საერთაშორისო მიმოხილვა. 19 აგვისტო 2022 წელი.

საერთაშორისო მიმოხილვა. 19 აგვისტო 2022 წელი.

მნიშვნელოვანი და საინტერესო თემაა, რომ რუსეთი ცდილობს გამოიყენოს თათრეთი და თათრეთის ფენომენი უკრაინის წინააღდმეგ.

როგორც ცნობილია, დიდი თათარ-მონღოლთა ურდოს დაშლის შემდეგ (XVI ს) ევრაზიის ტერიტორიაზე თათარების რამდენიმე კომპაქტური დასახლება დარჩა. ერთი მათგანი რუსეთშია, ყაზანის ყოფილი სახანო  (დღეს თათარსტანის რესპუბლიკა), მეორე ყირიმში. იქ ზუსტად იგივე ეთნოსი ცხოვრობს, რაც ვოლგისპირეთში ანუ ყაზანში.  თათრები ცხოვრობენ აგრეთვე ყაზახეთში და თურქეთში.

მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ჰიტლერის არმია ვოლგას მიუახლოვდა, თათრებმა ნაცისტ გენერალ პაულიუსს თეთრი რაში უძღვნეს - მხარდაჭერის და ერთგულების ნიშნად საერთო მტრის ანუ რუსების წინააღმდეგ.

ასეთივე იყო ნაცისტების მიმართ თათართა მეორე თემის - ყირიმელი თათრების დამოკიდებულებაც.

 

სტალინმა და ბერიამ თათრებს ეს არ აპატიეს: ომი როგორც კი მოიგეს, დარიეს ხელი და როგორც ვოლგისპირელი თათრების დიდი ნაწილი, ასევე ყირიმელი თათრები ყაზახეთის სტეპებში გაასახლეს, სადაც ბევრი მათგანი დაიღუპა.

თათრები ყირიმში (ანუ თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც ისტორიულად ყირიმის სახანო იყო) მხოლოდ ნიკიტა ხრუშჩოვის დროიდან, ესე იგი  სტალინის სიკვდილის შემდეგ ბრუნდებიან. ხოლო მასობრივად - გორბაჩობის დროს, 1989 წლიდან.

ახლა პუტინი ცდილობს, ყაზანელი თათრები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის სუბიექტები არიან, გამოიყენოს იმისათვის, რათა აიძულოს ყირიმელი თათრები, მხარი დაუჭირონ რუსეთის ოკუპაციას. არადა, ყირიმში მცხოვრებ თათრებს მუდამ პროუკრაინული და ანტომოსკოვური პოზიცია ჰქონდათ. ყირიმელი თათრების ლიდერი, მუსტაფა ჯემილიოვი კიევში ცხოვრობს. იგი უკრაინის რადას დეპუტატია.

პუტინის დავალებით, ყაზანში ხშირად ტარდება თათართა ყრილობები, რომელზეც იწვევენ ყირიმელ თათრებსაც. აქაც ძალიან ჭკვიანურად და რაფინირებუალდ თამაშობს თურქეთის პრეზიდენტი  ერდოღანი, რომელსაც უამრავი კოზირი აქვს, რათა მართოს პროცესი.

 

საბოლოოდ, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ადრე თუ გვიან უკრაინა რასაკვირველია დაიბრუნებს ყირიმს და ამაში უდიდეს წვლილს შეიტანენ ყირიმელი თათრები!

 უკრაინის გენერალური შტაბი განიხილავს ყირიმში აჯანყების მოწყობის ან დესანტის გადასხმის სავარაუდო გეგმასაც და ამ გეგმის შესრულებაშიც `დასაყრდენი` აუცილებლად ყირიმში მცხოვრები ასი ათასობით თათარი იქნება. ისინი ახლა კი შეურიგდნენ რუსულ ოკუპაციას, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მომენტს ელიან.

დასავლური ქვეყნების დაზვერვა აღიარებს, რომ ყირიმელი თათრები - `მოწიკწიკე ბომბია`, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად აუფეთქდება პუტინს. მოსახლეობის ეს ნაწილი არასდროს იქნება რუსეთის ერთგული. მათ იმპერიისადმი იმმანენტური, ამოუშლელი  სიძულვილი აქვთ.

პუტინის `პრობლემა` ისაა, რომ ახლა, 21-ე საუკუენში, მას სტალინისგან განსხვავებით, აღარავინ მისცემს მთელი ერის გასახლების უფლებას.

პირველ რიგში ამის საშუალებას თურქეთი არ მისცემს, ხოლო უკრაინის კრიზისმა დაადასტურა, რამდენად დამოკიდებულია დღეს რუსეთი თურქეთზე.

. . . . . . . . . . . . . .

აზერბაიჯანსა და ირანს შორის ურთიერთობა იძაბება.

როგორც ადრე მოგახსენეთ, ილჰამ ალიევმა იცის, რომ ახლა პუტინს სომხეთისთვის არ სცალია და ცდილობს შესაძლებლის მაქსიმუმი `ამოიღოს` ამ სიტუაციიდან ანუ ბოლომდე გასრისოს ისტორიული მტერი, - სომხეთი და მაქსიმუმი წაართვას.

აზერბაიჯანის მთავარი მოთხოვნა ამჯამად სომხეთის ტერიტორიის გავლით ზანგეზურის დერეფნის გახსნაა, რომელიც აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიის გავლით დააკავშირებს ნახჭევანის აზერბაიჯანულ ავტონონიურ რესპუბლიკასთან და მერე თურქეთთან.

მაგრამ ამას სომხეთი არ თანხმდება და ალიევი იმუქრება, რომ ძალას გამოიყენებს!

 თან არგუმენტად მოჰყავს 2020 წლის 9 ნოემბრის შეთანხმება ალიევს, ფაშინიანსა და პუტინს შორის, რომლის მიხედვით `ზანგეზურის დერეფანი` უნდა ამოქმედებულიყო და ემუშავა ისევე, როგორც მუშაობს `ლაჩინის დერეფანი` აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით: სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის.

გამოდის, ალიევი უკვე სომხეთს უშუალოდ სომხეთის ტერიტორიის წართმევით ემუქრება და........მოსკოვი კი უცნაურად დუმს ამ მუქარების პასუხად!

არადა, რუსი სამხედროებით არის სავსე როგორც სომხეთი მთლიანად, ასევე ზანგეზური ანუ მეღრის რაიონი. უფრო მეტიც - სწორედ იქაა განლაგებული რუსეთის უძლიერესი ბაზა.

მიუხედავად ამისა, მოსკოვი დუმს - აცლის ალიევს ამგვარ განცხადებებს.

რატომ? იმიტომ, რომ იცის:  ირანი არ დუმს! ირანი აფრთხილებს (მოსკოვის ნაცვალდ) ალიევს, არ გაბედოს სომეხთის ტერიტორიაზე ძალით დერეფნის გაჭრა! წინააღდმეგ შემთხვევაში, ირანის შეიარაღებული ძალები ჩაერევა  - მოსკოვი სულაც რომ არ ჩაერიოს.

ამას თავისი ღრმა გეოპოლიტიკური მიზეზები აქვს: ირანი თურქული სამყაროს ნაწილი არ არის. პირიქით, თურქული სამყაროს ისტორიული კონკურენტი და მტერია.

თურქეთმა და ირანმა საუკუნეთა განმავლობაში იომეს კავკასიაში ბატონობისთვის. 1555 წლის `ამასიის` ეპოქალური მნიშვნელობის ზავით, აღმოსავლეთ ამიერკავკასია ირანს დარჩა, დასავლეთ ამიერკავკასია კი - თურქეთს.

ეს ტრადიცია ირანს დღემდე ახსოვს. და როდესაც ირანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ხედავს, რომ თურქეთი შესამჩნევად გააქტიურდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში (აზერბაიჯანში და კასპიისპირეთში), უდიდესი როლიც შეასრულა 2020 წელს აზერბაიჯანის ტრიუმფალურ გამარჯვებაში სომხეთზე, ამის გამო თეირანი `წუხს` და ბრაზდება.

რუსეთის ჰეგემონია არ აბრაზებდა ამიერკავკასიაში 200 წლის მანძილზე, მაგრამ ისტორიული კონკურენტის - თურთქეთს გააქტიურება აბრაზებს!

 ამიტომ ემუქრება აზერბაიჯანს.

თანაც დავაკვირდეთ გეოგრაფიას: თუ აზერბაიჯანმა გაჭრა ხაზი მეღრის რაიონში, ანუ გახსნა ძალით ზანგეზურის ხაზი, გამოდის, თურქული სამყარო აღარ იქნება `გაწყვეტილი` სომხეთის მიერ...... ესე იგი პირდაპირი კომუნიკაცია იარსებებს ცენტრალური აზიის თურქულენოვან ხალხებს, აზერბაიჯანსა და დიდ თურქეთს შორის.

ეს რუსეთს ხელს არ აძლევს, მაგრამ როგორც დასტურდება ახლა, არც ირანს აწყობს გეოპოლიტიკურად. ამიტომაც,  მოსკოვის მოკავშირე ხდება აზერბაიჯანის წინააღდმეგ.

. . . . . . . . . . . . . .

ხარკოვის და ხერსონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პასპორტი მხოლოდ მოსახლეობის 1%-მა მიიღო.

პუტინი, რასაკვირველია, მეტს ელოდა.

ვინც რუსეთია მოქალაქეობას მიიღებდა, იმათ ყოველგვარი უკრაინული საბანკო ვალდებულებისგან გათავისუფლებასაც კი პირდებოდა.

მაგრამ ეს მოლოდინი გაუცრუვდა.

არადა ამ რაიონებში, განსაკუთრებით ხერსონში, მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსულენოვანია და ეთნიკურად რუსებიც კი არიან უმეტესობა.

მაშ რატომ არ იღებენ რუსულ პასპორტებს?

შესაძლოა არსებითად იმიტომ(აც) არ იღებენ, რომ არ არიან დარწმუნებულნი, რუსები შეინარჩუნებენ ხერსონს: უკრაინული არმიის წარმატებული დივერსიები `მტრის ზურგში`, აფეთქებები და შეტევები ყირიმში, იმავე ხერსონში, ჩვეულებრივ ობივატელებსაც არწმუნებს, რომ არ არის გამორიცხული, უკრაინა `დაბრუნდეს` და მერე....საოკუპაციო ჯართან ერთად გაქცევა მოუხდებათ, თუ რუსულ პასპორტებს აიღებენ.

რუსები რუსული პასპორტის გასაცემად უკრაინული პასპორტის ჩაბარებას მოითხოვენ.

. . . . . . . . . . . . . .

პუტინმა გადაწყვიტა ბელორუსს გადასცეს მისი ყველაზე ძლიერი იარაღი: ბალისტიკური რაკეტა SS-26 Iskander-M.

სწორედ ის აფეთქდა 2008 წლის 12 აგვისტოს გორის ცენტრში.

12 უდანაშაულო ქართველი და ჰოლანდიელი ოპერატორი მოკლა.

მერე ერთმა ჰოლანდიელმა ჟურნალისტმა ევროპაში, სტრასბურგში, ევროსაბჭოს სესიაზე  რუს გენერალს ჰკითხა: ეგ თქვენი `ისკანდერები`, რომლითაც ასე ამაყობთ, სინამდვილეში არც ისე ზუსტი ყოფილა, რადგან საქართველოსთან ომის დროს გორთან მდებარე რუსულ სამხედრო ბაზას უმიზნებდით და გორის ცენტრში კი აფეთქდა სადაც მშვიდობიანი ადამიანები დახოცა ქართველი სამხედროების ნაცვლადო.

იმ შოვინისტმა რუსმა გენერალმა ამაზრზენი პასუხი გასცა: `მერედა ვინ გითხრათ ან საიდან მოიტანეთ, რომ სწორედ სამხედრო ბაზას ვუმიზნებდით და არა გორის ცენტრსო`.

თუ ბელორუსს ექნება ეს მძლავრი იარაღი, პუტინს შეეძლება Proxy `ბელორუსული არმიით` დააშანტაჟოს ევროპა, პირველ რიგში ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი.

ამგვარი რაკეტები რუსეთის არმიას კალინინგრადშიც აქვს განლაგებული, თუმცა პუტინი ხშირად იყენებს Proxy ანუ `სხვისი ხელით` მოქმედების ტაქტიკას. ვითომ თავად არაფერ შუაშია და ეს ყოველივე ბელორუსის ინიციატივაა. ანუ დიქტატორ ალექსანდრე ლუკაშენკოსი.

მას შემდეგ, რაც `ისკანდერები` მიიღო, ლუკაშენკომ (გუშინ) განაცხადა, რომ თურმე `რუსეთ-ბელორუსეთის სამოკავშირეო სახელმწიფოს` მშენებლობაში მიღწეულია დიდი გარღვევა და ასეთი სახელმწიფო უახლოეს მომავალში დაფუძნდებაო.

`რუსეთ-ბელორუსეთის` კავშირს მოსკოვი და მინსკი უკვე 26 წელია აშენებენ, აშენებენ, აშენებენ.....დაუსრულებლად.

პუტინმა ერთხელ თქვა კიდეც: თუ კავშირი ვართ, მაშინ კავშირში ორი არმია და ორი სასაზღვრო ჯარი, ორი ვალუტა რა საჭიროაო.

თუმცა ლუკაშენკო დღემდე ე.წ. `დამოუკიდებელი სახელმწიფოს` ამ ატრიბუტთა გაუქმებას არ თანხმდებოდა.

ოღონდ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიამ ბევრი რამ შეცვალა.

თუ რუსეთ-ბელორუსის კავშირი შეიქმნა, კრემლი სხვა სახელმწიფოთა შეთრევასაც შეეცდება ამ სახელმწიფოში.