საქართველოს საბაჟოს უცხოელები აშენებენ

საქართველოს საბაჟოს უცხოელები აშენებენ

 

        გასულ კვირას, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ეგიდით გამართული ტენდერის შედეგად, გაირკვა იმ უცხოური კომპანიების სია, რომელთაც მიენიჭებათ პრიორიტეტი საქართველოს საბაჟო სისტემის კონტროლის თვალსაზრისით.
        ტენდერის პირობების თანახმად, უცხოური კომპანია ვალდებულებას კისრულობს, 6 თვის განმავლობაში 50 პროცენტით გაზარდოს საბაჟო შემოსავლები. ეს უმთავრესი პირობაა, რომლის შესრულების გარეშე «გამარჯვებულ კომპანიას» პრიორიტეტი ჩამოერთმევა და გადაეცემა შემდეგ კონკურენტს «პრიორიტეტთა ლისტში».
        კომპანიების ასეთი დაინტერესება უეჭველად იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საბაჟო სისტემაში ნამდვილად არსებობს უზარმაზარი რეზერვი, რომლის ნაწილობრივ მიღების იმედიც კომპანიებს აქვთ.
        წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ რისკსა და დანახარჯებზე ისინი არ წავიდოდნენ. რა თქმა უნდა, საბაჟო სისტემის «გასხვისება» შეუძლებელია ნორმალურ ადამიანს ახარებდეს. პირიქით, ქვეყნისთვის ეს სამარცხვინო მოვლენაა, ვინაიდან სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა საბაჟოა. საბაჟოდან იწყება ქვეყნის სუვერენიტეტი. საბაჟოს სხვისთვის გადაბარება იმას ნიშნავს, რომ საკუთარი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ღირსების უდიდესი ნაწილი «ჩააბარო» სხვას.
        განა რა შეიძლება იყოს ამაზე სამარცხვინო? რა თქმა უნდა, არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა ამაზე არ წავიდოდა, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ სხვა გზა საქართველოს ნამდვილად არ ჰქონდა.
        «სხვა გზა» იქნებოდა კორუფციის აღმოფხვრა საბაჟო სისტემაში, ისევე როგორც მთელს სახელმწიფოებრივ სტრუქტურებსა და მთლიანად საზოგადოებაში. რაკი ეს ვერ შევძელით, რაკი ამის შნო-უნარი არ გვეყო, იძულებული ვართ, თავიც დავიმციროთ და საბაჟოც სხვას გადავაბაროთ.
        მართლა სისულელე იქნებოდა, შევრიგებოდით საბაჟო შემოსავალთა ნახევრის დაკარგვას ფინანსური კრიზისის პირობებში მაშინ, როდესაც ამ თანხის ამოღება სისტემიდან სავსებით რეალურია და შესაძლებელი.
        საქართველო ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არ არის, იგივე დასავლური კომპანიები, რომელთაც უდიდესი გამოცდილება დაუგროვდათ 1950 წლიდან (მაშინ შეიქმნა სწორედ პირველი პრეცედენტები აზიის რამდენისამე ქვეყანაში) მზად არიან, ხელი შეუწყონ არა მხოლოდ შემოსავლების ზრდას საბაჟოდან, არამედ ნორმალური, არაკორუფცირებული სტრუქტურის ჩამოყალიბებასაც.
        საინტერესოა, რომ უცხოური კომპანიები მზად არიან გააკონტროლონ ტვირთების ნაკადი არა მხოლოდ საქართველოს საბაჟოებზე, არამედ ასე ვთქვათ, «მეორე მხრიდანაც».
        ისინი შეადარებენ თურქეთის საბაჟოს მონაცემებს – ჩვენსას (ამას საქართველოს საბაჟომ ვერა და ვერ მიაღწია) და უმალვე ცხადი გახდება, როგორ, რა მექანიზმებით, სად იღებს სათავეს დანაკლისი.
        იგივეს გაკეთებას ჰპირდება ტენდერში გამარჯვებული ფირმა ქართველ მებაჟეებს რუსეთის მხრიდანაც. თუ მათ ეს მოახერხეს, - შეიძლება ითქვას, გადაიჭრება ყველაზე მწვავე პრობლემა, - ცხინვალის გავლით კონტრაბანდული ნაკადის საკითხი, რასაც ვერა და ვერ დაადგა საშველი წლების განმავლობაში.
        არადა, სწორედ ცხინვალიდან შემოდის კონტრაბანდული ტვირთის 80 პროცენტი საქართველოში, რაც ანგრევს ჩვენი ქვეყნის ბაზარს და უპერსპექტივოდ აქცევს ყოველგვარ ძალისხმევას ფინანსური სტაბილურობის დაცვის თვალსაზრისით.
        საბაჟო სისტემის «გაყიდვა» ჭკუის სასწავლებელი შეიძლება აღმოჩნდეს მთელი ქართული საზოგადოებისათვის. სახელმწიფოს ერთი უცნაური პარადოქსი ახასიათებს, - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აქვს მხოლოდ იმას, ვისაც შეუძლია ჰქონდეს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.
        ის ეპოქა, როდესაც «საქართველოს საბაჟოს» (პირობითად თუ ვიტყვით) რუსები აკონტროლებდნენ, იცვლება ახალი ეპოქით, როცა ჩვენს საბაჟოს ინგლისელები, ამერიკელები და იაპონელები გააკონტროლებენ. რა განსხვავებაა საქართველოსთვის? განსხვავება ალბათ, ის არის, რომ თუ შინაგანად მოვწესრიგდებით და არაკორუფცირებული სისტემის ჩამოყალიბებას შევძლებთ, ჩვენი «ეროვნული საბაჟოდან» უცხოელთა გასაყრელად 9 აპრილი აღარ დაგვჭირდება.

ომი იუგოსლავიაში საქართველოს საფინანსო მდგომარეობას გააუარესებს

        მალე, ქართველ მეუღლესთან ერთად, საქართველოდან სამუდამოდ გაემგზავრება სავალუტო ფონდის წარმომადგენელი ჰანტერ მონრო.
        მონრომ ედუარდ შევარდნაძეს წარუდგინა სავალუტო ფონდის ახალი წარმომადგენელი საქართველოში ქრისტოფერ ლეინი, რომელიც მანამდე რუსეთსა და ლიტვაში მსახურობდა. ახალი «წარმომადგენელი» ახალგაზრდა, პედანტი ბუხჰალტერისა და ყოფილი ფრიადოსანი სტუდენტის შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც სხვათა შორის, კარგს არაფერს გვიქადის, ვინაიდან ფონდისათვის დამახასიათებელი ბიუროკრატიული სტრუქტურა გულისხმობს განსაკუთრებით უკომპრომისოთა წახალისებას, ანუ იერარქიულ კიბეზე ასამაღლებლად სწორედ განსაკუთრებული პედანტიზმი, «ცივსისხლიანობა», უკომპრომისობა და რადიკალურობაა საჭირო.
        ეს ცვლილება სავალუტო ფონდს უეჭველად იმისთვის სჭირდება, რათა საქართველოს მსგავს ქვეყნებში ფამილარული ურთიერთობების ჩამოყალიბება არ დაუშვას ფონდის წარმომადგენელსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. თუმცა, ამ თვალსაზრისით, ჰანტერ მონრო რაიმე პრობლემას არ ქმნიდა – ისევე, როგორც მისი წინამორბედები. ისიც არ გამოირჩეოდა გულჩვილობითა და შემრიგებლობით. სავალუტო ფონდის წარმომადგენლობაში განხორციელებული ცვლილება აგრეთვე იმიტომ არის ჩვენთვის ავისმომასწავებელი, რომ იუგოსლავიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ემთხვევა.
        დამკვირვებლებმა უკვე შენიშნეს: რუსეთი ცდილობს ერთდროულად რამდენიმე კურდღელი დაიჭიროს, ანუ ფინანსურად დაასუსტოს დასავლეთი და პოლიტიკური ზემოქმედებით (იმავდროულად) მაქსიმალური მატერიალური მოგება მიიღოს, თანაც, შეამცირებინოს დახმარება პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებისათვის.
        მკითხველი ადვილად შეამჩნევს, რომ გაიძვერა პრიმაკოვი («გაიძვერაა», მაგრამ როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე, «მაგარია», უნდა ვაღიაროთ - ავტ.) ერთდროულად სამი გეოპოლიტიკური კურდღლის დაჭერას აპირებს და მის წარმატებას უშუალო ნეგატიური გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე; აგრეთვე, ფინანსურ სისტემაზე, ლარის სტაბილურობაზე, საბოლოოდ კი, პოლიტიკურ სიტუაციაზეც.
        ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ფაშისტური იუგოსლავიის წინააღმდეგ წარმოებულ ომში ყოველდღე მილიარდ დოლარს (!) ხარჯავენ.
        «ტამოჰავკის» ტიპის ყოველი ფრთოსანი რაკეტა 1 მილიონი დოლარი ღირს. ჩვეულებრივი «ჰაერი-მიწა» რაკეტა – 300-400 ათასი დოლარი და ასე შემდეგ. თუ ასე გაგრძელდა, იუგოსლავიის კამპანია დასავლეთს (სავალუტო ფონდის ძირითად დონორებს) შეიძლება ასეულობით მილიარდი დოლარი დაუჯდეს; შესაბამისად, დასავლეთი იძულებული გახდება, ფინანსური დახმარება გაუგრძელოს მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომელთა პოზიცია პოლიტიკური თვალსაზრისით ანგარიშგასაწევია და პირიქით, - შეუმციროს დახმარება «ნაკლებადპრიორიტეტულ» სახელმწიფოებს.
        სწორედ ამაში მდგომარეობდა პრიმაკოვის ეშმაკური გათვლა, როდესაც იგი ყველაფერს აკეთებდა იუგოსლავიაში კონფლიქტის პროვოცირებისთვის, ანუ ერთდროულად აქეზებდა სერბებს, ხოლო მეორე მხრივ, - დასავლეთთანაც ინარჩუნებდა საკმაოდ მსუყე «თანამშრომლობას».
        ჯერჯერობით, ეს სატანური პოლიტიკა მიზანს აღწევს – დასავლეთი, როგორც ჩანს, კარგა ხნით ჩაეფლო ბალკანეთის ჭაობში. ომი თუნდაც კიდევ ერთ თვეს რომ გაგრძელდეს, დახმარებათა მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდება ზემოთხსენებული სქემით: ყველაფერი რუსეთს, რათა ატომური ბომბები მართლა არ დაუმიზნოს დასავლეთის დედაქალაქებს.
        ამის სიმპტომები უკვე გამოჩნდა: საქართველომ იანვრის დასაწყისიდან ვერ მიიღო შეპირებული უცხოური დახმარება ბიუჯეტის შესავსებად. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ «საგადასახადომ» და «საბაჟომ» საბიუჯეტო გეგმები შეასრულეს, პენსია-ხელფასების დავალიანება შემცირების ნაცვლად იზრდება; საქართველო აქ გამონაკლისი არ არის - ანალოგიური მდგომარეობაა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ყველა სახელმწიფოში; თანდათან მოიცვა პანიკამ კიევი, კიშინიოვი, ერევანი, ბაქო და თვით ბალტიის ქვეყნების დედაქალაქებიც.
        სინამდვილეში, მოულოდნელი არაფერი ხდება - კრემლში ასეც ჰქონდათ გათვლილი. მაშინ, როცა დასავლეთისადმი ლოიალური ქვეყნები დახმარებას ვერ იღებენ, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ჯეიმს ვულფენსონი მოსკოვში აცხადებს, რომ რუსეთს კიდევ გამოეყოფა უზარმაზარი კრედიტი 2 მილიარდი დოლარის ოდენობით, წარმატებით მთავრდება მოლაპარაკება სავალუტო ფონდის მიერ რუსეთისთვის დამატებით 8 მილიარდი დოლარის კრედიტის გამოყოფის შესახებ, ხოლო ვაშინგტონი და ევროპის დედაქალაქები ყველაფერს აკეთებენ, რათა «ხელები გადაუგრიხონ» კერძო კრედიტორთა «ლონდონისა» და «პარიზის» კლუბებს და აიძულონ ისინი, კვლავ გადაუვადონ ვალის გადახდა რუსეთს მაშინ, როდესაც ყოველი 1 დოლარის სამაგიეროდ რუსეთი მზად არის, გადაიხადოს მხოლოდ ერთი ცენტი, ანუ ასჯერ ნაკლები!!
        ნამდვილი ფანტასტიკაა.
        თუმცა, «ბირთვული დათვის გამძვინვარებისადმი» შიში რას არ გაგაკეთებინებს? შექმნილ ვითარებაში (ნუ დავივიწყებთ, რომ ეს ყოველივე ხდება არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე) საქართველოს ძალიან დიდი სიფრთხილეც მართებს და დიდი გამბედაობაც. როგორმე უნდა ვაგრძნობინოთ დასავლეთს, რომ საქართველო მისთვის იმ ქვეყანათა რიგს განეკუთვნება, რომელთა მნიშვნელობის გამო, მან მაინც უნდა გააგრძელოს ფინანსური დახმარების გამოყოფა.
        წინააღმდეგ შემთხვევაში, მოიგებს ტაქტიკურად, მაგრამ წააგებს სტრატეგიულად.
        ამ თვალსაზრისით, ისევ და ისევ, ნიშანდობლივი და საიმედოა «ნავთობპროექტი». არ არის შემთხვევითი, რომ შაბათს სუფსის ღონისძიებაში უკრაინამაც მიიღო მონაწილეობა - პრიმაკოვის დოქტრინა მასაც ემუქრება.

დილის გაზეთი, 19 აპრილი 1999 წელი