პუტინმა ცხინვალიდან გაგლოევი წაიყვანა და კამბოლოვი დანიშნა. რატომ?

პუტინმა ცხინვალიდან გაგლოევი წაიყვანა და კამბოლოვი დანიშნა. რატომ?

რამდენი სისულელე ითქვა და დაიწერა პუტინის გადაწყვეტილებაზე, წაეყვანა თავის ადმინისტრაციაში (დღემდე გაურკვეველ თანამდებობაზე) ტაკიმასხარა გაგლოევი და გამოეგზავნა კამბოლოვი.

ამ სისულელეთა და იდიოტიზმთა „ჩემპიონია“ გავრცელებული სულელური „საზრისი“: „პუტინი ცხინვალის რეგიონის საქართველოსთვის დასაბრუნებლად ემზადება........ „რაღაცის სანაცლოდო““

ამაზეა ნათქვამი „ტყემლის ხეზე სხედან და ბალს მიირთმევენო“.

სინამდვილეში პუტინის გადაწყვეტილება ბევრად უფრო სახიფათო და საშიშია, ვიდრე ამ „ბალის მოყვარულებსაც“ კი წარმოუდგენიათ:

ხსენებული „როკირება“ იმას ნიშნავს, რომ ვითარებაში, როდესაც სომხეთმა ნამდვილად დაიწყო მოძრაობა ევროკავშირისკენ, ხოლო აზერბაიჯანმა, საბოლოოდ - თურქეთისკენ, პუტინმა გადაწყვიტა მაქსიმალურად გააძლიეროს „სამხრეთ ოსეთად“ წოდებული სამხედრო პლაცდარმი საქართველოს გ ე ო გ რ ა ფ ი უ ლ ც ე ნ ტ რ შ ი, რათა ეს პლაცდარმი (ვიმეორებ: საქართველოს გეოგრაფიულ ცენტრში მდებარე!) გამოიყენოს სამხრეთ კავკასიაში რეგიონული მნიშვნელობის კომუნიკაციათა გადასაჭრელად.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

პუტინმა ძალიან კარგად იცის: ე.წ. „ტრამპის გზა“ არის პოპულისტური ზღაპარი: ირანი არსად გაქრება და თეირანი ამ კომუნიკაციის აგებას, თავის საზღვართან, უბრალოდ არ დაუშვებს!

უამრავი ბერკეტი აქვს საამისოდ. არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ეკონომიკურიც - სომხეთის წინააღმდეგ.

და ესეც რომ არა, ამ გზის აგებას, ხოლო შემდეგ მის ამოქმედებას წლები დასჭირდება

შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციები დიდი ხნის განმავლობაში სომხეთსაც დასჭირდება, აზერბაიჯანსაც, ცენტრალურ აზიასაც, ევროკავშირსაც და ამერიკასაც.

ხომ არ დაგვავიწყდა?.....ბაქო-თბილისი-სტამბულის ავტოტრასიდან და სარკინიგზო ხაზიდან რუსულ საოკუპაციო არმიას სულ 400 მეტრი აშორებს!

ბუნებრივია კითხვა: „მერედა კამბოლოვით გაგლოევის ჩანაცვლება რატომღა დასჭირდა?

პასუხი: იმიტომ, რომ პუტინს სჭირდება „სამხრეთ ოსეთის“ სამხედრო პლაცდარმის მტკიცე კონტროლი, რათა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ განახორციელოს არა მაშინ, როდესაც ამას ოსი სეპარატისტები ჩათვლიან სასურველად ცხინვალში ან ვლადიკავკაზში, - ქართველებისადმი საუკუნოვანი სიძულვილის გადმოსანთხევად, ე.წ. „თრიალეთის ოსეთისა“ და „თრუსოს ხეობის“ წასაგლეჯად, არამედ იმ მომენტუმში, როცა ამას კრემლი ჩათვლის იმპერიის ინტერესებისთვის მიზანშეწონილად და ხელსაყრელად, სიტუაციას კი „მომწიფებულად“.

სწორედ ამიტომ ჩაანაცვლა ოსი სეპარატისტი გაგლოევი - „კურჩატოვის ბირთვული ინსტიტუტის“ ყოფილი დირექტორით, მარატ კამბოლოვით, რომელიც ეთნიკური წარმოშობით კია ოსი, თუმცა გაგლოევისგან განსხვავებით მოსკოვური ისტებლიშმენტის წევრია და პუტინის ტახტთან ცხოვრებისეულად მიბმული ყმაა.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

არავის ვაშინებ, მაგრამ ჩემი დასკვნა და საზარელი პროგნოზი ასეთია: თუ სომხურ-აზერბაიჯანული პროდასავლური (პროთურქული, მაშასადამე პროდასავლური !) „ტრაექტორია“ განვითარდა, მოსკოვი აუცილებლად განახორციელებს ახალ აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ........ რა პოლიტიკაც არ უნდა გაატაროს საქართველომ და ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში.

შესაბამისად, მე რომ რამე მეკითხებოდეს, აუცილებლად ვურჩევდი საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს სამხედრო-პოლიტიკური (!) უსაფრთხოების სისტემის მშენებლობა თურქეთთან, აზერბაიჯანთან (პირველ რიგში) და მოძმე სომხეთთან.

იმიტომ, რომ მათი სასიცოცხლო ინტერესია, რუსეთმა ეს კომუნიკაციები საქართველოში ვერ გადაჭრას.

ეს უფრო შედეგიანი იქნება, ვიდრე...... NATO-NATO-ს უაზრო ყიყინი.

NATO სამხრეთ კავკასიაში არის თ უ რ ქ ე თ ი!!

ხომ უნდა გავიგოთ ეს ბოლოს და ბოლოს?!

არც ბრიუსელი და არც ვაშინგტონი ჩვენს რეგიონში არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამს ანკარას ნებისა და სურვილის გარეშე.

ხოლო ცალკე იმათ არც არაფრის თავი არა აქვთ.

მაქსიმუმ, როგორც 2008 წელს, „შეშფოთება“ გამოთქვან, მერე წყალი და პამპერსი გამოგვიგზავნონ სამხედრო გემით, რომელიც, ისევე როგორც მაშინ, არა ფოთში, არამედ თურქეთის ფლოტის მიერ დაცულ ბათუმში შევა.