უკანასკნელი დღის შეთანხმება

უკანასკნელი დღის შეთანხმება

    როდესაც „ამნისტიის კანონზე“ პარლამენტის მიერ „ვეტოს“ დაძლევის შესახებ საუბრობდა, მომეჩვენა, რომ მიხელ სააკაშვილს ცრემლიც კი მოადგა. აი „ბურთი მოაწვაო ყელში“ - ასეთ დროს ამბობენ ხოლმე. ეს შთაბეჭდილება იმ მომენტში შეიქმნა, როცა პრეზიდენტმა ლევან ვარშალომიძეზე, ასლან აბაშიძეზე და აჭარაზე ისაუბრა. „არ დამიფასეთ, რაც, მაგალითად, აჭარაში გავაკეთე“ - ასეთი იყო ლაიტმოტივი.
    რასაკვირველია, რომ არა მიშა, დღეს აჭარის მმართველი ისევ ასლან აბაშიძე ან მისი მხოლოდობილი ვაჟი იქნებოდნენ. ამაში ეჭვიც არ შეგეპაროთ! მაგრამ ეს განცხადება უფრო სხვა რაკურსითაა საინტერესო: მასში აშკარად გამოსჭვიოდა წყენა და გარკვეული გაოცებაც „უმადურობისა“ და შექმნილ ვითარებაში „ხალხის“ პასიურობის გამო. არადა, ეს საზოგადოება (განსაკუთრებული პასიონარობით ისედაც არგამორჩეული) მან თავად დაღალა და მოქანცა მმართველობის მძვინვარე სტილით ბოლო 9 წლის განმავლობაში. ახლა კი უკვირს, „რატომ არ იღებს ხალხი ხმას“, როცა ინგრევა და წყალს მიაქვს ყველაფერი, რაც ამ ხნის განმავლობაში აუშენებია.
    მართლა ინგრევა ან მართლა წყალს მიაქვს თუ არა - ესეც საკამათოა. მიშამ მართლა მოახერხა ზოგი ისეთი რამ აეშენებინა (მხოლოდ ბათუმის ცათამბჯენებს არ ვგულისხმობ), ვერავინ ვეღარ დაანგრევს, მაგრამ მისი ბოლო, გულამოსკვნილი მიმართვა კიდევ ერთხელ ადასტურებს საკაცობრიო ისტორიის ურყევ კანონს: ხანგრძლივი მამრთველობა ხელისუფალს ყოველთვის (იოტისოდენი გამონაკლისის გარეშე!) უბლაგვებს საზოგადოებაში მიმდინარე რეალურ პროცესთა აღქმის უნარს, ანუ ხელისუფალი წყდება სოციუმს და ესმის მხოლოდ ის, რაც უნდა გაიგონოს და არა ის, რაც უსიამოვნო დასკვნებს აიძულებს.
    რომელ „უმადურობაზეა“ ლაპარაკი? ბათუმის აშენება კი არა, უინსტონ ჩერჩილმა მეორე მსოფლიო ომი მოიგო, ინგლისი სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხეს გადაარჩინა და ინგლისელებმა ომის დამთავრებიდან მეორე დღესვე გააპანღურეს ხელისუფლებიდან.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    პრეზიდენტის ფსიქოლოგიური განწყობა კი იმ მხრივაა აქტულური და მნიშვნელოვანი, რომ მან შეიძლება ხელი შეუშალოს ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რაც დაიწყო ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინიციატივით საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე. პრემიერის ეს განცხადება საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური სვლა აღმოჩნდა. ამას მთავარი ადრესატის (არა პრეზიდენტის, არამედ საპარლამენტო უმცირესობის) რეაქციაც ადასტურებს.
    ინიციატივის არსი შემდეგია: სახელმწიფოს მეთურს ენიჭება უფლება, ნებისმიერ მომენტში დაითხოვოს მთავრობა და პარლამენტი, მაგრამ ახალი პარლამენტის არჩევამდე მოვალეობას კვლავ ძველი (ესე იგი ივანიშვილის) მთავრობა ასრულებს. დღეს მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტს შეეძლო დაეთხოვა ჯერ მთავრობა, შემდეგ პარლამენტი, ხოლო არჩევნებს ატარებდა მის მიერ დანიშნული (ვთქვათ ვანო მერაბიშვილის) მინისტრთა კაბინეტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ არ დაამტკიცა.
    ბიძინა ივანიშვილსა და მის მრჩევლებს, ისევე როგორც „ოცნების“ ლიდერებს, როგორც ჩანს, კარგად ესმით, რომ საკვანძო საკითხი აქ ისაა, ვინ ჩაატარებს ახალ არჩევნებს. ოღონდ არა მხოლოდ და არა იმდენად ადმინისტრაციული რესურსის თვალსაზრისით (გაუგებარია, რით სჯობს ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციული რესურსი, - სააკაშვილის ადმინისტრაციულ რესურსს), არამედ ქართველი ამომრჩევლის იმ თვისების გამო, რომ იგი, უმეტესწილად, ხმას აძლევს იმას, ვინც უფრო „მაგარი“ ჩანს მის თვალში. თუ მთავრობა ივანიშვილის იქნება, იგი უფრო „მაგარი“ გამოჩნდება, ხოლო თუ პრეზიდენტი იოლად „გარეკავს“ ამ მთავრობას და თავისას დანიშნავს, მაშინ „ნაციონალთა“ დღევანდელი 10 პროცენტი ისევ გადაიქცევა მინიმუმ 50 პროცენტად, როგორც 2012 წლის აგვისტოში იყო - „ციხის სკანდალამდე“.
    სანაცვლოდ, ივანიშვილი - ნაციონალებს სთავაზობს პოლიტიკურ ამნისტიას, ანუ ექს-თანამდებობის პირთა „დაჭერების“ შეწყვეტას. ოღონდ მოითხოვს გარანტიას, რომ სააკაშვილი მომავალი წლის ოქტომბრამდე აღარ გააკეთებს მკვეთრ მოძრაობებს, არ დაითხოვს (მოქმედი კონსტიტუციით) მთავრობას და არ შეეცდება „გარეკოს“ მთლიანობაში, ივანიშვილის ხელისუფლება მისი პარლამენტიანა, როდესაც „მეოცნებეებს“ ისღა დარჩებათ, შეკრიბონ 200 000 ადამიანი და შევარდნენ ავლაბრის სასახლეში. ეს უკიდურესი ვარიანტია, თუმცა სავსებით რეალური.
    შესაძლო შეთანხმების (გარიგების თუ მორიგების) კვინტესენცია ასეთია:
    - გვაცალეთ და არ დაგიჭერთ
    - არ დაგვიჭიროთ და გაცლით.

    იგულისხმება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სრული განადგურებისა და დაჩმორების მცდელობები შეწყდება, ეს პარტია დარჩება საპარლამენტო უმცირესობად და ექნება საშუალება მომავალ არჩევნებში (2014, 2016) სცადოს ბედი. რაც შეეხება 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, შეილება ისეც მოხდეს, რომ ნინო ბურჯანაძე მისთვის ტყუილად ემზადებოდეს და „უკანასკნელი დღის“ შეთანხმება პრეზიდენტის არჩევის წესზეც გავრცელდეს, ანუ სახელმწიფოს მეთაური პარლამენტმა აირჩიოს და არა ხალხმა.
    პირველი რეაქციები „ნაციონალთა“ ბანაკიდან ადასტურებს, რომ მათთვის ამგვარი შეთანხმება მისაღებია. პრეზდენტის პოზიციას კი უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს.
    „პოლიტიკა სასტიკია“ - თქვა ერთხელ ედუარდ შევარდნაძემ, რომელსაც აკადემიები არ დაუმთავრებია, არც კოლუმბიის უნივერსიტეტში უსწავლია, მაგრამ მთელი კარიერის განმავლობაში საოცარ ალღოსა და ნიჭს ამჟღავნებდა იმ საბედისწერო მომენტამდე, როცა „წასვლის“ აუცილებლობას არ შეურიგდა და ისტორიას ომი გამოუცხადა.

2020