საერთაშორისო მიმოხილვა. 19 ივნისი. 2024 წელი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩრდილო კორეაში ჩავიდა.
მეორედ ჩავიდა 2004 წლის შემდეგ.
ანუ 20 წელია არ ყოფილა - დღემდე.
და თუ რატომ არ ყოფილა, იოლი ასახსნელია: სწორედ 2003-2004 წლიდან მწვავდება განსაკუთრებით ურთიერთობა დასავლეთსა და ჩრდილო კორეას შორის. არ უღირდა პუტინს ამ „მარგინალურ ზესახელმწიფოსთან“ (ამ ტერმინში არ არის პარადოქსი) ასე ღრმად „ჩახუტება“.
20 წლის წინ დასავლეთის დამოკიდებულებაც სხვა იყო მოსკოვ-ფხენიანის ურთიერთქმედების მიმართ: „ეგება პუტინმა დაარწმუნოს ის გიჟები, უარი თქვან ბირთვულ პროგრამაზეო“.
ზღაპარი და ილუზია.
გარდა ამისა, გენიალური ქვეყანა, სამხრეთ კორეა, პუტინს ბევრს ჰპირდებოდა სანაცვლოდ სხვადასხვაგვარი ტექნოლოგის და პროდუქციის მიწოდების თვალსაზრისით.
აწვდიდა კიდეც მაგრამ ეს გეოპოლიტიკური პარადიგმა შეიცვალა 2014 წლიდან - უკრაინის მიმართ რუსული აგრესიის შედეგად, როპცა პუტინს გაუჩნდა განსაკუთრებით დიდი საჭიროება კიმების მარაზმატულ რეჟიმთან თანამშრომლობისა.
აქვე არ შეიძლება არ ვაღიაროთ, რომ დასავლური მეინსტრიმული მედია თავისთავად ჩრდილო კორეის დიქტატორთან შეხვედრის ფაქტის გამო ვერ კიცხავს პუტინს რადგან....თავისუფალი სამყაროს ლიდერმა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რამდენიმე წლის წინ ხელი ჩამოართვა საკონცენტრაციო ბანაკის დირექტორს და ლამის სამიტი გაუმართა.
სამაგიეროდ დასავლური პრესა აქტიურად, თან აშკარად შიშნეულად მსჯელობს იმაზე, რა შეიძლება მოითხოვოს კიმმა რუსეთისთვის იარაღის მიწოდების სანაცვლოდ და რამდენად დაემუქრება ეს პლანეტარულ სტაბილურობას.
პატარაა ჩრდილო კორეა, მაგრამ ჩემი აზრით ეს ტერმინი „მარგინალური ზესახელმწიფო“ მასზე ზედგამოჭრილია: ბირთვული იარაღი აქვს, რაკეტები აქვს, წყალქვეშა ნავები აქვს (საკმაოდ სახიფათო) და ა.შ და ა.შ.
ჩრდ.კორეის რეჟიმმა პუტინს უკვე მიაწოდა დაახლოებით მილიონი საარტილერიო ჭურვი მას შემდეგ, რაც კიმი მატარებლით ჩავიდა რუსეთში (არ დაგვავიწყდეს, რომ აქვთ საერთო სახმელეთო საზღვარი) და ეს ჭურვები, სამწუხაროდ, რუსეთის არმიამ დიდი წარმატებით გამოიყენა დონბასის ფრონტზე. მათ შორის უკრაინული კონტრშეტევის შესაკავებლად და მერე შეტევაზე გადასავლელად.
თუმცა პუტინისთვის ეს არაა საკმარისი: კიდევ მეტი უნდა და სჭირდება. ჩრდილო კორეას აქვს არა მხოლოდ საარტილერიო ჭურვები, არამედ საბჭოთა წარმოების СКАД ტიპის ბალისტიკური რაკეტები. მიაწვდის კიდეც, ოღონდ....„გაჟონილი ინფორმაციით“, რასაც დასავლური Think Tanks ადასტურებენ, კიმი პუტინისგან მოითხოვს არა მხოლოდ და არა იმდენად სურსათს (უკვე) არამედ იმ ტექნოლოგიებს, რაც რუსეთს ნამდვილად გააჩნია საბჭოთა პერიოდიდან: კოსმოსურ თანამგზავრთა ტექნოლოგიები, რაც ჩრდილო კორეას მისი რაკეტების მეტად ზუსტი დამიზნების საშუალებას მისცემს, რადარები, ელექტრონული ბრძოლის საშუალებები და ა.შ და ა.შ.
საუკეთესო ექსპერტები ადასტურებენ, რომ პუტინი პირადად მაინც არ ჩავიდოდა ფხენიანში, ამ თემებზე წინასწარი კულუარული მოლაპარაკებები რომ იოლად მიდიოდეს.
ესე იგი რაღაცეებზე ვერ თანხმდებოდნენ:
პუტინს, რასაკვირველია, მეტი უნდა მიიღოს და ნაკლები მისცეს.
მაინც რისკია.
ჩრდილო კორეის „მამობილი“ რეჟიმი ანუ ჩინეთიც კი ყველაფერს არ აწვდის კიმს, რასაც რუსეთისგან მოითხოვს ახლა.
თუმცა შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ პუტინს უბრალოდ სხვა გზა აღარ აქვს. შესაბამისად, კრემლის ბინადარი საბოლოოდ „გადაეწყო“ იმ პარადიგმაზე, რომ მთელს მსოფლიოში მათ შორის სამეზობლოში უნდა დაეხმაროს `მარგინალურ რეჟიმებს~ და მათი მეშვეობით განახორციელოს საკუთარი გეო-პოლიტიკა.
არა მხოლოდ ჩრდილო კორეას, არამედ „სამხრეთ ოსეთის“ ან აფხაზეთის მსგავს რეჟიმებსაც მაგალითად.
პუტინი უკვე მათ ინსტრუმენტალიზებასაც ცდილობს ამ მხრივ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ შვედეთში რუსეთის ელჩი გამოიძახეს შვედეთის „საგარეოში“ და პროტესტი განუცხადეს რუსული СУ-24 ბომბდამშენის მიერ შვედეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო.
რუსები შვედეთის NATO-ში გაწევრების შემდეგ ხშირად მიმართავენ უკვე ასეთ „მცირე ინტენსივობის“ პროვოკაციებს.
შვედეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ რუსული თვითმფრინავი სულ 90 წამს იმყოფებოდა შვედეთის საჰაერო სივრცეში და მალევე დატოვა, რათა შვედებს ვერ მოესწროთ რეაგირება, თუმცა შვედურმა ავიაგამანადგურებელმა Ripen, რომელიც მუდმივად ჰაერშია რასაკვირველია და მუდმივად მორიგეობს, აიღო გეზი დამრღვევისკენ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ისრაელის გენერალურმა შტაბმა დაამტკიცა სამხედრო მოქმედებათა გეგმა ლიბანის ტერიტორიაზე ანუ შეტევის სქემა ლიბანის სამხრეთიდან „ჰესბოლლას“ პროირანული დაჯგუფების განდევნის მიზნით.
მიზეზი ის გახდა, რომ „ჰესბოლლა“ სულ უფრო ინტენსიურად ბომბავს ჩრდილო ისრაელს.
150 000 ებრაელი ლტოლვილია იმ რეგიონიდან, რაც პრემიერ მინისტრ ნეთანიაჰუს პოლიტიკურ პრობლემებს უმძიმებს.
ლტოლვილებს ვერ დააბრუნებს, თუ „ჰესბოლლას“ დაჯგუფებებს არ გადარეკავს ლიბანის სიღრმეში.
როგორც ჩანს, აქ იმალება პასუხი კითხვაზე: „ჰესბოლლამ“ რატომ არ შეუტია ჩრდილო ისრაელს სრულმასშტაბიანად 7 ოქტომბრის ტერაქტისა და ღაზაში დიდი ომის დაწყების შემდეგ.
როგორც ჩანს „მცირე ინტენსივობის“ ბრძოლებით სურთ გამოიწვიონ ისრაელის სრულმასშტაბური შეჭრა ლიბანში და მერე აამოქმედებენ თავის ათიათასობით კარგად მომზადებულ და შეიარაღებულ მებრძოლს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საბერძნეთის ელიტათა მზარდ უკმაყოფილებას იწვევს, რომ მეზობელ ჩრდილო მაკედონიაში სულ უფრო მრავლდება ალექსანდრე დიდის (მაკედონელის) ქანდაკებები და მისი კულტი ჩრდილო მაკედონიელებმა Nationbuilding-ის ფაქტორად აქციეს. ანუ ეროვნული იდენტობისა.
შეგახსენებთ, რომ როდესაც 1990 წელს დაიშალა იუგოსლავიის ფედერაცია (რეალურად სერბთა იმპერია) საბერძნეთი არ მალავდა უკმაყოფილებას, რომ ამ ახალმა სახელმწიფომ „მაკედონია“ დაირქვა და მისგან სახელის შეცვლას მოითხოვდა.
ათენი ბლოკავდა მაკედონიის შესვლას ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში.
2018 წელს მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ მაკედონია ოფიციალურად დაირქმევდა „ჩრდილო მაკედონიას“ (იმიტომ, რომ ამ სახელწოდების პროვინცია საბერძნეთშიც არის) და მხოლოდ ამ შემთხვევაში დაეთანხმებოდა საბერძნეთი ბალკანური ქვეყნის გაწევრებას NATO-ში.
სკოპიე ათენის პირობებს დათანხმდა და 2020 წელს ჩრდილოეთ მაკედონია ალიანსის წევრი გახდა.
მაგრამ ახლა უკვე ათენი ევროკავშირში მის გაწევრებას ბლოკავს ზუსტად იმ მოტივით, რომ არ მოსწონს ჩრდილო მაკედონელთა სურვილი „მიისაკუთრონ“ ბერძნების ისტორია.
მათ შორის ალექსანდრე დიდი.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე მაკედონელმა, ჩვენს წელთ აღრიცხვამდე IV საუკუნეში შექმნა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი იმპერია რომელიც ევროპიდან ჩინეთამდე იყო გადაჭიმული.
ოღონდ ალექსანდრე მაკედონელს (მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ცნობით, ეთნიკური ბერძენი არ ყოფილა), თანამედროვე ჩრდილო მაკედონელებთან საერთო არაფერი ჰქონდა და არც შეიძლებოდა ჰქონოდა: ესენი სლავები არიან. სლავები კი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ბეეეეეევრად გვიან მოვიდნენ.
თუმცა, თავისთავად საინტერესო ფაქტია, რომ ეთნიკურად არაბერძენმა მაკედონიელებმა 2 400 წლის წინ საბერძნეთის გაერთიანებაში დაახლოებით ისეთივე გადამწყვეტი როლი შეასრულეს, როგორც ეთნიკურად არაქართველმა აფხაზებმა საქართველოს გაერთიანებაში VIII-IX-X საუკუნეებიდან.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
მომღერალი Justin Timberlake დააპატიმრეს ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის; ციხეში ერთი ღამით ჩასვეს (რაკი ტესტზე უარი თქვა) და სასამართლომდე გაათავისუფლეს.
პატრული ამბობს: „ენას ვერ აბრუნებდა ისეთი მთვრალი იყოო“.
ეჭვმიტანილის თქმით კი მხოლოდ ერთი „მარტინი“ ჰქონდა დალეული.
შესაძლოა პატიმრობაც კი მიუსაჯონ.
ინციდენტი ნიუ იორკთან. ლონგ აილენდზე მოხდა. შეგახსენებთ, რომ Justin Timberlake-მა გადამწყვეტი როლი შეასრულა Facebook-ის პრომოუტირებაში 2003 წლიდან და ბევრი მკვლევარი თვლის: რომ არ ყოფილიყო ჯასტინი, FB არ იქნებოდა. დაიკარგებოდა.
მასვე ეკუთვნის „მილიარდ დოლარად“ შეფასებული პრომოუტერული იდეა, რომ მარკ ცუკერბერგს, თავისი გენიალური ქმნილებისთვის ეწოდებინა არა The facebook, არამედ არტიკლი მოეშორებინა სახელწოდებისთვის.
ეს გარემოება ბრწყინვალედ აღწერა თავის შედევრში Social network დიდმა ამერიკელმა რეჟისორმა დევიდ ფინჩერმა, თუმცა ამ ფილმშიც არის მინიშნება Justin Timberlake-ის თავშეუკავებლობაზე ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიმართ.
მთლიანობაში ჯასტინის ფენომენი ადასტურებს, რომ ისტორიას სწორედ ასეთი „უწესოები“ ქმნიან.
ეს მოგვწონს, არ მოგვწონს - ფაქტია.
ხოლო რომ არ ყოფილიყო Facebook, რაც ბევრ მკვლევარს წიგნის ფენომენის მსგავს ისტორიულ რევოლუციად მიაჩნია კაცობრიობისთვის, დღეს სხვა მსოფლიოში ვიცხოვრებდით.