ქართული მხარე დაეთანხმა «სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის» აღდგენას

ქართული მხარე დაეთანხმა «სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის» აღდგენას

რამდენიმე დღის წინ მოსკოვში დასრულდა კონსულტაციები ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების თაობაზე. მხარეები განიხილავდნენ წინასწარი შეთანხმების პროექტს «ურთიერთობის გაღრმავებისათვის საჭირო ღონისძიებათა შესახებ», რომელიც საბოლოოდ მაინც არ იქნა ხელმოწერილი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ქართული მხარის წინადადებით, ოქმში შეიტანეს შემდეგი პუნქტი: «მხარეები უარს ამბობენ მათ მიერ ცალმხრივად მიღებულ სამართლებრივ აქტებზე».
    იგულისხმება: «სამხრეთ ოსეთმა» უარი უნდა თქვას 1990 წლის 7 დეკემბერს საოლქო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე «სამხრეთ ოსეთის» - «რესპუბლიკად» გამოცხადების შესახებ, ხოლო საქართველო გააუქმებს იმავე წლის 10 დეკემბერს, უზენაესი საბჭოს მიერ სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გაუქმების აქტს.
    ამრიგად, ქართულმა მხარემ პრინციპული თანხმობა განაცხადა საქართველოს ტერიტორიაზე აღადგინოს ოსური ავტონომია იმ სახით, როგორითაც იგი არსებობდა 1990 წლამდე ანუ მიიღოს შესაბამისი კონსტიტუციური აქტი, რომელიც კონსტიტუციის ნაწილად იქცევა.
    თუმცა, ოსურ მხარეს ეს «დათმობა» არ აკმაყოფილებს. მას არ აკმაყოფილებს «ავტონომიური ოლქის» რანგი: ცხინვალის ხელისუფლება მოითხოვს მხოლოდ და მხოლოდ «რესპუბლიკის» სტატუსს, რომელიც საქართველოს რესპუბლიკასთან კონფედერაციულ (უკიდურეს შემთხვევაში ფედერაციულ) ხელშეკრულებას გააფორმებს.
    მიუხედავად ამისა, საქართველოს თანხმობამ მაინც შეიძლება მოიტანოს ობიექტურად პოზიტიური შედეგი, რაკი საერთაშორისო ორგანიზაციები (მათ შორის ევროთათბირი) დაჟინებით მოითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებისაგან სტატუს-ქვოს აღდგენას ანუ 1990 წლის დეკემბრამდე არსებული რეალობის აღიარებას.
    მაგრამ შევარდნაძეს ამის გაკეთება არ შეეძლო რადიკალური ოპოზიციის მოსალოდნელი გამძვინვარების შიშით. მიუხედავად ამისა, კონფლიქტის მოგვარება დღეს მაინც შეუძლებელია, რადგან რუსეთს «სამხრეთ-ოსეთის კოზირი» ძალიან სჭირდება იმ შემთხვევისათვის, თუ შევარდნაძე და არძინბა სეპარატულ მოლაპარაკებებს გამართავენ ელცინის ზურგს უკან (საქართველოს პრეზიდენტმა უკვე შესთავაზა აფხაზეთის ლიდერს ამგვარი «უშუალო» დიალოგი). ამიტომ, კრემლი ამჯობინებს ქართულ-ოსური კონფლიქტის დაკონსერვებას, რათა საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს გულში ჩადებული ეს ნაღმი კვლავ ააფეთქოს.

«მიმომხილველი», 20 დეკემბერი, 1995 წელი.