კოფი ანანს XXI საუკუნეში მიეჩქარება

კოფი ანანს XXI საუკუნეში მიეჩქარება

        დღეს საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესთან და თანმხლებ პირებთან ერთად ათასწლეულის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკს მიემგზავრება. საბიუჯეტო პრობლემების გამო, საქართველოს დელეგაცია მაქსიმალურად შემცირებულია. იმავე პრობლემების გამო, საქართველოს საპატრიარქომ ვერ მიიღო მონაწილეობა ახლახან დასრულებულ «რელიგიურ მოღვაწეთა» სამიტში, ვინაიდან უწმინდესმა და უნეტარესმა ავადმყოფობის მიზეზით ვერ შეძლო ნიუ-იორკში გაფრენა, ხოლო გაერომ სხვათა დაფინანსებაზე უარი განაცხადა - «საკუთარი ხარჯით» კი მღვდელმსახურთა გამგზავრების უზრუნველყოფა შეუძლებელი აღმოჩნდა.
        «ათასწლეულის სამიტს» დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მით უმეტეს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის «არაკომპეტენტური» განცხადებით, «ეს არის პირველი სამიტი 21-ე საუკუნესა და III ათასწლეულში». როგორც ჩანს, კოფი ანანი იმდენად უვიცია, რომ არ იცის: ეს სამიტი სინამდვილეში II ათასწლეულის ბოლო წელს იმართება და არა III ათასწლეულის პირველ წელს, რადგან III ათასწლეული მხოლოდ 2001 წლის 1 იანვარს იწყება. ყოველ შემთხვევაში, ასეთმა აბსურდულმა აზრმა გაიმარჯვა საქართველოში.
        მიუხედავად ამისა, კაცობრიობა აქტიურად გამოეხმაურა კოფი ანანის «მესიჯს». ნიუ-იორკში ასამდე სახელმწიფოს მეთაური, პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი მოიყრის თავს. თითოეულ გამომსვლელს გენერალურ ასამბლეაზე 5 წუთი დაეთმობა. გაეროს ჩინოვნიკებს მიაჩნიათ, რომ ესეც ბევრია, რადგან მიმდინარე კვირის განმავლობაში «მსოფლიოს დედაქალაქში» დაგეგმილია უამრავი ღონისძიება.
        ამერიკელები შეეცდებიან, სამიტი ბილ კლინტონის «გამოსათხოვარ ბენეფისად» აქციონ. დანარჩენები კი ასევე მოიწადინებენ, შთაბეჭდილება მაინც შექმნან, რომ ამერიკის გარეშეც «რაღაცას» წარმოადგენენ, რაც (ამერიკაში ყოფნისას) არცთუ ისე იოლი იქნება.
        ამ თვალსაზრისით, ირანის ხელისუფლებამ იეშმაკა და იუნესკოსთან ერთად ნიუ-იორკში (და არა პარიზში, სადაც განლაგებულია ამ ორგანიზაციის შტაბ-ბინა) აწყობს კონფერენციას «კულტურათა დიალოგი და ცივილიზაციათა თანამშრომლობა», რომელზეც მთავარ მომხსენებლად მიწვეულია საქართველოს პრეზიდენტი.
        გარდა ამისა, გაიმართება გრანდიოზული ბანკეტი («ნიუ-იორკ პლაზაში» ან რომელიმე სხვა ყველაზე ფეშენებელურ სასტუმროში) ამერიკის პრეზიდენტის «თამადობით».
        დაგეგმილია, აგრეთვე, «სუუამის» ქვეყნების პრეზიდენტების შეხვედრა.
        საქართველოს პრეზიდენტი ხუთშაბათს გახსნის გაეროს სხდომას თავისი სიტყვით. სარწმუნო წყაროს ცნობით, ედუარდ შევარდნაძე გუშინ საღამომდე მუშაობდა ამ სიტყვაზე.
        ალბათ, იოლი არ არის, 5 წუთში ჩაატიო საქართველოს სატკივარი - თუნდაც მხოლოდ აფხაზეთთან დაკავშირებით, მაგრამ, როგორც ჩანს, პრეზიდენტი აპირებს თქვას სიმართლე – იმ ფარგლებში მაინც, რაც დღეს უკვე შესაძლებელია.
        ყოველ შემთხვევაში, გაეროს როლზე აუცილებლად იტყვის - ამ ორგანიზაციამ უკვე ლამის 20 რეზოლუცია მიიღო, მაგრამ სრულებით უშედეგოდ - საქართველოსთვის გაეროს რეზოლუციათა ქმედუნარიანობა იმ ფასს არ აღემატება, რაც თვით ქაღალდი ღირს, რომელზეც ეს რეზოლუცია იწერება. ამიტომ, გაეროს რეფორმირება და განსაკუთრებით, რუსეთისთვის ვეტოს უფლების ჩამორთმევა უკვე აუცილებელი ხდება არა მხოლოდ ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეზე, არამედ მთელ მსოფლიოში სამართლიანი წესრიგის დასადგენად.
        შესაძლოა, ეს სამიტი მართლაც «ეპოქალური» აღმოჩნდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტთა განსაზღვრის თვალსაზრისით, ვინაიდან იგი ნამდვილად არ იქნება «ცერემონიალური». განურჩევლად იმისა, «ათასწლეულის სამიტი» პირველია თუ უკანასკნელი – მის ფარგლებში მოსალოდნელია ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება კაცობრიობის მომავალი განვითარების თვალსაზრისით.
        ამიტომ საქართველოს ხმა ამ ფორუმზე აუცილებლად უნდა გაისმას და საკმაოდ მკვეთრადაც.

დილის გაზეთი, 4 სექტემბერი, 2000 წ.