საერთაშორისო მიმოხილვა. 9 ივლისი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 9 ივლისი. 2023 წელი

არა მხოლოდ რუსულ, არამედ დასავლურ მედიაშიც გავრცელდა ცნობა, რომ CIA-დირექტორი უილიამ ბერნსი აწარმოებდა საიდუმლო მოლაპარაკებებს კრემლთან - უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, როცა ამერიკელებმა სადაზვერვო არხებით მიიღეს ინფორმაცია, რას აპირებდა პუტინი.

საიდუმლო მოლაპარაკება გაიმართა 2021 წლის ნოემბერში, ანუ CIA-მ უკვე მაშინ იცოდა, რას აპირებდა პუტინი.

აგრეთვე რამდენიმე გადამდგარი ამერიკელი დიპლომატიც `ელაპარაკებოდა` რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, ასევე დახურულ კარს მიღმა. ოღონდ უკვე ომის დაწყების შემდეგ.

მხოლოდ რუსულ რესურსებში რომ ყოფილიყო ეს ინფორმაცია, შესაძლოა ყურადღება არც მიგვექცია; მაგრამ დაადასტურა რამდენიმე ავტორიტეტულმა დასავლურმა რესურსმაც.

რას შეიძლება ეს ნიშნავდეს?

ნებისმიერი პრაგმატულად და არა ემოციურად განწყობილი ექსპერტი იტყვის, რომ უილიამ ბერნსი (რასაკვირველია ბაიდენის დავალებით და მასთან შეთანხმებით) კრემლში რომ არ წასულიყო ომის დაწყების შემდეგ, სწორედ ეს იქნებოდა გასაკვირი და არაბუნებრივი: 2021 წლის შემოდგომიდან, ანუ მაშინვე, როგორც კი რუსეთმა დაიწყო ძალთა კონცენტრაცია უკრაინის საზღვრებზე, ყველასთვის ცხადი გახდა: საქმე ეხება გლობალურად ყველაზე სახიფათო კონფლიქტს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელშიც მთავარი `ოპონენტები` და მოწინააღმდეგეები იქნებოდნენ რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, ანუ ორი ბირთვული ზესახელმწიფო.

უილიამ ბერნსის მისია იმაში მდგომარეობდა, რომ ამ ორ ბირთვულ ზესახელმწიფოს, რომლებსაც მთლიანობაში  10 000 ბირთვული მუხტით შეუძლიათ რადიოაქტიურ ნაცრად აქციონ ერთმანეთიც და მთელი პლანეტაც, უნდა მოელაპარაკათ ომის დროს `თამაშის წესებზე` - რაოდენ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს.

ანუ ბერნსის მისია იყო, რუსეთს არ გადაეკვეთა `წითელი ხაზები`, არ  `დაერტყა` NATO-ს წევრი არც ერთი სახელმწიფოსთვის, ხოლო აშშ და NATO უშუალოდ არ მიიღებდნენ მონაწილეობას სამხედრო მოქმედებებში მანამ, სანამ.....რუსეთი არ გამოიყენებდა უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს.

ესე იგი, საქმე ეხებოდა `მოდუს ოპერანდის` შეთანხმებას კრემლსა და თეთრ სახლს შორის. ბუნებრივია პუტინს ბევრად მეტი მოთხოვნა ექნებოდა, თუმცა ისინი არ დაუკმაყოფილეს და ამერიკამ უკრაინას თანამედროვე იარაღი მიაწოდა; ოღონდ იმ პირობით, რომ (ესეც შეთანხმებული `მოდუს ოპერანდის` ნაწილია) ამ იარაღს უკრაინა არ გამოიყენებს რუსეთის ტერიტორიაზე.

ბევრად უფრო რთული და რაფინირებული თემაა `გადამდგარი ამერიკელი დიპლომატების` მოლაპარაკება ლავროვთან.

საქმე ისაა, რომ დასავლური, მათ შორის ამერიკული დიპლომატიისათვის დამახასიათებელია ამგვარი ტექნოლოგია, როდესაც მისიას აკისრებენ არაოფიციალურ (!), თუმცა `სტატუსურ` (!) პერსონებს. ამ აზრით `გადამდგარი` დიპლომატი ერთის მხრივ არაოფიციალური პერსონაა, მაგრამ მეორეს მხრივ აქვს მაღალი სტატუსი წარსული გამოცდილების გამო. ასახელებენ რიჩარდ ჰაასს, ჩარლზ კუპჩანს და თომას გრემს.

ამ შეხვედრის მიზანი იყო შესაძლო კომპრომისის `ზონდირება`უკრაინასა და რუსეთს შორის დასავლეთის გარანტიით. თუმცა, როგორც კი ინფორმაცია გაავრცელა ავტორიტეტულმა NBC-მ, თეთრმა სახლმა მაშინვე დაადასტურა ძირითადი პრინციპისადმი ერთგულება: `არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის მონაწილეობის გარეშე`.

ოღონდ თეთრ სახლს ამ შეხვედრის ფაქტი არ დაუყენებია ეჭვქვეშ - მხოლოდ ხაზი გაუსვა, რომ საქმე ეხებოდა `გადამდგარი` (!) დიპლომატების ინიციატივას.

ამ აზრით` გადამდგარი` დიპლომატი, როგორც ფენომენი, სინამდვილეში არ არსებობს.

ეს ყოფილი დიპლომატები რომ ახლა სახელმწიფო დეპარტამენტში აღარ მუშაობენ, არ ნიშნავს, თითქოს მათ ვერ დაავალებდნენ რაიმე `დელიკატური` მისიის შესრულებას.

თუმცა, რაც მთავარია, არ არსებობს არავითარი ინდიკაცია იმისა, რომ ყველა ამ ზონდირების` ფონზე ვაშინგტონი რაიმე თვალსაზრისით, თუნდაც მცირედ უხვევს მაგისტრალური კურსიდან, რომლის მიზანი უკრაინის გამარჯვებაა.

ახლა უკვე კლასტერულ (კასეტურ) ბომბებსაც კი აწვდიან და სულ მალე საბრძოლო თვითმფრინავებსაც მიაწვდიან.

`ზონდირების` მიზანი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ის, თუ როგორ მოახერხოს პუტინმა კაპიტულაცია ისე, `სახე არ დაკარგოს` და პრეზიდენტობა შეინარჩუნოს, რაკი `პრიგოჟინის ალტერნატივა` ამერიკელებს `ბევრად უარესად` მიაჩნიათ. და მართლაც ასეა.

ორი ბირთვული ზესახელმწიფო რომ კომუნიკაციის არხებს არც ერთ შემთხვევაში არ გადაჭრის საბოლოოდ, ეს არავის უნდა უკვირდეს. პოლიტიკას თავისი მრისხანე კანონები აქვს. მთავარია `საქმე` და საქმით ამერიკა უდიდეს დახმარებას უწევს მეომარ უკრაინას.

ამაში მთავარი დამსახურება და წვლილი უკრაინის გმირ არმიას მიუძღვის: ამერიკამ და NATO-მ მხოლოდ მას შემდეგ აამოქმედეს სამხედრო დახმარების პროგრამა, რაც დარწმუნდნენ, რომ თვით უკრაინელები მზად იყვნენ ბრძოლისა და თავგანწირვისათვის.

ამის მარკერი იყო ჯერ კიევის გოსტომელის აეროპორტში დესანტირებული რუსული სადესანტო პოლკის განადგურება და შემდეგ კიევის მისადგომებიდან უკრაინელთა მიერ რუსული არმიის გაძევება უკან - ბელორუსში.

სანამ ასე მოხდა, აშშ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი მეტისმეტად ხშირად იმეორებდა: `ჩვენ ვერ ვიქნებით იმაზე მეტად უკრაინელები, ვიდრე თვით უკრაინელები`.

 

იმავე უილიამ ბერნსმა, რამდენიმე დღის წინ,  დიდ ბრიტანეთში, დიჩლის ფონდში ლექციით გამოსვლისას განაცხადა: `ჩინეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც `შეუძლია გადააკეთოს მსოფლიოს წყობა`.

ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა, რომელიც ბევრ კითხვას უპასუხებს: ბერნსს ხომ არ უთქვამს `რუსეთს შეუძლია მსოფლიო წესრიგი გადააკეთოსო` მიუხედავად იმისა, რომ სწორედ რუსეთმა წამოიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე გამანადგურებელი, გლობალური მნიშვნელობის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ....... არამედ `ჩინეთს შეუძლია გლობალური წესრიგი გადააკეთოსო.

იმიტომ, რომ მიუხედავად სამხედრო აგრესიისა, რუსეთს არანაირი რეალური გავლენა პოსტსაბჭოური სივრცის მიღმა, მსოფლიოში, აღარ შერჩა. მას არა აქვს ყველაზე მთავარი: ეკონომიკური და ფინანსური ინსტრუმენტები გლობალური წესრიგის შესაცვლელად და ამერიკის ლიდერობის ეჭვ ქვეშ დასაყენებლად.

 აი ჩინეთი კი, ეკონომიკურად, ფინანსურად, ლოგისტიკურად (!) სულ უფრო ძლიერდება, თან ამისთვის დასავლურ ბაზრებს, დასავლურ ტექნოლოგიებს, დასავლურ ფინანსებს იყენებს, წარმატებით ახორციელებს `ძალის პროეცირებას` მთელს მსოფლიოში, დასავლეთის მიღმაც და იმზადებს პლაცდარმს, რათა კიდევ უფრო მეტი რისკი თუ გამოწვევა შეუქმნას ევროატლანტიკურ ცივილიზაციას.

ამაში უნდა ვეძებოთ ერთ ერთი მიზეზიც ბერნსის საიდუმლო მისიისა კრემლში.

თუმცა, რეალურად იგი პუტინს პირადად არ შეხვედრია - ტელეფონით ესაუბრა.

ამ განცხადებას გარკვეულწილად ეწინააღმდეგება ამერიკის ფინანსთა მინისტრის Janet Yellen (ჟანეტ იელენ) გამონათქვამი პეკინში ვიზიტის შემდეგ, რაზეც წინა მიმოხილვაში გატყობინებდით: ჩინელ ლიდერებთან შეხვედრების შემდეგ აშშ ფინანსთა მინისტრმა საოცარი განცხადება გააკეთა: `მსოფლიო საკმარისად დიდია, რათა ამერიკასაც ეყოს და ჩინეთსაცო`. ზუსტად ამ უორდინგით  არ უთქვამს - სხვაგვარად ჩამოაყალიბა - The world is big enough for US and China - თუმცა შინაარსი ეს იყო.

თუმცა ელენი არ განსაზღვრავს ამერიკის საგარეო პოლიტიკას. ამ მხრივ ბერნსი ბევრად კომპეტენტურია და იმ `ვიწრო წრეში` შედის, ვინც პრეზიდენტს ურჩევს, რა შემთხვევაში ხდება მიზანშეწონილი და გარდაუვალი მკვეთრი მოტრიალება ჩინეთთან ურთიერთობაში.

 

იმაზე, თუ რა ბერკეტების ამოქმედება შეუძლია ჩინეთს ამერიკასთან გლობალურ დაპირისპირებაში, მეტყველებს ამერიკული კომპანია Micron Technologies გუშინდელი განცხადება.

კომპანიამ რომელიც ნახევარგამტარების (ჩიპების) ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია, ამერიკის მთავრობა გააფრთხილა: თუ გაგრძელდება შეზღუდვების შემოღება ჩინეთში ჩიპების მიწოდებაზე, კომპანია გაკოტრდება და ათი ათასობით ამერიკელი სამუშაოს დაკარგავს.

პრობლემა ისაა, რომ მას შემდეგ რაც ამერიკამ დაბლოკა ჩინეთისთვის გარკვეული სახეობის ჩიპების მიწოდება, რაკი ისინი სამხედრო მრეწველობაში გამოიყენება, ჩინეთმა შეაჩერა Micron Technologies რამდენიმე საწარმოს მუშაობა. ამან გამოიწვია კრიზისი: პეკინი ოსტატურად სარგებლობს იმ გარემოებით, რომ ათი ათასობით უმუშევრად დარჩენილი ჩინელი მუშა ან სპეციალისტი ჩინეთის ტოტალიტარულ რეჟიმს ვერაფერს დააკლებს როგორი გამწარებულიც არ უნდა იყოს, ხოლო....ათი ათასობით ამერიკელი მუშა და სპეციალისტი, სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში უკვე სერიოზული პრობლემაა.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

 პრეზიდენტმა ერდოღანმა კიდევ ერთხელ `წამოარტყა თავში` პუტინს: უკრაინული ბატალიონის `აზოვ` გმირი მეთაურები და მებრძოლები უკრაინას გადასცა თურქულმა მხარემ/

საქმე ის გახლავთ, რომ ერდოღან-პუტინის მოლაპარაკების თანახმად, ტყვე `აზოველები`, მათ შორის მეთაურები თურქეთის მხარეს გადაეცა იმ პირობით, რომ ისინი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ამოწურვამდე თურქეთის ტერიტორიაზე უნდა დარჩენილიყვნენ.

მაგრამ ერდოღანი ახლა დიდ ვაჭრობაშია NATO-სთან ვილნიუსის სამიტის წინ. ამიტომ მას სჭირდებოდა პროდასავლური და პროუკრაინული ჟესტი.

პუტინმა ბოღმა ვერ დაფარა და თავის პრეს-მდივან პესკოვს დაავალა ეთქვა:  ერდოღანმა `პირობა დაარღვია`

მერედა რა, ამით? პუტინი უკვე ისეთ მდგომარეობაშია ახლა, ერდოღანს თავისუფლად შეუძლია იგი `დააიგნოროს`