საერთაშორისო მიმოხილვა. 24 ივლისი. 2024 წელი
დემოკრატებმა ამერიკაში დაიწყეს კამალა ჰარისის გაძლიერება და მისი პრპომოუტირება, როგორც „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატისა.
დამოუკიდებელი ექსპერტები კი, როგორც ყოველთვის, პირველ რიგში ყურადღებას აქცევენ ციფრებს, გამოკითხვათა შედეგებს და ზოგადად აქვე კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ სოციოლოგიას არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ ენიჭება ისეთი მნიშვნელობა, არა აქვს იმ დონის „წონა“ და „რენომე“, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ბუნებრივია, ჯერ-ჯერობით ვლაპარაკობთ მხოლოდ „საწყის ციფრებზე“, რომლებიც ასახავს ამჟამად „აქ და ახლა“ არსებულ მდგომარეობას და კიდევ უამრავჯერ შეიძლება შეიცვალოს 5 ნოემბრამდე ესე იგი საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის დღემდე.
„დემოკრატი ამომრჩევლების“ 76% მხარს უჭერს ამჟამინდელი ვიცე პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ნომინირებას პრეზიდენტად.
ეს იმას ნიშნავს, რომ კამალას კონკურენტი პარტიაში ფაქტობრივად არ ჰყავს და გამორიცხულია, ასეთი მხარდაჭერის პირობებში ან „დემების“ ისტებლიშმენტმა, ან პარტიის კონვენტმა ჩიკაგოში რაიმე სხვა გადაწყვეტილება მიიღოს გარდა კამალა ჰარისის წარდგენისა.
თუმცა, როგორც გუშინ ვწერდით, ფორმალურად სხვა ნომინანტებიც იქნებიან, რადგან შექმნილი ვითარების უჩვეულობის გამო, „დემოკრატიულმა პარტიამ“ დაუშვა სერიოზული გადახვევა ამერიკის დიდი ელექტორალური ტრადიციიდან, რაც ბოლო 50 წელია არ დარღვეულა: სრულყოფილად ვერ მოესწრება პრაიმერიზები ან კოკუსები ანუ შიდა პარტიული დებატები და შიდა პარტიული არჩევნები 19 აგვისტომდე, როცა ჩიკაგოში უნდა გაიხსნას „დემოკრატიული პარტიის“ კონვენტი.
აქვე უნდა ითქვას, რომ ამ გარემოებას რასაკვირველია გამოიყენებენ „რესპუბლიკელები“ და მოწინააღმდეგეებს ნებისმიერ შემთხვევაში დასდებენ ბრალს დემოკრატიულ ტრადიციათა დარღვევაში.
თვით „რესპუბლიკელებმა“ სრულყოფილი პრაიმერიზები ჩაატარეს, ოღონდ ტრამპის შემდეგ ნომერ პირველი ვინც იყო ამ პრაიმერიზებში და კოკუსებში (ნიკი ჰეილი) ის დღეს დონალდის მხარდამჭერია. ლამის MAGA-ს (Make America Great Again) მოძრაობის აქტივისტად იქცა.
ზოგადად, ამომრჩეველთა განწყობის თაობაზე: კამალა ჰარისის მიმართ კეთილგანწყობილია და მას შესაბამისად (Favorable) მიიჩნევს ამერიკელთა 35%, ხოლო შეუსაბამოდ, არახელსაყრელ არჩევანად (Unfavorable) მოსახლეობის 46%.
დონალდ ტრამპის შემთხვევაში კი ეს ციფრები ასეთია: Favorable – 40% Unfavorable – 51%.
ბაიდენს ჰქონდა (ბოლო მოვლენებამდე) Favorable – 32% Unfavorable – 55%.
პენსილვანიაში, რომელიც „დემოკრატებისთვის“ კრიტიკულად მნიშვნელოვან შტატად ითვლება, - რაკი ამ შტატში დამარცხების შემთხვევაში „დემებს“ არასდროს ისტორიაში საპრეზიდენტო არჩევნები არ მოუგიათ, - კამალა ჰარისი მხოლოდ 1 პუნქტით ჩამორჩება ტრამპს მაშინ, როცა ბაიდენი ტრამპს ამ შტატში მთელი 3 პუნქტით ჩამორჩებოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემია ამ დისკურსში, ანუ შეძლებს თუ არა ჰარისი დაამარცხოს ტრამპი უფრო მეტი ალბათობით, ვიდრე ამას შეძლებდა ბაიდენი.
გუშინ კამალა ჰარისი გამოვიდა სტაფერების წინაშე (პირველად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ჯო „ჩაიხსნა“ რბოლიდან) და მისი ზეაგრესიული სპიჩი გამოდგა ძალიან აგრესიული როგორც სტილით, ასევე შინაარსით თუ ძირითადი მესიჯებით.
„სტილს“ რაც შეეხება, მისი სპიჩის ტონალობით კამალამ დაადასტურა, რომ „მოფამფალებული“ ჯოსგან განსხვავებით იგი აპირებს პირდაპირ ეომოს დონალდს და უსასტიკესი წინააღმდეგობაც გაუწიოს მთელი თავისი ენერგიით და ძალით, რაც ნამდვილად არ აკლია.
რაც შეეხება ნარატივს. გუშინ კამალამ ორი მთავარი მესიჯი „გაასიტყვა“:
ა) დონალდ ტრამპი აპირებს დაგვაბრუნოს წარსულში. „5 ნოემბრის არჩევნები იქნება არჩევანი ბნელ წარსულსა და მომავალს შორის“.
ანუ..... ამ მესიჯით კამალა არა მხოლოდ ტრამპს ებრძვის როგორც „წარსულის მასტოდანტს“ ამერიკულ ისტებლიშმენტში, რომელმაც 50 წლის განმავლობაში ამერიკელებს ტვინი.....დაუზიანა ჯერ კიდევ მაშინ, როცა აქტიური, იმპოზანტური, გაფიარებული ბიზნესმენი იყო, არამედ კამალა ასევე ცდილობს იმ აგრემოების „კაპიტალიზებასაც“, რომ ჯო ბაიდენთან შედარებით (ვინც ასევე 50 წელი „ჩანდა“ ამერიკის პოლიტიკურ და ელიტურ ოლიმპზე) იგი თავად მაინც ახალი ფიგურაა.
„ახალია“ არა მხოლოდ წარმომავლობით და კანის ფერით, არამედ მართლა ახალია, როგორც აშშ ელიტარულ ოლიმპზე სულ რამდენიმე წლის წინ გამოჩენილი ვარსკვლავი
ბ) კამალა ჰარისის მტკიცებით, თუკი ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ის ხელს მოაწერს ბრძანებულებას მთელი ამერიკის ტერიტორიაზე აბორტების აკრძალვის შესახებ.
„ხელისუფლებას არა აქვს უფლება, უბრძანოს ქალს, როგორ მოექცეს და რა უყოს საკუთარ სხეულს“ - გააჟღერა ქალბატონმა კამალამ Pro-choice ქალთა მოძრაობის უმთავრესი, „ღერძულა“ თეზისი, რომელსაც ქალებს შორის მოწინააღმდეგეებიც ჰყავს ანუ Pro-Life მოძრაობის წევრები;
თუმცა ეს მესიჯი კამალას მისი „მიზნობრივი ელექტორატის„ მობილიზებაში ნამდვილად დაეხმარება.
ზოგადად, უკვე ცხადია, რომ ჰარისის პოლიტიკური „კაპიტალიზაციის“ მეთოდი და ინსტრუმენტი გახდება, მათ შორის გენდერის თემა.
კამალა ჰარისი არ არის პირველი ქალი კანდიდატი პრეზიდენტობაზე (2016 წელს იყო ჰილარი კლინტონი) მაგრამ ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ქალია აშშ ისტორიაში.
და სწორედ „გენდერულ დისკურსში“ ძალიან საინტერესო ხდება, ვის აირჩევს კამალა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად.
99,99999% ალბათობით, ეს კანდიდატი მამაკაცი იქნება და არა ქალი.
იმიტომ, რომ „ორი ქალი“ ერთდროულად, „მეტისმეტი“ გამოვა ისეთ ფემინისტურ ქვეყანაშიც კი, როგორიც ამერიკაა.
თუმცა მოულოდნელობა ტოტალურად გამორიცხდული მაინც არ არის.
და მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული სოციუმისთვის „მმაჩიზმო“ („მამაკაცური შოვინიზმი“) მით უმეტეს მიზოგინია (ქალთმოძულეობა) აბსოლუტურად უცხოა, ამერიკელი სოციოლოგები, ვინც საკითხს არა ემოციურად არამედ მეცნიერულად ეკიდება, ერთხმად აღნიშნავენ, რომ ქალი - პრეზიდენტი, მამაკაცი - ვიცე-პრეზიდენტი შესაძლოა ქვეცნობიერ დონეზე მაინც გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს ამერიკელებისთვის, რაკი აბსოლუტურად უეჭველი ფაქტია, რომ თვით ყველაზე გენდერულად „დალაგებულ“, ფემინისტურ საზოგადოებებშიც, ქალს მაინც „ჭირვეულად“ აძლევენ ხმას ამომრჩევლები.
თან როგორც მამაკაცები, ასევე ქალები.
მაგალითად: საფრანგეთშიც კი, ქალი არასდროს აურჩევიათ პრეზიდენტად.
შესაბამისად, „მამაკაცი ვიცე-პრეზიდენტი“, ამ სტატუსის „ქვემდებარეობის“ გამო, ქვეცნობიერად, ან თუნდაც რაღაც პროცენტით ცნობიერადაც გამაღიზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს მაშინ, როდესაც ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის სტილი - სულ თვალებში რომ შესციცინებდა პრეზიდენტ მამაკაცს - ნორმალურად აღიქმებოდა: ქალისა და მამაკაცის სოციალურის სტატუსის აღქმადობის გათვალისწინებით თვით ყველაზე გენდერ-ტოლერანტულ საზოგადოებაშიც კი.
2016 წელს ტრამპმა კლინტონს მოუგო ნაწილობრივ სწორედ ამ სოციო-ფსიქოლოგიური „კვანძების“ გამო და.......როგორ „იმუშავებენ“ ისინი ახლა, როდესაც ქალი კანდიდატი უკვე ქარიზმატულ დონალდ ტრამპს უნდა დაუპირისპირეს, თანაც მამაკაცი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატით, ზუსტად არავინ იცის.
აბსოლუტურად არაპროგნოზირებადად ითვლება ახლა ეს არჩევნები.
მივაქციოთ ყურადღება, რომ სულ უკანასკნელი მონაცემებით, გაიზარდა Undecided ამომრჩეველთა რაოდენობა.
ეს კატეგორია ყველგან არსებობს.
თუნდაც არა იმ აშკარად პათოლოგიური რაოდენობით, როგორც საქართველოში, თუმცა მაინც ყველგან არსებობს.
თვით ამერიკაშიც,
ოღონდ ამჯერად შედარებით უფრო დიდი აღმოჩნდა. თვით ამერიკელებისთვისაც კი უჩვეულოა, რაც ამჟამად ხდება. აფროამერიკელი პრეზიდენტიც კი (ობამა) ნაკლებადაა მათთვის „კოგნიტიური დისონანსების“ შემქნელი, ვიდრე ქალი-პრეზიდენტი. პლუს ისიც ფერადკანიანი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჩინელები რომ დიდი პრაგმატიკოსები არიან და რუსეთს „უმცროს ძმად“, სინამდვილეში „ყმად“ განიხილავენ, ეს ცხადია.
თუმცა რამდენიმე დღის წინ მსოფლიო მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ამასთან ერთად დასავლური სანქციებიც „მუშაობს“ ჩინეთში რუსეთის წინააღმდეგ.
საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთი და ჩინეთი 2017 წლიდან ცდილობდნენ აეშენებინათ ფართოფიუზელაჟური, გრძელმაგისტრალური თვითმფრინავი CR929.
გრანდიოზული მრავალმილიარდიანი პროექტი იყო, რომლითაც ძალიან ამაყობდა პუტინი.
მაგრამ ლე ბურჟეს ბოლო ავია-გამოფენაზე (ავია-სალონზე) ჟურნალისტებმა, რომლებიც ამ მიმართულებით სპეციალიზდებიან, აღმოაჩინეს, რომ ჩინური სტენდიდან, სადაც ამ პროექტირებადი თვითმფრინავის პრეზენტაცია მიმდინარეობდა, გაქრა წარწერა CR929 და გაჩნდა C929.
არადა, R ამ აბრევიატურაში ნიშნავდა Russia - რუსეთს.
მოგვიანებით ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ პეკინმა მოსკოვი უბრალოდ გააგდო პროექტიდან, რაკი დასავლური სანქციების შეეშინდა ერთობლივი წარმოების შემთხვევაში.
არადა ეს თვითმფრინავი ჩინეთს ძალიან სჭირდება. ასევე სჭირდება რუსეთს მისი უდიდესი მანძილების გამო და....... რას გაუბედავს ახლა პუტინი ამის პასუხად სი ძინპინს? თვითმფრინავის მაკომპლექტებლებს აღარ მიაწვდის გაბრაზებული?
გაბედავს ამას და სი ძინპინს ერთი თითის განძრევით შეუძლია „გადაუკეტოს ჟანგბადი“.
ამას ჰქვია სწორედ „პატრონყმობა“, რა მდგომარეობაშიც ამჟამად რუსეთი აღმოჩნდა ჩინეთის მიმართ - უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აბსოლუტურად პათოლოგიური აგრესიის გამო.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ სწორედაც ჩინეთია ის ქვეყანა, რომელიც ამჟამად რუსეთის მმართველ რეჟიმს უქმნის შანსს, რუსებმა ვერ იგრძნონ დასავლური სანქციების სუსხი და ისე იცხოვრონ „ვითომც აქ არაფერი“. ანუ მათი ცხოვრების წესი არ შეიცვალოს მიუხედავად იმისა, რომ მათი სახელმწიფო აგრესიულ ომს აწარმოებს.