საერთაშორისო მიმოხილვა. 31 ოქტომბერი 2022 წელი.
დასავლეთმა დაიწყო უკრაინისთვის წყალქვეშა დრონების მიწოდება.
ეს ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც ცნობილი შეტევისას, სავსტოპოლის ყურეში აღმოაჩინეს ერთ-ერთი მათგანი.
არანაირი მარკირება ამ უპილოტო წყალქვეშა აპარატს არ ჰქონდა და არ არის გამორიცხული, ეს ყოფილიყო სპეციალური გაფრთხილება რუსეთს: თუ გაჯიუტდება და ჯარებს არ გაიყვანს უკრაინის აღმოსავლეთიდან 24 თებერვლის ხაზზე, მაშინ დასავლელი ინსტრუქტორების მომზადებული უკრაინელი სამხედროები დაიწყებენ არა მხოლოდ საჰაერო, არამედ წყალქვეშა დრონების გამოყენებას, რაც ბევრად უფრო გამანადგურებელი იქნება რუსეთისთვის, რაკი არ არსებობს და მოსკოვს ნამდვილად არა აქვს შესაბამისი წყალქვეშა თავდაცვის ტექნოლოგიები.
ამ წყალქვეშა დრონების ერთობლიობას (რამდენიმე ათეულ წყალქვეშა დრონს ერთდროულად) შეუძლია ჯერ რუსული `შავი ზღვის ფლოტის` ფლაგმანები გამოიყვანოს მწყობრიდან ან სულაც ჩაძიროს (გააჩნია სიმძლავრეს) შემდეგ კი მთლიანად ჩაძიროს რუსული ფლოტის ის ხომალდები, რომლებიც თუნდაც რაიმე საფრთხეს წარმოადგენენ უკრაინისა და NATO-სათვის.
თუმცა აქ არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტიც: წყალქვეშა დრონთა შესაძლებლობებზე მინიშნებით კიევი და NATO აფრთხილებენ პუტინს, რომ შავი ზღვის ფლოტის განადგურება მისთვის სამხედრო წარუმატებლობა კი არ იქნება მხოლოდ, არამედ უძლიერესი დარტყმა იმიჯზე და რეპუტაციაზე, რადგან როგორც წინა მიმოხილვაში მოგახსენეთ, ეს იმიჯი და რეპუტაცია დიდწილად დგას ე.წ `რუსული დიდების ქალაქის`, სევასტოპოლის ანექსიაზე.
თუ ეს ვარაუდი გამართლებულია, მაშინ პუტინს ამით ულტიმატუმს უყენებენ, რომ ურჩევნია უკან დაიხიოს დონბასიდან 24 თებერვლის ხაზზე (თუნდაც) ვიდრე შავი ზღვის ფლოტი გაუნადგურონ და ამით `უკვე წაგებულად` მიიჩნიონ რუსებმა, რომლებიც ისედაც გადაღლილები არიან ამ გულისგამაწვრილებელი სისხლიანი ომით და გაუთავებელი, 22 წლიანი მმართველობით. ასევე პუტინის კიდევ მინიმუმ 14 წლიანი მმართველობის მოლოდინით.
შავი ზღვის ფლოტის განადგურება სევასტოპოლში თუ ზღვაში, მაინც პუტინის უსასტიკეს მარცხად აღიქმება, განურჩევლად იმისა, უკრაინული სახმელეთო ძალები შევლენ თვით ყირიმში თუ არა.
მივაქციოთ აქვე ყურადღება ზელენსკის განცხადებას, რაც მან 2 კვირის წინ გააჟღერა, რომ უკრაინა მთლიანად დაიბრუნებს დონბასს, მაგრამ. . . . . . . . ყირიმის საკითხი (ანუ მისი უკრაინისთვის დაბრუნების საკითხი) `მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდესო`.
სწორედ აქააა, როგორც ჩანს ის წითელი ხაზი` ხანგრძლივვადიანი (არა მუდმივი) კომპრომისისა, რაც დასავლეთმა და პუტინმა ერთობლივად დაუწესეს პუტინს: `დონბასიდან რუსული ჯარის გაყვანა და ყირიმის პრობლემის `ჩამოკიდება`.
. . . . . . . . . . . . . . .
მას შემდეგ, რაც რუსეთი გავიდა `ხორბლის გარიგებიდან` სევასტოპოლზე გუშინდელი, წარმატებული შეტევის პასუხად ან მომიზეზებით თუ საბაბით (ამაზე გუშინ მოგახსენეთ) თურქეთმა, გაერომ, ევროკავშირმა და უკრაინამ გადაწყვიტეს იმოქმედონ შეტევით ფორმატში: ხორბლით დატვირთული გემები დაიძვრება ბოსფორის სრუტისკენ ან რუმინეთის პორტ კონსტანცასკენ! სულ 14 დიდი ხომალდია ქარავანში; ყველა მათგანი სატვირთო და არა სამხედრო.
თუ რუსეთი წინ გადაეღობება ან ამ გემებს ააფეთქებს წყალში მათ მარშრუტზე სპეციალურად დაყენებული ნაღმებით, ეს იქნება მიმდინარე ომის კულმინაცია, რასაც აუცილებლად მოჰყვება უმწვავესი რეაქცია დასავლეთისგან და NATO-სგან. ამ რეაქციაში შესაძლოა ორი ოფცია იგულისხმებოდეს:
ან ევროკავშირი დამატებით სანქციებს შემოიღებს რუსეთის წინააღმდეგ, ესე იგი გააუქმებს ჯერ კიდევ მოქმედ ყველა შენგენის ვიზას რუსი მოქალაქეებისათვის და უკრაინას გადასცემს ყადაღადადებულ რუსულ სავალუტო რეზერვებს (იხილეთ გულშინდელი მიმოხილვა) ან, კიდევ უკეთესი უკრაინისა და მთელი მსოფლიოსთვის, NATO გადაწყვეტს სამხედრო ხომალდებით `გააცილოს` ხორბლით დატვირთული გემები და აბა ერთი გაბედოს რუსულმა შავი ზღვის ფლოტმა მას წინ გადაეღობოს: NATO-ს საზღვაო ძალებს (მით უმეტეს თუ ამ ოპერაციაში თურქეთის უძლიერესი ფლოტიც მიიღებს მონაწილეობას და ანკარა ალიანსის გემებს შემოუშვებს შავ ზღვაში) რუსული ფლოტი `ლუკმად არ ეყოფა`.
თუმცა ჯერ-ჯერობით უფრო მეტად სავარაუდოა, რომ თუკი პუტინი დაბლოკავს ამ ხორბლით დატვირთული ქარავანის გადაადგილებას, დასავლეთი ჯერ-ჯერობით პირველი ოფციით (ფინანსურ-ეკონომიკური საქნციების გაძლიერებით) უპასუხებს.
უკრაინასაც ჰყავს საზღვაო ძალები (არა რუსული `შაი ზღვის ფლოტის` ტოლფასი, თუმცა მაინც), ხოლო ინგლისისგან შესანიშნავი `ხმელეთი - ზღვა` კლასის რაკეტები მიიღო ბორის ჯონსონის პრემიერობისას.
ეს საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა: ჯერ-ჯერობით ზუსტად არავინ იცის, როდის დაიძვრება `ხორბლის ქარავანი` - დღეს, ხვალ თუ ზეგ.
აქ მაინც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ერდოღანის პოზიცია. ანუ ისევ და ისევ თურქეთის სახელმწიფოს დამოკიდებულება: წარმოუდგენელია ანკარაში არ ესმოდეთ, რომ როდესაც ხელს აწერენ ამგვარ შეთანხმებას (`ხორბლის ქარავანის დაძვრის შესახებ) ეს მოსკოვში აღიქმება პირდაპირ გამოწვევად!
თურქეთი რომ არ მონაწილეობდეს ამ ოპერაციაში, სულ სხვა იქნებოდა. თუმცაღა, ჯერ-ჯერობით, თურქეთის წინააღმდეგ პუტინი ამოკნავლებასაც ვერ ბედავს. ის დასავლეთთან არის `დიდ გულზე`, რაკი დასავლეთი მისთვის ბევრად `პროგნოზირებადი` ვიზავია, ვიდრე განუჭვრეტელი და არაპროგნოზირებადი ერდოღანი. აქვე უნდა ითქვას, რომ სწორედ ხსენებული `არაპროგნოზირებადობის ტექნოლოგია` არის ერდოღანის პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე, რადგან ეს ძალზე რთული, ტანაც სარისკო პოლიტიკური ტექნოლოგიაა და უდიდესი ოსტატობა ესაჭიროება მის განხორციელებას.
აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ თურქულ პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რადიკალური თურქული ორგანიზაცია `ნაცრისფერი მგლების` გამგზავრების შესახებ დონბასზე, - უკრაინის მხარეს საომრად.
რამდენად `მრისხანე` იმიჯიც არ უნდა ჰქონდეს ამ საბრძოლო არაფორმალურ ორგანიზაციას, ნურავინ დავიჯერებთ, თითქოს მას შეუძლია თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგას ერდოღანის ფარული სანქციის გარეშე.
ხოლო უფრო დიდ სურათს თუ შევხედავთ, თურქეთის პოზიცია რუსეთის მიმართ იმ ისტორიული პროცესითაა განპირობებული, რომ XVIII-XIX საუკუნის ზედიზედ ათი ომის შედეგად, სწორედ რუსეთმა დაანგრია თურქეთის ოტომანთა ანუ ოსმანთა იმპერია.
ეს თურქებს ახსოვთ და არც ოდესმე დაივიწყებენ.
ერდოღანმა კი აია სოფიის ტაძარი მეჩეთად აქცია - როგორც ოსმანთა იმპერიის ფუძემდებელმა, სულთანმა მეჰმედ მეორემ 1453 წელს კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ.
. . . . . . . . . . . . . . .
ინგლისში, ზღვისპირა დუვრში ინგლისელმა ტერორისტმა სამი ბომბი ესროლა მიგრანტთა ფილტრაციის ცენტრს.
ეს მიგრანტები უკანონოდ ცდილობდნენ ინგლისში შეღწევას ევროპის კონტინენტური ნაწილიდან ნავებით ან კატარღებით; მერე ზღვაში რაკი ვერ მიატოვებდნენ ინგლისელები, პოულობდნენ, მიჰყავდათ საფილტრაციო ცენტრებში დეპორტაციამდე. თუმცა არც თუ ისე ცოტა მაინც ახერხებს ინგლისში შეღწევას.
მას შემდეგ, რაც მანქანიდან სამი ხელნაკეთი ასაფეთქებელი ყუმბარა ისროლა და სამი ადამიანი საკმაოდ მძიმედ დაჭრა, ტერორისტი იმავე მანქანით გაიქცა და შორი-ახლოს ავტოგასამართ სადგურზე თავი მოიკლა.
გუშინ მომხდარი ტერორისტული ინციდენტი იმითაა ნიშანდობლივი, რომ სწორედ ეს მომენტი (მიგრანტოფობია) გახდა სინამდვილეში `ბრექსიტის` ანუ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის წინაპირობა.
არა ინტრიგები `კონსერვატიულ` თუ ლეიბორისტულ პარტიაში, არა ბორის ჯონსონის ეგო, არა შოტლანდიის პრობლემა, არამედ სწორედ მიგრანტოფობია, რაც რუსულმა სპეცსამსახურებმა, - `ბრექსიტის` საბედისწერო რეფერენდუმის წინ (რის შედეგადაც დაიწყო ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი ამ გენიალურ ქვეყანაში) - ყოველნაირად `გაბუქეს`, გააძლიერეს, `ცეცხლი შეუნთეს`, ცეცხლს ნავთი დაასხეს ადგილობრივი სასარგებლო იდიოტების (მაგალითად `Brexit` - ის პარტიის ლიდერის, ნაიჯელ ფარაჯის) მეშვეობით.
აქ იმაზე კი არ არის საუბარი, უნდა გამოჰყოფოდა თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს, არც იმაზე, სწორი და გამართლებული იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება, ან/და რაში ცდებოდა ევროკავშირი და რას არ აკეთებდა სწორად....... არამედ იმაზე, რომ პირველად ამ დიდებული ქვეყნის ისტორიაში, მისმა ელიტებმა (აბსოლუტური უმეტესობა გამოყოფის წინააღმდეგი იყო ელიტებში, განსხვავებიოთ მიგრანტოფობიით მოცული` ხალხისგან`) ვერ მართეს პროცესი ისე, როგორც ახერხებდნენ საუკუნეთა მანძილზე.
შესაბამისად, დიდი ბრიტანეთი - დასავლური ცივილიზაციის და საპარლამენტო დემოკრატიის მთავარი შემოქმედი - მოიცვა ხანგრძლივმა კრიზისმა, რომელიც შესაძლოა ეგზისტენციურად იქცეს, თუკი შოტლანდია, მომავალ რეფერენდუმზე დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფისა და ევროკავშირში დაბრუნების გადაწყვეტილებას მიიღებს.
იმედი დავიტოვოთ, პრემიერი რიში სუნაკი შეძლებს ამ საფრთხის თავიდან აცილებას ახალი მონარქის მხარდაჭერით. თუმცა სახიფათო ისაა, რომ მეფე კარლოს III არ სარგებლობს ისეთი ბუმბერაზი ავტორიტეტით, როგორც დედამისი - აწ განსვენებული ელისაბედ მეორე.
რუსეთი საუკუნეთა მანძილზე ოცნებობს ინგლისის განადგურებასა და დიდი ბრიტანეთის დანგრევაზე; იმიტომ, რომ ინგლისელები ერთადერთი ერია ევროპაში, რომელსაც რუსებისა არაფერი `მართებთ`. აბსოლუტურად ყველა სხვა ევროპელ ერს, ბოლო 3-4 საუკუნის მანძილზე ისტორიულად რაღაც მაინც `მართებთ` რუსებისა - ესპანელების (1936წ სამოქალაქო ომი), იტალიელების (სუვოროვის ლაშქრობა), ბერძნების (კონსტანტინეპოლი და თურქეთთან ომები) ჩათვლით.
მაგრამ ინგლისში რუს `სალდათს` (ისევე როგორც ნებისმიერ სხვას 1066 წლის შემდეგ) ფეხი არასდროს დაუდგამს.
ეს არის ინგლისის უნიკალურობა ევროპაში და ამიტომაც სძულთ იგი რუს იმპერატორებს - პუტინის ჩათვლით.