«ცივი ომი» შეიძლება ფართომაშსტაბიან შეტაკებაში გადაიზარდოს

«ცივი ომი» შეიძლება ფართომაშსტაბიან შეტაკებაში გადაიზარდოს

  

    მმართველი პარტიის «ახალგაზრდულმა ფრთამ» ოთხშაბათს განაახლა აქცია რუსეთის საელჩოსთან. მიუხედავად იმისა, რომ ელჩი სტანევსკი ამჯერადაც შეეცადა, თავი დაეძვრინა კონკრეტული პასუხისგან, საელჩოსთან გამართულმა მანიფესტაციამ და მიტინგმა უკვე შექმნა შესაბამისი პოლიტიკური ატმოსფერო, რომელიც ბევრისთვის კვლავინდებურად უცხო და უცნაურია: «მოქალაქეთა» ახალგაზრდული ფრთის აქტიურობა მათი კერძო ინიციატივა რომ არ არის, ყველასთვის გასაგებია. აქცია შეთანხმებულია პარტიის ლიდერებთან. მაშასადამე, რუსი მესაზღვრეების მოქმედებამ ხევში, აგრეთვე ვიქტორ ჩერნომირდინის პროვოკაციულმა გადაწყვეტილებებმა აფხაზეთთან დაკავშირებით, ხელისუფლება იმდენად გააღიზიანა, რომ «ანტირუსულ» გამოსვლათა სამართლიანობაში ეჭვი არ ეპარება.
    მას ეთანხმება საზოგადოებაც, ის ადამიანებიც კი, რომელთა «პრორუსული» განწყობა საყოველთაოდ ცნობილია, საბოლოოდ კარგავენ მოსკოვის იმედს. მათი «იმედიანობა» განპირობებული იყო აბსურდული იდეით: რუსეთის გულს თუ მოვიგებთ, «აფხაზეთს როგორც გვინდა, ისე მოგვცემს» - ახლა რწმუნდებიან, რომ ასე ნამდვილად არ არის საქმე და მხოლოდ «გულის მოგება» არ კმარა წარმატების მისაღწევად.
    საყურადღებოა ქართველ რადიკალთა დამოკიდებულებაც «მოქალაქეთა კავშირის» აქციისადმი. უფრო ზუსტად, დამოკიდებულება არ ჩანს (ირაკლი წერეთლის გარდა) - არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია არც საელჩოსთან გამართულ პიკეტს, არც დარიალის ხეობაში გადანაცვლებას.
    როგორც ჩანს, ის პარტიული ჯგუფები, რომლებიც 1988 წლიდან რუსეთის ლანძღვა-გინებაზე აგებდნენ პოლიტიკას, ამჟამად ცდილობენ გაემიჯნონ მმართველ პარტიას, ვინაიდან მის გულწრფელობაში ეჭვი ეპარებათ და გრძნობენ, რომ თუ პროცესში ჩაერთვებიან, მხოლოდ გააძლიერებენ «მოქალაქეთა კავშირის» ავტორიტეტს.
    არადა, ეს უმძიმესი შეცდომაა: განურჩევლად იმისა, რა ტაქტიკური მოსაზრებები ამოძრავებთ «მოქალაქეებს», ყველა იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც თავს «პროდასავლურად» მიიჩნევს, აუცილებელია აქტიურობა - თუნდაც მმართველ პარტიასთან პარალელურად.
    წინააღმდეგ შემთხვევაში, სავსებით სამართლიანი და სახელმწიფოებრივად გამართლებული მოთხოვნა (საქართველოსთვის ტერიტორიის დაბრუნების თაობაზე) მხოლოდ ამ პარტიის პრიორიტეტი გახდება.
    ეს მომენტი, ზოგადად დამახასიათებელია ქართული პოლიტიკისთვის. ჩვენში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ არა ინტერესთა თანხვედრის, არამედ პირადი განწყობისა და დამოკიდებულების გათვალისწინებით, - ამბიციის დაკმაყოფილებისას საკუთარი პარტიული ინტერესიც აღარ ახსოვთ.
    სხვაგვარად რომ იყოს, «რადიკალურ ორგანიზაციებს» ერთმნიშვნელოვნად მხარი უნდა დაეჭირათ «მოქალაქეთა» აქციისათვის. არა იმიტომ, რომ ეჭვი არ შეეტანათ მმართველი პარტიის მოტივაციაში - უბრალოდ, ეს მოტივაცია შეიძლება საკამათო იყოს, მაგრამ საქმის არსს ვერ ცვლის: თვით მოთხოვნა ხომ სამართლიანია?
    ასეთ პირობებში სწორ ტაქტიკას მხოლოდ ირაკლი წერეთელი ირჩევს: თუ ხელისუფლება «ზომიერად ანტირუსულ» ლოზუნგს წამოისვრის, ის დაუყოვნებლივ აწყობს აქციას კიდევ უფრო რადიკალური ლოზუნგებით. მაგალითად, ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში, ირაკლი წერეთელმა რამდენჯერმე სცადა, მოეწყო მსვლელობა კავკასიაში დისლოცირებული რუსეთის ჯარების შტაბისკენ, რითაც «გააწონასწორა» ხელისუფლების გარეგნულად «ანტირუსული» პოლიტიკა და «შეურიგებლობის იმიჯი» შეუნარჩუნა არა მხოლოდ საკუთარ პარტიასა და ფიგურას, არამედ თავის პოლიტიკურ კონცეფციასაც - რაც ერთი და იგივე როდია ყოველთვის.
    ამჟამინდელი ვითარება მაინც განსხვავებულია - რადიკალები იძულებულნი არიან აღიარონ, რომ საქართველო სრულიად დამოუკიდებელი სახელმწიფოა იურიდიულად. ეს აღიარება ხელისუფლებისთვის საკმაოდ ბევრს ნიშნავს. თუ 1990-91 წლებში «რადიკალთა» უკომპრომისობა ხელისუფლების მიმართ ამ უკანასკნელის «მარიონეტულობით» იხსნებოდა, დღეს იგივე ძნელი დასამტკიცებელია: «როგორც ხედავთ, ჩვენც ვაწყობთ მიტინგებს რუსეთის საელჩოსთან» - მივაქციოთ ყურადღება, რომ აქცია (სავსებით ჭკვიანურად) არის ორგანიზებული სწორედ საელჩოსთან და არა იმავე რუსეთის სასაზღვრო ჯარების შტაბთან საბურთალოზე. ამით, ალბათ, ხაზი ესმება საქართველოს იურიდიულ დამოუკიდებლობას. მაშინ, როდესაც «შტაბთან» გამართული მიტინგი ხელისუფლების სანქცირებით რადიკალებს საშუალებას მისცემდა, ამ მოვლენის დისკრედიტაცია მოეხდინათ არგუმენტით: «თუ ამდენად აგრესიულია ეს ჯარი, რატომ არ ითხოვთ მის გაყვანას?»
    როგორც ჩანს, რუსეთი დარიალის ხეობაში დაკავებული «ახალი პოზიციიდან» უკან არ დაიხევს. რაც მეტი გამოხმაურება მოჰყვება რუსულ პრესაში თბილისის აქციას, მით ნაკლებად მოსალოდნელია კომპრომისი, ვინაიდან ელცინის ხელისუფლება ნამდვილად აპირებს კონსტიტუციაში შეიტანოს ცვლილებები და მესამე ვადითაც გაიხანგრძლივოს არსებობა. ამდენად, მისთვის პრესტიჟი, პოპულარობა ყველაფრის განმსაზღვრელი ფაქტორი ხდება. 1957 წლის რუკებზე აპელირებით რუსეთის ისტებლიშმენტს კვლავ შეუძლია «წამოწიოს» სტალინის თემა და გეოპოლიტიკური დივიდენდიც მიიღოს: დარიალის ხეობაში მიტაცებული მონაკვეთი ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიას ემატება - რაც, ვლადიკავკაზისთვის ერთობ სასიამოვნო და სასურველია.
    გარდა ამისა, ნურავის ეგონება, თითქოს «ათასსამასიოდე» მეტრს სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა არ ჰქონდეს. დარიალის ხეობა ერთდროულად ესაზღვრება ჩრდილო ოსეთსაც და ჩეჩნეთ-ინგუშეთსაც. საქართველოს ერთ-ერთი რაიონი (ხევი) მთლიანად დამოკიდებულია ვლადიკავკაზზე. ნებისმიერი გართულება ხეობაში უეჭველად იწვევს მდგომარეობის გაუარესებას ადგილობრივი მოსახლეობისათვის. «თბილისისა» და «თბილისელებისადმი» ტრადიციულმა პროვინციულმა ანტიპათიამ, მოსალოდნელია სავსებით კონკრეტული კონტური შეიძინოს. გავიხსენოთ, რომ პარლამენტში «თავისუფალი ეკონომიკური ზონის» თაობაზე მსჯელობისას ყაზბეგის რაიონის დეპუტატმა ამ წინადადებას ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი.
    ზემოთქმულიდან გამომდინარე, «ათასსამასმეტრიანი» მონაკვეთი შეიძლება, ძალიან სერიოზული პოლიტიკური პროცესების სტიმულატორი გახდეს. ვითარება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში იმდენად დაძაბულია, რომ მცირე ნაპერწკალიც იკმარებს უპრეცედენტო აფეთქების გამოსაწვევად. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ყველაზე რესპექტაბელურ მოსკოვურ გაზეთში («ნეზავისიმაია გაზეტა») კვლავ გამოქვეყნდა «დსთ»-ს ინსტიტუტის ხელმძღვანელების: კონსტანტინე ზატულინისა და ანდრანიკ მიგრანიანის სტატია, რომელშიც საკმაოდ კვალიფიციურად (რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე) გაანალიზებულია თანამეგობრობის სივრცეში შექმნილი ვითარება. ამ ანალიტიკური მასალით, საქართველო მიჩნეულია რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეგიონის საკვანძო სახელმწიფოდ; თუმცა, იქვე კეთდება ჩვენთვის უცნაური, მაგრამ რუს-სომეხი შოვინისტებისათვის სავსებით ბუნებრივი დასკვნა: რუსეთმა არ უნდა დაუთმოს საქართველოს აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» საკითხში.
    დასკვნა სწორედაც რომ უცნაურია, ვინაიდან დათმობის შემთხვევაში ხომ რუსეთი უფრო მყარ გარანტიებს მიიღებდა, მაგრამ კონფრონტაციულ ლოგიკას სხვა ტიპის არგუმენტები აქვს და კარგი იქნება, თუ საქართველოც მიმართავს ამ არგუმენტაციას.

7 დღე, 5 დეკემბერი, 1997 წ.