2013 წელს მიშა არსადაც არ წავა!

2013 წელს მიშა არსადაც არ წავა!

        გასულ კვირას ქართულ მედიასა და პოლიტიკურ კულუარებში დიდი სჯა ბაასი იყო იმის შესახებ, როდის დაბრუნდება მიხეილ სააკაშვილი საქართველოში.
        ზოგიერთი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ პრეზიდენტს საზღვარგარეთული ვოიაჟი მეტისმეტად გაუგრძელდა, რაც გარკვეულ ეჭვებსაც კი ბადებს. არადა, იმან, რაც სამშაბათს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე მოხდა, ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა: მიშა რა თქმა უნდა დაბრუნდება! თანაც არა უბრალოდ დაბრუნდება, არამედ «დარჩება». დარჩება ძალიან დიდი ხნით – იმაზე ბევრად ხანგრძლივი ვადით, ვიდრე მის მტრებს სურდათ და სურთ
        სააკაშვილის თბილისში არყოფნაც, როგორც ჩანს, იმით იყო გამოწვეული, რომ პრეზიდენტი შეძლებისდაგვარად გამიჯვნოდა საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებას და არ მიეცა ხსენებული მტრებისთვის («ოპოზიცია» რომ ქვიათ) საშუალება, მისთვის კომისიაზე ზეწოლა დაებრალებინათ.
        საკონსტიტუციო კომისიამ კი ძალზე მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, ეპოქალური გადაწყვეტილება მიიღო: მომავალი ახალი კონსტიტუციის საბაზისო ვარიანტად გამოცხადებულია ე.წ. «დემეტრაშვილ-შარმანაშვილის» პროექტი, რომელიც, ფაქტობრივად, საპარლამენტო რესპუბლიკაზე თანდათანობით გადასვლას ითვალისწინებს.
        მართალია პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ «ფრანგული მოდელი» მოამზადეს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს და პრემიერს დაახლოებით თანაბარი უფლებები აქვთ და მხოლოდ პარლამენტის როლი გააძლიერეს, მაგრამ დეემტრაშვილის დარ განსწავლულ იურისტსა და შარმანაშვილის მაგვარ გამოცდილ პოლიტიკოსს არ შეიძლება არ ესმოდეთ, რომ ჩვენ არა ვართ ფრანგები და ხელისუფლებათა ასეთი გამიჯვნა საქართველოში არარეალურია.
        ჩვენი ქვეყნის უახლესი წარსულისა და პოლიტიკური კულტურის გათვალისწინებით, საქართველოში ან საპარლამენტო რესპუბლიკა უნდა იყოს, ან ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა. ანუ ბიუროკრატიასაც და ხალხსაც მკაფიოდ უნდა ესმოდეს, ვინ არის «მთავარი».
        უბრალოდ, ამჟამინდელ სახელისუფლებო მოდელში (რაც 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით დამკვიდრდა) თუ პრეზიდენტია «მთავარი», საპარლამენტო რესპუბლიკაში «მთავარი» – პრემიერი იქნება. ამერიკული და ფრანგული მოდელები კი ჩვენს ქვეყანაში მუდმივი გაუგებრობის და არეულობის წყაროა. აქედან გამომდინარე, როდესაც დემეტრაშვილ-შარმანაშვილის პროექტი პარლამენტამდე მიაღწევს, საპარლამენტო უმრავლესობა მას აუცილებლად გადაამუშავებს, ანუ კიდევ უფრო გააძლიერებს პრემიერის ფუნქციას, ხოლო პრეზიდენტს სიმბოლურ ფიგურად აქცევს. – როგორც გერმანიაში ან ისრაელში.
        შესაბამისად, 2012-2013 წლებში, როდესაც იწურება პრეზიდენტ სააკაშვილის მეორე (და უკანასკნელი) საპრეზიდენტო ვადა, იგი დარჩება ხელისუფლებაში, ოღონდ პრემიერ-მინისტრის რანგში.
        ავთანდილ დემეტრაშვილს ეს არც დაუმალავს: «მაესტროს» ეთერში გამოსვლისას მან პირდაპირ, სიტყვა-სიტყვით თქვა: «თუ 2012 წლის არჩევნებში «ნაციონალური მოძრაობა» გაიმარჯვებს, მას სრული კონსტიტუციური უფლება ექნება, პრემიერის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა წამოაყენოსო.
        ის, რომ 2012 წელს სწორედ «ნაციონალები» გაიმარჯვებენ, - ეჭვს არ იწვევს. ამაზე არა მხოლოდ ბოლოდროინდელი რეიტინგები მეტყველებს, არამედ ელემენტარული ლოგიკა. თუ არა ნაციონალებს, აბა ვის მისცემს ხმას ამომრჩეველი? – ამ ოპოზიციას, რომელიც ერთმანეთის ჭამითაა გართული და ასეულობით ათასი ადამიანი ქუჩაში იმისთვის გამოიყვანა, რათა იპოდრომზე წაეყვანა?
        Oთანაც, ოპოზიციას ტყუილად აქვს იმედი, რომ დასავლეთი მათ მხარს დაუჭერს და არ დაუშვებს საპრეზიდენტოს ნაცვლად საქართველოში საპარლამენტო მმართველობის შემოღებას ანუ მიხეილ სააკაშვილის დარჩენას ხელისუფლებაში.
        სინამდვილეში, ევროპული გაგებით, საპარლამენტო რესპუბლიკა მმართველობის ბევრად უფრო დემოკრატიული ფორმაა, ვიდრე საპრეზიდენტო. მით უმეტეს, საპრეზიდენტო მმართველობის ისეთი მოდელი, როგორიც ამჟამად საქართველოშია, რომელიც ევროპელებს ბევრჯერ გაუკრიტიკებიათ.
        ხოლო ის, რომ ქალბატონ ბურჯანაძეს ან ბატონ ნოღაიდელს პრეზიდენტობა თვითონაც უნდათ და ამიტომ საპრეზიდენტო მოდელის შეცვლის წინააღმდეგნი იქნებიან, ევროპელებისთვის განმსაზღვრელი ნამდვილად არ იქნება.
        საინტერესოა, რომ დემეტრაშვილ-შარმანაშვილის საკონსტიტუციო პროექტს, რომელიც, რეალურად, 2013 წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის სათავეში დარჩენას ითვალისწინებს, უპირისპირდებოდა ე.წ. «თავისუფლების ინსტიტუტისა» და ლევან რამიშვილის პროექტი – მმართველობის ამერიკული მოდელით, რაც აბსოლუტურად გამორიცხავდა მიხეილ საააკშვილის დარჩენას არათუ ქვეყნის სათავეში, არამედ დიდ პოლიტიკაში.
        საერთოდ, ლევან რამიშვილს «ვარდების რევოლუციიდან» მოყოლებული თავი ყოვლისშემძლე ეგონა. მას მიაჩნია, რომ ის რევოლუცია სწორედ მისი «გენიალობის» ნაყოფია და ამდენად, მიშა სააკაშვილი მთელი ცხოვრება «თავისუფლების ინსტიტუტის» მადლიერი უნდა იყოს, ანუ ყველა მითითება უსიტყვოდ შეასრულოს.
        მაშასადამე, სწორედ რამიშვილსა და მის ინსტიტუტს ჰქონია უფლება, სააკაშვილს უკარნახოს, რა მოდელი უნდა მიიღოს და რა – არა. როდემდე დარჩეს ხელისუფლებაში და ა.შ.
        მაგრამ რამიშვილი მწარედ შეცდა! მან ის შეცდომა გაიმეორა, რაც ბევრმა დაუშვა, როდესაც თავი სააკაშვილზე ჭკვიანად მიიჩნია და ეგონა, რომ «მიშას მართვას» შეძლებდა. მათ შორის შეიძლება დავასახელოთ: ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ეროსი კიწმარიშვილი, ბადრი პატარკაციშვილი და ა.შ.
        ამ პოლიტიკოსებს გულწრფელად სჯეროდათ, რომ სწორედ მათ «შექმნეს მიშა». არადა, სინამდვილეში, პირიქით იყო! ქუთაისელ შალიკიანსაც ეჩვენებოდა «მიშას ვიყენებო», როდესაც «ვარდების რევოლუციისთვის» თავის ქუთაისურ ტელევიზიას უთმობდა; სინამდვილეში კი, პირიქით - მიშამ იხმარა 2003 წელს. შესაბამისად, ლევან რამიშვილიც სულ მალე ამ ბრიგადას მიემატება.
        «ნაციონალებში» მომავალ ცვლილებებს ყველა ვერ ხვდება და «ვერ ტვინავს».მაგალითად, საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე მმართველი პარტიის ზოგიერთმა ლიდერმა პროექტს მხარი არ დაუჭირა, თუმცა არც წინააღმდეგ მიუციათ ხმა, რაც უბრალოდ იმის ნიშანია, რომ ვერ მიხვდნენ და ვერ გაიგეს, რა უნდა ექნათ. სამგიეროდ დემეტრაშვილ-შარმანაშვილის რეფორმას ხმა მისცა პავლე კუბლაშვილმა, რომელიც პრეზიდენტის უშუალო გარემოცვისა და «ნაციონალური მოძრაობის» ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრია.
        ბევრი ლაპარაკია აგრეთვე უგულავა-სააკაშვილის დაპირისპირებაზე და იმის შესახებ, რომ თითქოს «ნაციონალები» დღეს არსებული მოდელის შენარჩუნებას დაუჭერენ მხარს, ოღონდ შეეცდებიან 2013 წელს მიხეილ სააკაშვილი - გიგი უგულავათი ჩაანაცვლონ.
        თუმცა, თბილისის მერს არაერთგზის უთქვამს, რომ საპრეზიდენტო ამბიცია არა აქვს, ხოლო მისი მაღალი რეიტინგი ზემოთაღწერილი პროექტის განხორციელებას უფრო შეუწყობს ხელს, ვიდრე მის ჩაშლას.
        უგულავა და სააკაშვილი უეჭველად მოილაპარაკებენ. ოღონდ არა ისე, როგორც პუტინმა და მედვედევმა მოილაპარაკეს. ამის საჭიროება საქართველოში არ იქნება: არც სააკაშვილი დათანხმდება პრემიერად «ჩამოლაბორანტებას» (თუ პრემიერს დღევანდელი, ესე იგი მცირე უფლებები ექნება) და არც უგულავა - «გუდურა პრეზიდენტობას».

2010