საერთაშორისო მიმოხილვა. 8 აპრილი. 2024 წელი
შვეიცარიული ანალიტიკური რესურსი NZZ აქვეყნებს უკრაინაში ფრანგული არმიის ქვედანაყოფთა განთავსების 4 შესაძლო ვარიანტს:
ა) ბელორუსის საზღვარზე, რათა იქ დისლოცირებული უკრაინული ჯარების გადასროლა გახდეს შესაძლებელი დონბასის ფრონტზე.
ბ) დნეპრის (ქალაქ დნეპრის და მდინარე დნეპრის) მიდამოებში ფრანგული ჯარის განლაგება, რაკი ქალაქი დნეპრი მდინარე დნეპრის ისეთ მონაკვეთზე მდებარეობს, რომელიც მთელი აღმოსავლეთ უკრაინის „ჰაბია“ სატრანსპორტო თვალსაზრისით
გ) ოდესას მიდამოებში ფრანგული არმიის განლაგება, რათა რუსეთმა ვერ შეძლოს უკრაინის მოგლეჯა შავი ზღვისგან
დ) რუმინეთში ან მოლდოვაში ფრანგული არმიის განლაგება, საიდანაც ისინი საჭიროების შემთხვევაში იოლად მიაღწევენ ოდესას.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ფინეთში რუსების და რუსთა „სასარგებლო იდიოტების“ დემონსტრაციებია რუსეთ-ფინეთის საზღვრის დაკეტვის საწინააღმდეგოდ.
ჰელსინკიმ ეს საზღვარი საბოლოდო ჩაკეტა და ბუნებრივია, ამას იგი ვერ გაბედავდა რომ არა NATO-ს „ქოლგა“.
ბოლო 20 წლის განმავლობაში რუსები აქტიურად ყიდულობდნენ ბინებს ფინეთში და „გაუტკბათ“ იქ ცხოვრება.
ისევე, როგორც ახლა საქართველოში ყიდულობენ ბინებს
სულაც არ არის გამორიცხული, ფინეთის მთავრობას მოსწონდეს რუსი ინვესტორების აქტიურობა თუნდაც უძრავი ქონების ბაზრებზე.
მაგრამ....მოსკოვმა დაიწყო პროვოკაციების განხორციელება ფინეთთან საზღვარზე: ახლო აღმოსავლეთიდან მოიზიდა მიგრანტები და ცდილობდა ისინი ფინეთისკენ „გაერეკა“, რათა ამ „ტექნოლოგიით“ დაესაჯა ფინეთის ხელისუფლება ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრებისთვის.
პასუხიც მიიღო საზღვრის ჩაკეტვის სახით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
მსოფლიო აკვირდება, რას მოიმოქმედებს ირანი ისრაელის საწინააღმდეგოდ მას შემდეგ, რაც ისრაელმა გაანადგურა სირიაში, დამასკში ირანის საელჩო (საკონსულოს შენობა) და მოკლა 7 მაღალი რანგის ირანელი ოფიცერი.
თეირანი ბევრს იმუქრება ამის გამო და.....არაფერი ჯერ ჯერობით!
ანუ ვერ ბედავს.
გუშინ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა Yoav Gallant განაცხადა, რომ ისრაელი ირანის ნებისმიერი დარტყმისთვის მზად არის ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად.
მართლაც, ხმელთაშუა ზღვაში დისლოცირებული ამერიკული ფლოტი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ამერიკულ გემებზე განლაგებულია საზენიტო სისტემა Patriot-ის საზღვაო ანალოგები.
აქვე უნდა ითქვას, რომ როგორც The Telegraph მართებულად წერს, დამასკში ირანის საკონსულო სინამდვილეში ვიზებს კი არ გასცემდა ირანში ტურისტულად მოგზაურობის მსურველთათვის (?) არამედ „ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის“ (Iran’s Islamic Revolutionary Guard Corps (IRGC) შტაბ-ბინა იყო, საიდანაც იმართებოდა ისრაელის საწინააღმდეგო აქციები მთელს რეგიონში.
ღაზაში ტერორისტებმა 4 ისრაელელი ჯარისკაცი მოკლეს.
ჩასაფრება მოუწყვეს.
აქ განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჩასაფრება მოუწყვეს ღაზას მიწისქვეშა გვირაბებთან, რომელთა პრობლემა ცახალმა ვერა და ვერ გადაწყვიტა:
ვერც კი შედიან ამ გვირაბებში, რაკი დანაღმულია;
ოღონდ ისეთნაირად არის დანაღმული, რომ თვით პალესტინელები იქ მაინც მოძრაობენ, რაკი დანაღმული ლოკაციების რუკები მათ აქვთ.
ირკვევა, რომ 6 თვის განმავლობაში, სპეცოპერაციის დაწყებიდან, ისრაელის არმიამ 604 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა
თუ ძალთა რეალურ თანაფარდობას გავითვალისწინებთ, ეს ძალიან ბევრია.
ზოგადად პარტიზანულ ომში გამარჯვება ძალიან ძნელია
ისრაელის ორივე დიდი ომი: 1968 წლის და 1973 წლის „განკითხვის დღის“ ომი სულ რამდენიმე დღე გაგრძელდა.
ეს ომი 6 თვეა გრძელდება და ბოლო არ უჩანს, რაც ამძიმებს ისრაელის მდგომარეობას განსაკუთრებით პოლიტიკური თვალსაზრისით.
7 აპრილს ისრაელმა განაცხადა, რომ დაასრულა მზადება „ოპერაციისთვის ჩრდილოეთით“ ანუ ლიბანში.
60 000 მშვიდობიანი ისრაელელი მოსახლე ევაკუირებულია და რაც მთავარია, ცახალი (ისრაელის არმია) არ გამორიცხავს, რომ მისი მოქმედება იქნება არა თავდაცვითი, არამედ შეტევითი ლიბანის სიღრმეში.
იქ დისლოცირებულია პრო-ირანული დაჯგუფება „ჰესბოლლა“, რომელიც „ჰამასზე“ ათჯერ ძლიერია.
როგორც ჩანს ისრაელის გენერალიტეტი არ გამორიცხავს, ირანმა სწორედ ლიბანიდან დაარტყას ისრაელს სირიაში ირანელი ოფიცრების ლიკვიდაციის გამო.
სხვაობა ღაზასთან კიდევ ისაა, რომ ამერიკის ფლოტი, რომელიც ღაზას ომში არ ერევა, ლიბანის ომში აუცილებლად ჩაერევა, რაკი (ვიმეორებ) ჰესბოლლა მეტისმეტად ძლიერია და კარგად შეიარაღებული რაკეტებით თუ სხვა საბრძოლო ტექნიკით, რაც მიწისქვეშა ბუნკერებში აქვთ დამალული.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
უკვე ვწერდით რუსული „პლანირებადი ბომბების“ ანუ „მოფარფატე ბომბების“ (Glide bombs) შესახებ, რომლებიც სულ უფრო დიდ როლს ასრულებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიაში.
მარტო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსულმა ავიაციამ 700 ასეთი ბომბი ჩამოაგდო უკრაინულ პოზიციებზე.
Glide bombs ძალიან ეფექტურია საფორტიფიკაციო ნაგებობათა გასანადგურებლად. თან რუსული თვითმფრინავები SU34s მათ უშვებენ შორი მანძილიდან ისე, რომ არ უახლოვდებიან უკრაინის საზენიტო სისტემების კონტროლირებად სივრცეს.
Glide bombs ჯერ ერთი იაფია და უდიდესი მარაგიც აქვს რუსეთს სსრკ ეპოქიდან შემორჩენილი და მეორეც, იოლი საწარმოებელია - არაფერი განსაკუთრებით რთული ტექნოლოგია არ ესაჭიროება.
ბოლო რამდენიმე დღეა უკრაინა აქტიურად ბომბავს აეროდრომებს რუსეთის სამხრეთში, განსაკუთრებით როსტოვის მიდამოებში, სადაც SU34s თვითმფრინავებია განლაგებული.
გუშინ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოროზოვკას სამხედრო აეროდრომზე თავდასხმის შედეგად 8 ასეთი თვითმფრინავი გაანადგურა. და 20 რუსი სამხედრო მოკლა
ოღონდ უკრაინას არ დაუკონკრეტებია, რა იარაღი გამოიყენა შეტევისას.
მაღალი ალბათობით დრონები, რადგან ეს სამხედრო აეროდრომები უკრაინიდან 400 კილომეტრშია და მათ ვერ მიწვდები იმ რაკეტებით რაც უკრაინას დასავლეთმა გადასცა.
დიდი სიშორის რაკეტებს კი (Taurus) უკრაინას გერმანია ჯერ ჯერობით არ აძლევს.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
კიდევ ერთხელ მივაქცევ ყურადღებას, რომ ამ კვირაში გაიმართება უმნიშვნელოვანესი ტრილატერალური (სამთა) სამიტი ამერიკა-იაპონია-ფილიპინები, რომელმაც წყნარი ოკეანის და აღმოსაველთ აზიის რეგიონში უნდა შექმნას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სრულიად ახალი კონტური.
ტრილატერალურ სამიტს წინ უძღვის იაპონიის პრემიერ-მინისტრის, Fumio Kishida-ს ვიზიტი ამერიკაში და მისი შეხვედრა ბაიდენთან.
ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე იაპონელმა პრემიერმა დიდი ინტერვიუ ჩაწერა CNN-თან და რამდენიმე უმნიშვნელოვანესი განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, იაპონია გამოდის პოსტWWIIერადან, იწყებს (რა თქმა უნდა ამერიკის თანხმობით) არმიის მშენებლობას და თავდაცვის ბიუჯეტს GDP 2 პროცენტამდე გაზრდის, რაც ადრე აკრძალული ჰქონდა ანუ იაპონიას უფლება არ ჰქონდა საერთოდ არმია აეშენებინა - გარდა საპოლიციო/მილიციის პრინციპებზე დაფუძნებული ფორმირებებისა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, იაპონია მზად არის ამერიკის ძლიერი მოკავშირე იყოს არა მხოლოდ წყნარ ოკეანესა და აღმოსავლეთ აზიაში, არამედ მთელს მსოფლიოში. მათ შორის მან ახსენა ახლო აღმოსავლეთი და უკრაინა.
და რაც განსაკუთრებით საინტერესოა, Kishida-მ იმავე ინტერვიუში მიანიშნა, რომ ჯო ბაიდენს უფრო უჭერს მხარს 5 ნოემბრის არჩევნებზე, ვიდრე დონალდ ტრამპს, რადგან ტრამპის იზოლაციონიზმი საფრთხეს უქმნის იაპონიის გეოპოლიტიკურ „გამოღვიძებას“
იაპონიაში არც ის დავიწყებიათ, რომ სწორედ ტრამპი შეხვდა იაპონიის მოსისხლე მტერს - ჩრდილო კორეის დიქტატორ კიმს.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ამავე კონტექსტში ყურადღებას იქცევს, რომ ზუსტად იმ დროს, როცა ვაშინგტონში ეს უმნიშვნელოვანესი ორმხრივი და ტრილატერალური სამიტი მზადდება, ჩინეთში ჩადის აშშ ფინანსთა მინისტრი Janet Yellen.
მოლაპარაკება გამართა ჩინელ პრემიერთან და აღიარა, რომ ეს მოლაპარაკება „მკაცრი“ იყო.
აქ აბსოლუტურად უეჭველია კორელაცია: ამერიკას აშფოთებს არა მხოლოდ რუსეთთან ჩინეთის „ფლირტი“ და „მეორადი იმპორტი“, არამედ ჩინეთის სტრატეგია - ძირი გამოუთხაროს ამერიკის გლობალურ ეკონომიკურ და სავაჭრო პოზიციებს იუანის ხელოვნური დევალვაციით და დემპინგით.
გარდა ამისა, ამერიკას ისიც აშფოთებს, რომ 2027 წლისთვის, როცა კიდევ უფრო მოახლოვდება ევროკავშირში შიდა წვის ავტომობილების სრული აკრძალვის ვადა (2035 წლიდან) ჩინეთი შეძლებს ყოველწლივ 10 მილიონი ელექტრომობილის გამოშვებას ანუ შეეცდება ევროპის ბაზარი დაიპყროს მთლიანად.
ბაზრის თვისება კი ესაა: მერე იქიდან კონკურენტის გაძევება ძალიან ძნელი ხდება.
აშშ პრობლემა ისიცაა, რომ ილონ მასკის Tesla „დიდებულ“ დახმარებას უწევს ჩინეთს ელექტროკართა ტექნოლოგიების მოპარვაში და გამოყენებაში.
შეგნებულად თუ შეუგნებლად ამას არა აქვს სისტემური მნიშვნელობა.