საერთაშორისო მიმოხილვა. 5 ივლისი. 2024 წელი
დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები „მოსალოდნელი სენსაციით“ დასრულდა.
ანუ, 14 წლის შემდეგ მმართველმა „კონსერვატიულმა“ („ტორი“) პარტიამ კი წააგო, მაგრამ.....ეს დამარცხება იმაზე ბევრად მეტად გამანადგურებელი აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდნენ:
იმდენად, რომ ბრიტანელი „კონსერვატორები“, ესე იგი უინსტონ ჩერჩილისა და მარგარეტ ტეტჩერის პარტია შესაძლოა (ეს ჯერ ფაქტი არ არის, თუმცა შესაძლოა) მესამე ადგილზე გავიდეს მხოლოდ - მეორე ადგილოსანი ლიბერალურ/დემოკრატიული პარტიის შემდეგ
მაშასადამე , დიდ ბრიტანეთში მიღებული საუკუნოვანი ტრადიციით, სწორედ ლიბერალ-დემოკრატიული პარტია შეიძლება ჩაითვალოს ამიერიდან „მისი უდიდებულესობის ოპოზიციად“ ადა არა „კონსერვატიული პარტია“.
თუმცა ეს საბოლოოდ მაინც არ არის გადაწყვეტილი - ხმებს კვლავაც ითვლიან, ისევე როგორც მანდატებს ითვლიან, ოღონდ თვით ამგვარი თეორიული შესაძლებლობის წარმოშობაც კი, როცა „მისი უდიდებულესობის მთავრობა“ ლეიბორისტები არიან, ხოლო „მისი უდიდებულესობის“ ოპოზიცია არა კონსერვატორები არამედ ლიბერალ-დემოკრატები ხდებიან, უკვე ისტორიული მოვლენაა!
გადაწყვეტილება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ 22 მაისს მიიღო კონსერვატორმა პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზით, რაკი წარმოუდგენელია არ სცოდნოდა რეიტინგები!
კალენდარული არჩევნები 2025 წლის იანვარში უნდა გამართულიყო და იმ დრომდე პოლიტიკაში (მით უმეტეს ძალიან დინამიკურ ბრიტანულ პოლიტიკაში) კიდევ უამრავი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო, რაც „კონსერვატორებს“ გადაარჩენდა.
ამის მიუხედავად, რიში სუნაკმა მეფე ჩარლზ III სთხოვა პარლამენტი დაეთხოვა და ახალი არჩევნები დაენიშნა.
ბრიტანეთში კონსტიტუცია, როგორც ერთიანი კოდიფიცირებული აქტი არ არსებობს, თუმცა სხვა კანონებით და ტრადიციით სწორედ ასე ხდება: პრემიერ-მინისტრი მიმართავს მონარქს (სახელმწიფოს მეთაურს) თხოვნით, დაშალოს პარლამენტი და დანიშნოს ახალი არჩევნები
თარიღის შერჩევა უკვე პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის პრეროგატივაა.
დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ კონსერვატორთა ამ კრახს ორი მიზეზი აქვს: ჯერ ერთი (დემოკრატიაში ეს არსებითია ძალიან) ხანგრძლივი მმართველობა „ღლის“ სოციუმს!
ასეა მოწყობილი სოციალური, მათ შორის ელექტორალური ფსიქოლოგია: სოციუმი ი ღ ლ ე ბ ა, ხოლო ხელისუფლება, ხანგრძლივი მმართველობის სოციო-ფსიქოლოგიური აღქმის თვალსაზრისით (ბოდიში ჟარგონისთვის) „იგრუზება“ და „ნაწოლები“ უჩნდება“.
განა ზუსტად ამ ფაქტორმა არ იმუშავა 1970-იანი წლების ბოლოს, როცა ძააააააალიან ხანგრძლივი „ლეიბორისტული“ მმართველობის შემდეგ ხელისუფლებაში დიდი მარგარეტ ტეტჩერი მოვიდა?
ეს გარემოება მუდამ და ყოველთვის არ არის გადამწყვეტი ფაქტორი, თუმცა ბრიტანელი კონსერვატორების შემთხვევაში ამას დაემატა მეორე არსებითი გარემოება: EU-დან გასვლის შემდეგ, ბრიტანელმა „კონსერვატორებმა“ რომლებიც Brexit-ის ინიციატორები იყვნენ, ვერანაირად ვერ მოახერხეს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის ნეგატიურ შედეგთა თუნდაც კუპირება, შემცირება, არათუ მათი თავიდან აცილება.
დავაკვირდეთ: „კონსერვატიულმა მთავრობებმა“ იბრძოლეს, იღვაწეს, იშრომეს, ბოლოს მაინც მიაღწიეს თითქმის შეუძლებელს, რომ ბრიტანეთის გასვლით აშკარად განაწყენებული გერმანია და საფრანგეთი დაეთანხმნენ დიდ ბრიტანეთს შეენარჩუნებინა ყველა ის სავაჭრო-ეკონომიკური თუ კაპიტალბრუნვით პრივილეგია, რაც აქვთ ევროკავშირის ნამდვილ წევრებს, მაგრამ.......ნეგატიურმა მოლოდინებმა და ასპირაციებმა ბრიტანეთში ევროპული და სხვა ქვეყნების კაპიტალის ინვესტირების მხრივ, სავაჭრო თვალსაზრისით და სხვა მიმართულებებით მაინც იმდენად ნეგატიურად იმუშავა, ბრიტანეთში ფასები გაიზარდა ბიზნესის კეთება მაინც გართულდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ნაიჯელ ფარაჯზე და brexit-ის სხვა ამგვარ „სასარგებლო იდიოტებზე“ არაფერი ითქმის რასაკვირველია, თუმცა, ზოგადად, ბრიტანულ ბრძენ და შორმსჭვრეტელ ელიტებს ასეთი შეცდომა როგორ დაემართათ, როგორ ვერ გათვალეს (ან არ გათვალეს) აბსოლუტურად ობიექტური ნეგატიური შედეგები, რა კომპრომისისთვისაც არ უნდა მიეღწიათ პარიზთან და ბერლინთან ეს........ნამდვილად საოცრებაა.
აი შედეგიც!
კონკრეტული თვალსაჩინო მაგალითი: პროვოკატორ ფარაჯისა და სხვა „ბრექსიტისტების“ მთავარი არგუმენტი იყო ე.წ. „უკანონო მიგრაცია“; თანაც არა მხოლოდ „მესამე სამყაროს“ ქვეყნებიდან, არა მხოლოდ აზიიდან და აფრიკიდან, არამედ...... უმეტესწილად ევროკავშირის სახელმწიფოებიდან.
მათ შორის აღმოსავლეთ ევროპიდან.
უპირველესად პოლონეთიდან!
„პოლონელი სანტექნიკოსი“ გააფიარეს და აქციეს ინგლისელმა შოვინისტებმა მთავარ mem-ად ანტიევროპულ პროპაგანდაში იმაზე არანაკლებ, ვიდრე აზიელი და აფრიკელი უკანონო მიგრანტების ვითომდაც „შემოსევა“, რომლებიც ბევრად ნაკლებნი იყვნენ სინამდვილეში, ვიდრე მუყაითი, მშრომელი „პოლონელი სანტექნიკოსები“.
ანუ ევროკავშირიდან გასვლის მოთხოვნის მთავარი „აღმძრავი“ გახდა ის გარემოება, რომ „პოლონელ სანტქენიკოსებს“, ევროკავშირის ფუნდამენტური წესებით, შეეძლოთ ჩასულიყვნენ ბრიტანეთში და იქ დასაქმებულიყვნენ.
ჰოდა.......გავიდა ბრიტანეთი ევროკავშირიდან....ეს პრობლემა მოიხსნა მაგრამ.......აღმოჩნდა, რომ სანტექნიკოსები სჭირდებათ!
ოღონდ პოლონელების ნაცვლად იძულებულნი გახდნენ ამ და ამგვარ „პოზიციებზე“ დაესაქმებინათ პაკისტანელები, ინდუსები და ა.შ და ა.შ.
ამას დაემატა „ჰუმანიტარული“ მიგრაცია უკრაინიდან.
მაშასადამე, ეს მთავარი მოტივი, რასაც ფარაჯი და ძმანი და დანი მისნი პრომოუტირებდნენ, აღმოჩნდა სრული ფეიკი! და......ნუთუ ამაში გადაიხადა ინგლისმა (!) ის საზღაური, რომ ფასები გაიზარდა, ვაჭრობა და ბიზნესის კეთება გართულდა ბუნებრივ მოკავშირე ევროპასთან?
ისიც ყალბი არგუმენტია აღმოჩნდა, რასაც „ბრექსიტისტები“ ასევე პრომოუტირებდნენ, რომ როდესაც ბრიტანეთი შედიოდა ევროკავშირში 1970 იან წლებში (სხვათა შორის, საფრანგეთის პრეზიდენტი შარლ დე გოლი წინააღმდეგი იყო ზუსტად ამ მიზეზით, რაც მერე მოხდა - „მეტისმეტად ჭირვეულები იქნებიანო“-დ) „შორეული აღმოსავლეთის“ ბაზრები არ ყოფილან ასე განვითარებულნი- - - - - - სინგაპური არ ყოფილა ასე განვითარებული, მალაიზია, ფილიპინები, იაპონია......იქ იპოვისო ბრიტანეთი ახალ და დამატებით ბაზრებს.........გარდა ამისა ტრამპი მზად არის ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმოსო....ამიტომ რაღად გვინდა(ო) ასეთი მაღალი დონის ინტეგრაცია ევროკავშირთან.......
არადა, დუვრიდან ფრანგულ კალემდე 44 კილომეტრია. ხოლო დუვრიდან ნიუ იორკამდე 7 000 კილომეტრი. სინგაპურამდე - 11 000 კილომეტრი!
„მანძილებმა“ იმუშავეს ყველა კომუნიკაციის განვითარების მიუხედავად და აღმოჩნდა, რომ ევროკავშირი, რომელიც „იქვეა“, „გვერდითაა“, აბსოლუტურად შეუცვლელი და ჩაუნაცვლებადია ინგლისისთვის.
„ინგლისს“ ხაზგასმით ვამბობ კიდევ იმიტომაც, რომ შოტლანდია აპირებს ახალი რეფერენდუმის ჩატარებას დიდი ბრიტანეთიდან გასვლის შესახებ და ეს ყოველივე როგორ დასრულდება, პუტინი ამ გაუგებრობებით კიდევ რამდენად ბოროტად შეძლებს ისარგებლოს - კიდევ საკითხავია.
უკრაინისთვის საიმედო ის არის, რომ „ლეიბორისტთა“ ლიდერი და მომავალი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს: უკრაინის სამართლიან ომს მხარს დავუჭერთ და რიში სუნაკის 3 მილიარდიან დაპირებულ სამხედრო დახმარებას აუცილებლად გავუგზავნით კიევსო.
NATO-ს მომავალ საიუბილეო სამიტში (75 წლისთავია) ბრიტანეთის ახალი ლიდერი აპირებს შესთავაზოს მოკავშირეებს კიდევ უფრო აქტიურად დაეხმარონ იარაღით უკრაინას.
ახალ კაბინეტს მუშაობა მოუწევს მზარდი საერთაშორისო ტურბულენტობის პირობებში, რასაც განაპირობებს ვითარება ამერიკაში, სადაც დონალდ ტრამპს აქვს უკვე აბსოლუტურად რეალური შანსი დაბრუნდეს თეთრ სახლში (ბოლო კვლევებით რეიტინგი 49%-41%-ია ბაიდენთან მიმართებაში) და მემარჯვენე ძალების წარმატება ევროპაში. უპირველესად საფრანგეთში რასაკვირველია.
ბუნებრივად წარმოიშობა კითხვა: ხომ არ არის მოსალოდნელი, ბრიტანელმა „ლეიბორისტებმა“ დასვან საკითხი ახალი რეფერენდუმის ჩატარებისა - ევროკავშირში დაბრუნების თაობაზე.
ეს გამორიცხულია ორი ფუნდამენტური სისტემური მიზეზით:
ა) ინგლისი ისტორიულად „ახლახან“ გავიდა ევროკავშირიდან და ასე (ისტორიულად) მოკლე ვადაში ახალი რეფერენდუმი იმავე თემაზე......უძლიერესი დარტყმა იქნება ზოგადად ბრიტანული The Nation პრესტიჟზე.
ინგლისური ელიტები ვერ დაუშვებენ, მათი დიდებული ერი საანეკდოტოდ იქცეს!
შესაძლოა ოდესმე მომავალში დაისვას ეს საკითხი, მაგრამ „აქ და ახლა“.....მეტისმეტად შელახავს ინგლისის პრესტიჟს.
არადა ინგლისის „პროგნოზირებადობა“ ისტორიულად სამაგალითო იყო ყველასთვის.
ბ) ზემოთ ვახსენეთ პარიზისა და ბერლინის პოზიციები. მათ ბევრი რამ დათმეს Brexit-ისას. პირველ რიგში ბერლინმა ცნობილი „ისტორიული დანაშაულის“ სინდრომის გამო, მაგრამ.......ფრანგები და გერმანელები რეალურად არანაკლებ თავმოყვარენი არიან, არანაკლებ უფრთხილდებიან საკუთარ პრესტიჟს (Brexit პირველ რიგში სწორედ ინგლისის მათგან გამიჯვნად აღიქვა მსოფლიომ), რომ თუ ახლა ლონდონი კვლავ დასვამს საკითხს ევროკავშირში დაბრუნების შესახებ, მაშინ მხოოოოოოოლოდ და მხოლოდ საერთო პირობებით თუ დასთანხმდებიან და არა ისე, როგორც 1970-იან წლებში, როდესაც ბრიტანეთი ევროკავშირში კი შემოვიდა, ოღონდ ძალიან ჭირვეულობდა მუდამ: მერე „შენგენის ხელშეკრულებას“ არ შეუერთდა და ევრო არ მიიღო.
ახლა, თუ „მაინცადამაინც“ დაბრუნებას მოინდომებს, უეჭველად მოსთხოვენ „შენგენის ზონაშიც“ შემოვიდეს და ევროზონაშიც უკვე.
დამკვირვებელთა აზრით, უკრაინის მიმართულებით ლონდონის პოლიტიკის უცვლელობასა და უცვლადობას განაპირობებს ინგლისის ზემძლავრი საზოგადობრიოვი აზრი: ინგლისელთა 80%(!!!) მხარს უჭერს უკრაინას.
ეს აბსოლუტურად ფუნდამენტური მოცემულობაა: ინგლისელები არასდროს არ აპატიებენ რუსებს იმ თავხედობას, რომ ჯერ ლიტვინენკო მოწამლეს ლონდონის გულში, პიკადილიზე რადიოაქტიური პოლონიუმით და მერე სკრიპალები მოწამლეს „ნოვიჩოკით“/
გერმანელები ან თუნდაც ფრანგები კიდევ „გაუტარებდნენ“, მაგრამ ინგლისელები - არა!
იმიტომ, რომ როგორც არაერთგზის გვითქვამს ინგლისელები ერთადერთი ერია ევროპაში, რომლებსაც ისტორიულად რუსებისა „არაფერი მართებთ“..........და სადაც „რუსულ ჩექმას“ კვალი არ დაუტოვებია.
ესპანეთშიც კი დატოვა სამოქალაქო ომის დროს;
პარიზშიც დატოვა ნაპოლეონის ომების დროს;
ბერლინშიც დატოვა WWII დროს.
ინგლისში - არა, არასოდეს.