საერთაშორი9სო მიმოხილვა. 19 ივლისი. 2024 წელი
ამერიკის კონგრესში გრძელდება Hearing დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე.
ძირითადად იკვლევენ იმას, რატომ ჩაფლავდა ასე Secret service და საოცარი დეტალებიც „ჟონავს“ მედიაში.
CBS და FoxNews იტყობინებიან, რომ ტომას კრუკსი, რომელმაც კინაღამ მოკლა 45-ე პრეზიდენტი (ერთმა სანტიმეტრმა გადაარჩინა ბუკვალურად), თავდასხმამდე ჯერ კიდევ 1 საათით ადრე შენიშნეს პოლიციამ და სპეცსამსახურებმა იმ მასაში, რომელიც ტრამპის დასახვედრად ემზადებოდა.
შენიშნეს და ყურადღება მიაქციეს იმიტომ, რომ....იდგა და მანძილმზომით ადგენდა დისტანციას სცენამდე, სადაც დონალდი უნდა მდგარიყო.
არსებობს ასეთი მოწყობილობა - მანძილმზომი.
მისი რამდენიმე ნაირსახეობა გამოიყენება. მათ შორის სტაციონარული (იგი ხშირად გვინახავს) თუმცა არსებობენ პორტატიული, ხელში დასაკავებელი მანძილმზომებიც.
რაში შეიძლებოდა დასჭირვებოდა მანძილმზომი მიტინგის მონაწილეს? ახლა ცხადია, რომ მანძილის დადგენა სჭირდებოდა მის ნახევრადავტომატურ შაშხანაზე ცეცხლის წრფის დასაკორექტირებლად, რადგან იმ მოდიფიკაციის შაშხანას AR რასაც კრუკსი იყენებდა (აპირებდა გამოეყენებინა) თავად არ გააჩნია მანძილმზომი, როგორც პროფესიონალურ სნაიპერულ შაშხანებს აქვთ და ცალკე აპარატი არ სჭირდებათ რასაკვირველია.
„მერე დაგვეკარგა ხალხის მასაში ეს ადამიანიო“ - იმართლებენ ახლა თავს Secret service ხელმძღვანელები Hearing-ზე.
სხვათა შორის Secret service დირექტორი, ქალბატონი კიმბერლი ჩითლ კონგრესში აცხადებდა „თამამად“, რომ ეს მისი უწყების პასუხისმგებლობა არ იყო, რადგან კრუკსი ისროდა 100 მეტრზე მეტი პერიმეტრიდან და ეს ადგილობრივ პოლიციას უნდა გაეკონტროლებინაო.
ანუ გადადგომასაც კი არ აპირებს!
ადგილობრივმა პოლიციამ ნამდვილად შენიშნა ტერორისტი ჯერ ნაგებობასთან 1 საათით ადრე, მერე იმ ნაგებობის სახურავზე;
პოლიციელიც ავიდა იქ, თუმცა ტერორისტმა იარაღი მიუშვირა, სახურავიდან გააგდო და თითქმის მაშინვე ატეხა სროლა.
სხვათა შორის, კრუკსის ტელეფონში თანაბრადაა ტრამპისა და ბაიდენის ფოტოები.
სულაც არ არის გამორიცხული ამ სოციოპათმა ტრამპს იმიტომ ესროლა, რომ ტრამპი ჩავიდა იმ მიტინგზე. დემოკრატების მიტინგი რომ ყოფილიყო და ჯო ბაიდენი ჩასულიყო, ალბათ იმასაც ესროდა, რაკი აშკარა სოციოპათი იყო.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, სტოლტენბერგმა გააკეთა საინტერესო განცხადება: „ჩვენ უნდა ვიყოთ 10 წლიანი ომისთვის მზად უკრაინაში. და რაც უფრო მტკიცედ ვუჩვენებთ რუსეთს, რომ ასე ხანგრძლივი ომისთვის ვართ მზად, მით უფრო მალე დასრულდება ომი“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ახალ-ახალი და ძალიან სამწუხარო, ძალიან სახიფათო დეტალები ხდება ცნობილი ჯეიმს დევიდ ვენსის შესახებ, რომელიც დონალდ ტრამპმა „ვიცედ“ აირჩია.
ირკვევა, რომ მიუნხენში, გლობალური უსაფრთხოების ბოლო ფორუმზე გამოსვლისას მას უთქვამს, რომ ევროპამ უნდა გაითვალისწინოს: ახალ ეპოქაში აშშ ინტერესების ფოკუსი არა „ძველი კონტინენტი“ არამედ წყნარი ოკეანის აუზი, შორეული აღმოსავლეთი და ჩინეთიაო.
ეს თქვა უკრაინის ომის ფონზე და 100% ალბათობით გულისხმობდა, რომ ევროპამ თავად უნდა მიხედოს საკუთარ თავსო.
იმიტომ არის სამწუხაროდ ნიშანდობლივი განცხადება, რომ არა მხოლოდ დონალდ ტრამპის „ფილოსოფიას“ გამოხატავს, არამედ აბსოლუტურად ობიექტურ სტრატეგიულ ტრენდებს ამერიკის გლობალურ პოლიტიკაში: AUKUS (ამერიკის, დიდი ბრიტანეთის და ავსტრალიის ალიანსი) რომელსაც სულ მალე ალბათ იაპონია და ფილიპინები ასევე სამხრეთ კორეა შეუერთდებიან, ზუსტად ამ გლობალური ტრენდის გამოხატულებაა.
იმასაც დავაკვირდეთ, რომ ევროპელი მოკავშირეები ყოველნაირად ცდილობენ ახლა NATO-ს წესდების ისე კორექტირებას, მისი პასუხისმგებლობა წყნარ ოკეანესაც გადასწვეს.
იმიტომ ცდილობენ ამას, რომ ამერიკის პასუხისმგებლობა „დაამაგრონ“ ევროპაზე, თუნდაც წყნარი ოკეანის აუზზე საკუთარი პასუხისმგებლობის გავრცელებით.
თუმცა უკვე გვიან არის.
„საერთოდ არ მაღელვებს უკრაინას რა დაემართებაო“ - ესეც აქვს ნათქვამი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს.
ექსპერტების უმრავლესობა მაინც - პოლიტიკის ელემენტარული კანონებიდან გამომდინარე - აზუსტებს და წინასწარმეტყველებს, რომ ერთია რას ამბობს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ან თვით ტრამპი ახლა, როცა არსებული ხელისუფლების ალტერნატივად პოზიციონირებს და სულ სხვა იქნება, როცა (თუკი) მოვა ხელისუფლებაში და უკვე მას ეყოლება ალტერნატივები და მას დაეკისრება პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებებზე.
ახლა არ ეკისრება პასუხისმგებლობა - ყველაფერზე პასუხს აგებს ხელისუფლება!
ვენსის შესახებ ისიც უნდა ითქვას, რომ ის არის ოჰაიოდან. სენატორია ამ შტატიდან. იქ დაიბადა, გაიზარდა და მივაქციოთ ყურადღება: დაიბადა, გაიზარდა იმ დროს, როცა ოჰაიოც და ე.წ. „დაჟანგული სარტყლის“ სხვა შტატებიც ძალიან დააზარალა ამერიკული ბაზრების გახსნამ პოსტინდუსტრიულ ეპოქაში, როდესაც XIX საუკუნეში წარმოშობილი გენიალური ამერიკული ინდუსტრიები, მათ შორის მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, ქიმიური მრეწველობა და ა.შ და ა.,შ ვეღარ უწევდნენ კონკურენციას ჯერ იაპონურ, ახლა ჩინურ პროდუქციას.
და თუ იაპონია კიდევ რაღაცნაირად „დააბალანსა“ იმ ქვეყნის განვითარებამ, რაკი იაპონელ მუშას ჩინელი მუშისაგან განსხვავებით დღეში 2 დოლარად ნამდვილად ვეღარ ამუშავებ, ჩინეთის ეკონომიკური და სამრეწველო ექსპანსია კვლავაც სერიოზულ პრობლემად რჩება და ვენსის „ტრამპისტობა“ სწორედაც იმ სოციალური შეკვეთითაა განპირობებული, რომ ამ აგრესიულ, ექსპანსიურ ჩინეთს „რაღაც“ უნდა მოუხერხდეს, თორემ ხსენებული „სარტყლის“ შტატები, რომლებიც ოდესღაც ამერიკის ინდუსტრიული და სამრეწველო საყრდენები იყვნენ, დარჩებიან ასე „დაჟანგული“ და დავრდომილ-მიტოვებულნი.
დეტროიტი ავიღოთ თუნდაც - პირველი „მასობრივი ავტომობილი ჰენრი ფორდმა სწორედ იქ გამოუშვა და ახლა.....დაცარიელებული, გასაცოდავებული.......„ვირთხების საუფლოა“
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
არ გამოგვრჩეს მხედველობიდან ის სასიხარულო მომენტი, რომ ევროკომისიის პრეზიდენტად (შეიძლება ითქვას დიდი პირობითობით „ევროკავშირის პრემიერ-მინისტრად, თუმცა ეს პირობითი სახელწოდებაა რასაკვირველია) კვლავ აირჩიეს გერმანელი „რკინის ლედი“ ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ამჟამინდელ ახალ, „ჭრელ“ ევროპარლამენტში 401-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი როცა ასარჩევი კვორუმი 361 იყო.
ურსულა უკრაინის აქტიური მომხრეა და საეჭვოა ევროპარალმენტმა, ასევე მისმა ევროკომისიამ ეს მიდგომა შეცვალოს, რაკი ევროპელებს (და ეს ძალიან ჯანსაღია) არ სჯერათ იმავე ვენსის მეორე განცხადება, თითქოს პუტინი „არ არის ეგზისტენციალური საფრთხე ევროპისთვის, რაკი იქ შეჭრას არ აპირებსო“.
იგულისხმება (აბა სხვაგვარად როგორ უნდა გავიგოთ), რომ პუტინი უკრაინას გადასანსლავს, თუმცა პოლონეთში ან ბალტიის ქვეყნებში არ შეიჭრება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკელი მაიკლ ტრევისი გახდა მორიგი მსხვერპლი რუსული სპეცსამსახურების მარტივი, თუმცა სამწუხაროდ ქმედითი პროვოკაციისა, რაც წლიდან-წლამდე მეორდება:
მოსკოვის სასამართლომ 13 წლით მკაცრი რეჟიმის (!) ციხე მიუსაჯა ტრევისს ვითომდაც ნარკოტიკების გასაღების გამო.
„გაყიდვა“ არ იგულისხმება.
იგულისხმება მოხმარება, შენახვა და სხვისთვის გადაცემა
ტრევისი ყოფილი ამერიკელი სამხედროა (!) თავისუფალი ადამიანია, როკერია, მუსიკოსია, ჰქონდა ურთიერთობა რუსულ როკ-ჯგუფებთან, მოიხმარდა ალბათ ნარკოტიკს. სულაც არ არის გამორიცხული სხვებთან ერთად, მაგრამ..... 13 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონია?!
რა თქმა უნდა ესეც რუსული სპეცსამსახურების „ნამუშევარია“ – „შემოიტყუებენ“ ხოლმე ამერიკელებს რუსეთში, შეთითხნიან საქმეს, დააგროვებენ 10-15 ამერიკელს ამგვარი სპეცოპერაციით და მერე ცდილობენ გადაუცვალონ ამერიკელებს რუს კრიმინალებში.
2 წლის წინ დააკავეს ამერიკელი კალათბურთელი ტრანსგენდერი ქალი (ასევე ნარკოტიკების ბრალდებით) და მერე გადაცვალეს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტზე.
აქ ორმაგი გათვლა იყო: ჯერ ერთი კალათბურთელი, მეორეც ტრანსგენდერი.
ამ „შეგროვებული“ ამერიკელების გაცვლას ცდილობენ გერმანიის ციხეში მყოფ კილერზე, რომელმაც ხანგოშვილი მოკლა.
არ გამოსდით, რაკი გერმანია სასტიკად უარს აცხადებს.
„ასე თუ გავუშვით ეს კილერები, კიდევ ბევრს მოკლავენ რუსები ტირგარდენშიო“.
ვერც შეედავები.
სხვათა შორის, ალექსეი ნავალნის სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა, რომელიც, აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზებით კვლავინდებურად „მიღებულია“ დასავლეთში, პუტინი დაითანხმა იმ ბერლინელ მკვლელში გაეცვალა ალექსეი ნავალნი, მაგრამ გერმანელებმა ამაზე უარი თქვეს.
რაც შეეხება ამერიკას.......სახელმწიფო დეპარტამენტმა ასჯერ მაინც მოუწოდა ამერიკელებს თავი შეიკავონ რუსეთში ჩასვლისგან, მაგრამ........როგორ შეაკავებ ამერიკელებს? - თავისუფალ ადამიანებს -?!