ბათუმში პროვოკაციების ამინდია

ბათუმში პროვოკაციების ამინდია

  

 

    ბათუმის ყოფილი მერის, თამაზ ხარაზის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია საპროცედურო კომიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად აჭარაში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა - მოწმენდილ ცაზე მეხივით დაიქუხა და სათავე დაუდო ფარული თუ აშკარა კონფრონტაციის ახალ ეტაპს ბათუმსა და თბილისს შორის.
    მოულოდნელი ეს დაქუხება არავისთვის უნდა ყოფილიყო. ბათუმის ელიტამ (არა მხოლოდ ასლან აბაშიძემ, მისმა გარემოცვამაც), ძალზე მტკივნეულად აღიქვა ბოლოდროინდელი მოვლენები პარლამენტში, რომელთა შედეგად «ასლანისტების» ერთიანი ბლოკი გაიბზარა და ფრაქცია «აღორძინებას» გამოეყო რამდენიმე დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ედუარდ სურმანიძის მეთაურობით. განხეთქილების მიზეზად ფრაქცია «აღორძინების» ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარის ფარულ ლობირებას ასახელებენ. თუმცა ეს აშკარად პრობლემის გამარტივებაა, ვინაიდან ედვარდ სურმანიძე აჭარაში დამოუკიდებელი პოლიტ-ფიგურაა, ძალიან მძლავრ საგვარეულო კლანს ეყრდნობა, გარკვეული ავტორიტეტიც აქვს და გადაწყვეტილება მისი მზარდი პიროვნული ამბიციის გამოხატულება უფრო იყო, ვიდრე ჟვანიას ან შევარდნაძისადმი მორჩილებისა.
    მიუხედავად ამისა, აჭარის ოლიგარქიამ ჟვანიას დასჯა გადაწყვიტა. იმ პირობებში, როდესაც შევარდნაძე თვალის ჩინივით დაჰკანკალებს ე.წ. «სტაბილურობას» არაფერი იქნებოდა იმაზე უფრო მეტად მძლავრი ბრალდება, ვიდრე საქართველოში ახალი კონფრონტაციული კერის პროვოცირებაა, მაგრამ ესეც უნდა ვაღიაროთ: ოპერაციამ საკმაოდ უღიმღამოდ ჩაიარა. უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ სერიოზული განსხვავებაა თამაზ ხარაზის განცხადების იმ ვარიანტსა (რომელიც აჭარის ოფიციალურმა წყარომ საქართველოს I არხის მეშვეობით გაავრცელა) და ქართულ პრესაში გამოქვეყნებულ სტენოგრაფიულ ჩანაწერს შორის.
    ამ ჩანაწერის მიხედვით თამაზ ხარაზი ურეკში როსტომ დოლიძემ დაიბარა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე მას იმ ოთახში დახვდა, სადაც როსტომ დოლიძე აბაშიძის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობაში სთავაზობდა მონაწილეობას; მაგრამ ხარაზი ცდილობს ხაზი გაუსვას, რომ ჟვანიამ ოთახი დატოვა მანამდე, სანამ როსტომ დოლიძე ძირითად სათქმელზე გადავიდოდა. ეს დეტალი ააშკარავებს, რომ «ლეგენდა» მეტისმეტად სკურპულოზურადაა მომზადებული და ითვალისწინებს პარლამენტის თავმჯდომარის გარდაუვალ აღშფოთებულ რეაქციასაც.
    ზურაბ ჟვანიამ დღევანდელ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ კატეგორიულად განაცხადა, რომ თამაზ ხარაზის «ლეგენდა» საზიზღარი პროვოკაციაა, რომელიც მიზნად ისახავს ურთიერთობათა დაძაბვას თბილისსა და ბათუმს შორის.
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნით გენერალურმა პროკურორმა უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე ცილისწამების მუხლით.
    თამაზ ხარაზს მოუწევს დაამტკიცოს, რომ იგი საერთოდ შეხვდა ურეკში ჟვანიას, არადა ერთდროულად რამდენიმე წყაროს თქმით, ზურაბ ჟვანია მას ურეკში არ შეხვედრია; როსტომ დოლიძის მტკიცებით, იგი მართლაც ესაუბრა ერთი-ერთზე ბათუმის ექს-მერს, მაგრამ აჭარაში სახელმწიფო გადატრიალებაზე არაფერი უთქვამს. წუთით რომც დაუშვათ ჟვანიას შეხვედრა ხარაზთან ურეკში, წარმოუდგენელია ისეთ ფრთხილ პოლიტიკოსს, როგორიც ჟვანიაა, ბათუმის თუნდაც გადამდგარ მერთან სახელმწიფო გადატრიალებაზე და ხელისუფლების დამხობაზე ელაპარაკა.
    როგორც ჩანს, აჭარის ლიდერები, რაკი თავად დარწმუნებულნი არიან, რომ თბილისის ხელისუფალთ ისინი გულზე არ ეხატებათ, ცდილობენ, «განზრახულობათა» დამადასტურებელი ფაქტები შექმნან.
    ასლან აბაშიძე სულ ახლახანს დაბრუნდა ხანგრძლივი შვებულებიდან, რაც მისი ავადმყოფობით იყო განპირობებული. არ არის გამორიცხული, ზემოთაღწერილი «ოპერაცია» ლიდერის დასუსტებით შეშფოთებულმა აჭარის ისტებლიშმენტმა განახორციელა და ამ გზით სცადა პოზიციათა განმტკიცება, მაგრამ ძალაუნებურად კიდევ უფრო მეტად ცხადყო საკუთარი სისუსტე.
    ყველაზე საინტერესო მომენტი კი ის არის, რომ ქვეყნის პრეზიდენტი დადგა მისთვის არცთუ სასურველი ალტერნატივის წინაშე აჭარასთან დაკავშირებით.
    შევარდნაძე ყოველთვის მრავალმნიშვნელოვან დუმილს არჩევდა. ამჟამად გაჩუმება შეუძლებელია, რაკი ბრალდება პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ, მთლიანობაში, ხელისუფლების დისკრედიტაციას იწვევს და პრეზიდენტის შემდგომი დუმილი შესაძლოა ორაზროვნად აღიქვან.

7 დღე, 23 ოქტომბერი, 1997 წელი