერიოდში იყო, როცა პოლიტბიუროს წევრთა შვილების ქორწილში ალა პუგაჩოვა მღეროდა «ვსიო მოგუტ კოროლი . . .ვსიო მოგუტ კოროლი. . .» გააჩნია გემოვნებას და კულტურულ ტრადიციას. სხვაგან «მუცლის მოცეკვავეებს» იწვევენ ხოლმე დაბადების დღეზე, მაგრამ რუსეთი მაინც პუშკინის ქვეყნააა და…. . . .
        სასაცილოა, რომ იმ დაბადების დღეზე ქართული «ელიტა» (სინამდვილეში კი, სულით პირისფარეშთა ხროვა, რომელთა ნიჭიერებაც ბევრ შემთხვევაში გადაჭარბებული იყო) ისევ იმ ეპოქაშია ჩარჩენილი, როდესაც «სპეკულიანტი გრუზინებისადმი» პათოლოგიური შურითა და სიძულვილით გაჟღენთილ რუსულ საზოგადოებაში ე.წ. «რუსული ინტელიგენცია» პოლიტკორექტულობას იცავდა და რაკი «ქართველ გოიმებს» ქება ძალიან უყვართ, საშუალო მხატვრული ღირებულების ნაწარმოებებსაც «გენიალურად» აცხადებდა – ლენინის ინტერნაციონალური თეორიებიდან გამომდინარე.
        2008 წლის აგვისტოში ამ რუსეთმა თავისი ნამდვილი სახე აჩვენა, რომელიც ტკბილი სადღეგრძელოებითა და 50 წლის წინანდელი რუსული (სინამდვილეში ციგანური) რომანსებით ვეღარ შეინიღბება.