საერთაშორისო მიმოხილვა. 27 მარტი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 27 მარტი. 2023 წელი

საინტერესო და ნიშანდობლივი ამბები ხდება ისრაელში:

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათენიაჰუმ გადააყენა თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრმა მხარი დაუჭირა პროტესტებს სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ.

ამ რეფორმის ინიციატორია თვით ნათენიაჰუ.

რეფორმის  მიზანია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების გაძლიერება სასამართლო ხელისუფლების შტოს გარკვეული დასუსტებით.

კერძოდ, `ნათანიაჰუს რეფორმა` ითვალისწინებს, რომ ისრაელის უმაღლეს სასამართლოს აღარ ექნება უფლება გააუქმოს მთავრობის (მინისტრთა კაბინეტის) გადაწყვეტილებები, ხოლო უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეები აირჩევიან არა მოსამართლეთა კონფერენციაზე, არამედ მათ დანიშნავს პარლამენტი.

გუშინ 600 000 ადამიანი გამოვიდა ქუჩაში ამ რეფორმის გასაპროტესტებლად. 8 მილიონიან ქვეყანაში 600 000 პროტესტანტი ცოტა არ არის!

ოღონდ ეს იმას კი არ ნიშნავს, თითქოს ყველა მათგანს გაცნობიერებული აქვს ზუსტად, რას ითვალისწინებს რეფორმა, ან/და რატომ არის იგი მიუღებელი და ა.შ. აქ რეალურად მჟღავნდება ცნობილი სოციო-ფსიქოლოგიური ფენომენი: ხელისუფლებით გადაღლა:

ბენიამინ ნათანიაჰუ მეექვსედ არის ისრაელის პრემიერ-მინისტრი. მართალია იგი ოპოზიციაში გადადიოდა ბოლო 25 წლის განმავლობაში, შემდეგ ისევ ბრუნდებოდა პრემიერად და ა.შ, მაგრამ სოციალური აღქმადობის და მიმღებლობის თვალსაზრისით ამას არა აქვს მნიშვნელობა: ხელისუფლებები და პოლიტიკოსებიც  `იჟანგებიან` დროთა განმავლობაში!

სხვაგვარად თუ ვიტყვით, ხელისუფლებები (სრულიად წარმატებულნიც კი) სოციუმის პასსიონარულ ნაწილს `ყირჭდება` (ხოლმე) და აქ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ქმედითი ან წარმატებული თუ პირიქით, წარუმატებელია კონკრეტული პოლიტიკოსი: იმ 600 000 ადამიანიდან, ვინც ისრაელის ქუჩებში გამოვიდა, აუცილებალდ ოპოზიციური პარტიების მომხრენი როდი არიან უმეტესობა, მაგრამ ყველა ნათანიაჰუს მოწინააღმდეგეა. ხოლო სასამართლო რეფორმა მხოლოდ საბაბია ანუ `სათქმელი` - `არგუმენტი`.

შესაბამისად, ამ `მოყირჭებამ` ის შედეგი გამოიღო, რომ პრემიერ-მინისტრი იძულებული გახდა, საკუთარი კაბინეტის თავდაცვის მინისტრი გადაეყენებინა და ესეც ლოგიკურია, რადგან წარმოუდგენელია ისრაელის მსგავს ქვეყანაში (პერმანენტული ომის პირობებში რომ იმყოფება) პრემიერ-მინისტრი არ ენდობოდეს თავდაცვის მინისტრს!

ოღონდ თავი და თავი პრობლემისა ისაა, რომ ნათანიაჰუმ, რომლითაც ისედაც `გადაიღალა` მოსახლეობა 25 წლის განმავლობაში (მისი წასვლა-მოსვლა-დარჩენით), ისეთი ნაბიჯი გადადგა მისი ძალაუფლების კონსოლიდაციის მცდელობით, რომ  `გადაღლილ` სოციალურ სტრატს გაუჩინა განცდა, კიდევ მეშვიდედ, მერვედ და უსასრულოდ აპირებს ხელისუფლებაში ყოფნას.

აქედან დასკვნა: განახლება და ცვალებადობა სასიცოცხლოდ აუცილებელია არა მხოლოდ სახელმწიფო ისნტიტუტებში, არამედ უშუალოდ პოლიტიკურ პარტიებშიც.

და თუ ეს აუცილებლობა დაადასტურა ისეთ მტკიცედ კონსოლიდირებულ დემოკრატიაში მიმდინარე მოვლენებმა, როგორიც ისრაელია, მით უმეტეს აუცილებელია ხელისუფლებათა და სხვა ინსტიტუციათა ცვალებადობა/განახლებადობა ჯერ კიდევ არაკონსოლიდირებულ დემოკრატიებში.

. . . . . . . . . . . . . . .

ვაშინგტონი აცხადებს, რომ ჯერ-ჯერობით ვერ ხედავს ნიშნებს რუსეთის მზადებისა ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად. მათ შორის ტაქტიკური ბირთვული იარაღისა, რომელიც ზაფხულში ბელორუსის ტერიტორიაზე განლაგდება.

უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა ამ საკითხის განსახილველად და რუსეთს ბირთვული იარაღის `გაუვრცელებლობის` (Non proliferation Treaty 1970წ) დარღვევაში დასდო ბრალი. ამ ეჭვის საფუძველი გახდა პროვოკაციული განცხადება, რაც პუტინმა გუშინ გააკეთა.

წინა მიმოხილვაში ვწერდი, რომ რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგება ბელორუსის ტერიტორიაზე არ ნიშნავს Non proliferation Treaty-ს დარღვევას, რადგან ეს იარაღი არ გადაეცემა ბელორუსს, არამედ რჩება რუსული არმიის კონტროლ-ქვეშ ბელორუსის ტერიტორიაზე.

მაგრამ გუშინ პუტინმა ინტერვიუში თქვა, რომ რუსებმა უკვე გადააკეთეს `ბელორუსიის სამხედრო-საჰაერო ძალთა თვითმფრინავები, რათა მათ შეეძლოთ ტაქტიკური ბირთვული იარაღის ტარება`

ეს რას ნიშნავს? თუკი რუსეთი არ აპირებს ბირთვული იარაღის ბელორუსისთვის გადაცემას, მაშინ `ბელორუსული (!) თვითმფრინავები რატომ გადააკეთა? მით უმეტეს, რომ პუტინმა მხოლოდ ეს კი არ თქვა, არამედ მერე დაამატა: `ბელორუს მფრინავებსაც შესაბამისად მოვამზადებთო`. ესე იგი ბირთვული იარაღის სროლა რომ შეეძლოთ?!!!

აი ეს უკვე პირდაპირი მინიშნებაა, რომ პუტინი მართლა აპირებს (თითქოს) Non proliferation Treaty-ს დარღვევას და ბელორუსისთვის ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადაცემას.

თუმცა არ არის გამორიცხული (უფრო სწორად მაღალი ალბათობით ასეა) პუტინის განცხადება ბლეფი იყოს: შეუძლებელია  რუსეთს აწყობდეს მის სამეზობლოში კიდევ ერთი ბირთვული სახელმწიფოს გაჩენა და პოსტსაბჭოურ სივრცეზე ამ მხრივ ექსკლუზივის დაკარგვა!

იმ ბირთვულ იარაღს შემდეგ რუსეთი უკან ვეღარ დაიბრუნებს, თუ ბელორუსის სახელმწიფოს (!) ხელში აღმოჩნდება და მაშინ მოსკოვმა უარი უნდა თქვას ბელორუსის მთლიანად `გადაყლაპვის` ანუ რუსეთთან მიერთების გეგმებზე.

ისევე როგორც, 1994 წელს ამერიკელებს და ინგლისელებს უკრაინა რომ არ აეძულებინათ (`ბუდაპეშტის მემორანდუმით`) ბირთვული იარაღი რუსეთისთვის გადაეცა, პუტინი ამ აგრესიას ვერ გაბედავდა.

ცნობისათვის: 1994 წლის `ბუდაპეშტის მემორანდუმი` გულისხმობდა, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი იქნებოდნენ გარანტია უკრაინის ტერიტორიული ხელშეუხებლობისა, თუ კიევი მის ტერიტორიაზე სსრკ დროიდან განლაგებულ მთელს ბირთვულ იარაღს რუსეთს გადასცემდა.

ჰოდა გადასცა მაშინ.

2022 წელს კი პუტინმა ეს მემორანდუმი უბრალოდ დახია.

. . . . . . . . . . . . . . .

რუსეთში რომ მარაზმი ტრიალებს, ამის კიდევ ერთი ნიშანი გახდა ბოლო დროს ფართოდ გავრცელებული ჭორი: დაპყრობილ მარიუპოლში ამას წინათ თვითონ პუტინი კი არა, მისი ორეული ჩავიდაო.

შეგახსენებთ: ჰააგაში რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერის გაცემისთანავე, ბუკვალურად მეორე დღეს, პუტინი მარიუპოლში ჩავიდა, თვითონ იჯდა საჭესთან და მანქანა დაჰყავდა. მერე ყირიმშიც წავიდა და იქაც `აპიარებდა` საკუთარ პერსონას მანქანის საჭესთან.

რუსულ სოციალურ ქსელებში (მათ მთლიანად ვერ აკრძალავს) გაჩნდა ძლიერად მოარული აზრი, რომ ეს პუტინის ორეული იყო და არა თვით პუტინი, რადგან......როგორც სოცქსელებში წერენ `პუტინი ვერ გაბედავდა კონფლიქტის ზონაში ჩასვლას, სადაც შეიძლება მოკლან`.

. . . . . . . . . . . . . . .

ორეულები ნამდვილად ჰყავდათ სტალინს და ჰიტლერს.

თან არა ერთი.

იოსებ სტალინი, როცა მოსკოვის აგარაკიდან კრემლში წასვლა არ უნდოდა, ორეულს სვამდა ხოლმე მანქანაში, რათა დაენახათ, თითქოს კრემლში მუშაობდა.

ნამდვილად არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მართლა პუტინი იყო თუ მისი ორეული ანექსირებულ მარიუპოლში და ყირიმში.

მთავარი ისაა, რომ ამ სოციალურ რეაქციაში ისევ და ისევ პუტინით `გადაღლა` მჟღავნდება. ანუ მისი ხელისუფლების გარდაუვალი `დაჟანგვა` - გაჭიანურებული, სისხლიანი, მარცხიანი ომის გამო.

 

გუშინვე სოციალური ქსელი ააფეთქა `კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი`-ს (Частная военная компания (ЧВК) «Вагнер»)  დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მოგვარის იოსებ პრიგოჟინის სატელეფონო ჩანაწერმა, სადაც იგი უშვერი სიტყვებით ლანძღავს პუტინს, აგინებს მას ამ წარუმატებელი ომის დაწყებისთვის და ა.შ.

იოსებ პრიგოჟინი პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქია.

მაშასადამე, არა მხოლოდ ხალხის მასებში, არამედ  რუსულ ელიტებშიც ნამდვილად მწიფდება უკმაყოფილება ამ გაჭიანურებული ომის გამო.

და ეს უკმაყოფილება უკვე პირდაპირ მიმართულია პუტინისკენ.

არა რუსული გენერალიტეტის, არა თავდაცვის მინისტრის, არამედ  პირდაპირ პრეზიდენტისკენ.

2 კვირაში რომ დაემთავრებინა ომი და კიევი აეღო - იმავე ხალხს, რა თქმა უნდა, სულ სხვა დამოკიდებულება ექნებოდა.

. . . . . . . . . . . . . . .

ირკვევა, რომ რამდენიმე დღის წინ, უკრაინულმა ძალებმა ყირიმის დაბა ჯანკოისთან წარმატებით დაბომბეს რუსული სარკინიგზო ეშელონი, რომელსაც `ხმელეთი-ხმელეთი` და `ზღვა-ხმელეთი` კლასის  Калибр რაკეტები გადაჰქონდა.

სარკინიგზო შემადგენლობა განადგურდა.

ბუნებრივია, დარტყმა განხორციელდა ამერიკული თანამგზავრული სისტემიდან მიღებული მიზანდასახულობის კოორდინატებით და აქვე უნდა ითქვას: ამერიკა უკრაინას არც ერთ ჭურვს და არც ერთი ქვემეხსაც კი რომ არ აწვდიდეს (არადა ძალიან ბევრს აწვდის), მხოლოდ თანამგზავრული დაზვერვის მონაცემთა გადაცემა უკრაინული არმიის  წარმატების 70%-ია.

ყირიმში სარკინიგზო შემადგენლობის დაბომბვა და განადგურება განხორციელდა Himars სისტემებით.

რატომ სდუმს ამაზე რუსული პროპაგანდა?

იმიტომ, რომ ყირიმის ანექსია 2014 წლიდან, პუტინის 23 წლიანი მმართველობის ყველაზე დიდი ``მიღწევაა``. ესეც თუ ჩამოიშალა, პუტინის `დაჟანგვა`, მისი სოციალური  აღქმადობის თვალსაზრისით კიდევ უფრო დაჩქარდება.

ოღონდ `დაჟანგვას` გამოიწვევს არა მხოლოდ ყირიმის დაბრუნება/დეოკუპაცია` უკრაინის მიერ, არამედ თუნდაც იმ განცდის მოშლა, რომ ნებისმიერ მოსკოველ თუ პეტერბურგელ რუსს შეუძლია ნებისმიერ დროს გაემგზავროს ულამაზეს `მშობლიურ` ყირიმში, იქ დაისვენოს, განაზდეს  და ასე შემდეგ.

თუკი ყირიმი იბომბება, რუსმა რა განცხრომა უნდა ნახოს იქ?