ჯაბა იოსელიანს შეუწყდა სადეპუტატო უფლებამოსილება

ჯაბა იოსელიანს შეუწყდა სადეპუტატო უფლებამოსილება

5 ნოემბერს, პარლამენტის წევრ ჯაბა იოსელიანს შეუწყდა სადეპუტატო უფლებამოსილება. რამდენიმე დღით ადრე კი, საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც კერძოდ ნათქვამი იყო: «ჯაბა იოსელიანის დაკავების სანქცია გაცემულია 30 აგვისტოს, იგი დაკავებული იქნება უმალვე, როგორც კი ცნობილი გახდება არჩევნების შედეგები». ანუ, როგორც კი ცნობილი და ნათელი გახდება, რომ ჯაბა იოსელიანი არ აირჩიეს დეპუტატად.
    დღეს ეს უკვე ნათელია. ჯაბა იოსელიანი დამარცხდა ნაძალადევის მაჟორიტარულ არჩევნებში. ამრიგად, მისი დაპატიმრება მხოლოდ რამდენიმე დღის საქმეა. ეს საკითხი, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში გადაწყდება.
    საპარლამენტო არჩევნებში ასევე დამარცხდა (გლდანის რაიონში) ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუაც, რომელსაც, როგორც ჩანს, იმედი ჰქონდა, რომ გლდანის მოსახლეობა «ცნობილ გვარს» შემოხაზავდა ბიულეტენში და «დეკემბერ-იანვრის» სამხედრო გადატრიალების სულის ჩამდგმელი ამ გზით მოხვდებოდა მომავალ პარლამენტში. მაგრამ ნურას უკაცრავად! გლდანელები უფრო გათვითცნობიერებულები აღმოჩნდნენ, ვიდრე  სიგუას ეგონა. პროკურატურა მის წინააღმდეგაც აპირებს სისხლის სამართლის აღძვრას. ყოველ შემთხვევაში, გენერალურმა პროკურორმა, ჯამლეტ ბაბილაშვილმა არაერთგზის უწოდა სიგუას «ეჭვმიტანილი» - 1995 წლის იანვარში, ვითომდაც აფხაზეთის დასაბრუნებლად განხორციელებული «ლაშქრობის» ორგანიზებისათვის.
    მიუხედავად იმისა, რომ სიგუა მაშინ თბილისში დარჩა და თავის ნაცვლად დასავლეთისაკენ პროფესორ ირაკლი სურგულაძეს «დაულოცა გზა» - იგი აშკარად მონაწილეობდა თვით იმ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის («ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის») ჩამოყალიბებაში, რომელიც ამ ლაშქრობას იდეოლოგიურად და პრაქტიკულად ამზადებდა. ამდენად, სრულიადაც არ იქნება გასაკვირი, თუ თენგიზ სიგუაც, უახლოეს მომავალში, «ეჭვმიტანილიდან» - «ბრალდებულად» იქცევა და მას ციხეში მოათავსებენ ერთგული მეგობრისა და თანამებრძოლის - თენგიზ კიტოვანის გვერდით. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, იგი კრწანისის რაიონში ცდილობდა სადეპუტატო მანდატის გაგრძელებას, მაგრამ ამაოდ.
    ამრიგად, დეკემბერ-იანვრის სამხედრო გადატრიალების სამივე «გმირი» დღეს მეტად სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა: რომ არაფერი ვთქვათ პოლიტიკურ პერსპექტივაზე, მათ თავისუფლებას სერიოზული საფრთხე ემუქრება. არადა, სამიოდე წლის წინ ვინ იფიქრებდა, რომ ეს შესაძლებელი გახდებოდა? - ვერავინ!
    სამი-ოთხი წლის წინ ეს «ტრიუმვირატი» ყოვლისშემძლე ჩანდა. 1992 წლის 26 მაისს, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, მათ ნიშნის მოგებით, სიძულვილითა და ღვარძლით, ამავე დროს დაცინვით სავსე წერილი გამოაქვეყნეს «საქართველოს რესპუბლიკაში». ამ წერილში იყო ასეთი ფრაზა: «რა თქმა უნდა ბატონო პრეზიდენტო სულ მალე მოევლინებით კვლავ საქართველოს და წარუძღვებით ქართველ ერს წინ - ახალი გამარჯვებისაკენ».
    ეს იყო აშკარა დაცინვა, - დამარცხებული მოწინააღმდეგის საბოლოო გასრესისა და დამცირების მცდელობა. ტრიუმვირატის წევრებს თავი უძლეველი ეგონათ, - ისინი არათუ ზვიად გამსახურდიას, არამედ იმ ხალხსაც მოიხსენიებდნენ აგდებით, ვინც იგი პრეზიდენტად აირჩია.
    სიგუა-კიტოვანი-იოსელიანისათვის საერთოდ იყო დამახასიათებელი ნიშნის მოგება არა მხოლოდ ზვიად გამსახურდიას, არამედ მთელი ხალხის მიმართ, რომელმაც იგი პრეზიდენტად აირჩია. მაგრამ ისინი თავად ვერ ხვდებოდნენ, რა უდიდეს საფრთხეში იგდებდნენ თავს და რა მოელოდათ ამის გამო მომავალში.
    ედუარდ შევარდნაძეს კი, რომელიც სამივე «ტრიუმფატორზე» ბევრად ჭკვიანი და შორსმჭვრეტელი იყო, ამ თვალსაზრისით ერთი შეცდომაც არ დაუშვია. მას არც ერთი ისეთი განცხადება არ გაუკეთებია, რაც შეურაცხყოფად შეიძლებოდა აღქმულიყო ხალხის მხრიდან. სიგუა-კიტოვან-იოსელიანმა კი საკუთარი უძლეველობა ირწმუნეს და სასტიკად დაისაჯნენ.
    არადა, სულ ადვილი გასათვლელი უნდა ყოფილიყო, რომ საქართველოს მოსახლეობის განწყობას უდიდესი მნიშვნელობა ექნებოდა თითოეული მოღვაწის მომავლისათვის.
    ედუარდ შევარდნაძემ ხალხის განწყობა შესანიშნავად გამოიყენა თავისი ყოფილი «თანაგუნდელების» წინააღმდეგ. ისევე როგორც პირიქით - საკუთარი დამოკიდებულება ამ პიროვნებათა მიმართ მან ხალხის თვალში «შევარდნაძის იმიჯის» ჩამოყალიბების მძლავრ ბერკეტად აქცია. მისი ბრძოლა ჯერ კიტოვანის, შემდეგ სიგუასა და იოსელიანის წინააღმდეგ იყო ბრძოლა საკუთარი რეიტინგის ამაღლებისათვის. შევარდნაძემ ხომ შესანიშნავად უწყოდა, როგორი განწყობა არსებობდა ხალხში ამ მოღვაწეთა მიმართ. ამიტომ, მათ წინააღმდეგ ბრძოლა მას უეჭველად მოუტანდა პოლიტიკურ დივიდენდებს და განაპირობებდა მის გამარჯვებას საპრეზიდენტო არჩევნებში,
    სიგუას, კიტოვანსა და იოსელიანს, 1991-92 წლებში ეგონათ, რომ მასის აზრს, ხალხის განწყობასა და დამოკიდებულებას არავითარი მნიშვნელობა და წონა არ ჰქონდა. სინამდვილეში კი, ეს სწორედ გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა! სწორედ ხალხის განწყობამ აიძულა და მისცა საშუალება შევარდნაძეს, ეს დამოკიდებულება საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოეყენებინა და ამ გზით მიეღწია სანუკვარი მიზნისათვის.
    ფაქტობრივად, ხალხმა ამ გზით აღიდგინა თავისი ღირსება და, თუ შეიძლება ასე ითქვას, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტიც!
    «ტრიუმვირატი» კი უსასტიკესად დამარცხდა. დამარცხდა საბოლოოდ, სამუდამოდ, ვინაიდან მან არ გაითვალისწინა, რომ ხალხის სუვერენიტეტის ხელყოფა, საბოლოო ჯამში, უეჭველად შემობრუნდება მათ წინააღმდეგ, ვინც მისი განწყობის იგნორირებას და უზენაეს უფლებაზე ხელის აღმართვას გაბედავს!

«მსგეფსი», 10 ნოემბერი, 1995 წელი.