გიორგი გამსახურდია დედას არ დაპირისპირებია

გიორგი გამსახურდია დედას არ დაპირისპირებია

   

    რამდენიმე დღის წინ თბილისში გავრცელდა სენსაციური ინფორმაცია, რომლის თანახმად, ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას უმცროსმა ვაჟმა, გიორგიმ, რომელსაც «ზვიადისტურმა» მასობრივმა ცნობიერებამ მამის ქარიზმა მიაკუთვნა (უმთავრესად გარეგნობისა და ქცევის მანერის გამო) თითქოსდა, დედის, - მანანა არჩვაძე-გამსახურდიას წინააღმდეგ გაილაშქრა.
    გიორგი გამსახურდიას თქმით, «მრგვალი მაგიდა» და მისი სპიკერი ღალატობენ საქართველოს პირველი პრეზიდენტის იდეალებს. ამ ცნობას შეეძლო საერთოდ ნულზე დაეყვანა გამსახურდიათა ოჯახის ავტორიტეტი, რადგან ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს აქვს საზღვარი (მათ შორის დაპირისპირებას), - არ შეიძლება ოჯახის წევრები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, იმავდროულად კი საზოგადოებრივ, მასობრივ პოპულარობას ინარჩუნებდნენ; ვგულისხმობ სწორედ მასობრივ მხარდაჭერას, თორემ საქართველო მთლიანობაში იმდენად უცნაური ქვეყანაა, თითო-ოროლა პათოლოგი ამასაც მოუძებნიდა გამართლებას.
    თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გიორგი გამსახურდია დედას არ დაპირისპირებია. მან მართლაც თქვა ზემოთმოყვანილი ფრაზა «მრგვალი მაგიდისა» და მისი სპიკერის შესახებ, მაგრამ გულისხმობდა არა იმ «მრგვალ მაგიდას», რომელშიც «ოჯახურად «არის გაწევრიანებული, არამედ მეორე «მრგვალი მაგიდას», რომელსაც თენგიზ კიკაჩეიშვილი ხელმძღვანელობს; როგორც ცნობილია, ზვიად გამსახურდიას ქვრივის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ «მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო» ორად გაიყო. ორთოდოქს ზვიადისტთა ერთმა ნაწილმა არჩვაძეს დაუჭირა მხარი. აქ იმდენად იდეოლოგიური დაპირისპირება არ ყოფილა, რამდენადაც ფიგურებს შორის ანტაგონიზმი; ისიც არა პიროვნულ საფუძველზე. მანანა არჩვაძეს უბრალოდ სურდა სათავეში ჩადგომოდა ქმრის მიერ დაწყებულ მოძრაობას, რადგან თენგიზ კიკაჩეიშვილი ამის ღირსად არ მიაჩნდა; შესაძლოა, მას საერთოდ არც იცნობდა და რომც სცნობოდა, ვინ იყო მისთვის კიკაჩეიშვილი? არავინ! ისევე, როგორც ძველი «მრგვალი მაგიდის» სხვა წევრები.
    ბუნებრივია, დედა-შვილს შორის ყოველგვარი რეალური დაპირისპირება გამორიცხულია, ვინაიდან ისინი ფანატიკოსები ნამდვილად არ არიან - ქმრისა და მამის საქმის გაგრძელებაზე იღვწიან, ანუ შურისძიებაზე იმ ხალხის მიმართ, ვინც დეკემბერ-იანვრის გადატრიალება მოაწყო.
    გიორგი გამსახურდია თანატოლთა შორის მართლაც სარგებლობს ავტორიტეტით და ქარიზმასაც ინარჩუნებს, - განსხვავებით უფროსი ძმისაგან, რომელსაც ოჯახის წევრების გარდა, ფაქტობრივად, არავინ იცნობს.
    ვიმეორებ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქ გარეგნობას და ქცევის მანერას აქვს. თუმცა, ალბათ, პიროვნულ ამბიციებსაც. სხვა საკითხია, რამდენად რეალურია ეს ამბიციები და რამდენად გააჩნია საერთოდ პერსპექტივა ამ მოძრაობას.
    არ არის გამორიცხული, საპარლამენტო არჩევნების წინ დედა-შვილმა აზრი შეიცვალოს და მაინც მიიღოს მასში მონაწილეობა. დღემდე ისინი «მოღალატედ» მიიჩნევენ ყველა იმ ძალას, ვინც «თანამშრომლობს შევარდნაძის რეჟიმთან», ხოლო არჩევნებში მონაწილეობა «თანამშრომლობის ფორმად» მიაჩნიათ.
    მაგრამ ზოგიერთი სიმპტომის შესაბამისად, ეს პოზიცია საბოლოო არ არის. მაშასადამე, პოლიტოლოგებმა და ექსპერტებმა ახლავე უნდა გაარკვიონ, რას გამოიწვევს ელექტორალური თვალსაზრისით, გამსახურდიების ოჯახისა და მათი «მრგვალი მაგიდის» მონაწილეობა მომავალ არჩევნებში - შეიძლება სერიოზულს არც არაფერს, - მხოლოდ «ზვიადისტური» ელექტორატი დაიშლება.
    ყველა «ზვიადისტურმა» ორგანიზაციამ ერთად რომ მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში, ანუ თუ გაერთიანდა ისევ მრგვალ მაგიდად «ჰელსინკის კავშირი», «წმინდა ილია მართლის საზოგადოება», «კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოება» და ა.შ. წარმატების შანსი მათ ნამდვილად ექნებოდათ. ყოველ შემთხვევაში, 5 პროცენტიან ბარიერს უეჭველად გადალახავენ, მაგრამ დაშლა-დანაწევრების პირობებში, ცალ-ცალკე ნახევარ პროცენტსაც ვერ მოაგროვებენ.
    ამ თვალსაზრისით შესაძლოა, მხოლოდ სამეგრელო ყოფილიყო გამონაკლისი. ამრიგად, დედა-შვილის დაპირისპირება სისულელეა. საქართველოში ამგვარი დაპირისპირება საერთოდ პათოლოგიის გამოვლინებაა, მით უმეტეს, პოლიტიკურ ნიადაგზე, მაგრამ რაკი ჭორი საკმაოდ ფართოდ გავრცელდა - ამას უკვე აღარაფერი ეშველება და გარკვეულ ზიანს გამსახურდიების იმიჯს (ზვიადისტურ მასაში) ეს ცნობა მაინც მიაყენებს. ამ ინფორმაციის გავრცელებაც სწორედ აქეთკენ იყო მიმართული და არც მისი დამკვეთის ამოცნობა წარმოადგენს განსაკუთრებულ სირთულეს.

მერიდიანი, 26 აგვისტო, 1998 წ.