საერთაშორისო მიმოხილვა. 22 ნოემბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 22 ნოემბერი. 2023 წელი

ისრაელ-პალესტინის გარიგება მძევალთა გაცვლაზე - დაპატიმრებულ ლტოლვილებში გადაიდო პარასკევამდე.

ცეცხლის შეწყვეტა ხუთშაბათიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა  ცეცხლი არ წყდება.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

იემენის შიიტურმა პროირანულმა დაჯგუფებამ `ჰუსიტები`, რომლებიც იემენის ტერიტორიის დიდ ნაწილს აკონტროლებს, კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა ესროლა ისრაელს.

საბედნიეროდ, რაკეტა ისრაელის `საზენიტომ` ჩამოაგდო.

ამ თემის ანალიზისას დასავლური მედია აღნიშნავს, რომ იემენი, ჯერ კიდევ სსრკ ეპოქიდან მოყოლებული, ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე `მძიმედ შეიარაღებული` სახელმწიფო იყო, რაკი მოსკოვი და თეირანი ჯერ კიდევ მაშინ აპირებდა მის გამოყენებას ისრაელის და აშშ წინააღმდეგ.

ამ იარაღის დიდი ნაწილი ახლა `ჰუსიტებს` დარჩათ. მათ შორის ბალისტიკური რაკეტების ფართო ნომენკლატურა.

იემენი 25 მილიონიანი ვეებერთელა ქვეყანაა, რომელსაც მიმდინარე სამოქალაქო ომი ხლეჩს, თუმცა საუდის არაბეთის მომხრე სუნიტებსა და ირანის მომხრე შიიტებს ისრაელის და ამერიკის სიძულვილი აერთიანებთ.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ თეთრი სახლის სფოუქსპერსონმა ღიად გამოხატა უკმაყოფილება იმის გამო, რომ აშშ კონგრესის წარმომადგენლობითი (ქვედა) პალატა აჭიანურებს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების დამტკიცებას იმის მიუხედავად, რომ (ციტატა) `უკრაინის საჭიროებები კრიტიკულ ზღვარს აღწევს`.

ანუ უკრაინის ხელისუფლებას უკვე არა მხოლოდ იარაღის შეძენა უჭირს და ომის წარმოება, არამედ საბიუჯეტო ხელფასების და პენსიების გაცემაც; ასევე ცივი ზამთრისთვის მომზადება.

თეთრი სახლი უკმაყოფილოა იმით, რომ სპიკერი ჯონსონი, რომელმაც სპიკერი მაკარტი შეცვალა, აჭიანურებს საკითხის ხელმეორედ გატანას კენჭისყრაზე. კანონპროექტი კი ითვალისწინებს 64 მილიარდს უკრაინისთვის, რაც ძალიან არსებითი იქნება ახალი წლიდან შეტევის განახლებისას.

აქ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ `დემოკრატებმა` კონგრესში დაუჭირეს მხარი სპიკერ მაკარტის გადაყენებას. არადა კონგრესმენი `რესპუბლიკელები` მაკარტით უკმაყოფილონი იყვნენ სწორედ მისი `მეტისმეტად ხშირი` ვიზიტების გამო პრეზიდენტთან, თეთრ სახლში.

მაშასადამე, `დემოკრატებმა` ვერ გათვალეს, რომ მაკარტის ნაცვლად სპიკერი გახდებოდა ისეთი ფიგურა (ჯონსონი), ვინც თეთრი სახლიდან სატელეფონო ზარებსაც კი არ პასუხობს.

ამ პარტიულ ინტრიგებსა და ძალაუფლების ტექნოლოგიაში დაშვებულ შეცდომებს ახლა უკრაინის სასიცოცხლო  ინტერესები ეწირება.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ დაამტკიცა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების ახალი პაკეტი 50 მილიარდი ევროს ოდენობით.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებაა თუ გავითვალისწინებთ, რომ ამერიკის 64 მილიარდიანი პაკეტი კვლავინდებურად `გაყინულია` კონგრესში.

მაგრამ, როგორც Wall Street Journal აღნიშნავს, გერმანიის მთავრობა, უკრაინის დასახმარებლად იძულებულია შეამციროს ასიგნებანი ევროკავშირის პროგრამათა განსახორციელებლად. მაგალითად ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამისა, როგორიცაა იმიგრაციის მართვა.

WSJ წერს, რომ ამ გარემოებამ შესაძლოა  EU-ში სერიოზული კრიზისი გამოიწვიოს, რაკი გერმანია მთელი ევროკავშირის ბიუჯეტის მეოთხედს ავსებს!

აქ კიდევ ერთხელ მჟღავნდება ევროკავშირის სისტემური სისუსტე:  ვიქტორ ორბანის უნგრეთი ბლოკავს EU ყველა გადაწყვეტილებას უკრაინისთვის ფინანსური დახმარების შესახებ: ამას წინათ ბუდაპეშტმა დაბლოკა 30 მილიარდი ევროს გამოყოფა კიევისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ხოლო EU სხვა სახელმწიფოები, გერმანიისგან განსხვავებით, არ იღებენ ან თითქმის არ იღებენ გადაწყვეტილებებს უკრაინის დახმარების შესახებ საკუთარი ბიუჯეტიდან.

ევროკავშირი კონფედერაციაა.

კონფედერაცია კი იმას ნიშნავს, რომ ამ კონფედერაციის ყოველ სუბიექტს (მაგალითად უნგრეთს) აქვს საშუალება `ვეტო დაადოს` ბრიუსელის ნებისმიერ გადაწყვეტილებას.

17 წლის წინ არსებობდა ევროკავშირის ფედერაციად გარდაქმნის პროექტი, რომლის თანახმად ერთი ან რამდენიმე ქვეყანა ვეღარ დაბლოკავდა ბრიუსელის  გადაწყვეტილებებს, მაგრამ `ერთიანი ფედერაციული ევროპის` კონსტიტუცია მაშინ ჩაშალეს რეფერენდუმებით ნიდერლანდმა და საფრანგეთმა.

`ფედერაციად გარდაქმნის` მთავარი ინიციატორი, რა თქმა უნდა, გერმანია იყო.

შემდეგ ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ეს პროექტი დაახლოებით 100 წლით გადაიდო.

მოსკოვი ყოველნაირად ცდილობდა ევროპის  ფედერალიზების  პროექტი ჩაეშალა, რადგან მეზობლად დიდი ფედერაციული სახელმწიფოს წარმოშობა კრემლისთვის კოშმარი იქნებოდა.

ამ მიზნით კრემლი იყენებდა გავლენის ბერკეტებს, მათ შორის ევროპელი  სოციოპატი `სასარგებლო იდიოტების` აქტიურობას.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

განსხვავებით ვიქტორ ორბანისგან, უნგრეთის პრეზიდენტი კატერინ ნოვაკოვა პუტინის მოწინააღმდეგეა და უკრაინას აქტიურად უჭერს მხარს.

რამდენიმე დღის წინ ქალბატონმა ნოვაკოვამ მწვავე განცხადება გააკეთა პუტინის წინააღმდეგ ე.წ. `ვიშეგრადის ჯგუფის` შეკრებაზე. ამ ჯგუფში შედიან უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი.

იმავე შეკრებაზე ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტერ პაველმა განაცხადა, რომ ევროკავშირი `მზად უნდა იყოს მაღალი ინტენსივობის საომარი კონფლიქტისთვის რუსეთთან და ამისთვის `ევროპული არმიები უნდა მოემზადონო`.

მას უპასუხა პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ: `ჩვენი ქვეყანა უკვე ემზადება: არმია 200 000-მდე გავზარდეთო`.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

  უკრაინამ და ნიდერლანდმა მიაღწიეს მნიშვნელოვან, პოლიტიკური ჟღერადობის შეთანხმებას ე.წ. `სკვითების ოქროს` უკრაინისთვის დაბრუნების შესახებ.

ეს საგანძური გაიგზავნება კიევში და არა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში.

შეგახსენებთ საკითხის პრე-ისტორიას: სკვითები ინდო-ირანული (ინდო-ევროპული) მოდგმის ეთნოსია, რომლის ტომები ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე სახლობდნენ თანამედროვე რუსეთის სტეპებში და განსაკუთრებით, ჩრდილო შავი ზღვისპირეთში, მათ შორის ყირიმში.

ძირითადად მომთაბარენი იყვნენ, თუმცა მათ ახასიათებდათ საოცარი შემოქმედებითი პროდუქტიულობა.

ყირიმის გათხრებისას, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, აღმოჩენილია უამრავი ოქროს სამკაული თუ სხვა ნაკეთობა, რომელიც ინახებოდა ყირიმის მუზეუმებში.

2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა, `სკვითების ოქრო`, სამუზეუმო ექსპონატების გაცვლის პროგრამით, ნიდერლანდში იყო გამოფენაზე. უფრო ზუსტად, ამსტერდამის მუზეუმში.

როცა გამოფენის ვადა ამოიწურა, კიევმა მოითხოვა საგანძური არ გაეგზავნათ ოკუპირებულ, ანექსირებულ ყირიმში, არამედ მისთვის გადაეცათ. ,მოსკოვი - პირიქით: მოითხოვდა საგანძური ისევ ანექსირებული ყირიმის მუზეუმში დაებრუნებინათ.

ჰოლანდიის ხელისუფლება დიდხანს ჭოჭმანობდა. ჰოლანდიური სასამართლოებიც როგორც შეეძლოთ აჭიანურებდნენ საკითხის გადაწყვეტას, რაკი რუსეთის განაწყენება არ სურდათ იმის მიუხედავადაც კი, რომ უკვე იცოდნენ რუსეთის როლზე ნიდერლანდელებით სავსე სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში.

პროცესი დაჩქარდა (ნაწილობრივ) მას შემდეგ, რაც მოსკოვმა  პირდაპირი აგრესია დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ.

გადაწყვიტეს `სკვითთა ოქრო` კიევს გადასცენ, თუმცა რუსეთის ადგილობრივი (ანუ ნიდერლანდელი) იურისტები აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებენ.

ეს ქეისი არის მკაფიო ილუსტრაცია, თუ როგორ იყენებს კრემლი ჯერ ერთი დასავლეთის სისტემურ, ტრადიციულ, იმანენტურ შიშნეულობას მის მიმართ და მეორეც, თუ როგორ იყენებს დასავლურ ინსტიტუტებს (ამ შემთხვევაში სასამართლოს) დასავლური ღირებულებებისვე წინააღმდეგ.

  . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთიდან მსოფლიო ბრენდების წასვლის შემდეგ რუსმა ე.წ. `ბიზნესმენებმა` დაიწყეს სხვისი სამარკო სახელების მითვისება, ოღონდ ამას თაღლითურად აკეთებენ - ბრენდების მიმსგავსებით: მაგალითად, მოსკოვში უკვე იკერება Abibas, რომელსაც გარეგნულად ვერ გაარჩევთ გერმანული ლეგენდარული ბრენდისგან Adidas, არადა სახელი მხოლოდ მიმსგავსებულია.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

ფინეთმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩაკეტოს ყველა სასაზღვრო გადასასვლელი რუსეთთან. გარდა ერთისა, რომელიც ყველაზე ჩრდილოურია და მურმანსკიდან 250 კილომეტრში მდებარეობს ანუ ძალიან მოუხერხებელია.

ეს გადაწყვეტილება ჰელსინკიმ მიიღო იმის გამო, რომ მოსკოვი აშკარად, მიზანმიმართულად ახალისებდა ახლო აღმოსავლეთიდან მიგრაციას რუსეთის ტერიტორიის გავლით ფინეთში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფინეთი რასაკვირველია ვერ გაბედავდა საზღვრის ჩაკეტვას რამდენიმე წლის წინ, როცა ჯერ კიდევ არ იყო NATO-ს წევრი

 

  . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის «Россельхознадзор» - მა გადაწყვიტა  მსოფლიოს 21 ქვეყანაში გააგზავნოს სპეციალური დელეგაცია, რათა შეისწავლოს, თუ როგორ ამზადებენ იქ ღვინოს, რომელიც შემდეგ რუსეთში იგზავნება ექსპორტით.

იგულისხმება ევროპის სახელმწიფოები, ასევე  სომხეთი და მოლდავეთი.

საქართველოს ამ სიაში არ არის.

მოსალოდნელია, მოსკოვმა სომხური კონიაკის იმპორტი საერთოდ აკრძალოს, რათა დასაჯოს ნიკოლ ფაშინიანი დასავლეთთან მისი `ფლირტის` გამო, რაც სულ უფრო აღიზიანებს პუტინს.

ნიკოლ ფაშინიანმა რუსული ``ანტინატოს`` (Организация Договора Коллективной Безопасности – ОДКБ) ბოლო სამიტშიც არ მიიღო მონაწილეობა და ერთობლივ დოკუმენტსაც არ მოაწერა ხელი: `მე რომ მიჭირდა მაშინ უნდა დამხმარებოდითო`.