საერთაშორისო მიმოხილვა. 8 სექტემბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 8 სექტემბერი. 2024 წელი

რუსეთი აგრძელებს 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ანუ დიდი ომი გრძელდება უკვე მესამე წელია.

ნებისმიერი სახელმწიფოს და საზოგადოების გამოცდაა ამგვარი ომი. ისტორიკოსების უდიდესი ნაწილი თვლის, რომ რუსეთის იმპერია 1917 წელს დაანგრია სწორედ პირველმა მსოფლიო ომმა. ის ომი იყო ხანგრძლივი, „მსხვერპლიანი“, „გულის გამაწვრილებელი“  და..... მარცხიანი!

შესაბამისად, იმდროინდელმა რუსულმა სოციუმმა უბრალოდ ვერ გაუძლო. მოხდა რევოლუცია უპირველესად სწორედ ამ მიზეზით - „სოციალური გადაღლა/მოქანცვის“ სინდრომის შედეგად.

 

თითქოსდა არალოგიკურია: უკრაინას ეხმარება მთელი მსოფლიო, - დასავლეთი პირველ რიგში. ეხმარება ძალიან უხვად: ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისით.

პუტინმა კი ვერ მიაღწია იმ მაქსიმალისტურ მიზნებს, რასაც ისახავდა: უკრაინის სახელმწიფოს სრული განადგურება ან მისი „გუდურა ქვეყნად“ ქცევა.

ამის მიუხედავად, დავაკვირდეთ მშრალ ციფრებს:

2023 წლის აგვისტოში პუტინის რეიტინგი იყო 80%, ხოლო მიმდინარე წლის აგვისტოში - 85%!

თითქოსდა საოცრებაა, აუხსნელი ფენომენია ან შავი კომედიაა ვითარებაში, როდესაც ათი ათასობით რუსი იხოცება, სასაფლაოები გაივსო, ოჯახები ასაფლავებენ მამებს, ქმრებს, ძმებს, შვილებს.....პუტინის რეიტინგი კი რუსეთში იზრდება.

ეს შეიძლება (მხოლოდ ნაწილობრივ)  აიხსნას იმით, რომ რუსული პროპაგანდა „ტვინს ურეცხავს“ მოსახლეობას.

ნამდვილად ასეა - წარმატებით „ურეცხავს ტვინს“ არა მხოლოდ იმით, რასაც ეუბნება, არამედ იმითაც, რასაც არ ეუბნება და არ აჩვენებს.

არ აჩვენებს ამ „სავსე სასაფლაოებს“ და ა.შ.

 თუმცა ეს ვერ იქნება მთავარი ფაქტორი.

არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა „ომისგან გადაღლის“ სინდრომის წარმოშობა ინფორმირებულობის ან არაინფორმირებულობის შედეგი.

მთავარი სხვაა: რუსები, მასაში, ვერ გრძნობენ ამ ომს!!!

აი ესაა ყველაზე მთავარი.

 მიმდინარე ომი  არ აისახება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე - მასაში რუსები ცხოვრობენ ისევე, როგორც ცხოვრობდნენ პუტინის აგრესიამდე.

 

საქმე მხოლოდ ის კი არაა, რამდენი იღუპება  და ყოველდღიურია დასაფლავება, არამედ ის, თუ ვინ იღუპება, რომელი კონტინგენტი იღუპება:

უკრაინული არმიის კურსკში შეჭრამდე და ამ ოპერაციის მიუხედავადაც, ძირითადად ამ ომში იღუპებიან ე.წ. Контрактники ანუ ის კონტინგენტი, რომელიც ნებაყოფლობით წავიდა ომში.

 ამგვარი კონტინგენტის და კატეგორიის დაღუპვა კი სულ სხვა სოციო-ფსიქოლოგიურ ატმოსფეროს ქმნის, ვიდრე ე.წ. Срочник-ების ანუ გაწვეულების დაღუპვა.

მით უმეტეს, რომ „კონტრაქტორები“ თვეში იღებენ დაახლოებით 4-5 ათას დოლარს. რუსული პროვინციისთვის ეს კოლოსალური თანხებია....... და როცა იღუპებიან ათჯერ მეტს იღებს ოჯახი კომპენსაციის სახით.

თანაც დავაკვირდეთ იმ გარემოებას, რომ იღუპებიან არა მოსკოველები, არა პეტერბურგელები, არა დიდ ქალაქთა მაცხოვრებლები, არამედ პროვინციელები, ჩრდილო კავკასიელები, ციმბირელები, შუა რუსეთის ღარიბ-ღატაკი სოფლების მაცხოვრებლები.....

 

აქ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე რუსული სოციუმის დამოკიდებულება თვით ომის შინაარსის ანუ მისი მიზნების მიმართ: რუსული საზოგადოება  აბსოლუტური უმრავლესობით მხარს უჭერდა და მხარს უჭერს პუტინს არა მხოლოდ ყირიმის ე.წ. „დაბრუნებაში“, არა მხოლოდ დონბასის მიტაცებაში, არამედ იმასაც ეთანხმება, რომ უკრაინა, როგორც ქვეყანა, როგორც კულტურული ფენომენი რაღაც....გაუგებრობაა...... ისტორიული კაზუსია, შემთხვევითობაა, რუსი ბოლშევიკების, ლენინის და სტალინის „მოგონილია“, შესაბამისად სრულიად სამართლიან ომს აწარმოებს(ო) პუტინი.

 

კიდევ ერთი სისტემური მიზეზი კი ამ უცნაურობის (რუსული სოციუმის „მიმღებლობის“) ისაა, რომ მიუხედავად დასავლური სანქციებისა, რუსული სოციუმი არ (!) გრძნობს ეკონომიკურ და სოციალურ სიდუხჭირეს.

ჩინეთის ფაქტორი ასრულებს აქ უმთავრეს როლს: რუსეთი ჩინეთისგან (ასევე ნაწილობრივ ინდოეთისგან და „გლობალური სამხრეთის“ სხვა ქვეყნებისგან) იღებს ყველაფერს, რაც სჭირდება და რასაც რუსი „ობივატელი“ მიჩვეულია 30 წლის განმავლობაში - კომუნიზმის „დანგრევის“ შემდეგ.

სწორედ ჩვეულებრივი რუსი „ობივატელის“ განწყობაზეა ბევრი რამ დამოკიდებული: საკმარისია მან იგრძნოს, მისი ცხოვრების წესის შეცვლის ანუ  „თავის შეწუხების“ აუცილებლობა და პუტინს სერიოზული პრობლემები შეექმნება.

როგორც მინიმუმ რეპრესიული სისტემის გამკაცრება მოუწევს.

თუმცა  რუსები (ვიმეორებ) მასაში ახლა ისევე ცხოვრობენ, როგორც ცხოვრობდნენ ომამდე - ჩინეთის, ინდოეთის და „პარალელური იმპორტის“ წყალობით.

 

მით უმეტეს, როცა  მოსკოვში და პეტერბურგში, მიუხედავად უკრაინული დრონების „ჩხვლეტებისა“ რაიმე შესამჩნევი დაძაბულობა არ არის - განსხვავებით კიევისა და სხვა უკრაინული ქალაქებისგან.

იმიტომ, რომ დასავლეთი ჯერ არ აწვდის უკრაინას იმ იარაღს, რაც აუცილებელია, რათა რუსეთის „იმპერიულ დედაქალაქთა“ მოსახლეობამ იგრძნოს ცვლილებები, შეწუხდეს და ა.შ.

 

ახლა ავიღოთ მშრალი ციფრები: 2023 წელს რუსული ეკონომიკა (GDP) 3,6%-ით გაიზარდა.

 ცოტაა ეს თუ ბევრი?

რა თქმა უნდა ბევრია შექმნილ ვითარებაში - როდესაც დასავლეთმა სანქციები დაუწესათ, ნავთობზე ზღვრული ფასები დაუწესათ, „ჩრდილო ნაკადის“ გაზსადენები აფეთქებულია, ექსპორტი ბლოკირებულია, ბანკები ნაწილობრივ (!) დასანქცირებულია, სუვერენული აქტივები დასავლურ ბანკებში გაყინულია და ა.შ და ა.შ.

 ამ დროს GDP 3,6%-იანი  ზრდა ბ ე ვ რ ი ა!

 

„ირიბად“ სწორედ აქ არის პასუხი კითხვაზე: რატომ არ აცხადებს პუტინი მორიგ მობილიზაციას?

 2022 წლის მობილიზაცია მისთვის სერიოზული პრობლემა იყო ზუსტად ამ მიზეზით: „ჩვეულებრივმა რუსმა“, „ჩვეულებრივმა ობივატელმა“, ვისაც არავინ და არაფერი აღელვებს საკუთარი თავის და „საქმის“ გარდა, მაშინვე  იგრძნო ომის სუსხი.

პუტინის ანალიტიკურმა ცენტრებმა მას ამის შესახებ აცნობეს და...... დაშინდა!

ყველაზე მეტად სწორედ ამის ეშინია, რომ უკმაყოფილების „კრიტიკული მასა“ არ მომწიფდეს!

 შესაბამისად ახლა პუტინმა სხვა გზა აირჩია.

 მისი „სპიკერები“ ლამის ყოველ დღე ამბობენ: „არ იგეგმება მობილიზაცია, რადგან......სამხედრო  კონტრაქტის გაფორმების მსურველთა რაოდენობა იმდენად დიდია, ბევრს უარს ეუბნებაო არმია“.

 

ჰო, მაგრამ რატომ გაიზარდა მოხალისეთა რიცხვი?

ამ უცნაურობის ამოსახსნელად დავაკვირდეთ, როგორ იზრდებოდა კონტრაქტორთა სარგო (ხელფასიც და ე.წ. Боевые ანუ ბრძოლებში მონაწილეობის კომპენსაცია) ბოლო ორი წლის განმავლობაში: 2022 წელს იყო 2 000 დოლარი, 2023 – $3 000, წელს - $5 000 მთლიანობაში.

მაშასადამე, ეკონომიკის მდგრადობის შენარჩუნების „წყალობით“ პუტინს აქვს საშუალება „ცოცხალი ძალის“ ანუ ე.წ. „საზარბაზნე ხორცის“ ოდენობა შეავსოს არა მობილიზებულებით, გაწვეულებით, არამედ კონტრაქტორებით, რომლებიც ნებაყოფლობით მიდიან ომში.

ამის საშუალებას მას კიდევ ის აძლევს, რომ ჩვენ კი ვთვლით დოლარებში, თუმცა რეალურად ის ხომ პროვინციელ სოფლელ რუსს რუბლებს უხდის და არა დოლარებს?

რუბლს კი მისი  „ცენტრობანკი“ დაბეჭდავს რამდენიც სურს.

და ინფლაციის მიუხედავად, ეს მაინც სერიოზული შემოსავალია ოჯახისთვის. „დოლარზე“ და „ევროზე გადახურდავება“ არ სჭირდება.

 

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტყვით, თითქოს რუსები სულ არ წუწუნებენ ამ ომის გამო,  ეს „წუწუნი“ არ არის იმ „ხარისხის“ და „ინტენსივობისა“, პუტინს სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

კი, ნამდვილად „წუწუნებს“ ე.წ. „კრეატიული კლასი“, იგივე მოსკოველები, პეტერბურგელები, განათლებულები, ვესტერნიზებულები ბოლო 30 წლის მანძილზე, ევროპაში მოგზაურობის მოყვარულნი....

აი ის კატეგორია, ვისთვისაც მნიშვნელოვანია,  მათი ქვეყნის დროშა ყოფილიყო  პარიზის ოლიმპიადაზე, თუმცა....... იმპერიული ამბიციით ისინიც არიან მოწამლულნი........ ყირიმის ე.წ. „დაბრუნება“ მათაც უხარიათ,  სასურველ ევროპაში მაინც მოგზაურობენ შემოვლითი გზებით - ევროპულ ცივილიზაციას კი არ შეუძლია (მისი ღირებულებებიდან გამომდინარე) ადამიანს შეზღუდვები დაუწესოს მხოლოდ მისი მოქალაქეობის გამო.

 

უწესებენ შეზღუდვებს პუტინის გარემომცველ ოლიგარქებს (აბრამოვიჩებს, ფრიდმანებს, უსმანოვებს), რათა ეგება მიმართონ მათი უკმაყოფილება პუტინის წინააღმდეგ, თუმცა აქედან ბევრი არაფერი გამოდის.

ჯერ ერთი იმიტომ, რომ  პუტინი ეყრდნობა მის „მშობლიურ“, ზემძლავრ სპეცსამსახურებს ხოლო ისინი კი ყველას, ყველაფერს აკონტროლებენ, მათ შორის ბიზნესს, ოლიგარქთა  ქონებას რუსეთში, ოჯახის წევრებს და ა.შ.

გარდა ამისა, ამ რუს ოლიგარქებს საკუთარი ქონება, მათ შორის ბიზნესი დასავლეთში დიდი ხანია „გადაფორმებული“ აქვთ ოჯახის წევრებზე. ეს ოჯახის წევრები, შვილები, ცოლები, კი, იმავე დასავლურ სახელმწიფოთა მოქალაქეები არიან. ასე იოლად მათ სანქციებს ვერ დაუწესებ - იურიდიული პროცესებია საჭირო, სასამართლო, სარჩელები, აპელაციები.......ადვოკატები და ა.შ და ა.შ.

პუტინი თავად უწყობდა ხელს, რომ მისი „ოლიგარქები“ ინტეგრირებულნი ყოფილიყვნენ დასავლეთში და იქ „ფესვები გაედგათ“.

შესაბამისად, ამ სოციალური ფენისგანაც მას დიდი საფრთხე არ ემუქრება.

 

პუტინს საფრთხე დაემუქრება და ნამდვილად სერიოზული პრობლემები შეექმნება მხოლოდ ერთ შემთხვევაში: თუ მისი საოკუპაციო არმია თვალსაჩინოდ დამარცხდება უკრაინაში!

თუ უკრაინა გაათავისუფლებს დონბასს, მით უმეტეს გაათავისუფლებს ყირიმს!

აი მაშინ კი მოეკითხება დიდი მსხვერპლიც და საერთაშორისო იზოლაციაც!

 ანუ კითხვა: „მაშ რისთვის იყო ეს ყოველივე“? უკვე მომაკვდინებელ არგუმენტად იქცევა, კრეატიული კლასიც თავს წამოყოფს და „საშუალო ფენაც“…..... მოსკოვშიც გაიმართება მიტინგები და პეტერბურგშიც.

ოპოზიცია (ძირითადად ნავალნის კლასტერი) გააქტიურდება და Youtube - ის შენელება პუტინს ვეღარ უშველის; გენერალიტეტიც „აბუზღუნდება“ თანდათანობით.......

 მით უმეტეს, რომ რუსული გენერალიტეტი დიდწილად წინააღმდეგი იყო ამ ომისა, რაკი პუტინის მაქსიმალისტური მიზნების (უკრაინის სრული მოსპობა) მიღწევადობისა არ სჯეროდა.

ეს ცნობილი ამბავია: გენერალური შტაბის უფროსი გერასიმოვი დახურულ კარს მიღმა ცდილობდა დაერწმუნებინა პუტინი არ გადაედგა საბედისწერო ნაბიჯი....

ჯერ-ჯერობით კი პუტინს აქვს საშუალება ეს რისკები და გამოწვევები გაანეიტრალოს იმით, რომ ერთის მხრივ შესამჩნევი ცვლილება რუსების ცხოვრების წესში არ მომხდარა: არ შიათ, არ სცივათ, მაინც მოგზაურობენ, მათი ქალაქები მასობრივად არ იბომბება ბალისტიკური რაკეტებით.....ხოლო მეორეს მხრივ ასე თუ ისე „დადო“ შედეგი 2014 წლიდან: „ყირიმი შემოიმტკიცა“, გაჭრა მასთან დამაკავშირებელი სახმელეთო დერეფანი, დონბასის დიდი ნაწილიც დაიპყრო და მიუხედავად უკრაინელთა კონტრშეტევისა კურსკში, სადაც უკრაინული არმია ვერ ბედავს შეუტიოს უშუალოდ ქალაქ კურსკს და ვერც მის დაბომბვას ბედავს თუმცაღა ამის საშუალება აქვს…... რუსული არმია ბომბავს კიდეც პოკროვსკს, დნეპრს, პოლტავას, ხარკოვს, კიევს და წინაც მიიწევს უკრაინის სტრატეგიული თავდაცვითი ხაზისკენ.

 

პუტინს სჯერა, რომ მისი რეჟიმს აქვს რესურსი კიდევ რამდენიმე წელი განაგრძოს ეს აგრესია და ბოლოს დაიყოლიოს კიევიც და დასავლეთიც დათმობაზე: „ცეცხლის შეწყვეტა“ დაახლოებით 10 წლით, უკრაინის NATO-ში არმიღება, ყირიმის და დონბასის მთლიანად „შემომტკიცება“ და მზადება 10 წლის შემდეგ აგრესიის ახალი ეტაპისთვის უკრაინის სახელმწიფოს ტოტალური ელიმინაციის საბოლოო მიზნით.