საერთაშორისო მიმოხილვა. 22 მარტი. 2022 წელი.

საერთაშორისო მიმოხილვა. 22 მარტი. 2022 წელი.

რუსის ჯარი უკრაინაში წინ ვერ მიიწევს

ფაქტია, არც ერთი სტრატეგიული მიმართულებით წინსვლა არა აქვს სამი მიმართულებიდან: კიევი; ოდესა, დონბასი/ლუგანსკი. ბომბავენ და უიარაღო ხალხს ხოცავენ.

ამის მთავარი მიზეზი უკრაინული არმიის არა მხოლოდ გმირული (ეს თავისთავად) არამედ კვალიფიციური და პროფესიული (ომი პროფესიულ კომპეტენტურობას მოითხოვს) წინააღდმეგობაა.

მთავარი საკითხი მარიუპოლია, რადგან სანამ მარიუპოლი არ დანებდება, რუსეთ-ყირიმის სახმელეთო დერეფანი გაჭრილი არ არის.

როგორც სჩანს რუსის ჯარი მარიუპოლს მთლიანად დაანგრევს, გადაწვავს და მიწასთან გაასწორებს.

წინა დღეებისგან განსხვავებით, რუსეთის ჯარმა ოკუპირებულ ქალაქებში (მაგალითად ხერსონში) მშვიდობიანი, უიარაღო დემონსტრანტების ხოცვა დაიწყო.

მანამდე მოქალაქეებს დამიზნებით არ ესროდნენ. მხოლოდ ჰაერში ისროდნენ ოკუპანტები;  თუმცა ახლა როგორც სჩანს პუტინისგან ბრძანება მიიღეს: მაინც სისხლისმსმელ სატანებად ვითვლებით მთელს მსოფლიოში, დასაკარგი რაღა გვაქვს და დემონსტრანტებიც დავხრიტოთ, რაკი მსოფლიოს აჩვენებენ, რომ დაპყრობილ ქალაქებშიც კი, სადაც რუსული მოსახლეობაა, ჩვენს წინააღმდეგ გამოდის ხალხიო. მათ შორის რუსები.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსი მოჭადრაკე, გროსმეისტერი, მსოფლიო ჩემპიონობის რეალური კანდიდატი  სერგეი კარიაკინი FIDE-მ  6 თვით ჩამოაშორა ტურნირებს იმის გამო, რომ მან გაამართლა და მოიწონა რუსეთის მოქმედება უკრაინაში. უბრალოდ კი არ `გაჩუმდა` ან `არ დაგმო` არამედ გაამართლა!

ეს იგივეა, ებრაელთა გენოციდის დაგმობისთვის რომელიმე გერმანელი 6 თვით რომ ჩამოეშორებინათ ტურნირებისთვის და მერე ვითომც არაფერი, ისე გაეგრძელებინა.

FIDE-ს პრეზიდენტი, ყოფილი რუსეთის ვიცე-პრემიერი არკადი დვორკოვიჩი, რომელიც დაეთანხმა საჭადრაკო ტურნირების გატანას რუსეთიდან, ასევე რუსეთის საჭადრაკო ნაკრების (კოლექტიურად და არა პიროვნულად) საჭადრაკო კოლექტიური(!) ტურნირებიდან მოხსნას, ამის გამო რუსეთში ძლიერად `დაპრესეს` და მანაც  ვერ გაუძლო.

ამიტომ მხოლოდ 6 თვით ჩამოაშორა ინდივიდუალურ ტურნირებს კარიაკინი, რომელმაც გაამართლა (!) უკრაინელი ბავშვების ხოცვა-ჟლეტა. არც მოუნანიებია და....6 თვის მერე ის ბავშვები გაცოცხლდებიან?!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აშშ ელჩი რუსეთში, ჯონ სალივანი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს იმის გამო, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა პუტინს `სამხედრო დამნაშავე` უწოდა.

პუტინის ერთ-ერთი თვისება ისაა, რომ პიროვნულ შეურაცხყოფებს ის ყურადღებას არ აქცევს. პასუხობს სტილში `Сам дурак`. ეს მისი ერთ-ერთი თავისებურებაა რაც ბევრ დამკვირვებელს აღუნიშნავს.

ახლა მისთვის პრობლემად რჩება (როგორც უკვე ვწერდით), რომ ტერმინი `სამხედრო დამნაშავე` შეურაცხყოფა კი არ არის მხოლოდ და იმდენად, არამედ კონკრეტული ბრალდებაა ჰააგის ტრიბუნალისთვის. ან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის იმავე ჰააგაში.

თუ ამერიკამ გაეროს რეფორმირება არ მოახდინა, პუტინის საქმე (განსხვავებით სერბეთის დიქტატორ მილოშევიჩისაგან) ჰააგის ტრიბუნალამდე ვერ მივა. რადგან კონკრეტულ საქმეზე ტრიბუნალის შექმნა გაეროს უშიშროების საბჭოს პრეროგატივაა. იქ კი რუსეთს ვეტო-ს უფლება აქვს.

საქმე ისაა, რომ ტრიბუნალი ჰაააგში ყველა კონკრეტულ საქმეზე გაეროს უშიშროების საბჭოს კონკრეტული გადაწყვეტილებით იქმნება

2000 წელს სლობოდან მილოშევიჩის ჰააგის ტრიბუნალზე გასამართლებას პუტინმა (უკვე პრეზიდენტი იყო) ხმა მისცა ანუ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია არ `დაავეტოვა`, თუმცა.....მაშინ ჯერ კიდევ `სხვა`, ბევრად სუსტი პუტინი იყო, გარდა ამისა, მილოშევიჩი დიდად არც ანაღვლებდა. ახლა საკუთარი თავის ტრიბუნალზე დასჯას ხომ არ მისცემს ხმას?

რაც შეეხება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რუსეთი რომის სტატუტს მიერთებული არ არის და ამ სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებს, თუმცა ამ სასამართლოს ეს ხელს ვერ შეუშლის, რადგან დანაშაული სხვა ქვეყნის (უკრაინის) ტერიტორიაზეა ჩადენილი და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ამოქმედებას  (განსხვავებით ტრიბუნალისგან) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია არ სჭირდება.

აქვე მოკლედ ვიტყვი, თუ რატომ ვერ ახერხებს ამერიკა უკვე დიდი ხანია გაეროს უშიშროების საბჭოში `ვეტო`-ს უფლების გაუქმებას, ან თუნდაც ახალი` გაერო`-ს დაფუძნებას  და რატომ უტოვებს მოსკოვს ამ ინსტრუმენტს, როგორიცაა ვეტო გაეროს უშიშროების საბჭოში. `ვეტო`-ს გარეშე ეს უკვე სხვა გაერო იქნებოდა.

მთავარი მიზეზი ისაა, რომ . . . . . .  არის ერთი `მარადიული კონფლიქტი` მსოფლიოში, როდესაც მთელი მსოფლიო ერთი სახელმწიფოს წინააღმდეგია (ამერიკის გარდა) და ამერიკაც  იძულებულია იმ ერთი  პატარა სახელმწიფოს დასაცავად ვეტოს უფლება გამოიყენოს.

თუ ვეტო-ს უფლება აღარ ექნება, ვერც იმ სახელმწიფოს დაიცავს და ხშირად მომხდარა ბოლო 70 წლის მანძიზლე, ამერიკა ერთადერთი ყოფილა, ვინც მთელი მსოფლიოს (მათ შორის ევროპის)  წინააღმდეგ გამოსულა რეზოლუციის კენჭისყრისას......ეს სახელმწიფოა ისრაელი და კონფლიქტი, რომელზეც ვსაუბრობთ, არის ისრაელ-პალესტინის, უფრო ზუსტად, ისრაელ-არაბული კონფლიქტი.

აი ამიტომ და მხოლოდ ამიტომ არ აძლევს ხელს ამერიკას გაეროში `ვეტოს` გაუქმება (აბა ისრაელს  ნამდვილად ვერ მიატოვებს:  ისრაელი `იუდეა-ქრისტიანული ცივილიზაციის` პირველწყაროა!), რითაც პუტინი სარგებლობს ახლა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა: ევროკავშირის ხარჯი თავდაცვის და სამხედრო სფეროში  200 მილიარდი ევროა, რაც ოთხჯერ მეტია ვიდრე რუსეთის ხარჯები, თუმცა რუსეთზე ნაკლებ ეფექტურიაო.

საშინელი განცხადებაა ნამდვილად.

მერედა ვისი ბრალია? უბრალოდ კატასტროფაა წევრად გყავდეს ბირთვული საფრანგეთი, წევრად გყავდეს გერმანია მისი გენიალური ინდუსტრიით და....`ჩვენი 200 მილიარდი ნაკლებად ეფექტურია ვიდრე რუსეთის 50 მილიარდიო` - ამბობდე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მივაქციოთ ყურადღება, რომ დღემდე, მიუხედავად ნამდვილად მძიმე დასავლური საქნციების და მიუხედავად მოლოდინისა, რუსეთს არ განუხორციელებია კიბერ შეტევა ამერიკის და ევროპის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.

ამის უნარი მის `საინფორმაციო ჯარებს` რომ აქვთ, ეს ეუჭველია: ომამდე რამდენიმე თვით ადრე პუტინის `კიბერ-ჯარებმა` ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე კარგა  ხნით მწყობრიდან გამოიყვანეს სტრატეგიული გაზსადენი.

პუტინი ამ იარაღს ჯერ-ჯერობით არ იყენებს.

რატომ?

სამწუხაროდ იმიტომ, რომ ჯერ არ მიაჩნია სიტუაცია კრიტიკულად მისი რეჟიმისთვის. ანუ დარწმუნებულია, რომ ამ ომს მოიგებს, ზელენსკის კაპიტულაციაზე (ესაა ნეიტრალიტეტი და მარიუპოლის დათმობა) ხელს მოაწერინებს და სანქციებიც მოიხსნება.

გარდა ამისა, დავაკვირდეთ, რომ რუსეთს, რომელსაც უმდიდრესი წიაღისეული აქვს, არც ნიკელის, არც სასუქების, სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნივთიერების ექსპორტი დასაველთში არ დაუბლოკავს.

ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ევროპა რუსულ გაზზეა 40%-ითაა დამოკიდებული. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ იგივე 400 მილიონიანი ევროპა 80%-ით (!!!)  დამოკიდებულია რუსულ და უკრაინულ ხორბალზე!!!

ამაზე ცოტას წერენ, არადა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: პუტინს დღესვე შეუძლია აკრძალოს ხორბლის ექსპორტი რუსეთიდან ევროპაში, შემდეგ კი უკრაინული ექსპორტი დაბომბოს. უკრაინული ხორბლის ექსპორტი ევროპაში დიდწილად იმ ტერიტორიებიდან ხორციელდება, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს ან იოლად შეუძლია დაწვას და გაანადგუროს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

კვლავ კითხვა: რატომ არ აკეთებს ამას პუტინი?

უსიამოვნო პასუხი: პირველ რიგში არა იმიტომ, რომ ვალუტა სჭირდება რუბლის გადასარჩენად, არამედ ისევ და ისევ იმიტომ, რომ სამწუხაროდ და სავალალოდ, ჯერ არ მიაჩნია თავისი მდგომარეობა იმდენად კრიტიკულად, ეს ბერკეტები უკვე `აქ და ახლა` გამოიყენოს.

როგორც კი ამ ორი ბერკეტის გამოყენებას დაიწყებს, ეს იქნება უტყუარი ნიშანი იმისა, რომ მართლა ჩიხში მოექცა კუთხეში მიმწყვდეული გაცოფებული ვირთხასავით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

`მწვანეებს` მუდამ საკუთარი დღის წესრიგი აქვთ: მათი ზეწოლით, გაეროს გენერალურმა მდივანმა გუტიერეშმა განაცხადა, რომ თურმე ``რუსულ ნავთობზე უარის თქმა სიგიჟეა, რადგან რუსულ ნავთობს ალტერნატივა არა აქვს; ინდუსტრიული ქვეყნები მის ჩასანაცვლებლად ქვანახშირზე გადადიან და ეს კი გლობალურ ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევსო``.

კი მაგრამ, პუტინი რასაც სჩადის ახლა უკრაინაში და ევროპაში ეს კატასტროფა არ არის?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ზელენსკიმ განაცხადა, რომ კომპრომისი, რაც მიიღწევა რუსეთთან მოლაპარაკებებზე, `საერთო-სახალხო რეფერენდუმზე უნდა გავიდეს`

ეს ძალიან ცუდი განცხადებაა. ომის დროს და ომის შესახებ რეფერენდუმები არ ტარდება. მსოფლიო ისტორიას ასეთი პრეცედენტი არ ახსოვს.