რუსეთი ბაზების გატანას არ ჩქარობს, საქართველო არ აჩქარებს

რუსეთი ბაზების გატანას არ ჩქარობს, საქართველო არ აჩქარებს

        გუშინ თბილისში დასრულდა რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებები «ბაზების თაობაზე». ეს კოდური სახელწოდება აღნიშნავს იმ პროცესს, რომელიც ეროვნულმა მოძრაობამ დაიწყო 1988 წელს თბილისში მანიფესტაციებით (ამ აქციათა მთავარი მოთხოვნა «საქართველოს დეოკუპაცია» იყო) და რომელიც დღეს თავად დაავიწყდა.
        მართლაც, საოცარია, მაგრამ ერთადერთი, ვინც რუსეთის ჯარების გაყვანის საკითხს ამჟამად ამწვავებს – საქართველოს ხელისუფლებაა, მაშინ როდესაც ისინი, ვინც 12-13 წლის წინათ მთელი ეს ტალღა ააგორეს (და ქვეყანა დააქციეს) სადღაც . . . . . არიან შემალულნი და «დეოკუპაცია» აღარც აინტერესებთ.
        ასეთ ვითარებაში ხელისუფლება აუტკივარ თავს რატომ აიტკივებდა? – ჰოდა, საბოლოოდ, არც აიტკივა.
        უკანასკნელი ინფორმაცია: რუსეთის ვიცე-პრემიერ ილია კლებანოვთან ორდღიანი მოლაპარაკება ურთიერთხელსაყრელი კომპრომისით დასრულდა: მხარეებმა «მოილაპარაკეს განაგრძონ მოლაპარაკებები».
        იმავდროულად, რუსეთმა დაადასტურა, რომ 2000 წლის 31 დეკემბრამდე, სტამბულის ხელშეკრულების შესაბამისად, უეჭველად შეამცირებს საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებისა და ტექნიკის ოდენობას იმ დოკუმენტით დაშვებულ ოდენობამდე, რომელიც განსაზღვრავს «ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირებას» ევროპაში. აგრეთვე, აწესებს «ფლანგურ შეზღუდვებს». იმავდროულად, რუსეთს «არ ეთმობა» ვაზიანის სამხედრო აეროდრომი და როგორც აღმოჩნდა, საქართველოც მზად არის, განიხილოს ამ ობიექტის ერთობლივი ექსპლუატაციის შესაძლებლობა.
        აეროდრომი (უფრო ზუსტად, ასაფრენი ბილიკი) არ შედის ვაზიანის სამხედრო ბაზის ობიექტების სიაში. რაც შეეხება გუდაუთის სამხედრო ბაზას, როგორც ჩანს, მხარეებმა პრინციპულად მოილაპარაკეს, რომ იგი გადაკეთდება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული სამშვიდობო ძალების ბაზად.
        ეს იმას ნიშნავს, რომ გუდაუთის ბაზა შენარჩუნდება მანამ, ვიდრე კონფლიქტის ზონაში შენარჩუნდებიან რუსეთის (ფორმალურად, დსთ-ის) სამშვიდობო ძალები.
        ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების საკითხი საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრებზე საერთოდ არ განხილულა, ვინაიდან ეს «გადადებული პრობლემაა». არანაირი იურიდიული საფუძველი (გარდა 1995 წლის ხელშეკრულებისა, რომელიც არ არის რატიფიცირებული საქართველოს მიერ) ამ ორი ბაზის არსებობასაც არ გააჩნია.
        სტამბულის ხელშეკრულებაც მათ «ჰაერში ჰკიდებს». ყოველ შემთხვევაში, რუსეთმა მიიღო უფლება, «დროებითი განლაგებისა», მაგრამ საქართველომაც დაიტოვა უფლება, «დროებითი ეტაპი» ნებისმიერ მომენტში ამოწურულად მიიჩნიოს და ბაზების გაყვანა მოითხოვოს.
        როგორც ჩანს, ეს არის ერთგვარი ბალანსი, ტაქტიკური კომპრომისი – რაც დღევანდელ პირობებში ორივე მხარეს აძლევდა ხელს.

დილის გაზეთი, 27 ივნისი, 2000 წელი