საერთაშორისო მიმოხილვა. 22 ივნისი. 2023 წელი
რუსეთის მიერ კახოვკის კაშხლის აფეთქების კატასტროფულ შედეგებზე არაერთხელ დაგვიწერია.
ახლა ირკვევა ახალი დეტალები: აფეთქებით გამოწვეულმა წყალდიდობამ შავ ზღვაში ჩაიტანა დნეპრის სანაპიროებზე ორივე მხრიდან ჩადებული ათასობით ნაღმი.
შავი ზღვა მშვიდობიანი ნაოსნობისა და კრუიზებისთვის უბრალოდ სახიფათო ხდება.
არავინ იცის, საით წაიღებს საზღვაო დინება ამ ნაღმებს. შესაძლოა ევროპის ნაპირებისკენ.....შესაძლოა ბათუმისკენ......
. . . . . . . . . . . . . . . . .
დონალდ ტრამპს მოწინააღდმეგეებმა და მოძულეებმა ახალი კომპრომატი ამოუქექეს.
ირკვევა, რომ ტრამპის კონკურსში Miss Universe 2012 მონაწილეობდა ტრანსგენდერი ქალი ჯენა ტალაკოვა. ტრამპმა ეს იცოდა, თუმცა ამაში პრობლემას ვერ ხედავდა.
ახლა კი ტრამპის კრიტიკოსები აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ დღეს პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი გენდერულ საკითხებში კონსერვატიულია და მაგალითად, ტრანსგენდერთა ოლიმპიურ თამაშებში ან სხვა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის წინააღმდეგ გამოდისო.
მწვავდება საარჩევნო კამპანია ამერიკაში, მწვავდება ნამდვილად.
და ეს მხოლოდ დასაწყისია.
. . . . . . . . . . . . . . . . .
გატყობინებდით პეკინში ამერიკის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის ვიზიტის შესახებ, რომელიც `გარეგნულად` თითქოს წარმატებული ჩანდა.
მაგრამ ბუკვალურად მეორე დღეს, რაც ბლინკენი პეკინიდან გამოემგზავრა, აშშ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთის `თავმჯდომარე` სი ძინპინს `დიქტატორი` უწოდა და ჩინეთის მიერ ამერიკის საჰაერო სივრცეში რამდენიმე თვის წინ გაგზავნილი აეროსტატები ახსენა.
გამორიცხულია ეს წამოცდენა ან გაუფრთხილებლობა ყოფილიყო: ჯო ბაიდენი ძალიან გამოცდილია საგარეო პოლიტიკის და დიპლომატის საკითხებში. ბევრი სხვა პრეზიდენტისგან (მაგალითად დონალდ ტრამპისგან ან თუნდაც ბარაკ ობამასგან) განსხვავებით, ბაიდენი 1970-იანი წლებიდან პროფესიულად იყო დაკავებული საერთაშორისო დიპლომატიით.
ამრიგად, რაც თქვა, თქვა შეგნებულად და ამით სი-ს გაუგზავნმა მესიჯი: არაფერი შეგეშალოს, ამერიკა დემოკრატიაა, ხოლო ჩინეთი - დიქტატურა, ავტორიტარიზმი, ავტოკრატია; ამას არასდროს ვივიწყებთ და არც ჩვენს სივრცეში აეროსტატების შემოშვებას დაგივიწყებთო.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, რა `მორიგებაც` არ უნდა შემდგარიყო (თუ შედგა რეალურად) პუტინის წინააღმდეგ პეკინში აშშ-ჩინეთის მოლაპარაკების შედეგად, ამერიკა ჩინეთს ეუბნება, რომ საკუთარ ღირებულებებზე უარს არ იტყვის არანაირი `პრაგმატული` პოლიტიკის გამო.
. . . . . . . . . . . . . . . . .
როგორც ერთ-ერთ წინა მიმოხილვაში აღვნიშნავდით, ძალიან საინტერესო დეტალები ირკვევა 2022 წელს, რუსეთ-უკრაინის დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებათა შესახებ.
`ალაპარაკდა` ჯერ თვითონ პუტინი, რომელმაც თქვა, რომ 2022 წელს, დახურულ კარს მიღმა (!) მინსკში, შემდეგ სტამბულში მოლაპარაკების დროს, უკრაინა მზად იყო გამოეცხადებინა ნეიტრალიტეტი და უკრაინულმა დელეგაციამ განახორციელა კიდეც ამ საიდუმლო დოკუმენტის პარაფირება, ესე იგი წინასწარი ხელმოწერა.
ახლა რუსეთის ყოფილმა კულტურის მინისტრმა მედინსკიმ, რომელიც რუსულ დელეგაციას წარმოადგენდა, კიდევ ერთი დეტალი გაახმოვანა: უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გარანტორები უნდა ყოფილიყვნენო აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი.
ოღონდ.......რუსული მხარე აქ იტყუება მთავარ, არსებით საკითხებში:
ა) რა ტერიტორია უნდა ყოფილიყო `ნეიტრალური?`. რასაკვირველია, ის ტერიტორია უკრაინის, რაც 1991 წელს სცნო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ.
ესე იგი, რუსეთს უნდა გაეყვანა ჯარები დონბასიდან და ყირიმიდან.
ასე კონკრეტულად არ ეწერა, მაგრამ არც ის ეწერა პარაფირებულ დოკუმენტში, რომ უკრაინა რაიმენაირად აღიარებდა დონბასის ან ყირიმის დაკარგვას.
ეს თემა მომლაპარაკებელმა მხარეებმა სამომავლოდ გადადეს, რაც ჩვეულებრივი დიპლომატიური ტექნოლოგიაა, როცა კონკრეტულ საკითხზე შეთანხმება გამორიცხულია, თუმცა პროცესი მხარეებს აკმაყოფილებს.
ბ) თუკი ჩინეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი იქნებოდნენ უკრაინის ნეიტრალური სახელმწიფოს და მისი საზღვრების გარანტორები, აბა სხვა რა უნდოდა უკრაინას, როცა NATO-სკენ ისწრაფოდა?
ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში შესვლა უკრაინას სწორედ იმიტომ უნდოდა, რომ მის ტერიტორიაზე რუსული ჯარები აღარ ყოფილიყვნენ და მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები ყოფილიყო დაცული საერთაშორისო (!) გარანტიებით.
გ) ჩინეთის ხსენება პარაფირებულ დოკუმენტში, უდავოდ ზელენსკის ძალიან ჭკვიანურ სვლად უნდა ჩაითვალოს.
ჯერ ერთი, ჩინეთს უკრაინაში ძალიან დიდი ეკონომიკური ინეტრესები აქვს და ამას რატომღაც არ ითვალისწინებენ ის მკვლევარები, რომლებიც პუტინ-სი ძინპინის ალიანსზე ლაპარაკობენ.
და მეორე, რაც მთავარია: ზელენსკის გუნდს კარგად ესმოდა და სწორადაც ესმოდა, რომ თუ ჩინეთი გახდებოდა უკრაინის გარანტორი, პუტინი მას ვერ `დაიკიდებდა` ისე, როგორც `რამე რომ იყოს` დასავლეთს `იკიდებს` ხოლმე, რადგან პუტინ - სი ძინპინის ტანდემში პუტინი უკვე `უმცროსი ძმა` კი არა..... ლამის ყმაა!
აქედან გამომდინარე, პუტინს სი-სთან არ გაუვიდოდა ის, რაც ზოგჯერ გასდის დასავლეთთან ანუ (ბოდიში ჟარგონისთვის) `გადაგდება`.
რა მიზანს ისახავს ახლა რუსეთის მიერ ამ კონფიდენციური დოკუმენტის გამოქვეყნება, მთლად გასაგები არ არის. ეტყობა კონვულსურ PR აქციებს მიმართავენ.
2022 წლის გაზაფხულზე პუტინი უკვე დამარცხდა ომში იმის შედეგად, რომ კიევი ვერ აიღო; ხოლო მისი საჰაერო-სადესანტო დივიზია, კიევთან, `გოსტომელის~ აეროპორტში, უკრაინელებმა გაანადგურეს; უამრავი ტყვედ იგდეს და პუტინი მაშინ მათ დაბრუნებას ცდილობდა იმგვარი გაიძვერობით.
მეორეს მხრივ, ზელენსკიც ცდილობდა დროის მოგებას და მართალი გამოდგა გათვლაში
. . . . . . . . . . . . . . . . .
სოხუმში გრძელდება ვნებათა ღელვა ანუ `მასათა მძვინვარება` ბაბუშერას აეროპორტის გასხვისებასთან დაკავშირებით.
ხელისუფლება არ ასაჯაროვებს დოკუმენტს, რომელსაც სანკტ-პეტერბურგის ე.წ. `ეკონომიკურ ფორუმზე` მოეწერა ხელი აფხაზეთის და რუსეთის ეკონომიკის მინისტრთა მიერ.
არ სახელდება კერძო ინვესტორი, რომელიც მზად არის ჩაასხას ფული აეროპორტის აღდგენაში.
ყველაფერი გასაიდუმლოებულია.
აფხაზური ოპოზიცია ეჭვობს, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებს მიწის გადაცემას ინვესტორისთვის. მიწის გადაცემა კი აფხაზებისთვის საკრალური თემაა და კატეგორიულად მიუღებელი.
თუმცა მთელი ეს ისტორია რაღაც ვირეშმაკული თამაშის შთაბეჭდილებას კი ტოვებს.
მარტივი კითხვა: თუ რუსეთი დაინტერესებულია სოხუმის აეროპორტის აღდგენით, მაშინ.....რაში სჭირდება ვიღაც დაუსახელებელი კერძო რუსი ოლიგაქრი/ინვესტორი?
განა რუსეთს არ შეეძლო ფული სამთავრობო სახელმწიფო დონეზე `ჩაესხა` ბაბუშერაში იმ სახსრებიდან (მილიარდობით რუბლია) რასაც მოსკოვი ყოველწლიურად ურიცხავს აფხაზებს?
ოღონდ ისეთნაირად ურიცხავს, რომ კონკრეტულად რაზე უნდა დაიხარჯოს ფული, თვითონ კარნახობს.
მაგალითად სასმელი წყალი არ არის სოხუმში და ამ დროს მილიარდობით რუბლი არა წყალგაყვანილობის შესაკეთებლად, არამედ `ოლიმპიური საცურაო აუზის` ასაშენებლად იხარჯება, რომელიც იქ აბსოლუტურად არავის სჭირდება.
ვიმეორებ ლოგიკურ კითხვას: მოსკოვს რომ უნდოდეს, ამ მილიარდობით რუბლს რატომ არ დახარჯავდა სოხუმის აეროპორტის აღსადგენად?
როგორც ჩანს, სინამდვილეში არ უნდა, ხოლო ცარიელი ქაღალდი, რასაც სანკტ პეტერბურგში მოეწერა ხელი, დიპლომატიური მიეთ-მოეთისთვის სჭირდება.
არ უნდა იმიტომ, რომ კვლავინდებურად ცდილობს სოხუმის აეროპორტის ამოქმედება (რასაც აფხაზეთის ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს) `გაცვალოს` რუსების მიერ აფხაზეთში ბინების თავისუფალ ყიდვა-გაყიდვაში, რასაც აფხაზები არ თანხმდებიან, რაკი ეს ბინები (ქართველი ლტოლვილების ბინებზეა ლაპარაკი) თურქეთში მცხოვრები აფხაზი მოჰაჯირების შთამომავალთათვის აქვთ `დარეზერვებული`. იმათ აფხაზეთის მოქალაქეობა აქვთ ყველას.
. . . . . . . . . . . . . . . . .
გლობალურ ნიუსად იქცა იდუმალი ინციდენტი ატლანტიის ოკეანეში, სადაც უკვალოდ გაქრა ბატისკაფი, რომელსაც მდიდარი ტურისტები და მეცნიერები უნდა ჩაეყვანა საოკეანო ლაინერ `ტიტანიკის` ნარჩენებთან ოკეანის ფსკერზე - თითქმის 4 კილომეტრის სიღრმეში.
შეგახსენებთ, რომ ლაინერი `ტიტანიკი` 1912 წლის 10 აპრილს ჩაიძირა აისბერგთან შეჯახების შედეგად.
მასთან დაკავშირებული რეალური ისტორია თუ მითები ევროატლანტიკური თანამეგობრობის ერთ-ერთი არსებითი მითოლოგემაა. ამიტომ `ტიტანიკი` მუდამ იწვევს ინტერესს.
კომპანია OceanGate Expeditions დიდ მოგებას იღებს ბატისკაფ `ტიტანის` რეგულარული რეისებით ტიტანიკის ნარჩენებთან.
ამჯერად მის ბორტზე იმყოფებოდნენ ამ კომპანიის პრეზიდენტი სტოკტონ რაში, ბრიტანელი მილიარდერი ჰემიშ ჰარდინგი, პაკისტანელი მილიარდერი ჰამშადა დავუდი 19 წლის შვილთან ერთად და კიდევ რამდენიმე ადამიანი.
ტურის ღირებულება 250 000 დოლარია.
`ტიტანი` გაქრა 19 ივნისს. ჰაერი მასში მყოფთ მხოლოდ ხვალამდე ეყოფათ ანუ 23 ივნისამდე.
რა შეიძლებოდა მომხდარიყო, არავინ იცის.
არ გამორიცხავენ ბატისკაფის ჰერმეტულობის დარღვევას (ეს უარეს შემთხვევაში) ან უკეთეს შემთხვევაში ელექტროობის გათიშვას, რამაც გათიშა კაბშირგაბმულობის საშუალებები.
თუმცა..... რა არის `უკეთესი` და `უარესი`, კაცმა არ იცის: ელექტროობის გათიშვა ნელ-ნელა, წამებით სიკვდილს ნიშნავს უჰაერობის გამო; ხოლო რეჰერმეტიზაცია - წამიერ სიკვდილს.
ისე.....რაღაც საოცარი მისტერია კი უკავშირდება ამ `ტიტანიკს`. ანუ ახალი შესაძლო გლობალური მნიშვნელობის ტრაგედია, მსხვერპლი.....