საერთაშორისო მიმოხილვა. 21 ივნისი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 21 ივნისი. 2024 წელი

ამ დილით (21 ივნისს) უკრაინამ 40 თვითმფრინავის ტიპის დრონი გაუშვა კრასნოდარის მიმართულებით;

სამიზნე იყო კრასნოდარის ცენტრალური სარკინიგზო/საავტომობილო სადგური და ნავთობბაზა.

4 ადამიანი დაიჭრა. ხანძარი გრძელდება.

ყველა დრონი უკრაინული წარმოებისაა: კრასნოდარს უკრაინული არმია არ ბომბავს ამერიკული და ევროპული იარაღით, რაკი კვლავინდებურად ერთგულია პირობისა, რომ იმ იარაღს გამოიყენებს მხოლოდ უშუალოდ საბრძოლო მოქმედებათა მეზობლად ანუ რუსეთის ბელგოროდის და კურსკის ოლქებში, საიდანაც რუსები ბომბავენ ხარკოვს.

კიდევ 70 დრონი (აგრეთვე უკრაინული წარმოებისა) კიევმა ყირიმის მიმართულებით გაუშვა.

1 უკრაინული უპილოტო აპარატი რუსებმა ვოლგოგრადთანაც კი (ანუ მდინარე ვოლგაზე!!!) ჩამოაგდეს.

ესე იგი უკვე იქამდეც სწვდება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ძალიან სერიოზული შედეგი მოჰყვა პუტინის თავხედურ ნაბიჯს: ჩრდილო კორეის „მარგინალურ ზესახელმწიფოსთან“ ხელშეკრულების გაფორმებას სამხედრო თანამშრომლობის შესახებ.

სამხრეთ კორეამ დაუყოვნებლივ განაცხადა, რომ რუსეთ-ჩრდ.კორეის პაქტი არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას კიმების რეჟიმისთვის იარაღის არ მიწოდების შესახებ, რომელსაც ჯერ კიდევ ყირიმის ანექსიამდე მოსკოვმაც დაუჭირა მხარი.

აქვე: მაშინ მოსკოვმა ემბარგოს მხარი დაუჭირა იმიტომ, რომ პუტინს იმედი ჰქონდა, დასავლეთი ყირიმის დაგეგმილ ანექსიას (ბოდიში ჟარგონისთვის) „გაუტარებდა“.

ნაწილობრივ „გაუტარა“ კიდეც ზუსტად ამ მიზეზით (მეორე მიზეზი ირანის ბირთვული დოსიე იყო) და 2014 წელს მხოლოდ სიმბოლური სანქციები შემოიღო მოსკოვის წინააღმდეგ!

 ნამდვილი სანქციები დასავლეთმა მოსკოვის წინააღმდეგ არა 2014 წელს, ესე იგი ყირიმის ანექსიის შემდეგ, არამედ მხოლოდ მაშინ შემოიღო, როცა პუტინმა...... „თავზე გადაიხტა“ და პირდაპირი სამხედრო აგრესია დაიწყო უკრაინის სახელმწიფოს სრული განადგურების დეკლარირებული, დაუფარავი მიზნით.

 

გუშინ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამხრეთ კორეა უკრაინას დღემდე არ აწვდიდა იარაღს, თუმცა, პუტინ-კიმ ჩენ ინის „პაქტის“ პასუხად შესაძლოა კიდეც მიაწოდოს იარაღი უკრაინულ არმიას.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეა, ისევე როგორც შვედეთი ევროპაში, არის გენიალური სამხედრო ინდუსტრიის ქვეყანა. მისი ტანკები, თვითმფრინავები და საბრძოლო იარაღის  ნომენკლატურის რამდენიმე სხვა სახეობაც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.

 

გუშინ სერიოზული ინციდენტი მოხდა ჩრდილო კორეასა და სამხრეთ კორეას საზღვარზე, რომელიც 38-ე პარალელზე გადის.

სამხრეთ კორეელი (ამ სახელმწიფოს ოფიციალურად ეწოდება „რესპუბლიკა კორეა“) ჯარისკაცები იძულებულნი გახდნენ ცეცხლი გაეხსნათ „კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის“ ჯარისკაცებისთვის, როცა მათ საზღვარი გადალახეს.

მივაქციოთ ყურადღება, რომ არც სეული არც ფხენიანი სახელწოდებებში არ იყენებს ტერმინებს „ჩრდილოეთი“ და „სამხრეთი“.

დემოკრატიული კორეას ჯარისკაცები ჰაერში ისროდნენ.

არავინ დაშავებულა, თუმცა ეს ინციდენტი „დაემთხვა“ პუტინის ჩასვლას ფხენიანში და ზემოხსენებულ „პაქტზე“ ხელმოწერას.

ამის პარალელურად, კიმების რეჟიმი და მისი არმია განაგრძობს მცირე ინტენსივობის სხვა პროვოკაციებს კორეის წინააღმდეგ: საჰაერო ბუშტებს, აეროსტატებს, მცირე დირიჟაბლებს უშვებენ სამხრეთის მიმართულებით.

კორეელები, ამერიკელების მეშვეობით, მათ იოლად აგდებენ, ტვირთს ხსნიან და ის ტვირთი.....საყოფაცხოვრებო ნაგავია.

რა აზრი აქვს ამგვარ თუნდაც „მცირე ინტენსივობის“ პროვოკაციებს ცოტა არ იყოს გაუგებარია: შემდეგ ეტაპზე რაიმე სერიოზულ იარაღს ან ბიოლოგიურ მასალას, ან ბაქტერიებით სავსე კონტეინერს ჩამოჰკიდებენ, როცა ასეულობით ამგვარი  აეროსტატის ჩამოგდების შემდეგ კორეელთა და ამერიკელთა ყურადღებას მოადუნებენ?

დღეს მსოფლიოში არ არსებობს იმაზე საშიში რეჟიმი, როგორიც ეს „ჩრდილო კორეაა!“

ამაზე მსოფლიოს ანალიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა შეთანხმებულია: კუბა და ირანიც კი არ არის ასეთი არაპროგნოზირებადი. შესაბამისად, არაა გასაკვირი თუ პუტინი სწორედ ამ „მარგინალურ ზესახელმწიფოსთან“ აფორმებს სამხედრო პაქტს და არა კუბასთან ან ირანთან.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

NATO-ს ახალი გენერალური მდივანი გახდება ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი მარკ რიუტტე.

შემოდგომაზე ნორვეგიელი იენს სტოლტენბერგი დატოვებს ამ პოსტს.

დისკუსიას ახალო გენმდივნის კანდიდატურის თაობაზე ღრმა და რთული ინტრიგა ახლდა თან: რუმინეთს ჰქონდა პრეტენზია პოსტზე. კერძოდ, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისს.

რუმინეთი რჩებოდა ბოლო ქვეყნად 32 წევრ სახელმწიფოს შორის, რომელიც საკუთარი კანდიდატურისთვის იბრძოდა.

თუმცა იოჰანისმა ბოლოს მაინც მოხსნა კანდიდატურა.

 ორი შრე ჰქონდა  ფარულ ბრძოლას გენმდივნის პოსტისთვის: ერთის მხრივ, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის „კლასიკურ“ ქვეყნებს (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ა.შ და ა.შ) ეშინოდათ აღმოსავლეთ ევროპელის არჩევა ამ პოსტზე უკრაინის ომისა და ბირთვული საფრთხის დროს. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ რუმინეთს, მოლდოვას გამო, ისეთი ღრმა სისტემური კონფლიქტი აქვს რუსეთთან, რაც პოლონეთსაც კი არ გააჩნია.

მეორეს მხრივ, აღმოსავლეთ ევროპელებსაც „ეჭვიანობა/შურიანობა“ დასჩემდათ: რატომ რუმინელი და არა....ჩეხი? არა პოლონელი? არა ბულგარელი?

 

გუშინ რუმინეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას უკრაინის არმიისთვის საზენიტო სისტემის Patriot ერთი ბატარეის გადაცემის შესახებ.

რუმინეთმა NATO-ში გაწევრების შემდეგ ამერიკისგან 4 ასეთი სისტემა მიიღო. მათგან ორია მხოლოდ „ველზე დისლოცირებული“ ანუ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილი.

რუმინული ოფიციოზი არ აზუსტებს, უკრაინას უკვე საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილი Patriot გადაეცემა თუ ერთ-ერთი იმ ორიდან, რომლებიც ჯერ არ არის მოყვანილი მზადყოფნაში.

რუმინული არმია წინააღმდეგი იყო ამ გადაწყვეტილებისა: „რუსეთის საოკუპაციო ჯარები კვლავ მოლდოვას დნესტრისპირეთის ოლქში იმყოფებიან და რა ვიცით აბა მოსკოვი ჩვენს წინააღმდეგ რას მოიმოქმედებსო“.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ პენტაგონის გადაწყვეტილებით Patriot -ის ახლადწარმოებული რაკეტები უკვე მთლიანად უკრაინას გადაეცემა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ ლიბანის პროირანული, შიიტური დაჯგუფების Hezbollah ლიდერი, Hassan Nasrallah, პირველად მრავალი თვის შემდეგ გამოჩნდა, რათა დამუქრებოდა......კვიპროსს!

ნასრალლამ განაცხადა, რომ კვიპროსი აპირებს ისრაელის არმიას დაუთმოს თავისი აეროდრომები და სამხედრო ბაზები, საიდანაც „ცახალს“ უფრო გაუადვილდება სამხრეთ ლიბანზე თავდასხმა, სადაც დისლოცირებულია Hezbollah.

„თუ ამას გაბედავთ, საშინელ დღეში ჩაგაგდებთო“- იმუქრება ნასრალლა და მისი პირით, რასაკვირველია, ირანი ემუქრება კვიპროსს........

და რაკი ირანი ემუქრება კვიპროსს, ამით ირანი რასაკვირველია, ემუქრება....საბერძნეთს, რომელიც კვიპროსის უფროსი ძმაა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ყველა გამოკითხვით, თუ რაღაც განსაკუთრებული მოულოდნელობა არ მოხდა, 2 კვირის შემდეგ დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს ლეიბორისტული პარტია, ხოლო ახალი პრემიერი გახდება ამ პარტიის ლიდერი  Keir Starmer.

ეს კარგს არაფერს უქადის უკრაინას.

მთავარი მიზეზი მაინც ეკონომიკაა: „უწიათ“ ბრიტანელებს ისტორიულმა შეცდომამ: ევროკავშირიდან გასვლამ ანუ Brexit-მა.

და ეს იმის მიუხედავადაც კი, რომ ევროკავშირმა (პირველ რიგში გერმანიამ, რასაკვირველია) დიდ ბრიტანეთს ყველა ეკონომიკური პრივილეგია შეუნარჩუნა, რაც წევრობისას ჰქონდათ.

თუმცა.....ინვესტორები ჭირვეული  და ფრთხილი ხალხია.

ერიდებიან ევროპელი ინვესტორები City-ში ისე მასშტაბურ  ინვესტირებას, როგორც Brexit-ამდე.

ბრიტანული მედია ახალ რეფერენდუმზეც კი წერს - ევროკავშირში დაბრუნების შესახებ, რაც სრული სიგიჟეა: ეს ინგლისელთა ეროვნული სიამაყის შელახვა იქნებოდა.

არანაირი რაციონალური ეკონომიკური საფუძველი, გარდა ინგლისელთა (!) ეროვნული ემოციების და მიგრანტების „გაბერილი“ ფობიისა Brexit-ს სინამდვილეში არ ჰქონია.

. . . . . . . . . . . . . . . . .

 

მილიარდერმა, ნიუ იორკის ყოფილმა მერმა Michael R. Bloomberg პრეზიდენტ ბაიდენის საარჩევნო კამპანიას $20 მლნ. შესწირა.

ბლუმბერგი 2020 წელს პირადად მონაწილეობდა საარჩევნო კამპანიაში და საკუთარი $1 მლრდ. დახარჯა ფუჭად.

თავის მხრივ, ამერიკელმა მილიარდერმა Timothy Mellon დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიას (ე.წ. „Super PAC“-ს) შესწირა $50მლნ.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანხა, რაც კი ოდესმე შეუწირიათ.

ნიშანდობლივია, რომ ამ მილიარდერმა ტრამპს ესოდენ დიდი თანხა შესწირა უმალვე მას შემდეგ, რაც ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა საბჭომ დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნო საგადასახადო და საარჩევნო კამპანიის გაყალბების 34 ეპიზოდზე.

ანუ, გამოდის,  ამერიკული მართლმსაჯულების და ბაიდენის ადმინისტრაციის „ჯინაზე“ შესწირა ამოდენა თანხა.

ტრამპს და ბაიდენს ფონდრაიზინგის შედეგად დაახლოებით თანაბარი თანხა აქვთ ამჟამად: 100 მილიონი დოლარი თითოეულს.

გავითვალისწინოთ: ეს „მოძრავი“ და „გამდინარე“ თანხებია ანუ სულ რაღაც ერთი თვის წინ ბაიდენს $212 მლნ. ჰქონდა, ხოლო ტრამპს - $170 მლნ.