საერთაშორისო მიმოხილვა. 17 მარტი. 2024 წელი
რუსეთში ჩატარებულმა ე.წ. „არჩევნებმა“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თუ მთლად ჩრდილოკორეულ რეჟიმს არ დაამყარებს პუტინი (რასაც უბრალოდ ვერ შეძლებს) მაშინ სოციალური ქსელების და გაჯეტების ეპოქაში მას ძალიან გაუჭირდება საპროტესტო მოძრაობის ისე აღკვეთა, რომ ქვეყანაში სრული იდილიის შთაბეჭდილება იქმნებოდეს. მით უმეტეს სისხლისმღვრელი ომის ფონზე:
რუსმა აქტივისტებმა საარჩევნო ყუთებში ე.წ. „ზელიონკის“ ჩასხმა გადააქციეს „ფლეშ-მობად“, რომელმაც მთელს მსოფლიოში და თვით რუსეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
ახლა პუტინმა 101%-იც რომ აიღოს ამ ე.წ. „არჩევნებზე“, მისი ხატი მაინც „შერყვნილია“.
აქტივისტთა დაპატიმრებები მხოლოდ მისსავე სისუსტეს ამჟღავნებს.
პუტინთან ერთად ამ „არჩევნებში“ მონაწილეობს კიდევ სამი კანდიდატი: ნიკოლაი ხარიტონოვი, ლეონიდ სლუცკი და ვლადისლავ დავანკოვი
ეს დავანკოვი აშკარად შემთხვევითი ტიპაჟია და არჩევნებში მონაწილეობა „თვითგაფიარებისთვის“ სჭირდება, როგორც ნაკლებად ცნობილი პარტია „ახალი ადამიანების“ წარმომადგენელს.
მაგრამ რაც შეეხებათ ნიკოლაი ხარიტონოვს და ლეონიდ სლუცკის, ისინი სერიოზულ წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ პუტინს ბუნებრივია, თუმცა მაინც ნიშანდობლივი ფიგურები არიან ზუსტადაც იმ მოცემულობის ფარგლებში, რომ პუტინის რეჟიმი მაინც არ არის ჩრდილო კორეა და ვერც იქნება, როგორც არ უნდა მოინდომოს ეს კრემლის ბინადარმა:
ნიკოლაი ხარიტონოვი წარმოადგენს КПРФ ანუ რუსეთის ფედერაციის კომუნისტურ პარტიას. ამ პარტიის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა პირადად არ ისურვა არჩევნებში მონაწილეობა და ხარიტონოვი „გაუშვა“; რაც შეეხება ლეონიდ სლუცკის, იგი აწ გარდაცვლილი ვლადიმერ ჟირინოვსკის Либерально-демократическая პარტიის ახალი თავმჯდომარეა.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ პუტინი ცდილობს დაეყრდნოს იმ მარგინალურ „პოლიტიკურ ელიტას“ (მაინც), რომელიც ასე თუ ისე შენარჩუნდა რუსეთში თუნდაც მცირერიცხოვანი, თუნდაც მისდამი ლოიალისტური, მაგრამ მაინც სხვა პარტიების სახით.
პუტინის სახელისუფლებო პარტიაა Единая Россия.
ამ პატარა პარტიებს კი პუტინი იყენებს ფსევდოდემოკრატიული დიზაინის შესაქმნელად. ამიტომ მათ წარმომადგენლებს არა მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევს, არამედ რუსულ პარლამენტში (Государственная дума) უშვებს.
თუმცა, მაგალითად ბორის ნადეჟდინი, რომელიც ასევე მარგინალური, თუმცა მაინც ასე თუ ისე დემოკრატიული ძალების წარმომადგენელი იყო, არჩევნებზე არ დაუშვა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
კვირას გამთენიას, უკრაინული (!) წარმოების დრონებით უკრაინულმა არმიამ ერთდროულად რამდენიმე იერიში მიიტანა მოსკოვზე (დომოდედოვოს აეროპორტზე), კრასნოდარის მხარეზე, სადაც ნავთობტერმინალი დაწვეს, ასევე ბელგოროდის, კალუგის, როსტოვის, იაროსლავის მხარეებზე რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში.
გრძელდება შეტაკებები უკრაინულ დივერსიულ ჯგუფებსა და რუსულ არმიას შორის ბელგოროდის ოლქში, ასევე კურსკის ოოლქში.
ამ შეტევების „პასუხად“, პუტინი ბარბაროსულად ბომბავს ოდესას.
ზღვიდან და ჰაერიდან, ასევე ხმელეთიდან ანუ ოკუპირებული მარიუპოლიდან და დნეპრის მარცხენა ნაპირიდან „ისკანდერის“ რაკეტებით.
ათეულობით ადამიანი დაიღუპა.
თან პუტინი, ასევე მისი „ადგილმონაცვლე“ მედვედევი აცხადებენ, რომ „ოდესა რუსული ქალაქია და რუსეთის წიაღს უნდა დაუბრუნდესო“.
ათეულობით ოდესელი მოკლეს უკვე და....როგორც ჩანს მიაჩნიათ, რაც მეტს მოკლავენ, მით უფრო „რუსული“ გახდება!
. . . . . . . . . . . . . . . . .
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რამდენიმე ინტერვიუში დაადასტურა და ნაწილობრივ განმარტა, თუ რა აქვს მხედველობაში, როცა უკრაინის დასაცავად ფრანგული ჯარების გაგზავნაზე ლაპარაკობს: მისი განცხადებების კონტენტ-ანალიზი იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი და უმაღლესი მხედართმთავარი გულისხმობს შემდეგს: თუ რუსული არმია ოდესას მიუახლოვდება, ანუ შეიქმნება საფრთხე, რომ უკრაინა რუსეთმა მოგლიჯოს შავ ზღვას, მაშინ საფრანგეთი გააგზავნის არმიას ოდესას დასაცავად.
ეს იმას ნიშნავს, რომ გააგზავნის ასევე ფლოტს და ავიაციას.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დონალდ ტრამპი უმატებს და უმატებს რადიკალიზმს, - მუდმივად ამწვავებს, ზრდის „ტემპერატურას“ და ზღვარი, როგორც ჩანს, აქ არ არსებობს: შაბათს, ოჰაიოს შტატში გამოსვლისას, დონალდმა განაცხადა, რომ თუ ის არ გაიმარჯვებს 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, ეს...... „იქნება სისხლიანი აბანო“ (“it’s going to be a bloodbath for the country.”).
იმავე გამოსვლაში, ტრამპმა თქვა, რომ როგორც კი პრეზიდენტად აირჩევენ, შემოიღებს 100% საბაჟო გადასახადს ყველა (!) უცხოეთში წარმოებულ ავტომობილზე.
ბუნებრივად წარმოიშობა კითხვა: როცა პრეზიდენტი იყო, რატომ არ შემოიღო ამგვარი ტოტალური შეზღუდვა?
თუმცა გაცხარებული საარჩევნო კამპანიის დროს და ზოგადად პოლიტიკურ პროცესში What about -იზმი არარელევანტურია, რაკი არ მუშაობს.
მთავარი სხვაა: ტრამპის განცხადება უცხოეთში წარმოებულ ავტომობილებზე 100% საბაჟო მოსაკრებლის დაწესების შესახებ იმას ნიშნავს, რტომ ამერიკა ეკონომიკურ ომს გამოუცხადებს მთელს მსოფლიოს.
არა მხოლოდ ჩინეთს, არამედ იაპონიას და გერმანიას - ამერიკის შეერთებული შტატების დიდი ხნის მეგობრებს და ერთგულ მოკავშირეებს.
გარდა ამისა, მთლიანად დაანგრევს WTO-ს როგორც გლობალურ ინსტიტუციას. ბუნებრივია ამერიკის გარეშე WTO სრულად გაუფასურდება.
უფრო ღრმად თუ შევხედავთ ამ განცხადებას, ასეთი გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოვა ამერიკის ძალიან გრძელვადიან გეოპოლიტიკურ (!) ხაზთანაც: ჩინეთი კიდევ გასაგებია და ცხადია, რომ ამერიკელებს აფრთხობს ჩინური ავტოინდუსტრიის აგრესიული შეღწევა ამერიკულ ბაზრებზე, ოღონდ გავიხსენოთ რა მოხდა 1970-იან წლებში: იმ დროს ამერიკამ გაუხსნა თავისი გრანდიოზული ბაზარი და დაუწესა „უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი“ იაპონურ ავტოწარმოებას.ამერიკული ავტოწარმოება მნიშვნელოვნადდ დაზარალდა: ლეგენდარული დეტროიტი, სადაც ჰენრი ფორდმა პირველი „კონვეირული ხაზი“ მოაწყო, ფაქტობრივად დაცარიელდა და ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე დეპრესიულ რეგიონად იქცა.
ამერიკული ავტოწარმოების გიგანტები უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მაგრამ.......იაპონია იქცა ამერიკის უერთგულეს მოკავშირედ და იაპონურ-ამერიკული ეკონომიკური კავშირები იმდენად მჭიდრო გახდა, ამ ორი ოდესღაც მტრული სახელმწიფოს გეოპოლიტიკური კავშირი არანაირ ეჭვს აღარ იწვევს და არაფერი ემუქრება.
იგივე გერმანიასთან დაკავშირებითაც: განა „ჯენერალ მოტორსს“ გაუხარდებოდა „მერსედესის“ შეუზღუდავი იმპორტი ამერიკულ ბაზრებზე?
მხოლოდ ჩინეთი რომ ეხსენებინა დონალდ ტრამპს, კიდევ გასაგები იქნებოდა, რაკი გერმანიისგან და იაპონიისგან განსხვავებით ჩინეთი ამერიკის გეოპოლიტიკური მეტოქეა და იმდენად რადიკალური მეტოქე, რომ ეს მეტოქეობა შესაძლოა მტრობაშიც გადაიზარდოს.
ისიც ანგარიშში ჩასათვლელია, რომ გერმანიისგან და იაპონიისგან განსხვავებით, ჩინეთი ამერიკას არ დაუმარცხებია. ისტორიული პარადოქსის სახით, ისინი (ჩინეთი და ამერიკა) მოკავშირეები იყვნენ და არა მტრები WW2-ს დროს.
ტრამპის განცხადების „სამიზნე აუდიტორია“ არის „ცისფერსაყელოიანთა“ უზარმაზარი ლეგიონი ანუ მაღალკვალიფიციური მუშები (პირველ რიგში), რომლებიც ამერიკის გრანდიოზულ ავტოინდუსტრიაში არიან დასაქმებულნი.
ეს დიდი ძალაა.
მათ შორის ელექტორალური თვალსაზრისით.
ზოგადი რემარკის სახით კი შეიძლება ითქვას, რომ ამერიკულ ელიტებში უკვე ნამდვილად სჭარბობს ალარმიზმი და შიშნეულობა 5 ნოემბრის არჩევნებთან დაკავშირებით.
ამერიკელმა პუბლიცისტმა ბარბარა უოლტერმა გამოსცა სენსაციური წიგნი: „როგორ იწყება სამოქალაქო ომები და როგორ შევაჩეროთ ისინი“.
ავტორი წერს, რომ სამოქალაქო ომთა „თრიგერი“ მუდამ, ყველგან და ყოველთვის არის საზრისული „კორელანტი“, რომელსაც იგი უწოდებს „აქსელერაციონიზმს“ (ტერმინიდან acseleration), რაც „დაჩქარებას“ ნიშნავს და გულისხმობს, რომ არსებული წეს-წყობილება რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინგრეს, რათა მის ადგილზე და მის ნანგრევებზე აშენდეს ახალი წეს-წყობილება.
ავტორის აზრით, დონალდ ტრამპი სწორედ ამ საზრისის ძალზე სახიფათო გამომხატველია.
და......რაც უფრო მეტი სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება მის წინააღმდეგ, რაც უფრო დაემუქრება რეალურად ციხე, რაც უფრო მიამწყვდევენ კუთხეში, მით უფრო რადიკალური და სახიფათო გახდება.
ეს ვის რატომ უკვირს ამერიკაში ან სხვაგან?
ბუნების კანონია და არა მხოლოდ პოლიტიკისა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
აფრიკულ ნიგერიაში დაიწყეს Guinness -ის ინდუსტრიული რაოდენობით ჩამოსხმა.
ულიცენზიოდ, როგორც ჩანს.
გამოიყენეს ამ ლუდის 1960-იანი წლების სლოგანი Black is beautiful (შავი - ლამაზია) და დარწმუნებულნი არიან, რომ მალე ირლანდიელებს დასჯაბნიან დასავლეთის ბაზრებზე.
თუ ირლანდიური Guinness ალკოჰოლ-შემცველობა 4,2%-ია, ნიგერიულისა - 7,5%.
ალბათ ამიტომაც ვერ მიიღეს ლიცენზია. ორჯერ მეტი ალკოჰოლშემცველობით უკვე სხვა ლუდია და არა Guinness.