ტალიავინის კომისიამ მწვადიც დაწვა და შამფურიც

ტალიავინის კომისიამ მწვადიც დაწვა და შამფურიც

        როგორც მოსალოდნელი იყო, ევროპელების მიერ შექმნილმა კომისიამ «აგვისტოს მოვლენების» თაობაზე მძიმე ვითარებიდან ნამდვილად «ევროპული» გამოსავალი იპოვა:
        რაკი არც ერთი მხარის დადანაშაულება ევროპას ხელს არ აძლევდა (ასეთ შემთხვევაში, პასუხისმგებლობის დიდი წილი ევროპულ ორგანიზაციებსა და მთელ დასავლეთს უნდა დაკისრებოდა), კომისიამ ისეთი დასკვნა დადო, რომლითაც ორივე მხარე უკმაყოფილო დარჩა.
        ერთის მხრივ დასკვნაში ნათქვამია, რომ კონფლიქტის კულმინაცია 8 აგვისტოს, ქართული არტილერიის მიერ ცხინვალის დაბომბვით შედგა, მაგრამ იქვე აღნიშნულია, რომ ეს არ ყოფილა იზოლირებული ეპიზოდი, არამედ მხოლოდ პროვოკაციების ხანგრძლივი პერიოდის დაგვირგვინებას წარმოადგენდა.
        დიპლომატიური ენიდან თუ გადმოვთარგმნით, ეს იმას ნიშნავს, რომ ცხინვალზე შეტევა ქართული მხრიდან სრულებითაც არ ყოფილა «არაპროვოცირებული», როგორც რუსები ამტკიცებდნენ, ხოლო ქარაგმულად მინიშნებულია, რომ სწორედ რუსეთმა შეძლო ომის პროვოცირება ოსი სეპარატისტების მეშვეობით.
        დასკვნაში აგრეთვე დაგმობილია რუსეთის მრავალწლიანი დამპყრობლური პოლიტიკა საქართველოს ამ რეგიონის მიმართ - პასპორტების დარიგება, ოსების შეიარაღება და ასე შემდეგ. მოხსენებაში უარყოფილია აბსურდული ბრალდებები «ოსთა გენოციდზე», დადასტურებულია, რომ «სამხრეთ ოსეთში» განხორციელდა ქართველების ეთნიკური წმენდა, თუმცა არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ 162 დაღუპული ოსიდან აბსოლუტური უმეტესობა სწორედ «ბოევიკები» იყვნენ, ხოლო ქართული მხრიდან ბევრად მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
        მთლიანობაში ეს მაინც არ არის ისეთი დასკვნა, როგორსაც ქართული ოპოზიცია ელოდა – ხელებს რომ იფშვნეტდნენ სიხარულით «აი, ტალიავინი საქართველოს დაადანაშაულებს და ხელისუფლებას იოლად დავამხობთო».
        როგორც ჩანს ამ «კოზირმა» არ გაამართლა და იგი ვერ იქნება გამოყენებული, რაკი ტალიავინი არანაკლებ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.
        რაც შეეხება მთავარ ეპიზოდს: 7-8 აგვისტოს ამბებს, ამ თემაზე არ წყდება და ალბათ კიდევ დიდხანს არ შეწყდება კამათი. ბევრი დღესაც თვლის, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა, თვით სამხრეთ ოსეთში განლაგებულ ქართულ ქვედანაყოფებს, გენერალ ყურაშვილის მეთაურობით, გაემართათ თავდაცვითი ბრძოლები ლიახვის ხეობაში, სხვა ქართულ სოფლებში, ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალები არ შესულიყვნენ რეგიონში. ამით ქართულ მხარეს მიეცემოდა შესაძლებლობა, მთელი მსოფლიოს თვალწინ დაეფიქსირებინა, რომ ომი დაიწყეს ოსმა სეპარატისტებმა.
        თუმცა, ამ არგუმენტის ავტორები ორ, ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას არ ითვალისწინებენ:
        პირველ რიგში, ისინი გულისხმობენ, რომ გენერალ ყურაშვილის მებრძოლები, ქართული მოსახლეობის ევაკუაციის შემდეგ, იმ სოფლებში დარჩებოდნენ და დღეების, კვირეების განმავლობაში გმირულ წინააღმდეგობას გაუწევდნენ მტერს.
        თუმცა პრეზიდენტი სააკაშვილი, როდესაც შეტევის გადაწყვეტილებას იღებდა, მეორე შესაძლებლობასაც ითვალისწინებდა: კერძოდ, ის მეომრები, რომლებიც ყოველმხრივ ალყაშემორტყმულნი დარჩებოდნენ ქართულ ანკლავებში, როგორც კი შეატყობდნენ, რომ «გარედან» მათ დახმარებას არავინ აპირებდა, სულ რამდენიმე საათის მასირებული ცეცხლის შემდეგ უბრალოდ დაყრიდნენ იარაღს და (ისევე როგორც 2004 წლის ზაფხულში) მტერს ჩაბარდებოდნენ. შემდეგ მათ ცხინვალში ჩამოიყვანდნენ და მთელი მსოფლიოს თვალწინ ისევე სამარცხვინოდ დააჩოქებდნენ. მეორედ ასეთ თავსლაფისდასხმას ქართული ცნობიერება უკვე ვეღარ გადაიტანდა და ეს მიხეილ სააკაშვილმა კარგად იცოდა. გარდა ამისა, თუკი საქართველო შეეცდებოდა მთელი მსოფლიოსათვის იმის დემონსტრირებას, რომ იგი მხოლოდ თავს იცავს ოსური ფორმირებების შეტევისაგან, ამას შედეგად ის მოჰყვებოდა, რომ მთელი მსოფლიოსთვის ეს იქნებოდა არა «რუსულ-ქართული», არამედ «ქართულ-ოსური» კონფლიქტი, ხოლო დასავლეთი ნებისმიერ კონფლიქტში ყოველთვის სუსტს უჭერს მხარს და მის არგუმენტებს ისმენს
        აი, ამ ორი მოსაზრების გათვალისწინების გარეშე ხელისუფლების ცალსახად დადანაშაულება («გარედან» ჯარი რას შეჰყავდა, მოსახლეობის ევაკუაცია მოეხდინა და თავდაცვითი ბრძოლები ქართულ სოფლებში გაემართაო) – სრულებით უსაგნოა. შეგახსენებთ პრეზიდენტ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებას: «თუ თბილისის თავზე ოსური დროშა აღიმართებოდა, დასავლეთი აბსოლუტურად გულგრილი იქნებოდა და ამას ჩვენს საშინაო საქმედ ჩათვლიდაო»
        რაც შეეხება იმას «კარგი, ვთქვათ ჯარი შეეყვანა, ოღონდ ცხინვალს ნუ შეუტევდა და ნუ დაბომბავდაო» - ფაქტია, რომ სეპარატისტთა საცეცხლე წერტილების უმრავლესობა (საიდანაც თამარაშენი და სხვა სოფლები იბომბებოდა) სწორედ ცხინვალში იყო განლაგებული და თუ საომარი მოქმედება იწყება, შემდეგ უკვე სამხედრო მიზანშეწონილობის ლოგიკა ერთვება საქემში.
        162 დაღუპული ოსი «ბოევიკიდან» აბსოლუტური უმრავლესიობა სწორედ ცხინვალში ჩახოცა ქართულმა არტილერიამ. Gგარდა ამისა, «გარედან ჯარის შეყვანა» ნებისმიერ შემთხვევაში მაინც აგრესიად გამოცხადდებოდა ტალიავინის მიერ, ოღონდ უკვე არა «რუსულ-ქართული», არამედ «ქართულ-ოსური» ომის ფარგლებში. Uუბრალოდ, ტალიავინის დასკვნაში ამ შემთხვევაში გაჩნდებოდა ასეთი ჩანაწერი: «მრავალწლიანი ქართულ-ოსური სამხედრო კონფლიქტის ესკალაცია 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართული არმიის შესვლით დაიწყო, ხოლო რუსეთი ი|ძულებული გახდა რეგიონში ჯარები შეეეყვანა ამ კონფლიქტის შეწყვეტის, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და «სამშვიდობოთა» გადარჩენის მიზნით, რის უფლებასაც მას ადრე გაფორმებული შეთანხმებები აძლევდა.
        ისტორიაში «შავ-თეთრი» ფერები საერთოდ არ არსებობს და ტყუილად ცდილობს ზოგიერთი მხოლოდ ამ ფერებში დაგვიხატოს ურთულესი ისტორიული პანორამა.
        სინამდვილეში, ერთადერთი საშუალება საქართველოს ეს ომი თავიდან აეცილებინა იყო შემდეგი: უარი გვეთქვა ნატოზე, ევროკავშირზე, დასავლურ ორიენტაციაზე; არ მოგვეთხოვა რუსების ბაზების გატანა და ხელი არ გვეხლო იმ «სტატუს-კვო»-სათვის, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩამოყალიბდა 2004 წლისთვის. მათ შორის, იგულისხმება მშვიდობისა და სტაბილურობის ისეთი «ძე გლი», როგორიც იყო ერგენთის ბაზრობა.
        საქართველო მაშინ ითვლეობდა «არშემდგარ სახელმწიფოდ». სამგიეროდ, მშვიდობიანი ქვეყანა იყო და ტალიავინის კომისიასაც საქმე არ ექნებოდა.
        ხოლო თუ ვცდილობთ შევქმნათ სახელმწიფო, მაშინ იმასაც უნდა შევურიგდეთ, რომ ასეთი მეზობლის და ასეთი პრობლემების პატრონს ეს უომრად და უმტკივნეულოდ არ გამოგვივა. მაშასადამე, ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, საერთოდ რა გვინდა: სახელმწიფო თუ მშვიდი ცხოვრება.