«მოქალაქეთა კავშირი», როგორც კოლექტიური ზვიად გამსახურდია

«მოქალაქეთა კავშირი», როგორც კოლექტიური ზვიად გამსახურდია

        გასული კვირა, ბოლო ჟამს ჩამოყალიბებული ტრადიციისამებრ, «ბობოქარი»« და მოვლენებით აღსავსე აღმოჩნდა. ერთი მხრივ, ეს, ალბათ, «დიდი საარჩევნო ციკლის» (1998-2000) უკანასკნელი ინერციაა. მეორე მხრივ – ხანგრძლივი პოლიტიკური შტილის წინ პოლიტიკურ პოზიციათა, ეგრეთ წოდებული «დაფიქსირების» მცდელობა.
        შტილი დაიწყება პოლიტიკურად მკვდარ ზაფხულში, როდესაც, კიდევ უფრო ძველი ტრადიციისამებრ, «დონდლოობა» და «მოქანცულობა», «გულგრილობა» და «აპათია» მოიცავს პოლიტიკურ ცხოვრებას და გაგრძელდება (ისევ და ისევ ინერციით) დაახლოებით, 2001 წლის ზაფხულამდე, როცა დაიწყება მზადება ადგილობრივი არჩევნებისა და ახალი «დიდი საარჩევნო ციკლისთვის».
        აქვე უნდა ითქვას: 1990 წლიდან გაუთავებელი ერთი უწყვეტი «საარჩევნო მარათონი» რომ არის საქართველოში, ამიტომაცაა კარგად ამ ქვეყნის საქმე.
        ასეა თუ ისე, 1998-2000 წლების «საარჩევნო ციკლი» მთავრდება და უკვე შეგვიძლია ვიმსჯელოთ «პოსტციკლური» ვითარების თავისებურებებზე.
        ეს ვითარება კი ყველაზე მკაფიოდ სწორედ გასულ კვირას გამოვლინდა. მმართველმა პარტიამ დაიწყო მინისტრების დამტკიცება და ეს პროცესიც ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს.» მოქალაქეთა კავშირს» თითქმის საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს პარლამენტში, ამიტომ, მიუხედავად ოპოზიციის წივილ-კივილისა, ყველა მინისტრს თანამდებობა თითქოს გარანტირებული ჰქონდა. მაგრამ ასე ნამდვილად არ არის, რადგან «მოქალაქეთა კავშირი» თვითონ ვერ ამჟღავნებს ერთიანობას, ანუ არაა გამორიცხული, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ზოგიერთ მინისტრს ხმები დააკლდეს და თანამდებობა ვერ მოიპოვოს (ან ვერ შეინარჩუნოს).
        მმართველი პარტიის ყველაზე აქტიური წევრები «გულმხურვალე პრინციპულობას» ამჟღავნებენ და აქტიურად ილაშქრებენ პრეზიდენტის კანდიდატურათა წინააღმდეგ მიუხედავად იმისა, რომ ეს კანდიდატურები (მაგალითად, ბაკურ გულუა) ედუარდ შევარდნაძეს, პოლიტიკური თვალსაზრისით, უალტერნატივოდ მიაჩნია.
        ხაზს ვუსვამ: პოლიტიკური თვალსაზრისით, თუმცა არც ის მჯერა, თითქოს გულუას წასვლით და სხვისი მოსვლით «სოფლის მეურნეობაში» რაიმე პრინციპულად და თვისებრივად შეიცვლება უკეთესობისკენ ან უარესობისკენ.
        შიდაპარტიული უთანხმოების პროცესი ერთგვარი გაგრძელებაა, ეგრეთ წოდებული «ხელმოწერების» ტრაგიკომიკური ამბისა. გახსოვთ, ალბათ, «მოქალაქეთა კავშირმა» ისევე გულმხურვალე აღტკინებით «შეუტია მთავრობას» დასვა მინისტრთა პასუხისმგებლობის საკითხი და ამით (ძალაუნებურად, ნამდვილად წინასწარგანუზრახავად, ანუ ელემენტარული სიბრიყვით) «დაარტყა» პრეზიდენტს, ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუციისა და სახელისუფლებო სისტემის შესაბამისად, აღმასრულებელ ხელისუფლებას პრეზიდენტი უშუალოდ ხელმძღვანელობს.
        აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ზურაბ ჟვანიამ ამ ბრიყვული ხელმოწერების თაობაზე არაფერი იცოდა, ანუ ეს მართლაც მასთან შეუთანხმებლად მოხდა. ჟვანიას ნამდვილად არ აკლია «საღი აზრი», რომელიც პოლიტიკოსს «გულწრფელ სისულელეების» ჩადენის საშუალებას არ აძლევს. იმავეს ვერ ვიტყვი «მოქკავშირის» ზოგიერთ სხვა ლიდერზე.
        მაგრამ ეს კიდევ არაფერი. იგივე «მოქკავშირის კოჰორტა», იმავე «გულწრფელი სიბრიყვით», კაკო ასათიანის მიერ საკმაოდ ეშმაკურად დაგებულ მახეში გაება და ხელი მოუწერა კიდევ უფრო მნიშვნელოვან დოკუმენტზე, რომელიც საქართველოში მინისტრთა კაბინეტის შექმნას, ანუ კონსტიტუციის ძირფესვიან მოთხრა-გადაკეთებას, ესე იგი საკონსტიტუციო სივრცის დესტაბილიზაციას, ახალი საპარლამენტო არჩევნების გარდაუვალობასა და (არც ესაა გამორიცხული) ახალი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნის შესაძლებლობას გულისხმობდა.
        დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არც ერთი ეს მიზანი «მოქკავშირის ელიტას» არ ჰქონია და არც შეიძლება ჰქონოდა.
        მიუხედავად ამისა, იმავე «გულმხურვალე აღტკინებით», იმავე «კეთილშობილი გულწრფელობით» ამ მახეშიც გაებნენ და სავსებით ბუნებრივი რეაქციაც მიიღეს პრეზიდენტისგან.
        რეალურად კი, ორივე შემთხვევაში, «მოქკავშირის» ელიტა (და მასთან ერთად, ფრაქციის დიდი ნაწილი) მოიქცა ცნობილი რუსი პოლიტიკოსის, რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ენაბლუ ვიქტორ ჩერნომირდინის «გენიალური» ფორმულის შესაბამისად: «ხატელი კაკ ლუჩშე, ა პალუჩილოს კაკ ვსეგდა».
        აქვე უნდა ითქვას, - აკაკი ასათიანის ეშმაკობასა და პოლიტიკურ ნიჭიერებაზე მაღალი წარმოდგენის ნაკლებობა ეტყობა, სერიოზული შეცდომა იყო. თუ ეს მახე მან თვითონ მოიფიქრა, ძალიან ჭკვიანი და (ამიტომ) პერსპექტიული პოლიტიკოსი ყოფილა, რომლის «დიდი პოლიტიკიდან» ჩამოშორება გაუგებრობასა და «შემთხვევითობათა თანხვედრას» უფრო უნდა მიეწეროს, ვიდრე კანონზომიერებას.
        ახლა მივყვეთ იმავე რიგის «უცნაურობებს», რასაც პოლიტიკაში სავსებით კონკრეტული და არცთუ საამაყო სახელები აქვს. დავიწყოთ ახლო წარსულიდან: მკითხველს ეხსომება, რომ დაუვიწყარი «სახალხო პარტია», რომელმაც თავისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში პოლიტიკური დემაგოგიის (ანუ ამ ხელოვნების შემდგენელი ყველა კომპონენტის) მიუწვდომელ მწვერვალებს მიაღწია, ხშირად ლანძღავდა მმართველ პარტიას «კორუფცირებული მინისტრების» მხარდაჭერასა და ზოგადად, ქვეყანაში კორუფციის გაფურჩქვნისთვის.
        ოღონდ არასდროს, არც ერთ შემთხვევაში არ ასახელებდა კონკრეტულ გვარებს. ასეთი კრიტიკა - «დანამუსებით» შეწუხებული და კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად «კეთილშობილად აღტკინებული» ახალგაზრდა რეფორმატორები (ანუ იმავე «მოქკავშირის ელიტა») ეძგერებოდა ამა თუ იმ (შესაძლოა, კორუფცირებულ, მაგრამ პოლიტიკურად ერთგულ და, ამ თვალსაზრისით «უღალატო») მინისტრს, «დაასხამდა» მას თავზე კომპრომატს, «გამოაჭენებდა», «გაანადგურებდა», შეარცხვენდა, თანამდებობიდან გააგდებდა და ასე შემდეგ.
        მერედა, რით მთავრდებოდა ყოველივე? მთავრდებოდა იმით, რომ ზუსტად ის ოპოზიცია, რომელიც დღენიადაგ გამუდმებით «ამუნათებდა» ხელისუფლებას ქვეყანაში «გაფურჩქვნილი კორუფციის» გამო (ოღონდ არასდროს კონკრეტულ თანამდებობის პირს არ უპირისპირდებოდა) – როგორც კი იმ კონკრეტულ პირს, კონკრეტულ მინისტრს «მმართველი პარტია» დაუპირისპირდებოდა, უმალვე ატეხდა გნიასს, რომ «მოქკავშირი პოლიტიკური ნიშნით დევნის მისთვის არასასურველ ფიგურას მთავრობაში», ამოუდგებოდა «დაჩაგრულ მინისტრს» მხარში, დაიცავდა მას «დევნისაგან», ბოლოს გამოაცხადებდა ლამის დისიდენტად და, საბოლოო ჯამში (სხვათა შორის, შესანიშნავი და საოცრად ზუსტი გამოთქმაა), გვარიანადაც იხეირებდა ხოლმე, უპირველესად იმავე მინისტრისაგან, -მატერიალური თვალსაზრისით.
        სწორადაც ირჯებოდა და ღმერთმა შეარგოს!
        ანუ «მოქკავშირი» მოსისხლე მტრად და მტრების მოკავშირედ თვითონ აქცევდა საკმაოდ ძლიერ ფიგურებს და ამას აკეთებდა არა რაიმე პოლიტიკური მოსაზრებით, არამედ «სიმართლისა და სამართლიანობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის» კეთილშობილური ლოზუნგის საფარველქვეშ.
        იმავდროულად კი, მკითხველი ვერ დამისახელებს თუნდაც ერთ მაგალითს, თუნდაც ერთ შემთხვევას, რომ ოპოზიციას (ოპოზიციას და არა უმრავლესობას) დაესახელებინოს კონკრეტული მინისტრი, დაპირისპირებოდეს კონკრეტულ ფიგურას აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რაიმე თვალსაზრისით «დაეკონკრეტებინოს» განცხადებები კორუფციის შესახებ – მაშინაც კი, როდესაც «სალაპარაკო მასალა» თვალსაჩინო და ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო.
        დიახ, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც დამოუკიდებელი პრესა აქვეყნებდა სკანდალურ დოკუმენტებს, ასახელებდა ფაქტებს და ასე შემდეგ.
        ერთადერთი გამონაკლისია ირინა სარიშვილისა და კახა თარგამაძის დაპირისპირება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც გამონაკლისი ადასტურებს წესს.
        სხვა ამგვარ შემთხვევას, რომ ოპოზიცია დაპირისპირებოდეს კონკრეტულ მინისტრს, კონკრეტული (თუნდაც დაუსაბუთებელი) ბრალდებებით – ვერც ერთი ოპონენტი ვერ დამისახელებს.
        ასე შეიქმნა (ვიმეორებ) ტრაგიკომიკური ვითარება: «მოქკავშირის ელიტა» უპირისპირდებოდა «საკუთარ» აღმასრულებელ ხელისუფლებას და სინამდვილეში კი არ აძლიერებდა, არამედ ასუსტებდა საკუთარ პოზიციებს «შორიდან მზირალი» ოპოზიციის გასახარად და გასაძლიერებლად.
        მაგალითად, ძნელი წარმოსადგენია, ხელისუფლებას ჰყავდეს იმაზე ერთგული მინისტრი (ყველა თვალსაზრისით), ვიდრე ფრიდონ ინჯია იყო. სხვა საქმეა, რას აკეთებდა და როგორ აკეთებდა, მაგრამ ფაქტია, რომ კავშირგაბმულობის სისტემა შვეიცარიული საათივით ჰქონდა აწყობილი და საბიუჯეტო შემოსავლების გეგმასაც ლამის 130 პროცენტით ასრულებდა.
        არა მგონია, «გულმხურვალე აღტკინების» პროცესში მისი მოხსნა-განადგურებით მდგომარეობა კავშირგაბმულობის სისტემაში გაუმჯობესებულიყო. მაგრამ რას იზამ - «სამართლიანობა და პრინციპულობა «მსხვერპლს მოითხოვს».
        ამავე კატეგორიის კიდევ ერთი მაგალითი: გასულ კვირას მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე თევდორაძემ ჟურნალისტებს «მტკიცე ტონით» განუცხადა, რომ «შინაგან საქმეთა მინისტრ კახა თარგამაძისადმი უმრავლესობის მხარდაჭერა განპირობებულია მადლიერებით იმ როლის გამო, რაც პოლიციამ არჩევნებისას შეასრულა».
        შემდგომ, ქალბატონმა ელენემ ამაყად დასძინა: «დიახ, მე სიმართლეს ვლაპარაკობ».
        აქვე უნდა შევნიშნო: მხოლოდ ნაძირალას შეიძლება შეეპაროს ეჭვი ელენე თევდორაძის პატიოსნებასა და გულწრფელობაში. ამიტომ სავსებით გულწრფელად «ებრძვის» ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს «ძალისმიერ სტრუქტურებში».
        მისი «გულწრფელი» განცხადებაც გამომდინარეობდა სავსებით წრფელი რწმენიდან, რომ უნდა ილაპარაკოს მხოლოდ სიმართლე.
        მაგრამ პოლიტიკური და დისიდენტური მოღვაწეობის ერთმანეთში აღრევამ უკვე გამოიღო სავალალო შედეგი საქართველოს პირველი პრეზიდენტისათვის, რომელიც დისიდენტად დარჩა მას შემდეგაც, რაც პრეზიდენტი (ანუ პოლიტიკური მოღვაწე) გახდა.
        პოლიტიკოსი და დისიდენტი კი, არათუ ერთი და იგივე არ არის, არამედ, გარკვეული აზრით, შეუთავსებელი ცნებებიცაა.
        როდესაც კახა თარგამაძეს ჟურნალისტებმა სთხოვეს კომენტარი ელენე თევდორაძის ამ განცხადებაზე, მან «მხრები აიჩეჩა»: «ეს განცხადება არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ თვით «მოქალაქეთა კავშირისთვის» უნდა იყოს შეურაცხმყოფელი» და ამაში ძნელია შინაგან საქმეთა მინისტრს არ დაეთანხმო.
        ბუნებრივია ოპოზიცია თევდორაძის ამ განცხადებას უეჭველად «აიტაცებს» და მიზანმიმართული პროპაგანდით შექმნის «კონცენტრირებულ სტერეოტიპს»: არჩევნებში «მოქალაქეთა კავშირის გამარჯვება განაპირობა შინაგან საქმეთა მინისტრმა, პოლიციამ და, საერთოდ, ადმინისტრაციულმა ფაქტორმა» - აკი ამას თვით «მოქკავშირის» ერთ-ერთი ლიდერი აღიარებს.?! ხოლო თუ კოლეგები ელენე თევდორაძეს უსაყვედურებენ, იგი იმავე სიამაყით იტყვის, რომ «სიმართლე ვილაპარაკე».
        სულაც არ მეპიტნავება «მოქკავშირის» დაცვა, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში «მოქალაქეთა კავშირის» გამარჯვების მთავარი მიზეზი ნამდვილად არ ყოფილა «ადმინისტრაციული ფაქტორი». სინამდვილეში, 31 ოქტომბრის არჩევნებში «მოქკავშირის» გამარჯვება გაცილებით უფრო მეტად განაპირობა სხვა ფაქტორებმა, მათ შორის, სამი უმთავრესი და განმსაზღვრელი იყო:
        1) მოსახლეობის შიში ცვლილებებისადმი და «შეჩვეული ჭირის» სინდრომი.
        2) ელექტორატის სავსებით ბუნებრივი უნდობლობა, ეგრეთ წოდებული, «აღორძინების» აბსურდული და იმთავითვე თვალთმაქცური კოალიციისადმი.
        3) ედუარდ შევარდნაძის აქტიური მონაწილეობა «მოქალაქეთა კავშირის» საარჩევნო კამპანიაში და ამჟამინდელი პრეზიდენტის უალტერნატივობის არცთუ უსაფუძვლო განცდა.
        აი, ეს სამი მიზეზი იყო განმსაზღვრელი (მით უმეტეს, «გადამწყვეტი») იმ არჩევნებში და არა «ადმინისტრაციული ფაქტორი». ამ ფაქტორის ჩამოშორება «მოქალაქეთა კავშირს» დააკლებდა, დაახლოებით 5-10 პროცენტს, მაგრამ იმავე ფაქტორის ჩამოშორების შემთხვევაში, «აღორძინებასაც» დააკლდებოდა (აჭარაში), დაახლოებით 5 პროცენტი.
        კიდევ უფრო დიდი სისულელე იქნებოდა, ვინმეს ეთქვა, რომ 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში ედუარდ შევარდნაძის გამარჯვება განაპირობა «პოლიციის მხარდაჭერამ». წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი დამარცხდებოდა ჯუმბერ პატიაშვილთან და ასე შემდეგ.
        ახლა სხვა მაგალითი: ვერ დამისახელებთ საქართველოში ან მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მმართველ (თუნდაც ოპოზიციურ) პარტიას, რომელიც ისეთი სულელურად ტრანსპარანტული (გახსნილი, გამჭვირვალე) იყოს თავისი შიდაპრობლემების «გამომზეურებისას», როგორიც «მოქალაქეთა კავშირი».
        ამ პარტიის თვით ყველაზე მწვავე და ბობოქარი სხდომები, «შიდა გარჩევები» (რაც გარდაუვალია, კაცმა რომ თქვას, ნებისმიერ პარტიაში) ტარდება ჟურნალისტების თანდასწრებით (მირე ხნის წინათ, ლამის პირდაპირი ტრანსლაციით), მეორე დღეს კი გაზეთები აჭრელებულია დაწვრილებითი რეპორტაჟებით, თუ რა უთხრა სააკაშვილმა ამაშუკელს, თევდორაძემ – ლეკიშვილს, ლორთქიფანიძემ – ბარამიძეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
        ახლა მე ვეკითხები ყველაზე გათვითცნობიერებულ მკითხველს.: ოდესმე, სადმე თუ გინახავთ რაიმე ინფორმაციას გაეჟონოს «აღორძინების პოლიტბიუროს» სხდომებიდან ან თუნდაც ამ კოალიციაში შემავალი პარტიების «შიდა გარჩევებზე», თუ გსმენიათ რაიმე?
        ან იქნებ, ჰგონია ვინმეს, რომ «შიდა გარჩევები» იქ არ ხდება და ყველანი შეხმატკბილებულნი არიან? გარწმუნებთ, იმაზე ნაკლებად არიან (ბევრად) შეხმატკბილებულნი, ვიდრე «მოქალაქეთა კავშირის» ორი ფრთა, მაგრამ ჰყოფნით გონიერება, «შიდა პრობლემატიკა» საზოგადოების სამსჯავროზე არ გამოიტანონ და ამით საკუთარი თავი თვითონ არ დაასუსტონ.
        პოლიტიური პარტიისათვის ხომ სწორედ შინაგანი სისუსტე, შინაგანი განხეთქილებაა ყველაზე საშიში.
        ოპონენტები ერთმანეთის დისკრედიტაციისთვის სწორედ ამ არგუმენტს იყენებენ ხოლმე – რომ «ის ძალა შინაგანად მყიფე, არაკონსოლიდირებულია» და ასე შემდეგ.
        «მოქალაქეთა კავშირის» ლიდერები კი გულწრფელად, ჭეშმარიტი «გახსნილობით», პრინციპულობით ამბობენ ყველაფერს, რაც ენაზე მოადგებათ, ხელს აწერენ ყველა შემოთავაზებულ დოკუმენტზე, იმ კეთილშობილური მოსაზრებით, რომ, ნუ იტყვით, «თუ წინადადება სამართლიანია, მაშინ არა აქვს მნიშვნელობა, ვისგან მოდის იგი, ოპოზიცისიგან თუ უმრავლესობის მხარდამჭერი დეპუტატებისგან».
        ზუსტად ასე ახსნა თავისი «ხელმოწერა» კაკო ასათიანის ზემოთ ხსენებულ, «მახვილგონივრულ, ნიჭიერ ინტრიგაზე «მოქალაქეთა კავშირის» ერთ-ერთმა, მართლაც თვალსაჩინო, მრავალმხრივ ღირსეულმა ლიდერმა – ნინო ბურჯანაძემ – როგორ შეიძლება არ აღფრთოვანდე, ასეთი გულწრფელობით და კეთილშობილებით! სწამდა ადამიანს, რომ სწორად იქცეოდა და მოიქცა ისე, როგორც სწამდა – განურჩევლად იმისა, რა ამოძრავებდა ამ დროს «ტრადიციონალისტთა» ლიდერს.
        აკაკი ასათიანს ვერავინ ვერაფერს უსაყვედურებს – იგი მოქმედებდა პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე და მოქმედებდა საკმაოდ გონივრულად. რას ერჩი?
        ასეთი მაგალითების მოყვანა უსასრულოდ შეიძლება. ზოგადი დასკვნა კი ის არის, რომ თუ ასე გაგრძელდა, 31 ოქტომბრის არჩევნებში, არცთუ მხოლოდ «ადმინისტრაციული ფაქტორის» ზემოქმედების შედეგად, გამარჯვებული «მოქალაქეთა კავშირის» დღეები მართლა დათვლილია. თანაც, დათვლილია არა 2003 წლის ოქტომბრამდე, ან თუნდაც 2001 წლის ნოემბრამდე (ადგილობრივ არჩევნებამდე), არამედ გაცილებით უფრო მცირე ხნით.
        აი, სწორედ აქ მივადექით ყველაზე საინტერესო და საგულისხმო საკითხს. სრულებითაც არ გამოვრიცახვ, რომ «მოქალაქეთა კავშირის» იმ ჯგუფმა, რომელზეც ძირითადად ვლაპარაკობთ, მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილში სავსებით გულწრფელი სიმპათია დაიმსახუროს ასეთი «გულწრფელობით» და «გულახდილობით». აქაოდა, «რას ერჩი ამ კეთილშობილ ახალგაზრდებს, სიმართლეს ამბობენ, ზოგჯერ გულუბრყვილოდ იქცევიან, მაგრამ გულწრფელნი არიან» და ასე შემდეგ.
        რასაკვირველია, იქნება მეორე ნაწილიც საზოგადოებისა, რომელიც «მოქკავშირელი ლიდერების» გულწრფელობას და კეთილშობილებას არასდროს დაიჯერებს. ამაზე საუბარი სასაცილოდაც არ ეყოფა, მაგრამ ეს, ძირითადად, «ოპოზიციური ელექტორატია».
        არსებობს, (დიახ, უეჭველად არსებობს) საქართველოში ელექტორატის ერთი, საკმოად მრავალრიცხოვანი ნაწილი, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერს (თავისი მენტალიტეტიდან გამომდინარე) ხელისუფლებას და ცდილობს მის ქმედებაში მხოლოდ დადებითი დაინახოს. ვიმეორებ: ეს არის მენტალური (მენტალიტეტის) თავისებურება.
        არსებობს კიდევ მესამე (ყველაზე მრავალფეროვანი) კატეგორია, რომლეიც გადაწყვეტილებას იღებს არა «სიყვარულით» ან «სიძულვილით» (როგორც პირველი ორი), არამედ მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე – თუნდაც იმავე «შეჩვეული ჭირის» სინდრომით და ასე შემდეგ.
        «მოქალაქეთა კავშირის» ზემოთ აღწერილი თვისება უეჭველად გამოიწვევს იმას, რომ იგი გააძლიერებს სოციუმში მოწინააღმდეგე ძალების გავლენას და თვითონ აღჭურავს მათ თავისი საწინააღმდეგო იარაღით.
        «სიმართლის ლაპარაკი» და «პრინციპულობა» პოლიტიკაში განიზომება მხოლოდ მიზანშეწონილობის ფაქტორის გათვალისწინებით. სხვა შემთხვევაში კრახი გარდაუვალია.
        ყველას გვახსოვს, როგორ დაამთავრა «მოღვაწეობა» საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა. ზვიად გამსახურდია ბევრ, ძალიან ბევრ სისულელესთან ერთად, ბევრ სიმართლესაც ამბობდა. საქართველოს ერთი ნაწილის (არცთუ მცირე ნაწილის) თაყვანისცემაც დაიმსახურა, მაგრამ ძალიან ცუდად დაამთავრა. Eსე იგი, რასაც ფიქრობდა იმას რომ ამბობდა, იმიტომაც განისვენებს ახლა გროზნოს სასაფლაოზე.
        რაც მთავარია, ამ თავისი გულუბრყვილობით, საკუთარ თავთან ერთად, ქვეყანაც დაღუპა! ასე შეიძლება მოუვიდეს «მოქალაქეთა კავშირსაც»- მერე დაიმშვიდონ თავი ნოსტალგიური მოგონებებით «რეფორმატორულ ეპოქაზე», როდესაც ძალიან ბევრი გააკეთეს საქართველოში ძველი სისტემის დასანგრევად და ახლის დასაფუძნებლად, საბაზრო ეკონომიკის დასამკვიდრებლად, სამოქალაქო საზოგადოების ასაშენებლად და ასე შემდეგ.
        ეს ყოველივე დარჩება «ნოსტალგიურ მოგონებად» და გამარჯვებულთა დასაცინ-საქილიკო მასალად.
        პოლიტიკაში დამარცხებულის ხვედრი ტირილი და გოდებაა - «ვაი დამარცხებულს».
        გამარჯვებული კი ნამდვილად არ ეტყვის მადლობას იმისთვის, რომ დამარცხებულმა თვითონ დაიმარხა თავი საკუთარი სულელური შეცდომებითა და ბრიყვული გულწრფელობით.
        თუმცა შეგონებას აქ ნამდვილად არ აქვს აზრი.
       სე რომ, განაგრძეთ, ბატონებო, განაგრძეთ პროკურატურისა და პოლიციის «გულწრფელი მხილება» (მაშინ, როდესაც ოპოზიცია მათ წინააღმდეგ (დააკვირდით) კრინტს არ ძრავს), ანუ განაგრძეთ იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც ყველა ხელისუფლება ზის ყველა ქვეყანაში: განაგრძეთ ყველაზე გავლენიანი სოციალური ფენებისა და ფინანსურ-სამრეწველო ჯგუფების განაწყენება (გამომდინარე «სიმართლის» და «სამართლიანობიოს» პრინციპებიდან): განაგრძეთ, აგრეთვე, ყველაზე გავლენიანი საზოგადოებრივი ფენების (მათ შორის, ეგრეთ წოდებული, «ელიტარული ინტელიგენციის») «სამართლიანი ლანძღვა»; რაც შეიძლება მეტად გაანაწყენეთ და გააღიზიანეთ იგი «მჭრელი სიმართლით, მათი კორუფცირებულობისა და უზნეობის შესახებ; «პრინციპული სიმართლით» თვითონ შეისუსტეთ პოზიციები საქათრთველოს ამა თუ იმ რეგიონში - მათთან იდენტიფიცირეუბლი პიროვნებების ხელისუფლებისგან გაძევებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
        ბოლოს, გულის მოსაოხად ისღა დაგრჩებათ, რომ... «იყო ასეთი პარტია», მაგრამ სწორედ «იყო» და «აღარ არის».

დილის გაზეთი, 22 მაისი, 2000 წელი