14 აპრილი - თანამედროვე ეროვნული მოძრაობის პირველი აქტი

14 აპრილი - თანამედროვე ეროვნული მოძრაობის პირველი აქტი

 

    1978 წლის 14 აპრილს, თბილისის სტუდენტობამ, ინტელიგენციის ნაწილმა და მოსახლეობის იმ კატეგორიამ, რომელსაც სოციალური მოტივებით ჭირის დღესავით სძულდა კომუნისტური ხელისუფლება, 1956 წლის 9 მარტის შემდეგ პირველი ფართომაშსტაბიანი აქცია მოაწყო
    ოღონდ 9 მარტისაგან განსხვავებით, ამ აქციას «სტალინ-ლენინისადმი» თაყვანისცემის ნიშანწყალიც კი არ ეტყობოდა. ლოზუნგები და მოტივაცია აშკარად ანტირუსული იყო. სხვათა შორის, პირველი სიმპტომი რუს და ქართველ დისიდენტთა დაპირისპირებისა სწორედ მაშინ გაჩნდა, ვინაიდან სახაროვმა და მისმა თანამოაზრეებმა იგრძნეს, რომ თბილისში წამოწყებული მოძრაობა მხოლოდ ანტიკომუნისტური როდი იყო - მას ანტირუსული ხასიათიც ჰქონდა.
    თხუთმეტი წლის შემდეგ, 1993 წელს, ბრიტანულმა კომპანია ბი-ბი-სიმ რუსულ ენაზე გადმოსცა სპეციალური პროგრამა, რომელიც რუსული ენის წინააღმდეგ ყოფილ საბჭოთა კავშირში გაჩაღებულ ბრძოლას შეეხებოდა. ერთ-ერთ მაგალითად დასახელდა 14 აპრილიც. რუსი დისიდენტი (ბი-ბი-სი-ს თანამშრომელი) აღშფოთებას ვერ მალავდა. მისი თქმით, 14 აპრილი იყო რუსული ენის წინააღმდეგ მდაბალი (Пошлейшая) ბრძოლის მაგალითი.
    14 აპრილს საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი იყო ისეთი ცვლილების შეტანა, რომელიც რუსული ენის პრიორიტეტს კი არ აკანონებდა, არამედ აუქმებდა ქართულის უპირატესობას საქართველოში - ეს სწორად უნდა გავიაზროთ.
    ამრიგად, 14 აპრილის აქციას სავსებით კონკრეტული დატვირთვა ჰქონდა, მაგრამ იგი მხოლოდ ნაწილობრივ იქნა განხორციელებული: ახალი რედაქციის თანახმად, ქართული - სახელმწიფო ენად იქნა აღიარებული მხოლოდ კულტუროლოგიური თვალსაზრისით და არა სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებში; თუმცა იმდროინდელ საბჭოთა იმპერიაში ეს მაინც სერიოზული დემარში იყო, რამაც კომუნისტური ელიტა უაღრესად გააღიზიანა.
    შესაბამისმა «სასჯელმაც» არ დააყოვნა: აფსუა სეპარატისტებმა უმალვე ისარგებლეს მოსკოვში არსებული გაღიზიანებით და აფხაზეთში (შესაბამისი ლოზუნგითა და მოთხოვნებით) ანტიქართული პროვოკაციები მოაწყვეს. შედეგად კი აფხაზეთში სამი სახელმწიფო ენა გამოცხადდა: აფხაზური, რუსული და ქართული. ამით დაგვსაჯა კრემლმა «თავხედობისათვის». გულდათუთქული რუსი დემოკრატები კი უკვე მაშინ სვამდნენ რიტორიკულ კითხვას: თუ ქართველები ასე იცავენ საკუთარ დედაენას, მაშინ რატომ არიან წინააღმდეგნი აფხაზებმა და ოსებმაც დედა-ენა სახელმწიფოდ გამოაცხადონ?

მერიდიანი, 13 აპრილი, 1998 წ.