საერთაშორისო მიმოხილვა. 17 თებერვალი 2022 წელი.

საერთაშორისო მიმოხილვა. 17 თებერვალი 2022 წელი.

აფხაზეთში გრძელდება უმწვავესი საარჩევნო კამპანია 12 მარტს დანიშნული ე.წ `საპარლამენტო არჩევნების` წინ. როგორც ბევრჯერ ითქვა, ეს არჩევნები იოლად შეიძლება გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში იმ ფონზე, როდესაც უამრავი აფხაზი ოპოზიციონერი ციხეშია დეკემბრის ბოლოს მომხდარი `მასობრივი არეულობის `ბრალდებით, როდესაც ოპოზიციამ პარლამენტის შენობის შტურმი სცადა.

მით უმეტეს იმ ფონზე (ამას უკვე ბევრი ამჩნევს, მათ შორის თვით აფხაზეთშიც) რომ რუსეთი უკვე სისხლხორცეულადაა დაინეტრესებული აფხაზეთში მოხდეს დესტაბილიზაცია და (მისთვის) საუკეთესო შემთხვევაში სამოქალაქო ომიც კი. ასე უფრო განიმტკიცებს პოზიციებს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ფიზიკურად მისი სამხედრო ძალები აკონტროლებენ.

დაპირისპირება აფხაზეთში მწვავდება მათ შორის იმის შედეგად, რომ ასე განვითარებული სოციალური ქსელები აფხაზეთში ადრე არ ყოფილა.

ტელევიზია მონოპოლიზირებულია აფხაზეთის ხელისუფლების მიერ.

აფხაზეთის ყველა ხელისუფლება, 1993 წლის შემდეგ, მოსახლეობას აშინებდა საქართველოთი და ამ შიშის გამოყენებით (`მტრებიც გვიყურებენ, ანუ ქართველები`) ახერხებდა აფხაზეთის სატელევიზიო სივრცეში არ ყოფილიყო ალტერნატივა -  არ დაფუძნებულიყო და არ ემუშავა არანაირ ალტერნატიულ ტელევიზიას.

მაგრამ სულ უფრო სწრაფად განვითარებული სოციალური ქსელების პირობებში ახალი რეალობა იქმნება იმის წყალობითაც, რომ აფხაზეთი პატარაა, აფხაზური საზოგადოება მცირერიცხოვანია, მით უმეტეს პოლიტიკურ დისკურსში მონაწილე საზოგადოება, შესაბამისად სოციალური კომუნიკაცია და ერთობლივი მიდგომების, ერთგვაროვანი აღქმის ჩამოყალიბებას გაიოლებულია.

თუკი სოციალურმა ქსელებმა უზარმაზარი როლი შეასრულეს ბევრ ტერიტორიაზე, აფხაზეთთან შედარებით ბევრად დიდ და მრავალრიცხოვან სოციუმებში, ძნელი საპროგნოზი არ არის, რომ პატარა აფხაზეთში მათი როლი კიდევ უფრო დიდი და ქმედითი იქნება.

თუმცა რუსულ სპეცსამსახურებთან მიბმული ტროლებისა და ბოტების მთელი ფაბრიკის მოქმედებასაც უკვე ბევრი ამჩნევს სოხუმში.

განსაკუთრებულ პრობლემად მიჩნეულია ამომრჩევლების მოსყიდვა ოლიგარქიული ჯგუფების მიერ. აფხაზებსაც ჰყავთ ოლიგარქები, რომლებმაც კაპიტალი რუსეთში ან თურქეთში დააგროვეს.

ამასობაში მოსკოვმა აფხაზებს კიდევ ერთი სატყუარა გადმოუგდო: აფხაზეთის გაზიფიკაცია! ანუ აფხაზეთის მიერთება სოჭის ბუნებრივი აირის ქსელთან.

თუმცა ეს ბლეფია: აფხაზეთი არასდროს ყოფილა გაზიფიცირებული, ანუ მუდამ თბებოდა ენგურჰესით და ტყვარჩელის ქვანახშირით. მათ შორის საბჭოთა დროს.

გაზიფიკაცია ნიშნავს მილიარდობით დოლარის ჩადებას აფხაზეთის გაზსადენი, მათ შორის საცალო და კომუნალური ქსელის აშენებაში.

გამორიცხულია მოსკოვი ამაზე წავიდეს თუ არ მიაღწევს მისი მთავარი მოთხოვნის შესრულებას: სოხუმმა ნება დართოს რუსებს, იყიდონ ქართველი ლტოლვილების ბინები აფხაზეთში, გაგრასა, სოხუმსა და ოჩამჩირეში.

 ამით მოსკოვს სურს აფხაზეთის დემოგრაფიის შეცვლა ისე, რომ აღარ დარჩეს სივრცე და რესურსი აფხაზ სეპარატისტთა სტარტეგიული მიზნის განსახორციელებლად: XIX საუკუნის  რუსეთ-კავკასიის ომის შედეგად თურქეთში გადასახლებული აფხაზების შთამომავალთა დასაბრუნებლად აფხაზეთში.

ამაზე სოხუმი და მოსკოვი ჯერ ვერ შეთანხმებულან.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ცხინვალში მზადდება საბედისწერო გადაწყვეტილება, რომელსაც შესაძლოა უდიდესი გავლენა ჰქონდეს საქართველოზე: ზოგიერთი ცნობით, 10 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას აპირებს პირსისხლიანი ედუარდ კოკოითი, რომელიც ე.წ. `სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი `იყო აგვისტოს რუსული აგრესიის დროს.

ეს ჯერ კიდევ არ არის განცხადებული, მაგრამ თუ მისი კანდიდატურა მართლაც დაასახელეს, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ კრემლი ისევ რაღაცას ამზადებს საქართველოს წინააღმდეგ.

კოკოითის ბევრჯერ უთქვამს: თრუსოს ხეობა, ყაზბეგი, გუდაური `ისტორიული ოსური მიწებია`, `სამხრეთ ოსეთმა` უნდა დაიბრუნოს და მერე გაერთიანდეს ჩრდილოეთ ოსეთთან სახელწოდებით `ა ლ ა ნ ი ა.  

ოდესღაც ასეთი სახელმწიფო არსებობდა კავკასიაში და ალანები ოსებს თავიანთ წინაპრებად მიაჩნიათ. კოკოითი და მისი მომხრეები, ასევე ოსური ინტელიგენციის პარანოიდულად ნაციონალისტური ნაწილი ამტკიცებს, რომ ეს `ისტორიული სამართლიანობის აღდგენა` იქნება, თურმე `მყინვარწვერი ოსური მთაა`, ალანიის ცენტრში უნდა იყოს.....

ახლა კოკოითი და მისი გარემოცვა საბოლოო განცხადებისათვის ემზადება და ელის დასტურს მოსკოვისგან. თუ კრემლი ამას დაეთანხმა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ საქართველოს წინააღმდეგ ახალი აგრესია მზადდება ოსი სეპარატისტების ხელით.

შესაძლოა პარასკევს ცხინვალში გახდეს ცნობილი, მიიღო თუ არა კოკოითიმ კრემლის `ვიზა`.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

`პუტინს აქვს ბუნკერული მენტალობა` - ასეთი შეფასება მკვიდრდება დასავლურ მედიაში რუსეთის ავტოკრატი მმართველის მიმართ.

მიუხედავად პუტინის განცხადებებისა, რასაც საჯაროდ კვერი დაუკრა თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ, რომ თითქოს რუსული ჯარები ტოვებენ პოზიციებს უკრაინის საზღვრებთან, ამერიკის უმაღლესი ხელისუფალნი როგორც პირდაპირ, ასევე პრესაში `გაჟონვების` ტექნოლოგიით კვლავინდებურად მტკიცედ აცხადებენ, რომ რუსული ჯარები არსადაც არ გასულან, რომ პირიქით, ბოლო დროს პუტინმა და შოიგუმ ჯარების რაოდენობა 100 000-დან 150 000 მდე გაზარდეს. და რომ აგრესია მაინც მოსალოდნელია უახლოეს მომავალში. ამის სიმპტომები გაჩნდა სამხედრო დაპირისპირების გამწვავებით დონეცკთან, სადაც სეპარატისტები ინტენსიურად ბომბავენ უკრაინის არმიის პოზიციებს და რასაკვირველია იღებენ საპასუხო ცეცხლს, რის შედეგადაც შესაძლოა დონეცკის მშვიდობიანი მაცხოვრებლები, ვთქვათ ქალები, ბავშვები, მოხუცები დაიღუპონ, რომლებსაც მოსკოვმა დაურიგა რუსული პასპორტები და მათ დაღუპვას გამოიყენებს, როგორც საქართველოში გამოიყენა 2008წ.

კიდევ ერთი ფაქტორია რუსული `გოსდუმის` მიერ დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. `რესპუბლიკების` დამოუკიდებლობის აღიარება. შეგასენებთ, რომ ამგვარი მოწოდებით პრეზიდენტ მედვედევისადმი, აღიაროს `სამხრეთ ოსეთის` და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიმართა უმაღლეს ხელისუფლებას, რაც მაშინაც პროვოკაცია იყო.

მართალია `აღიარება` შემდგარად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას ხელს მოაწერს პუტინი, მაგრამ ეს იმის ნიშანია, რომ პუტინი არ იშლის აგრესიულ გეგმებს, რაკი თუ მან ხელი არ მოაწერა, ეს უკანდახევად იქნება აღქმული და ფრუსტრაციას გამოიწვევს სეპარატისტებში.

როგორც სჩანს, ჯერ დაელოდება სეპარატისტული ანკლავების გარშემო სიტუაციის გამწვავებას და მერე აღიარებს, რასაც აუცილებლად მოჰყვება რუსული ჯარების შეყვანა დონეცკსა და ლუგანსკში. ხოლო თუ ამ შეყვანას უკრაინამ სამხედრო წინააღმდეგობა მეტ-ნაკლები წარმატებით მაინც გაუწია, მაშინ კი ამოქმედდება ფართომასშტაბური აგრესიის გეგმა, რაც დიდი ხნის წინაა დამტკიცებული და ვიზირებული პუტინის მიერ.

ხუთშაბათს უკრაინული არმიის პოზიციები უკვე ინტენსიურად  დაიბომბა, რაც დააფიქსირეს უცხოელმა დამკვირვებლებმა.

ზოგადად, უკრაინაში პუტინს არა აქვს ისეთი `კოზირები`, როგორიც ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში.

აი წარმოვიდგინოთ, რომ სეპარატისტული `დონეცკის რესპუბლიკის` ცენტრში იყოს ეთნიკური უკრაინელებით დასახლებული ათეულობით უკრაინული სოფლისგან შემდგარი ანკლავი, რომელიც არ აღიარებდა `დონეცკის რესპუბლიკის` იურისდიუქციას და სცნობდა მხოლოდ უკრაინის იურისდიქციას. და იქ ყოფილიყვნენ უკრაინელი სამხედროები მშვიდობიანი უკრაინელების დასაცავად.......

 იმ ანკლავთან რომ სეპარატისტებს მუდმივი პროვოკაციები განეხორციელებინათ, ბოლოს შეტევა დაეწყოთ უკრაინულ ანკლავში ეთნიკური წმენდის მოსაწყობად, ამის პასუხად კი, უკრაინულ არმიას დონეცკზე შეტევა განეხორციელებინა, რადგან უკრაინის ხელისუფლებისთვის  და სახელმწიფოსათვის მომაკვდინებელი იქნებოდა  ბრალდება `საკუთარი უმწეო მოქალაქეების მიტოვებაში`.......

 შემდეგ როცა უკრაინული არმია დონეცკში შეიჭრებოდა, რუსეთის არმია ჩართულიყო ომში, თან უკრაინისთვის  შეეტია არა მხოლოდ უშუალოდ დონეცკის მიმართულებით, არამედ სხვა მიმართულებებიდან, როგორც საქართველოს შემოუტია აფხაზეთიდან (და კახეთში დესანტის გადმოსხმას გეგმავდა, რაც ცოტამ იცის) - აი ამგვარი იქნებოდა ვითარება, დონეცკის რესპუბლიკაში რომ არსებობდეს უკრაინული ანკლავი, როგორც ქართული ანკლავი არსებობდა `სამხრეთ ოსეთში`........თანაც ეს ანკლავი რომ ბლოკავდეს სტრატეგიულ გზას დონეცკსა და რუსეთს შორის, როგორც  ხელს უშლიდა ცხინვალის კავშირს ვლადიკავკაზთან და მოსკოვთან.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

კიევი ჯერ-ჯერობით კატეგორიულ უარს ეუბნება ბერლინს და პარიზს მათ კულუარულ მოთხოვნაზე, რომ შეასრულოს მინსკის შეთანხმება (2014წ) იმ ნაწილში, რაც ქვეყნის ფედერალიზაციას ანუ დონეცკისა და ლუგანსკის სტატუსის აღიარებას გულისხმობს.

ამ შეთანხმებას პრეზიდენტმა პოროშენკომ ხელი მოაწერა იმ დროს, როცა რუსეთის არმიამ ილოვაისკთან და დებალცევოსთან ალყა შემოარტყა ათასობით უკრაინელ ჯარისკაცს და მათ გაჟლეტით ემუქრებოდა.

მას შემდეგ, რაც რუსეთის `გოსდუმამ` სცნო ლუგანსკის და დონეცკის დამოუკიდებლობა, კიევს გაუჩნდა `სათქმელი`, რომ მოსკოვმა პირველმა დაარღვია მინსკის შეთანხმ,ება.