საერთაშორისო მიმოხილვა. 5 ივნისი. 2024 წელი.
მას შემდეგ, რაც ამერიკისგან „მწვანე შუქი“ აენთო, უკრაინამ აქტიურად დაიწყო ამერიკული იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე. გუშინ უკრაინის არმიამ HIMARS რაკეტებით უკვე წარმატებით დაბომბა რუსული სარაკეტო გამშვები სისტემები ბელგოროდის რაიონში.
ამერიკული პირობა ძალაშია: „ჩვენი იარაღით მხოლოდ სამხედრო ობიქტები!“
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა აღიარა, რომ მის ქვეყანას სურს გაერთიანდეს BRICS-ში.
BRICS (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა) მოსკოვისა და პეკინის (უფრო მოსკოვის ვიდრე პეკინის) ინიციატივით შექმნილი გაერთიანებაა.
დიპლომატიური რანგირებით, ეს არის ერთგვარი „მოლაპარაკებათა პლატფორმა“, რომელსაც კონკრეტული უსაფრთხოების ან თუნდაც ეკონომიკური ინტეგრაციის განზომილებები თითქოს არა აქვს, თუმცა მოსკოვი და პეკინი მის გაძლიერებაზე მუშაობენ განსხვავებით „შანხაის ორგანიზაციისაგან“, რომელსაც სწორედაც სტრატეგიული უსაფრთხოების და სამხედრო განზომილება აქვს და უკვე არა მოსკოვის არამედ პეკინის უპირატესი ინიციატივით შეიქმნა.
BRICS გაფართოებას პუტინი, სი ძინპინის დახმარებით, ცდილობს დასავლეთის სისტემურ ალტერნატივად ისე, რომ „სატყუარად“ იყენებს მრავალი ქვეყნის სურვილს „დააბალანსოს“ დასავლეთი!
თუმცა ფორმალურად, თუ მაგალითად თურქეთი გახდა ამ გაერთიანების წევრი, ეს სულაც არ ეწინააღმდეგება NATO-ში თურქეთის წევრობას და არც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.
სწორედ ესაა BRICS-ის გეოპოლიტიკური რუსულ-ჩინური კონცეპტის მზაკვრობა: ფორმალურად თითქოს არანაირ ვალდებულებას არ მოიცავს, თუმცაღა დე ფაქტო, On the Ground „ხლეჩს“ დასავლურ ინსტიტუტებს.
ეს ანკარას მხრიდან დაახლოებით ისეთივე პროვოკაციული ნაბიჯია, როგორც რუსებისგან С-400 საზენიტო სისტემის შესყიდვა. თუმცა BRICS-ში თურქეთის შესვლა ბევრად უფრო „შორს შეტოპვა“ გამოვა; მაგრამ რას მოიმოქმედებენ საპასუხოდ NATO ან EU ჯერ გაუგებარია.
ანკარა ყველა პრეტენზიაზე უპასუხებს, რომ EU-ში მრავალი წელია არ მიიღეს და...... სამხრეთ აფრიკაც დასავლური სამყაროს ნაწილია, მიუხედავად BRICS-ში წევრობისა, ოღონდ თურქეთთან სხვაობა ის არის, რომ SAR NATO-ს წევრი არ არის.
სამწუხაროდ, პუტინის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ აი ამგვარი თითქოსდა ბუტაფორიული, არაფრისმაქნისი ორგანიზაციებით, როგორიცაა BRICS, კრემლის ბინადარი ახერხებს დასავლურ სამყაროში სოლიდარობისა და ამ სოლიდარობის საფუძველზე ჯერ კიდევ ცივი ომის დროს ჩამოყალიბებულ ინსტიტუციათა „გადღაბვნას“
პუტინმა და სი-მ ისიც კი სცადეს, BRICS ფარგლებში ე.წ. „ეროვნული ვალუტებით“ ანუ რუბლით, იუანით....და ა.შ ვაჭრობა შემოეღოთ და ვინ წავიდა წინააღმდეგი? რა თქმა უნდა სამხრეთ აფრიკა.
იმიტომ, რომ დოლარის და ევროს ზონიდან გასვლა იოჰანესბურგს არ აწყობდა.
და თუ ასეა, ამ რუსულ-ჩინურ გაერთიანებაში რაღა ესაქმება? მხოლოდ და მხოლოდ „ბალანსი“ და დასავლელ პარტნიორთა „ლბილი დაშანტაჟება“ - მეტი ბენეფიტის მისაღებად.
აი დაახლოებით იგივეა ახლა ერდოღანის მოტივაცია: „ლბილად დააშანტაჟოს“ ამერიკა, დასავლეთი....მეტი ბენეფიტი გამოივაჭროს ამგვარი „ბალანსირებით“ და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ამერიკა (პირველ რიგში ამერიკა, როგორც დოლარის მფლობელი) „ცხვირში მწარე ფინანსურ წკიპურტს“ არ მიჰკრავს ერდოღანს (რომლის ლირა კოსმოსური სისწრაფით უფასურდება) და არ აგრძნობინებს რამდენს დაკარგავს ამ „ორ სკაზე ჯდომით“; „ჰოდა მოგცეს ახლა დოლარის ნაცვლად პუტინმა მისი რუბლები - შენი ლირას გასამყარებლად. ვნახოთ ერთი რუბლი რამდენად გაგიმყარებს ლირას“
პუტინისთვის ყველაზე „ძვირფასი“ ამ მხრივ მაინც არა სამხრეთ აფრიკა, არამედ ინდოეთია!
ჯერ ერთი ინდოეთი მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი დემოკრატიაა; მეორეც დასავლეთში ჩინეთის საპირწონედ განიხილებ(ოდა) და სწრაფად განვითარებადი გრანდიოზული ეკონომიკის ქვეყანაცაა.
თან ბირთვული სახელმწიფოა.
ამ მხრივ, პუტინის პოზიციებს ინდოეთში სამწუხაროდ გააძლიერებს არჩევნების შედეგი: გუშინ გამოქვეყნებული მონაცემებით, პრემიერ-მინისტრი ნარანდრა მოდი ალბათ შეინარჩუნებს პოსტს, თუმცა მისმა პარტიამ დაკარგა მყარი უმრავლესობა, რომელიც ჰქონდა ამ საპარლამენტო არჩევნებამდე
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ძალიან საინტერესო და ნიშანდობლივი რამ მოხდა გაეროში: ამ უნივერსალური ორგანიზაციის შესაბამისმა დეპარტამენტმა თუ განყოფილებამ შეწყვიტა თანამშრომლობა რუსეთის კომპანიებთან, რომლებიც გაეროს „სასურსათო პროგრამის“ ფარგლებში აწვდიდნენ სურსათს მშიერ ქვეყნებს.
ანუ ეს ასე მუშაობდა: გაერო, თავისი ბიუჯეტიდან (ამ ბიუჯეტს დასავლეთი ავსებს ძირითადად და არა რუსეთი) ყიდულობდა სხვადასხვა ქვეყანაში (მათ შორის რუსეთში) სურსათს და შემდეგ აწვდიდა აზია-აფრიკის მშიერ სახელმწიფოებს.
ახლა რუსული კომპანიებისგან აღარ იყიდიან სურსათს; არადა ასეულობით მილიონ დოლარზეა საუბარი.
ბუნებრივია, ეს დასავლეთის „სასანქციო“ პოლიტიკის ნაწილია პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ.
რატომ არის ეს გადაწყვეტილება ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და სისტემური? საქმე ის გახლავთ, რომ გაეროში, როგორც უნივერსალურ ორგანიზაციაში, 1944 წლიდან (როცა დაფუძნდა კალიფორნიის კონფერენციაზე) მოქმედებს „ვეტოს“ ინსტიტუტი მნიშვნელოვანი გლობალური გადაწყვეტილებების მიღებისას. ანუ ამერიკას, რუსეთს (მანამდე სსრკ-ს) ჩინეთს, საფრანგეთს და დიდ ბრიტანეთს აქვთ ვეტო-ს უფლება უშიშროების საბჭოში, მაგრამ.....გაეროს ასევე აქვს უამრავი დეპარტამენტი, უამრავი ინსტიტუტი, სადაც „ვეტო“ არ მოქმედებს და უმრავლესობას, ასევე უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებულ გაეროს ბიუროკრატიას შეუძლია დასაჯოს აგრესორი!
სხვაგვარად თუ ვიტყვით, რუსეთს შეეძლო არ ენაღვლა იმით, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შედეგად უმცირესობაში აღმოჩნდა, ხოლო მსოფლიოს სახელმწიფოთა დიდი უმრავლესობა (არა მხოლოდ დასავლეთი) მისი აგრესიის წინააღმდეგია. უშიშროების საბჭოში სულაც მარტო რომ ყოფილიყო, დაავეტოვებდა რეზოლუციას და მორჩა.
სამაგიეროდ, გაეროს გენერალურ ასამბლეაში ხსენებულ უმრავლესობას შეეძლო მიეღო რეზოლუცია რუსეთის დაგმობით, ოღონდ იმ რეზოლუციას იურიდიული ძალა არა აქვს და მოსკოვს მისი „დაიგნორება“ შეეძლო მაგრამ.......როცა უმრავლესობა და უმრავლესობის დაკომპლექტებული ბიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, აი ამის დაიანგარიშება უკვე მოსკოვს აღარ შეუძლია - აეწვათ კიდეც, ატეხეს ისტერიკა და „დისკრიმინაცია“ უწოდეს.
უწოდონ. ეს არავის აღელვებს იმ დეპარტამენტებში ისევე, როგორც რუსეთს არ ანაღვლებდა გაეროს გენასსამბლეის რეზოლუციები, რაკი ისინი არანაირ სანქციებს (ფარულ თუ დეკლარირებულს) არ ითვალისწინებდნენ.
. . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი ჰააგას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრების წინააღმდეგ, რომელიც განიხილავს ამ სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის ინიციატივას ისრაელის პრეზიდენტის, ბენიამინ ნეტანიაჰუს „საერთაშორისო ძებნაში“ გამოცხადების ანუ დაპატიმრების შესახებ.
ჰააგის სასამართლოს წევრებს ამერიკა დაასანქცირებს თუ „დაპატიმრების ორდერის“ გაცემას გაბედავენ.
კონგრესის ქვედა პალატის მიღებულ კანონს უნივერსალური ხასიათი აქვს.
მასში ნათქვამია, რომ სანქცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც დაპატიმრების ორდერს გასცემენ ნებისმიერ „სახელმწიფო დაცვის მქონე პიროვნებაზე“ ამერიკაში ან „ამერიკის მოკავშირე სახელმწიფოებში“.
ბუნებრივია, ისრაელი ამერიკის მოკავშირე სახელმწიფოა ხოლო ბენიემინ ნეტანიაჰუს, როგორც პრემიერს აქვს ისრაელის სახელმწიფო დაცვა.
აქ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამერიკელი კანონმდებლები იმ სახელმწიფოთა ხელისუფალთაც ემუქრებიან სავიზო და ფინანსური სანქციებით, ვინც მოინდომებს ჰააგის გადაწყვეტილების აღსრულებას.
ანუ, მაგალითად, თუ ნეთანიაჰუ ჩავა ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოში (ვთქვათ იტალიაში ან საფრანგეთში ან გერმანიაში), ადგილობრივი ხელისუფლება, რაკი ცნობს სსს-ს (საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს) იურისდიქციას, და მიერთებულია „რომის სტატუტთან“ ამ სასამართლოს შექმნის შესახებ....იძულებული და ვალდებული იქნება ბიბი დააპატიმროს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ამერიკული კანონით, მათაც დაეკისრებათ სანქციები
აი სწორედ ეს ბოლო გარემოება ქმნის იმის მაღალ ალბათობას, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ამ კანონს დაავეტოვებს: ან სენატში „გაჭედავენ“ მას დემოკრატები, ან ბაიდენი არ მოაწერს ხელს საბოლოოდ, ხოლო ვეტოს გადასალახად „რესპუბლიკელებს“ კონგრესში ხმები არ ეყოფათ.
თუმცა....ტრამპი თუ დაბრუნდა თეთრ სახლში, რა თქმა უნდა ხელს მოაწერს - სულ არ ანაღვლებს მას ევროპელ „მოკავშირეთა“ რეაქცია.
ისტორიაში შევიდა ეპიზოდი: თეთრ სახლში ანგელა მერკელთან შეხვედრისას, დონალდ ტრამპმა დიდი გერმანიის ისტორიულ კანცლერს, თანაც ქალს (!) ხელი არ ჩამოართვა ჟურნალისტების წინაშე, როცა „ოვალურ კაბინეტში“ დივანზე ისხდნენ.