საერთაშორისო მიმოხილვა 23 ოქტომბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა 23 ოქტომბერი. 2024 წელი

პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა The Financial times -თან ინტერვიუში, რომ მზადაა მოელაპარაკოს რუსეთს, ერთდროულად შეწყვიტონ მხარეებმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები.

მანამდე Washington post იტყობინებოდა, რომ კატარში იგეგმებოდა საიდუმლო მოლაპარაკებები კიევსა და მოსკოვს შორის ამ თემაზე: ერთდროული მორატორიუმი ენერგოობიექტების დაბომბვაზე და სარაკეტო დარტყმებზე.

თუმცა მოლაპარაკება არ შედგა.

გასაგებია, რომ „კატარის პლატფორმა“ და „კატარის შუამავლობა“...... იმ ახლოაღმოსავლურ ქვეყანაში ამერიკის ფუნქციისა და როლის ასევე გავლენის გათვალისწინებით....... იმას ნიშნავს, რომ ამერიკელების გარეშე ის მოლაპარაკებები ვერ ჩაივლიდა ვერასგზით.

მოლაპარაკებათა ჩაშლის მთავარ მიზეზად WP ასახელებს უკრაინული არმიის ინტერვენციას კურსკის ოლქში.

ზოგადად, ამასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის გარშემო გაშლილ „საჭადრაკო პარტიაში“ ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ახლო აღმოსავლეთის არაბული სამეფოები.

რამდენიმე დღის წინ პუტინი პოდმოსკოვიეში შეხვდა გაერთიანებული არაბთა ემირატების პრეზიდენტს შეიჰ Mohammed bin Zayed Al Nahyan-ს, რომელსაც დასავლეთთან და უკრაინასთან საზავო მოლაპარაკებებში შუამავლობა სთხოვა.

მანამდე პუტინმა, როგორც ირკვევა, ანალოგიური თხოვნით მიმართა საუდის არაბეთის კრონ პრინცს Mohammed bin Salman-ს.

აქ ნიშანდობლივი ისაა, რომ არაბული მონარქიების შუამავლობა და მათ „პლატფორმაზე“ მიღწეული კომპრომისი შესაძლოა კომფორტული და მისაღები იყოს ყველა მხარისთვის: რუსეთისთვის (იმაზე მეტადაც კი, ვიდრე NATO-ს წევრ თურქეთში მოლაპარაკებები), უკრაინისთვის, ასევე ამერიკისა და დასავლეთისთვის.

დამკვირვებელთა აზრით, თუ რაიმე კომპრომისული ფორმულა გამოიკვეთება, მისი გენერირება შესაძლოა მოხდეს სწორედ ახლო აღმოსავლეთში მოლაპარაკებისას.

სხვა საქმეა, რომ თვით ეს ფორმულა, ანუ კომპრომისის მოდალობა ჯერ საერთოდ არ ჩანს: პუტინი არ აპირებს ჯარების გაყვანას დაპყრობილი ტერიტორიიდან.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

Business insider აქვეყნებს საინტერესო ინტერვიუს სამხედრო ექსპერტ William Alberque -თან (A warfare expert at the Stimson center).

ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს, რომ დასავლეთის, პირველ რიგში ამერიკის სამხედრო წრეებში დიდი რეზონანსი გამოიწვია პირველი F16s-ის დაკარგვამ უკრაინაში.

ამ ფაქტმა შემდგომ პარტიატა მიწოდების შეფერხებაც კი შეიძლება გამოიწვიოსო.

William Alberque ინციდენტთან დაკავშირებით ამბობს; „კი მაგრამ თქვენ უკრაინის ომი საბავშვო ბაღი ხომ არ გგონიათ? მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ომია, რაც კი ყოფილა დედამიწაზე........ დასავლეთი, მას შემდეგ რაც 1972 წელს დასრულდა ამერიკის ომი ვიეტნამში, მხოლოდ მცირე ინტენსივობის ომებს აწარმოებდა, მათ შორის ერაყში, ავღანეთში, სადაც ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დანაკარგები მიზერული იყო. ამიტომ ერთი სამხედრო თვითმფრინავის, რამდენიმე ტანკის Abrams და რამდენიმე ტანკის Leopard დაკარგვამ სინამდვილეში ის უნდა განაპირობოს, რომ დასავლეთმა უკრაინას მეტი თვითმფრინავი, ტანკი და ჯავშანმანქანა მიაწოდოს, თორემ რა გამოდის? - ეს იგივეა, ამერიკას რომ ბრიტანეთისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებაზე ეთქვა უარი იმ საბაბით, რომ ასეულობით თვითმფრინავი ჩამოაგდო ჰიტლერის „ლუფტვაფემ“ - ამბობს სამხედრო ექსპერტი.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

ბრიტანეთმა წარმატებით გამოცადა უნიკალური, საჰაერო ბაზირების (!) საზენიტო ლაზერი, რომლითაც ყველა საჰაერო სამიზნე ჩამოაგდო შვედეთში (!) გამართულ საცდელ სროლებზე.

შეიძლება ითქვას, ამ ინოვაციურ სამხედრო ტექნოლოგიაში ბრიტანეთი მსოფლიო ლიდერია უკვე.

ამერიკასაც უსწრებს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

საფრანგეთმა დემონსტრაციულად მიანიჭა „თავშესაფარი“ და/ანუ პოლიტიკური ლტოლვილის, პოლიტიკური დევნილის სტატუსი ექვს რუს დეზერტირს, რომლებიც გაიწვიეს უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ ისინი გაიქცნენ ყაზახეთში და იქიდან გაფრინდნენ პარიზში.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რითაც საფრანგეთი უგზავნის „მესიჯს“ რუსებს, ვისაც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში არ სურს მონაწილეობის მიღება.

ისიც ნიშანდობლივია, რომ ყაზახეთმა ეს რუსები კი არ დააპატიმრა მოსკოვის მოთხოვნით, არამედ საფრანგეთში გაფრენის საშუალება მისცა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ვარშავამ გადაწყვიტა დახუროს რუსული საკონსოლო პოზნანში.

 მინისტრმა დაამატა, რომ არ გამორიცხავს რუსი ელჩის გაგდებას პოლონეთიდან.

მიზეზი გახდა უტყუარი მტკიცებულებები, რომ რუსეთის სპეცსამსახურთა აგენტები ახორციელებენ დივერსიის აქტებს პოლონეთის ტერიტორიაზე.

ანუ შპიონაჟზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ დივერსიებზე, ესე იგი...... ევროპული პოლიტიკური და სამართლებრივი ენით....... „საბოტაჟის“ აქტებზე.

დააპატიმრეს რუსი აგენტი, რომელიც პოზნანის ერთ-ერთ ქარხანაში ხანძრის მოწყობას ცდილობდა.

ადრეც გატყობინებდით, რომ პუტინს ძალიან მოეწონა ეს ტექნოლოგია: ევროპის ქვეყნებში (გერმანიაში....პოლონეთში....ნიდერლანდში.....) ხანძრების მოწყობა.

უცნაური ევროპული კანონმდებლობით, თუკი მსხვერპლი არ მოჰყვა (ღამით უკიდებენ ცეცხლს) მაშინ ტერაქტად არ ითვლება და მცირედ ისჯება.

სიკორსკის მუქარის პასუხად რუსული „საგარეოს“ სფოუქსპერსონმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ თუ პოლონეთი რუსი ელჩის გაძევებას ან საკონსულოს დახურვას გაბედავს, „მოსკოვის პასუხი უმკაცრესი იქნება“.

ამჟამად რუსეთს პოლონეთში სამი (!) საკონსულო აქვს: პოზნანში, გდანსკში და კრაკოვში.

ერთდროულად სამი რუსული საკონსულო პოლონეთში - აშკარად საბჭოური ეპოქის გადმონაშთია.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ჩრდილო კორეის დიქტატორის, კიმ ჩენ ინის დამ, კიმ იო ჩჟონმა  „ამერიკის გამოზრდილი ძაღლები“ უწოდა სამხრეთ კორეას და.... უკრაინას!

„არ დაავიწყდეს არც ერთს და არც მეორეს, რომ კორეის სახალხო რესპუბლიკას აქვს ბირთვული იარაღიო“ - განაცხადა ჩჟონმა.

მისი განსაკუთრებული განრისხება იმან გამოიწვია, რომ ფხენიანის მახლობლად რამდენიმე დღის წინ იპოვეს სამხრეთ კორეული სადაზვერვო დრონის ნამსხვრევები: „დაელოდეთ ჩვენს უსასტიკეს შურისძიებასო“ - მიმართა ამ ქალბატონმა სამხრეთ კორეას და იქ დისლოცირებულ ამერიკულ არმიას.

დასავლური პრესა აღნიშნავს, რომ კიმ იო ჩჟონს სულ უფრო და უფრო მეტი გავლენა აქვს თვით კიმ ჩენ ინის „სამეფო კარზე“, თუმცაღა არც ისე მაღალი თანამდებობა უკავია: დღეს იგი „კორეის სახალხო რესპუბლიკის“ „სახალხო პარტიის“ ცენტრალური კომიტეტის ერთ-ერთი განყოფილების დირექტორის მოადგილეა.

თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს მხოლოდ შირმაა და ჩჟონი რეალურად ხელმძღვანელობს კორეის სპეცსამსახურს, რომელიც მთელს მსოფლიოში დივერსიებითაა დაკავებული.

სწორედაც მისი ორგანიზებული იყო მათი უფროსი არაბიოლოგიური ძმის კიმ ჩონ ნამის მკვლელობა მალაიზიაში, როდესაც მას ჩრდ.კორეის სპეცსამსახურის აგენტმა ქალმა, კუალა ლუმპურის აეროპორტში, მოწამლული ცხვირსახოცი მიაფარა სახეზე.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის ელჩი დაიბარეს გუშინ სამხრეთ კორეის „საგარეოში“ და მკაცრად გააფრთხილეს, რომ თუ არ შეწყდება ჩრდილო კორეელი სამხედროების ტრენინგი რუსეთის ტერიტორიაზე (უკრაინაში მათ გასაგზავნად) სამხრეთ კორეა დიდძალ იარაღს მიაწოდებს უკრაინას.

არადა სამხრეთ კორეის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია.

 საუკეთესო ტანკებს, სამხედრო გემებს და თვითმფრინავებს ამზადებენ.

. . . . . . . . . . . . . . .

Florence Bauer-მა, - Eastern Europe head at the U.N. Population Fund (გაერო) გუშინ ჟენევაში განაცხადა, რომ უკრაინის მოსახლეობა 2022 წლიდან ანუ რუსული აგრესიის დაწყებიდან 10 მილიონით შემცირდა. ესე იგი მეოთხედით.

ეს ემიგრაციის ხარჯზე თუმცა შობადობაც მნიშვნელოვნად შემცირდა.

საერთაშორისო კლასიფიკაციით ეს გენოციდის ფორმაა, რაკი რუსული აგრესიის შედეგია 100%-ით.

აღსანიშნავია, რომ გაეროს ცნობით, 1991 წელს, როცა სსრკ დაიშალა, უკრაინის მოსახლეობა 50 მილიონი იყო და არა 40 მილიონი.

უკრაინულმა კორუმპირებულმა ელიტებმა ჯერ კიდევ რუსულ აგრესიამდე ვერ შეძლეს ისეთი ქვეყნის აშენება, უკრაინელები არ გაქცეულიყვნენ!

 ჭეშმარიტად, კორუფცია რუსული იმპერიალიზმის მთავარი მოკავშირეა.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მსოფლიო ოკეანეში გავიდა იაპონური ავიამზიდი Kaga.

გაიარა წყნარი ოკეანე, მიაღწია კალიფორნიის ნაპირს და იქ ამერიკული უახლესი თვითმფრინავი F-35B (ვერტიკალური აფრენა/დაფრენის მოდალობით და „სტელს“ ტექნოლოგიით) დაეშვა იაპონური ავიამზიდის  გემბანზე.

ეს უძლიერესი სიმბოლური აქცია იყო.

და მკაფიო მესიჯი ჩინეთს - იაპონია ამერიკის უძლიერესი მოკავშირე ხდება წყნარი ოკეანის აუზში ჩინეთის ამბიციათა საწინააღმდეგოდ.

როგორც არაერთხელ ვივარაუდეთ, AUKUS (ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, აშშ) რომელიც ვაშინგტონმა და ლონდონმა შექმნეს წყნარი ოკეანის აუზში, სულ მალე აუცილებლად გაფართოვდება წყნარი ოკეანის დიდ სამხედრო ალიანსად, რომელშიც შევლენ იაპონია და ფილიპინები.

მაშასადამე,  ატლანტიკური NATO-ს ანალოგად იქმნება წყნარი ოკეანის პროდასავლური სამხედრო ალიანსიც.

ამერიკა ორივე მათგანის ლიდერი იქნება.