საერთაშორისო მიმოხილვა. 2 აგვისტო 2022 წელი
გუშინ პრეზიდენტმა ბაიდენმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი ბრძანებით, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავიდან დარტყმით გაანადგურეს ტერორისტული ორგანიზაცია `ალ ყაიდას` ლიდერი აიმან ალ ზავახირი.
ამერიკის ერთ-ერთი უბოროტესი მტერი `ალ ყაიდას` დამაარსებლის, ბენ ლადენის შემდეგ.
საინტერესოა და ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ დარტყმა განხორციელდა ავღანეთის ტერიტორიაზე. უფრო მეტიც- ქაბულში, სადაც ზავახირი ცხოვრობდა და ეგონა ამერიკელები მას ვერ მისწვდებოდნენ მას შემდეგ, რაც მისი ტერორისტული ორგანიზაციის მონათესავე ორგანიზიაციამ `თალიბან` ქაბული აიღო, ხოლო ამერიკელებმა ტრაგიკულად დატოვეს ავღანეთი 20 წლიანი სრულებით უშედეგო ომის შემდეგ.
20 წლის განმავლობაში ამერიკელებმა 2 ტრილიონი დოლარი დახარჯეს, მაგრამ შუა საუკუნეებში ჩარჩენილი ავღანეთის `გაცივილურება` სრულებით შეუძლებელი აღმოჩნდა.
ამ 20 წლიანი ეპოპეის ერთადერთი ხელშესახები შედეგი (თუმცა მნიშვნელოვანი შედეგი) ის აღმოჩნდა, რომ სწორედ ავღანეთი გამოიყენა ამერიკულმა არმიამ `ბაზად` ბენ ლადენის გასანადგურებლად
აიმან ალ ზავახირი იყო ნიუ იორკსა და ვაშინგტონში 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერორისტული შეტევის ერთ-ერთი იდეოლოგი, სპონსორი და დამგეგმავი ბენ ლადენთან ერთად. მისი ლიკვიდაცია პრეზიდენტ ბაიდენის ძალიან დიდი წარამტება და სერიოზული `ბონუსია` 2022-2024 წლის საარჩევნო `ჯახში` დონალდ ტრამპთან და რესპუბლიკურ პარტიასთან.
2011 წელს (2 მაისი) ბენ ლადენის განადგურება პაკისტანში ნამდვილად აღმოჩნდა მნიშვნელოვანი რესურსი წინამორბედი დემოკრატი პრეზიდენტის, ბარაქ ობამას 2012 წლის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაში.
`ამერიკის ყველა მტერმა იცოდეს: თუ თქვენ საფრთხეს უქმნით ამერიკას, სადაც არ უნდა შეძვრეთ, სადაც არ უნდა დაიმალოთ, ყველგან მოგაგნებთ, ყველგან გიპოვით და გაგანადგურებთ` - განაცხადა აშშ პრეზიდენტმა.
. . . . . . . . . . . . . .
აშშ კონგრესის ქვედა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი სინგაპურში იმყოფება და სრულ გაურკვევლობას ინარჩუნებს (ამას განგებ აკეთებს) იმ საბედისწერო კითხვასთან დაკავშირებით, გაემგზავრება თუ არა აზიური ტურნეს დროს ტაივანზე, რასაც შესაძლოა მოყვეს ჩინეთ-ამერიკის ომი.
მისი პრეს-მდივანი ამბობს, რომ პელოსი თავისას არ მოიშლის და ტაივანზე ჩაფრინდება, ოღონდ როდის?! - ხვალ თუ 10 დღის შემდეგ, არ ზუსტდება.
შესაბამისად, წყნარ ოკეანეში, ტაივანის კუნძულის გარშემო სრულ მზადყოფნაში, ერთმანეთის პირისპირ, დგას ორი მრისხანე საზღვაო ფლოტი: ამერიკის წყნარი ოკეანის ფლოტი და ჩინეთის ფლოტი..... ორივე `კბილებამდე` შეიარაღებული ფრთოსანი რაკეტებით და ბირთვული იარაღითაც კი.
ორი ზემძლავრი ფლოტი ახლა ამ ქალბატონის გადაწყვეტილებას ელოდება და ცდილობს გამოიცნოს, მართლა აპირებს ჩასვლას თუ არ აპირებს ჩასვლას ტაიბეიში.
პელოსი სახელმწიფო ბორტით არის ჩაფრენილი სინგაპურში, იმავე ბორტით გაემგზავრება აზიის სხვა ქვეყნებში და სულ უკანასკნელ მომენტში მის გადაწყვეტილებაზეა ყველაფერი დამოკიდებული: უბრძანებს პილოტებს ტაივანზე გაფრენას თუ უბრძანებს ამერიკაში მშვიდობიანად დაბრუნებას.
აშშ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გუშინ განაცხადა, რომ თუ ნენსი პილოსი გადაწყვეტს ტაივანზე გამგზავრებას `ეს მისი გადაწყვეტილება და მისი ნება იქნება`.
თუ გავითვალსიწინებთ, რომ ნენსი პელოსი კერძო პირი არ არის და კერძო ვიზიტით დასასვენებლად არ მიემგზავრება ტაივანზე, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ბლინკენი გულისხმობს აშშ სამხედრო ფლოტის ამოქმედებას იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთის ფლოტი შეეცდება ამერიკელ სახელმწიფო მოღვაწეს ხელი შეუშალოს.
. . . . . . . . . . . . . .
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გააკეთა გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი, სისტემურად და შინაარსობრივად `ანტიევროპული` განცხადება. მან თქვა, რომ `ბრიუსელი (ანუ ევროკავშირი) `უნგრეთის უფროსი არ არის` და რომ `ევროპა არის ვენაში, პარიზში, რომში, ბუდაპეშტში და არა ბრიუსელში`.
ორბანმა კიდევ უარესი დაამატა და აღნიშნა, რომ ამიერიდან უნგრეთი `დაავეტოვებს` ყველა იმ გადაწყვეტილებას, რასაც უნგრეთის ხმა სჭირდება ძალაში შესასვლელად.
გამოდის, უნგრეთი ამიერიდან აპირებს ვეტო დაადოს ევროკავშირის ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ ან (კიდევ უარესი) აპირებს ვეტო დაადოს არსებული სანქციების ვადის გაგრძელებას რუსეთის წინააღმდეგ, რადგან მათი გაგრძელება ხდება ყოველ 6 თვეში.
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ორბანი არის პუტინის `ტროას ცხენი`ევროკავშირში.
ამაზე უარეს დღეში აღმოჩნდება ევროკავშირი და მთელი დასავლეთი, თუ ახლა სერბეთს მიიღებს ევროკავშირში.
თანაც სერბეთს ნატო-ს გვერდის ავლით უნდა შეძვრეს ევროკავშირში.
NATO-ს წევრობა რაღაც სამხედრო-პოლიტიკურ გარანტიებს მაინც გულისხმობს უსაფრთხოებისა, ხოლო სერბეთს სურს არანაირი პასუხისმგებლობა არ იკისროს ევროატლანტიკური სივრცის ინტერესთა დაცვაზე, თუმცა, იმავდროულად, ეკონომიკური ბონუსები კი მიიღოს ევროკავშირისგან.
. . . . . . . . . . . . . .
გუშინ აშშ ადმინისტრაციამ დაამტკიცა მორიგი 550 მილიონ დოლარიანი ტრანში უკრაინის სამხედრო დახმარებისათვის.
იგულისხმება კიდევ 4 HIMARS რეაქტიული ზალპური ცეცხლის შორსმსროლელი სისტემის მიწოდება უკრაინისთვის.
თანაც, `ახალი ჭურვებითო`.
შესაძლოა იგულისხმება ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიას იოლად მისწვდება.
. . . . . . . . . . . . . .
ოდესის მოსახლეობამ პრეზიდენტ ზელენსკის მიმართა თხოვნით, ოდესის ცენტრში, რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინა მეორის ძეგლი ჩანაცვლდეს რომელიმე პორნო-ვარსკვლავის ძეგლით. იმავე ადგილას.
ზელენსკის ადმინისტრაციას `პორნომსახიობზე` კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ ოდესის გუბერნატორს პრეზიდენტის სახელით დაავალა, შეისწავლოს იმპერატრიცა ეკატერინას ძეგლის ოდესადან მოშორების საკითხი.
ეკატერინა მეორე რუსეთის იმპერიის ის მესვეურია, რომელთანაც ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორემ გააფორმა `გეორგიევსკის ტრაქტატი`.
ეს ამბავი იმითაა საინტერესო, რომ აჩვენებს, უკვე რამდენად მაღალია უკრაინულ საზოგადოებაში ყოველივე რუსულის მიუღებლობა. პირდაპირ რომ ვთქვათ რუსეთისადმი დამსახურებული სიძულვილი!
ოდესაშიც კი! - მთლიანობაში კოსმოპოლიტურ ოდესაში, სადაც უამრავი უკრაინელი, რუსი და ებრაელი ცხოვრობს.
კიევსა და ლვოვში რა იქნება, ძნელი წარმოსადგენი არ არის.
. . . . . . . . . . . . . .
დონალდ ტრამპი რომ მთლად `ამ ქვეყნად არაა` კიდევ ერთხელ დადასტურდა გუშინ, როდესაც აშშ 45-ე პრეზიდენტმა და 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ფავორიტმა (თუ მანამდე არ დაიჭირეს 6 იანვრის ამბოხის საქმეზე) ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თურმე ზელენსკის ბრალია რაც მოხდა, მთელი ეს უბედურება და ომი, რადგან....`ზელენსკის შეეძლო ეცნო ყირიმი რუსეთის ნაწილად და უარი ეთქვა ნატოს წევრობაზე. ასეთ შემთხვევაში ხომ ომი არ იქნებოდაო......`
არადა იანუკოვიჩის დროს უკრაინამ ოფიციალურად გამოაცხადა `არაბლოკური სტატუსი` ესე იგი უარი თქვა ჩრდილო ატლანტიკურ კავშირთან თანამშრომლობაზე.
მერედა, განა ამან გადაარჩინა უკრაინა პუტინის აგრესიას 2014 წელს?!
არა.
ბარემ პირდაპირ თქვას ბატონმა ტრამპმა: `უკრაინას უარი უნდა ეთქვა არა მხოლოდ ნატოსთან, არამედ ევროკავშირთან თანამშრომლობაზე და რუსეთის `ევრაზიულ კავშირში` შესულიყო - ასე ხომ ომს თავიდან აიცილებდაო`.
თუმცა ამაზე პირდაპირ რაღა უნდა თქვას. ამბობს უკვე თითქმის.
ერთადერთი იმედი ისაა, რომ დემოკრატია ასე არ მუშაობს: პოლიტიკოსები ერთ განცხადებებს აკეთებენ როცა ოპოზიციაში არიან და, ხშირად, გახელისუფლების შემდეგ სულ სხვა გადაწყვეტილებებს იღებენ: დღეს ტრამპის განცხადებები ბევრს არაფერს ნიშნავს, გარდა იმისა, რომ ძალიან ასუსტებს `ანტიპუტინურ კოალიციას` დასავლეთში.
იმედია, ამგვარი პოპულისტური განცხადებები ამ კოალიციას იმდენად არ დაასუსტებს, რომ პუტინმა გაიმარჯვოს უკრაინაში, თორემ თუ ტრამპი კვლავ გახდა აშშ პრეზიდენტი, შესაძლოა კიდევ უფრო რადიკალური პოზიცია დაიკავოს პუტინის მიმართ რაკი პასუხისმგებლობა (რაც დღეს არა აქვს, როცა ოპოზიციაშია) უკვე მთლიანად მას დაეკისრება.
თუმცა ამჟამად, მისი ამგვარი განცხადებები აშკარად მავნეა.
. . . . . . . . . . . . . .
გერმანიის ხელისუფლება კონტრშეტევაზე გადავიდა მას შემდეგ, რაც პუტინმა 20%-მდე შეუმცირა გერმანიას ბუნებრივი აირის მიწოდება.
კანცლერმა ოლაფ შოლცმა საოცარი განცხადება გააკეთა: `მორჩა, გათავდა, ყოველგვარი შეზღუდვა მოიხსნა, ახლა თუკი რამ შეიარაღება აქვს ბუნდესვერს (გერმანიის არმია-დ) ყველაფერს უკრაინას გადავცემთ, მათ შორის ტანკებს, თვითმავალ ქვემეხებს, საზენიტო დანადგარებს და სხვასო.
შოლცის თქმით, გერმანია უკრაინას მიაწვდის მათ შორის იმ შეიარაღებას, რაც ახლახანს დამზადდა გერმანულ ქარხნებში და ჯერ ბუნდესვერისთვისაც არ მიუწოდებიათ ქარხნებს.
უნდა ვიგულისხმოთ, რომ მთლიანად აღდგება ის პროექტი, რომლითაც გერმანია პოლონეთს გადასცემს უახლეს ტანკ-შედევრს Leopard-2 და ამის სანაცვლოდ პოლონეთი უკრაინას მიაწვდის საბჭოთა წარმოების ასეულობით (!) ტანკს Т-72, რომელსაც უკრაინელები შესანიშნავად იცნობენ.
შოლცის განცხადება აბსოლუტურად ლოგიკურია: აბა რად უნდა გერმანიას ეს ტანკები, ეს სამხედრო ტექნიკა, თუკი უკრაინა დამარცხდა პუტინთან ომში? განა ვინმე ემუქრება გერმანიას და ევროპას პუტინის გარდა? პუტინს კი უკრაინა ებრძვის. თან ებრძვის მარტო, რაკი ვერავინ გაექცევა იმ ფაქტს, რომ უკრაინას იარაღს კი აწვდიან, თუმცა საბრძოლო მოქმედებებში მხოლოდ უკრაინის არმია მონაწილეობს. `ჰოდა იარაღი მაინც მივაწოდოთ დაუნანებლადო`- ამბობს შოლცი.
სულ სხვა საქმეა, რომ ეს განცხადება ისტორიული სენსაციაა, `შემობრუნების წერტილია`, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის კანცლერები სულ ხმააკანკალებულნი ელაპარაკებოდნენ მოსკოვს.
`უკან მობრუნებას` პუტინი უკვე ვეღარ შეძლებს.
სულ რომ ამოწყვიტოს ყველა უკრაინელი, სულაც რომ დაიპყროს უკრაინა მთლიანად, დასავლეთი მას არ აპატიებს ევროპული და მსოფლიო წესრიგის დარღვევას. თუ აპატიებს და ამ საშინელების შემდეგ განაგრძობს Business as usual - თვითონაც დაიღუპება!