თოფაძე და გადასახადები მთავრობის კოშმარად იქცა

თოფაძე და გადასახადები მთავრობის კოშმარად იქცა

        «ცივი ომი» საგადასახადო ინსპექციისა და ქართველ მეწარმეებს შორის «ცხელ ფაზაში» გადადის. «ურჩი გადამხდელი» გოგი თოფაძე მეწარმეთა კონსილიუმმა წლის საუკეთესო ბიზნესმენად აირჩია. ეს ძალიან ნიშანდობლივი და საინტერესო მოვლენაა მრავალი განზომილებით. მას სერიოზული გავლენა ექნება არა მხოლოდ ძალთა განლაგებაზე თანამედროვე ქართულ ისტებლიშმენტში, არამედ მომავალ არჩევნებშიც კი.
        ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ «წლის საუკეთესო ბიზნესმენის» არჩევა «სალონური» მოვლენა აღარ არის – მას კონკრეტული პოლიტიკური და აქედან გამომდინარე, ფინანსურ-ეკონომიკური დატვირთვა აქვს.
        ახლა რამდენიც არ უნდა ამტკიცონ «ბოროტმა ენებმა», რომ თოფაძემ ეს მაღალი წოდება უბრალოდ იყიდა, რათა საგადასახადო ინსპექციასთან მიმართებაში, აგრეთვე წინასაარჩევნოდ, პოზიციები განემტკიცებინა – ამას არავინ დაიჯერებს.
        კაცმა რომ თქვას, ასეთი ცილისწამება საფუძველს იმთავითვე მოკლებულია, ვინაიდან თუ «ყიდვაზე» მიდგა საქმე - «ყიდვის» მსურველი ბევრი იქნებოდა, «შუბი ხალთაში არ დაიმალებოდა», ხოლო თოფაძის მოწინააღმდეგე ფინანსური დაჯგუფების წარმომადგენლები (ხაზარაძე, ტბს ჯგუფი და ა.შ.) უსამართლობას არასგზით დაუშვებდნენ და შესაბამისი ბერკეტებიც ექნებოდათ.
        შამპანურის წკარუნმა ვერ დაფარა ის გარემოება, რომ ფინანსურ ოლიმპზე ამჟამად გააფთრებული, უმოწყალო ბრძოლა მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, თოფაძეს ამ წოდებაში თეთრიც არ გადაუხდია, მით უმეტეს ცენტი. მას წოდება მიანიჭა ქართველ მეწარმეთა ამქარმა, რომელმაც ამ გზით კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია: არ გადავიხდით! დიახ, გადასახადებს არ გადავიხდით! და ყურებზე ხახვსაც ვერავინ დაგვაჭრის!
        იგივე «ბოროტი ენები» ტყუილად სისინებენ, რომ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში გოგი თოფაძე კარგა ხანია ციხეში იჯდებოდა. საგადასახადო ინსპექციის საგანგებო შემოწმებაც არ გახდებოდა საამისოდ აუცილებელი – საკმარისი იქნებოდა თვით თოფაძის განცხადება: «არ გადავიხდი, ვინაიდან გადასახადი მეტისმეტად დიდია».
        პრესის ის გამოცემა და ის საგაზეთო ნომერი, სადაც წარმატებული ბიზნესმენის ამგვარი განცხადება დაფიქსირდეობდა, - უმალვე ჩაეკვრებოდა სისხლის სამართლის საქმეში.
        ჩვენთან, რასაკვირველია, მოვლენები ასე ვერ განვითარდება, - თოფაძეს უბატონოდ ხმასაც ვერავინ გასცემს, ვინაიდან მისი არჩევით «საუკეთესო ბიზნესმენად» მთლიანად, ქართულმა ოლიგარქიამ გამოხატა თავის ნება და (აქვე უნდა ითქვას) «ჩაწიხლა» ხაზარაძის ჯგუფი, რომელიც «მეტიჩრობს» - ბორჯომზე სააქციზო მარკების დაკვრას აპირებს და ხელისუფლებისადმი «ლოიალობას» ამჟღავნებს, ანუ გადასახადებს იხდის.
        ამ შემთხვევაში, მეორეხარისხოვანია არჩევნების საკითხი, თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ თოფაძის გამარჯვება ძალიან, ძალიან არ გაეხარდებოდა «სოციალისტთა ლიდერს» (თავად არცთუ წარუმატებელ ბიზნესმენს) ვახტანგ რჩეულიშვილს, რადგან მომავალ არჩევნებში მისი მთავარი კონკურენტი სწორედ თოფაძის «მრეწველთა პარტია» იქნება.
        მიუხედავად ამისა, რჩეულიშვილი თოფაძეს ღიად ვერ «დაარტყამს», ვინაიდან იმავე ისტებლიშმენტთან აშკარა დაპირისპირებას მოერიდება. თუმცა, სწორედ გოგი თოფაძის გაძლიერებამ აიძულა რჩეულიშვილი, «ალიანსში» გაერთიანებაზე ეფიქრა – წინააღმდეგ შემთხვევაში, «საალიანსო» მას არაფერი ექნებოდა – ყოველ შემთხვევაში, ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის თვალსაზრისით მაინც.
        მოვლენები სულ უფრო დრამატულ ხასიათს იღებს – საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში უნდა განიხილოს საქართველოსათვის დამატებითი კრედიტების გამოყოფის საკითხი.
        ფაქტობრივად, სსფ-ს გადაწყვეტილებაზეა, აგრეთვე, დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ქვეყანა მსოფლიო ბანკის 115 მილიონიან კრედიტს. ეს საკითხიც არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის უარყოფითი ვერდიქტის შემთხვევაში, მსოფლიო ბანკის კრედიტი «ქაღალდზე დარჩება». სავალუტო ფონდი კვლავინდებურად ძალიან მკაცრ პირობებს აყენებს. სწორედ ამ პირობების შესაბამისად, წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც ნებისმიერი სერიოზული «ძვრა» ეკონომიკურ-საგადასახადო სფეროში შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს – ხელისუფლება იძულებულია, მიიღოს ძალზე არაპოპულარული ზომები; შემოღებულია დამატებითი აქციზი ბენზინზე, რაც უეჭველად გააძვირებს ამ პროდუქციას, ანუ გააძვირებს (მასთან ერთად) ყველაფერს; «ბენზინის მეფეები» მიიღებენ მიზნობრივ ლიცენზიას, მაგრამ ხელისუფლებამ, ჯერჯერობით, ვერ გაბედა «ლგოტების» სისტემის დაწესება, რაც უაღრესად ხელსაყრელი იყო 5 უმსხვილესი იმპორტიორი ფირმისათვის, თითქმის მოსპობდა კონტრაბანდის შესაძლებლობას, მაგრამ უეჭველად გამოიწვევდა წვრილ იმპორტიორთა გააფთრებას – შესაბამისი შედეგებით «პროტესტულ ელექტორატზე» მოთამაშე პოლიტიკურ ძალთა დაფინანსების თვალსაზრისით;
        ხელისუფლებამ ასევე ვერ გაბედა ეთილირებული ბენზინის შემოტანის აკრძალვა (რუსეთიდან) ვინაიდან, ამ შემთხვევაში, ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი აჯანყებით იმუქრება.
        ერთი სიტყვით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვითარება ქვეყანაში დღითი დღე იძაბება. ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე მომავალი «დიადი არჩევანი» უშუალო ზეგავლენას მოახდენს. ეკონომიკური და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკური პროცესის მართვა შეუძლებელი ხდება მხოლოდ ეკონომიკური მიზანშეწონილობის მოსაზრებებიდან გამომდინარე; ლარის დევალვაციამ დაარღვია ადრე არსებული ბალანსი «იმპორტიორთა» და «ექსპორტიორთა» შორის; ხელისუფლება ვეღარ ახერხებს ამ ორი დაჯგუფების წინააღმდეგობაზე ბალანსირებას - იგი იძულებულია მკვეთრი მოძრაობები გააკეთოს, - უმძიმეს ტვირთად აწვება გასული წლის დავალიანებაც.

7 დღე, 14 ივლისი, 1999 წელი