ზვიად გამსახურდია და ჩეჩნეთის ომი

ზვიად გამსახურდია და ჩეჩნეთის ომი

    ჩრდილოეთ კავკასიაში გრძელდება ომი რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის.
    უპირველეს ყოვლისა, ხაზი სწორედ ამ გარემოებას უნდა გაესვას: ეს არის არა მხოლოდ ჩეჩენი ხალხის გენოციდი რუსეთის იმპერიის მხრიდან, არამედ ომი ორ სახელმწიფოს შორის. რაოდენ პატარაც არ უნდა იყოს ჩეჩნეთი, იგი სახელმწიფოა, რომელიც ჩეჩენი ხალხის განსაცვიფრებლად მაღალ სახელმწიფოებრივ შეგნებას ეფუძნება და გააჩნია სახელმწიფოებრიობისათვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტი, ყველა მექანიზმი თუ სტრუქტურა.
    უბრალოდ, რუსეთი ბევრად უფრო ძლიერია და მან შეძლო, ძალის გამოყენებით, ამ სახელმწიფოს ტერიტორიის დიდ ნაწილზე საკუთარი ძალაუფლების გავრცელება - ტერიტორიის ოკუპაციისა და შემდგომი ანექსიის გზით.

    რამდენიმე დღის წინ ომი ახალ ფაზაში შევიდა მას შემდეგ, რაც ჩეჩენმა მებრძოლებმა უკვე მეორედ განახორციელეს ღრმა რეიდი მტრის ზურგში და, ფაქტობრივად, აიღეს ქალაქი ყიზლარი. სხვათა შორის, წმინდად რუსული (კაზაკური) ქალაქი, რომელიც მხოლოდ ნომინალურად შედის დაღესტნის ავტონომიის შემადგენლობაში. ყიზლარი ისეთივე რუსული ქალაქია, როგორც იგივე ბუდიონოვსკი. მაგრამ ელცინი უმალვე მიხვდა, რომ ფორმალური სხვაობა მას საშუალებას მისცემდა მოეხდინა დაძაბულობის პროვოცირება ორ მოძმე, სულიერად და ფიზიკურად მონათესავე ხალხს - ჩეჩნებსა და ავარებს შორის.
    ავარები დაღესტნის ძირძველი მოსახლეობის ყველაზე მრავალრიცხოვან და მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. მათ გარდა, დაღესტანში ცხოვრობენ ლეკები, ხუნძახები და სხვა ხალხები. კრემლი ყოველთვის ცდილობდა დაღესტანში ერთაშორისი შუღლისა და ურთიერთსიძულვილის პროვოცირებას (მაგალითად, ავარელებსა და აკინელ ჩეჩნებს შორის), მაგრამ ბოლო დრომდე არაფერი გამოსდიოდა, რადგან მთიელ ხალხთა კონსოლიდაციას რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ერთობლივი, საუკუნოვანი ბრძოლის გამოცდილება განსაზღვრავდა.
    ამჟამად კი, რუსეთის პრეზიდენტი, ბორის ელცინი საქვეყნოდ აცხადებს: ყიზლარი ავარელთა ტერიტორიაზე მდებარეობს და ჩეჩნები «ავარულ მიწაზე» შესვლას ბედავენო. ამით ცდილობს დათესოს შუღლი და სიძულვილი ორ ხალხს შორის. სალმან რადუევის მებრძოლთა მიერ ყიზლარში აყვანილ ტყვეთაგან ყველა რუსია. არც ერთი ავარელი არ არის. მაგრამ რუსეთის ტელევიზია ამით ცდილობს ინციდენტს ისეთი იერი მისცეს, თითქოს ჩეჩნებმა ავარელებს მიაყენეს შეურაცხყოფა.
    მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები დაღესტნის ხელმძღვანელობას დაევალა, რადუევის მებრძოლებმა უმალვე უკან დაიხიეს, რათა კრემლისთვის ერთაშორისი შუღლისა და სიძულვილის გაღვივების საშუალება არ მიეცათ.
    მაგრამ კოლონა რუსეთის ჯარმა ჩეჩნეთის საზღვარზე შეაჩერა. ბორის ელცინს გადაწყვეტილი აქვს სალმან რადუევის ბატალიონის განადგურება, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჩეჩნების (უკვე) მეორე ოპერაცია რუსეთის სიღრმეში წარმატებით დამთავრდა, ელცინი უეჭველად წააგებს მომავალ არჩევნებს.
    სამწუხაროდ რუსეთს ამ შემთხვევაში მიეცა საშუალება, გამოეყენებინა თავისი ყველაზე მძლავრი იარაღი ჩეჩნების წინააღმდეგ - ფსიქოლოგიური ზეწოლის ბერკეტები. სალმან რადუევი ასე ადვილად (თითქმის ყოველგვარი პირობების გარეშე) უკან არ დაიხევდა, მასზე დიდი შთაბეჭდილება რომ არ მოეხდინა რუსეთის ტელევიზიით ატეხილ ისტერიკას - ჩეჩნებმა «ავარცებს» შეურაცხყოფა მიაყენესო.
    როგორც ჩანს, ჩეჩნებს ამ შემთხვევაში საკუთარი სიმართლის რწმენა შეერყათ. ეს უკვე რუსეთის გამარჯვება იყო. რუსეთის იმპერიამ, საუკუნეთა განმავლობაში, დაპყრობილ ხალხებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების უამრავი ხერხი და საშუალება გამოიმუშავა, რომლებიც თავსდებიან ერთიან, დოქტრინალურ დებულებაში: დაპყრობილი ერის საბოლოოდ დასამარცხებლად მას საკუთარი სიმართლის რწმენა უნდა შეურყიო!
    ეს დოქტრინა მით უფრო ზუსტი და ქმედითია კავკასიელ ხალხთა მიმართ - მათი ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით... გავიხსენოთ, როგორ იქცეოდა მოსკოვი 1990-1991 წლებში. მას შემდეგ, რაც 9 აპრილს ქართველმა ხალხმა, მთელი მსოფლიოს თვალწინ, უდიდესი მორალური გამარჯვება მოიპოვა, კრემლმა ტაქტიკა შეცვალა და ზემოთხსენებული მეთოდის გამოყენებას მიჰყო ხელი.
    ყველას კარგად გვახსოვს რომ იმ წლებში რუსეთი განსაცვიფრებელი «გულგრილობით» ადევნებდა თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს - კომუნისტური რეჟიმის დეგრადაციას, ეროვნული მოძრაობის აღმავლობას, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, პირველი მრავალპარტიული პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევას და ა.შ.
    სამაგიეროდ, იმავე პერიოდში, რუსეთის ტელევიზიით ნამდვილი ისტერიკა ატყდა ე.წ. «სამხრეთ ოსეთში» განვითარებული მოვლენების თაობაზე. საქართველოს ამ რეგიონში «პრომოსკოვურად» განწყობილმა სეპარატისტებმა ანტიქართული ომი გააჩაღეს და, იმპერიის სამხედრო მხარდაჭერით, წარმატებებსაც მიაღწიეს.
    რუსეთის ტელევიზია კი ამ დროს აგრძელებდა ისტერიკას «ქართველების მიერ ოსთა გენოციდის» თაობაზე. გამოდიოდნენ ცნობილი რუსი სახელმწიფო მოღვაწეები და ქართველ ერს ანამუსებდნენ: «ჩვენ ქართველები კეთილშობილებისა და ვაჟკაცობის განსახიერებად მიგვაჩნდა და ვერ წარმოგვიდგენია, იგი ოს ქალებსა და ბავშვებს ხოცავდესო».
    ამ პროპაგანდამ მიზანს მიაღწია: თავდაპირველად, განსაკუთრებით ინტელიგენციაში, მოხდა ფსიქოლოგიური ეროზია: მას შეექმნა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ყველაფერი კონკრეტულად ზვიად გამსახურდიას ბრალია (ანუ, დაიწყო ზოგადსახელმწიფოერივი პრობლემის პერსონიფიკაცია) და რომ იგი არა, შიდა ქართლში ომი არ იქნებოდა. ფსიქოლოგიურმა დივერსიამ შედეგი გამოიღო, ერს საკუთარი სიმართლის რწმენა შეერყა.
    ეს იყო რუსეთის უდიდესი გამარჯვება. მართლაც, საქართველოს დამარცხებას პირდაპირი სამხედრო ზეწოლის გზით იგი ვეღარ შეძლებდა (დაპყრობა და დამარცხება ერთი და იგივე არ არის). სამაგიეროდ, ეს შეძლო იმით, რომ ქართველ ერს საკუთარი სიმართლის, საკუთარი ზნეობრივი უპირატესობის რწმენა შეურყია.
    ამის შემდეგ, ყველაფერი უკვე «ტექნიკის საქმე» იყო. საქართველოში ჩანერგილ აშკარა აგენტურას მიეცა საშუალება, თავისუფლად ემოქმედა სამოქალაქო ომის გასაჩაღებლად. ზუსტად ასეთივე ხერხი გამოიყენა რუსეთის იმპერიამ ყიზლარის ინციდენტის დროსაც: ჩეჩნები მხოლოდ მანამდე იყვნენ უძლეველნი, სანამ საკუთარ სიმართლეში ეჭვი არ ეპარებოდათ, მაგრამ როგორც კი რუსეთმა შეძლო მათი დაეჭვება, ვაითუ ჩვენს ძმებს - ავარელებს ვაწყენინეთო, ისინი უმალვე შედრკნენ. ფსიქოლოგიური დივერსიის ამ მეთოდმა უაღრესად ზუსტად იმუშავა ჩეჩნეთშიც და საქართველოშიც, შედეგის იდენტურობა კი ჩვენი ხალხების ეთნოფსიქოლოგიური მსგავსებითაა განპირობებული.
    ამ მეთოდის დასახასიათებლად კიდევ ერთი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ. ჰოლანდიური ჟურნალისათვის მიცემულ ინტერვიუში, 1991 წელს, ზვიად გამსახურდიამ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ განაცხადა: «ოსები უბრალო ხალხია, სოფლის მოსახლეობა კარგად ვერ ერკვევა მიმდინარე პროცესებში და მათი გაუცნობიერებლობის წყალობით, კრემლის ჭკვიან პოლიტიკოსებს უადვილდებათ მათი მართვა, საქართველოს წინააღმდეგ მათი გამოყენება». რუსული შოვინისტურ-დემოკრატიული პრესის ფლაგმანმა, «კომსომოსლკაია პრავდამ» ეს ფრაზა ასე გადათარგმნა: «Осетины-дикий и необразованный народ, умные Люди легко могут ими управлять». შინაარსობრივად ვერ შეედავები. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ცრუობ ისე, რომ ტყუილს არ ამბობ.
    ამ ფრაზამ საქართველოშიც უაღრესად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, რადგან ერის (როგორც ასეთის) შეურაცხყოფას ვერც ქართული ფსიქოლოგია შეურიგდება. ამგვარი მაგალითების მოყვანა დაუსრულებლად შეიძლება.
   

    ანალოგიათა მთავარი მნიშვნელი კი ის გახლავთ, რომ რუსეთის იმპერია ფსიქოლოგიურ ბერკეტს უდიდესი წარმატებით იყენებდა და იყენებს. ბოლო დრომდე, ჩეჩნეთში ნაკლებად გამოდიოდა ამ მეთოდის გამოყენება, მაგრამ ყიზლარის მოქმედებებმა მაინც მისცა საბაბი.
    ჩეჩნები ალბათ დროებით უკან დაიხევენ, მაგრამ მხოლოდ დროებით - ჩეჩნეთში ამ მეთოდის გამოყენებისთვის კრემლს ნაკლები საშუალება ჰქონდა და აქვს, ვიდრე საქართველოში. ამრიგად, ომი მაინც გრძელდება და ეს ომი უეჭველად დამთავრდება რუსეთის დამარცხებით. როგორ გაიძვერულ, მზაკვრულ ხერხებსაც არ უნდა მიმართოს იმპერიამ, მისი დღეები მაინც დათვლილია, ვინაიდან იმპერიის მხარეს არ არის მარადიული, ისტორიული სამართლიანობა.
    ჩეჩნეთის პრობლემას რუსეთი ვერ გადაჭრის და აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ეს პრობლემა დიდწილად სწორედ ზვიად გამსახურდიამ შექმნა, - კრემლის მიერ აფხაზეთსა და შიდა ქართლში წარმოებული პოლიტიკის საპასუხოდ.
    მაშინ ზოგიერთი «დემოკრატი» ამ კურსს «პროცოკაციულ- კონფრონტაციულს» უწოდებდა რუსეთის მიმართ. დრომ დაადასტურა, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ამაში მართალი იყო.

«მსგეფსი», 14 იანვარი, 1996 წელი.