საერთაშორისო მიმოხილვა. 21 სექტემბერი. 2023 წელი
`აზერბაიჯანმა აღადგინა თავისი სუვერენიტეტი` - განაცხადა გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
მართლაც, მიღწეულია შეთანხმება, რომ ყველა სომხური შეიარაღებული ფორმირება ყრის იარაღს, ბარდება აზერბაიჯანულ არმიას; შემდეგ ვისაც სურს ტოვებს ყარაბაღს, ხოლო მთიან ყარაბაღში დარჩენილი სომხები აღიარებენ აზერბაიჯანის სუვერენიტეტს და რჩებიან ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები.
ბუნებრივია, სეპარატისტულ რეგიონში შედიან აზერბაიჯანის არმია და პოლიცია, ხოლო რეგიონულ ცენტრ სტეფანაკერტში, ადმინისტრაციულ შენობებზე, დღეს ან ხვალ აღიმართება აზერბაიჯანის დროშა.
ეს არის აზერბაიჯანის სრული ისტორიული ტრიუმფი, რაც განაპირობა ოთხი გეოპოლიტიკური ფაქტორის თანხვედრამ:
ა) აზერბაიჯანის 20 წლიანი ზრდა, გამდიდრება კასპიის ნავთობის წყალობით, რის შედეგადაც ბაქომ შექმნა უძლიერესი 100 000 იანი არმია მილიონიანი რეზერვით; შეიძინა უახლესი თურქული და ისრაელის იარაღი, რომელსაც სომხეთის არმია (საბჭოთა-რუსული იარაღით) ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა;
ბ) თურქეთის სტრატეგიული მოკავშირეობა: NATO-ს წევრი თურქეთი, ამ 20 წლის განმავლობაში, ყველანაირად ეხმარებოდა აზერბაიჯანს არმიის შექმნაში, წვრთნიდა მის არმიას, უზრდიდა კვალიფიციურ სამხედრო კადრებს, რაც გადამწყვეტი ფაქტორია; იყენებდა თავის გავლენას საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის პოზიციის დაცვისა და პრომოუტირებისთვის, ხოლო გადამწყვეტ მომენტში, ანუ 2020 წელს, როცა აზერბაიჯანმა დაიწყო სამხედრო ოპერაცია, თურქეთმა სამხედრო თვითმფრინავები გააგზავნა აზერბაიჯანში `სწავლებების მომიზეზებით` და ამით უთხრა სხვა დიდ რეგიონულ მოთამაშეებს (რუსეთსა და ირანს), რომ არ დაუშვებს მათ სამხედრო ჩარევას
გ) რუსეთის ჩაფლობა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიასა და ომში! აზერბაიჯანულმა და თურქულმა ელიტებმა ჯერ კიდევ 2020 წელს იცოდნენ (სულაც არ იყო ძნელი ამის პროგნოზირება მით უმეტეს, რომ ძლიერი სპეცსამსახურები ჰყავთ), რომ პუტინი აუცილებლად შეიჭრებოდა უკრაინაში და დაიწყებდა სრულმასშტაბურ აგრესიას; 2014 წლის ყირიმის აგრესიის შემდეგ ეს გარდაუვალი იყო ადრე თუ გვიან; უკრაინის საკითხი პუტინისთვის ეგზისტენციალური გახდა; შესაბამისად, მას ნამდვილად არ ეყოფოდა რესურსები პერიმეტრზე ახალი სტრატეგიული ომისა და დაპირისპირებისათვის აზერბაიჯანთან, მით უმეტეს თურქეთთან
დ) მშვიდობიანი რევოლუციის შედეგად, სომხეთის სათავეში ნიკოლ ფაშინიანის მოსვლამ დააშინა მოსკოვური ელიტები, რომლებსაც ტრადიციული იდიოსინკრაზია აქვთ `ხავერდოვანი რევოლუციების` მიმართ 2003 წლიდან დაწყებული;
ნიკოლ ფაშინიანი პერსონალურადაც არ მიიღეს; მით უმეტეს, რომ იგი მოვიდა სომხურ საზოგადოებაში `რუსეთის მორჩილებისგან გადაღლის` ტალღაზე და შესაბამისი პოლიტიკის გატარებაც დაიწყო - უარი განაცხადა დაენიშნა ან დაეტოვებინა საკვანძო პოსტებზე მოსკოვისთვის მისაღები ფიგურები.
ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, შეინარჩუნებს თუ არა ფაშინიანი ძალაუფლებას; ბევრი მის გადადგომას მოითხოვს; თუმცა ასევე მოითხოვდნენ 2020 წელსაც, როცა სომხეთმა ყარაბაღის ომი წააგო.
თუ ფაშინიანი დაამხვეს, რუსეთისთვის ეს გეოპოლიტიკური მარცხის კომპენსაცია გახდება.
გუშინ ყარაბაღში რუსი `მშვიდობისმყოფელები` მოკლეს. უცნობმა პირებმა მანქანაში ჩაცხრილეს. აზერბაიჯანმა სამძიმარი გამოთქვა. კონკრეტულად ვინ დაესხა თავს რუს სამხედროებს, უცნობია; აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს აბრალებენ; თუმცა საეჭვოა ამ ინციდენტმა რაიმე კარდინალურად შეცვალოს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
სოხუმში გაიმართა თურქეთში მცხოვრებ აფხაზთა წარმომადგენლების ბრიფინგი. სასტიკი პროტესტი განაცხადეს იმის გამო, რომ ხელისუფლება ამზადებს კანონს `აპარტჰოტელების` შესახებ, რის შედეგადაც აფხაზეთში ბევრი რუსი დასახლდება.
აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აფხაზეთში ბინების (იგულისხმება ქართველ ლტოლვილთა ბინების) ყიდვა-გაყიდვის უფლება მხოლოდ ეთნიკურ აფხაზებს უნდა ჰქონდეთ, რომლებიც თურქეთში და სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ.
აფხაზეთის ახალი კანონმდებლობით, აფხაზეთის მოქალაქეობა შეიძლება მიიღოს მხოლოდ ეთნიკურმა აფხაზმა. ასევე მხოლოდ ეთნიკურად აფხაზი შეიძლება გახდეს აფხაზეთის პრეზიდენტი;
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში კვლავ ეხმარება.....ზამთარი და ყინვები.
როგორც ნაპოლეონის დროს, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს;
ახლა არ ცივა, არ ყინავს, თუმცა დასავლელი ანალიტიკოსები ერთხმად აცხადებენ, რომ უკრაინული კონტრშეტევის წარმატებისთვის თეორიულად დარჩა დაახლოებით 5 ან 8 კვირა: სანამ აცივდება, დაიწყება წვიმები, ატალახდება და შეტევა, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდება.
დასავლეთში აუცილებლად წამოყოფენ თავს ისინი, ვისაც არ მოსწონს მილიარდების ხარჯვა უკრაინის დასაცავად.
. . . . . . . . . . . . . . . . .
პოლონეთის პრემიერმა მაროვეცკიმ უარი თქვა პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე და განაცხადა, რომ იარაღსაც აღარ მიაწვდის კიევს რაკი `იარაღი თავად გვჭირდებაო`.
მიზეზი გახდა უთანხმოება უკრაინული ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებით. ვარშავამ უკრაინული ხორბლის შემოტანა აკრძალა იმ საბაბით, რომ მეტისმეტად იაფია ომის დროს და პოლონელი ფერმერები ზარალდებიანო.
უკრაინამ საპასუხოდ WTO-ში იჩივლა, რამაც ვარშავას გაღიზიანება გამოიწვია
. . . . . . . . . . . . . . . . .
საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბენ სალმანმა განაცხადა, რომ თუ ირანის `ბირთვული პროგრამა` არ შეწყდება, საუდის არაბეთიც იძულებული გახდება შექმნას ბირთვული იარაღი.
ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა: საუდებს ფული არ აკლიათ და შეუძლიათ იყიდონ ტექნოლოგიები.
2011 წელს საუდის არაბეთი გამოვიდა საერთაშორისო ხელშეკრულებიდან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ სწორედ იმ საბაბით, რომ ირანი ქმნიდა ასეთ იარაღს.
აქ განსაკუთრებით საინტერესოა, რომ საუდის არაბეთი ირანის საწინააღმდეგოდ ისრაელისა და ამერიკის მოკავშირე ხდება: საუდის არაბეთი არაბული სამყაროს ლიდერია, რაკი სწორედ მექასა და მედინაშია განლაგებული ისლამის უდიდესი სიწმინდეები; გარდა ამისა, საუდის არაბეთი სუნიტური ისლამის მიმდევარია, ხოლო ირანი - შიიტური ისლამისა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
საოცარი დეტალები ირკვევა გაეროში სერგეი ლავროვის (რფ საგარეო საქმეთა მინისტრის) ვიზიტთან დაკავშირებით: ამერიკა ცდილობდა შეეზღუდა ვიზების გაცემა რუსული დელეგაციის წევრებისთვის და ლავროვი შანტაჟზე წავიდა: თუ ყველას არ მისცემთ ვიზებს, აშშ მოქალაქე გერშკოვიჩთან მის ახლობლებს არ შევუშვებთო.
ევან გერშკოვიჩი დაპატიმრებულია რუსეთში შპიონაჟის ყალბი ბრალდებით.
ბოლოს ამერიკელებმა მაინც მისცეს ვიზა ლავროვის დელეგაციის წევრებს, თუმცა განსაკუთრებული ვიზაა: ნიუ იორკის დატოვება ეკრძალებათ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის ინიციატივით, ნიუ იორკში გაიმართა ბუნებისდაცვითი კონფერენცია, რომელზეც სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს ჩინეთს და რუსეთს;
იმ მიზეზით, რომ როგორც გაეროს გენმდივანმა ახსნა გასაგებად - ეს ქვეყნები ბუნებრივი გარემოს ყველაზე დიდი დამაბინძურებლები არიან, ხოლო გამოსვლის უფლება მხოლოდ `პასუხისმგებელ` სახელმწიფოებს ექნებათ.
საკმაოდ `მწარე სილის გაწვნაა` როგორც სი ძინპინისთვის, ასევე პუტინისთვის. ისინი პიროვნულად არც აპირებდნენ სამიტზე გამოსვლას, თუმცა საუბარია სახელმწიფოს წარმომადგენლობაზე.
დასავლეთშიც საკმაოდ მწვავე დისკუსიაა გარემოს დაცვით პრობლემატიკაზე; მათ შორის ნამწვის გაშვებაზე ჰაერში, რაც ხელს უწყობს გლობალურ დათბობას. ოღონდ, გუტერეშის აზრით, სხვაობა ისაა, რომ თუკი დასავლური სახელმწიფოები რაიმე დოკუმენტს ამ მიმართულებით ხელს აწერენ, ასრულებენ კიდეც; ან საერთოდ არ აწერენ ხელს; რუსეთი და ჩინეთი კი რასაც აწერენ ხელს, არაფერს ასრულებენ;
. . . . . . . . . . . . . . . . .
ილონ მასკი საკუთარ სტილში: გუშინ მან განაცხადა, რომ იწყებს `ტვინის ჩიპ` Neuralink-ის გამოცდას ადამიანებზე: ჩიპი ადამიანებს ტვინში ჩაუშენდებათ, რის შედეგადაც ისინი აზრებით, ფიქრებით შეძლებენ კომპიუტერის მართვას.
საოცრებაა, რომ ეს ექსპერიმენტი მუდამ ფრთხილმა და კონსერვატიულმა ამერიკულმა წამლის სააგენტო FDA-მ დაუშვა.
პირველ ეტაპზე იგულისხმება, რომ Neuralink ტვინში ჩაუშენდება ადამიანებს, ვისაც მოძრაობის პრობლემები აქვთ.
აღსანიშნავია, რომ მასკმა ამ `ჩიპის` გამოცდა 3 წლის წინ შიმპანზეზე დაიწყო, თუმცა ცდის ობიექტი მალევე გარდაიცვალა. მაგრამ ექსპერიმენტი მაინც წარმატებულად ჩაითვალა.
ალბათ ასეთ ექსპერიმენტში მონაწილეობას რომ დათანხმდე ადამიანი, განსაკუთრებული მენტალობაა საჭირო.