იყო თუ არა ღალატი აფხაზეთის ომში?

იყო თუ არა ღალატი აფხაზეთის ომში?

 

    რამდენიმე დღის წინ თბილისში დაიწყო ზვიად გამსახურდიას შეიარაღებულ ფორმირებათა ყოფილი სარდლის, ვახტანგ (ლოთი) ქობალიას სასამართლო პროცესი. ქობალიას ბრალი ედება რამდენიმე მძიმე დანაშაულში, რომელთაგან უმთავრესია «სამშობლოს ღალატი». კერძოდ, ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთგზის განუცხადებიათ, რომ ქობალიას დიდი წვლილი მიუძღვის აფხაზეთის დაკარგვაში. უფრო კონკრეტულად: ქობალიას ბრალს დებენ, რომ იგი არ მიეხმარა სამთავრობო ჯარებს, რომლებიც სოხუმს იცავდნენ აფხაზური ფორმირებებისაგან.
    ეს ბრალდება, თუ იმჟამინდელ მოვლენებს გავიხსენებთ და გავაანალიზებთ, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.
    ჯერ ერთი, 27 ივლისის ხელშეკრულება ქობალიას არ დაუდევს და სოხუმიდან ჯარები მას არ გამოუყვანია; გარდა ამისა, გავიხსენოთ, რომ ლოთი ქობალიამ ძალიან დიდი როლი შეასრულა აფხაზთა პირველი დესანტის განადგურებისას - 1993 წლის 2-5 ივლისს; მაგრამ ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, ის მოვლენებია, რომლებიც 1993 წლის 16 სექტემბრის შემდეგ განვითარდა. ანუ მას შემდეგ, რაც აფხაზებმა დაარღვიეს შეთანხმება და განაახლეს შეტევა სოხუმზე.
    როგორც ცნობილია, ტყვარჩელიდან მოულოდნელი დარტყმით, აფხაზურმა დესანტმა დაიკავა კოდორის შესართავი - სოფლები ახალდაბა, აძიუბჟა და რამდენიმე დღის განმავლობაში ამ პოზიციებზე გამაგრება მოასწრო.
    ქართული არმიის ნაწილები ძირითადად ჰაერით გადაჰყავთ სოხუმში, რადგან ოჩამჩირის ტრასა კოდორთან ჩაიკეტა. თუ ლოთი ქობალიას ბრალად ის ედება, რომ იგი «სოხუმს არ მიეშველა», მაშინ ამგვარი ბრალდება უნდა წაეყენოს შევარდნაძის მომხრე სარდლებსაც. მაგალითად ჯემალ ჭუმბურიძეს, გუჯარ ყურაშვილს და სხვებს, რომლებიც ოჩამჩირეში იმყოფებოდნენ.
    სინამდვილეში კი, 20-26 სექტემბერს აძიუბჟასთან მიმდინარეობდა გააფთრებული ბრძოლები, რომლებშიც მონაწილეობდნენ როგორც ლოთი ქობალიას, ასევე ჯემალ ჭუმბურიძის შენაერთები. მაგრამ მათ უბრალოდ ვერ შეძლეს მტრის კარგად გამაგრებული პოზიციების გარღვევა.
    რაც შეეხება გია ყარყარაშვილის მაგალითს, რომელმაც რამდენიმე ათეული მებრძოლი შემოვლითი გზით გადაიყვანა სოხუმში (ტექნიკის გარეშე) - სამხედრო თვალსაზრისით ეს სიმბოლური ნაბიჯი იყო და თუ სიმბოლოებს ასეთი მნიშვნელობა აქვთ, მაშინ ლოთო ქობალიამაც გააგზავნა ჯერ კიდევ 17 სექტემბერს ფოთიდან თვითმფრინავით რამდენიმე ათეული მებრძოლი დასაცემად განწირული სოხუმის დასაცავად.
   
   

«მიმომხილველი», 8 თებერვალი, 1996 წელი.