საერთაშორისო მიმოხილვა. 6 დეკემბერი. 2023 წელი.

საერთაშორისო მიმოხილვა. 6 დეკემბერი. 2023 წელი.

რუსეთმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს და მთლიანად სომხურ ელიტებს `ყვითელი ბარათი` უჩვენა: ნაწილობრივ აიკრძალა სომხური კონიაკის და სომხური სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი რუსეთში.

ჯერ-ჯერობით გამაფრთხილებელი აქციაა, მაგრამ მთლიანადაც აიკრძალება, თუ ფაშინიანი დეკემბრის ბოლოს არ ჩავა სანქტ-პეტერბურგში, სადაც ე.წ.`დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის` (СНГ-დსთ) სამიტი უნდა გაიმართოს.

პუტინი ელის, რომ ფაშინიანი მას ეახლება და ვეღარ გაბედავს ისეთივე დემონსტრაციულ დაიგნორებას, როგორც გაბედა რამდენიმე კვირის წინ, როცა ჯერ ე.წ. `კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების` (ОДКБ-პუტინის `ანტი-NATO`) სამიტში არ მიიღო მონაწილეობა  და შემდეგ პუტინის ინიციატივით შექმნილ `ევრაზიულ ეკონომიკურ საბჭოში`. (ЕАЭС)

პუტინი ამის გამო ფაშინიანს აფრთხილებს და სომხეთის ელიტებსაც ეუბნება, რომ თუ ფაშინიანს დროულად არ გააგდებენ, რუსეთი ყველა ბერკეტს აამოქმედებს; გაზის მიწოდებასაც შეუწყვეტს, აღარც ატომურ მასალას მიაწოდებს (ურანს) რათა სომხეთის ატომურ ელექტროსადგურზე გამოიმუშაონ ელექტროენერგია;

 ქვეყანა უბრალოდ ჩაბნელდება და განადგურდება.

პუტინმა ისიც იცის, რომ  ამერიკას და ევროპას ახლა სომხეთისთვის ნამდვილად არ სცალია და საეჭვოა დასავლეთმა მიიღოს ათეულობით მილიარდი დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება, რაც სომხეთის ბლოკადას დააკომპენსირებდა.

ანუ, ჩვენი მეზობელი სომხეთი  უმძიმესი არჩევანის წინაშე აღმოჩნდა: ფაშინიანი ან უნდა წავიდეს სანქტ-პეტერბურგში და ამ `თამაშებს`, ამ `ბალანსირებას` მორჩეს, ან სომხეთი ბლოკადაში მოექცევა და (პუტინს იმედი აქვს) ფაშინიანს თვითონ სომხები დაამხობენ.

სომხეთს რა გააჩნია გასაყიდი? კონიაკი და გარგარი. მეტი არც არაფერი.

კონიაკს ევროპაში ფრანგები უბრალოდ არ შეუშვებენ (სომხური `კონიაკის` 95% რუსეთში იყიდება), გარგარის ალტერნატივას კი რუსეთი ჩრდილოეთ აფრიკაში (ალჟირში მაგალითად, მაროკოში და ასე შემდეგ) იოლად იპოვის.

თუმცა მეორეს მხრივ, სომხეთსაც აქვს ბერკეტები და ფაშინიანმა იცის, რომ პუტინი გარკვეულ დისკომფორტს მიიღებს, თუკი სომხეთს დაბლოკავს. იმიტომ, რომ სწორედ სომხეთის გავლით მიეწოდება რუსეთს ე.წ. `ორმაგი დანიშნულების` საქონელი `პარალელური იმპორტის` ფარგლებში, რისი წყალობითაც სომხეთის ეკონომიკა ბოლო წლებში რამდენჯერმე გაიზარდა.

თუ რუსეთი სომხეთს დაბლოკავს, მაშინ ალტერნატივები უნდა იპოვოს - ცენტრალური აზიის სახით, მაგალითად.

ოღონდ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი: როგორც არ უნდა დაერღვია სომხეთს დასავლური სანქციები რუსეთის მიმართ (ვაშინგტონსა და ბრიუსელში კარგად იციან, რომ არღვევს) მის მიმართ დასავლეთი შედარებით ლმობიერი იყო ორი მიზეზის გამო:

 

ა) სომხეთი ახლად დამარცხებულია ომში, დასავლეთი მას ვერ დაეხმარა აზერბაიჯან-თურქეთის წინააღმდეგ და ამის გამო, დასავლეთში გარკვეული `დანაშაულის სინდრომიც` არსებობს; რის გამოც ბევრს პატიობენ, სხვა სახელმწიფოებს კი შესაძლოა ამდენი არც მოუთმინონ.

ვთქვათ `ჩიპების` მიწოდება სწორედ სომხეთის გავლით ხდება, თუმცა დასავლეთი ამაზე თვალს ხუჭავს. ცენტრალური აზიის გავლით იმავე `ორმაგი დანიშნულების` მიკრო-ჩიპთა მიწოდებამ შესაძლოა უფრო მკაცრი რეაქცია გამოიწვიოს.

 

ბ) დიდი სომხური დიასპორა ამერიკასა და ევროპაში. ეს დიასპორა და მისი ლობიზმი დიდად ვერ დაეხმარა სომხეთს აზერბაიჯანთან ომის დროს, თუმცა `არდასანქცირებაში` კი შეძლებს დაეხმაროს და ეხმარება კიდეც როგორც ვხედავთ: სომხეთი არღვევს ყველანაირ სანქციას, რაც კი დასავლეთმა შემოიღო; სომხეთიდან `პარალელური იმპორტის` ნამდვილი ჩანჩქერი მიდის რუსეთისკენ, თუმცა დასავლეთი ითმენს იმას, რის მეათედსაც არ მოუთმენდა სხვა ქვეყანას.

პუტინის ჩლუნგი, `დერჟიმორდული` სტილიდან გამომდინარე, გასაკვირი ის კი არ არის, რომ ახლა ულტიმატუმი წაუყენა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს და მთლიანად სომხეთს, როგორც ქვეყანას, არამედ ის, რომ ამდენ ხანს `ითმინა` და გადაავადა მის ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენება.

ირანი სომხეთისთვის რუსეთს ვერ ჩაანაცვლებს. ბუნებრივ აირსაც კი ვერ მიაწვდის, რადგან ირან-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი `გაზპრომ`-ის საკუთრებაა და ამდენ აირს ვერც გაატარებს. სომხური გარგარი კი ირანში არავის სჭირდება...და რაც მთავარია, მეტისმეტი დაახლოება ირანთან სომხეთის მიმართ კიდევ უფრო მტრულად განაწყობს ისრაელს. ხოლო ებრაული ლობი ამერიკაშიც და ევროპაშიც ბევრად უფრო გავლენიანია, ვიდრე სომხური.

 

აქვე არ შეიძლება არ ითქვას, რომ რუსეთის პოზიცია, ზოგადად, სამხრეთ კავკასიის მიმართ, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ..... გეოპოლიტიკური და ისტორიული `შიზოფრენიის` სფეროს უფრო განეკუთვნება:

თავად განსაჯეთ - რა `დემარშებიც` არ უნდა განეხორციელებინა ფაშინიანს და როგორც არ უნდა სძულდეს იგი პუტინს, სომხეთი არ გასულა არც ОДКБ-დან და არც ЕАЭС-იდან; სომხეთში კვლავინდებურად დგას უძლიერესი რუსული სამხედრო ბაზა - გიუმრიში, ხოლო სომხეთის საზღვრებს თურქეთთან კვლავინდებურად რუსი მესაზღვრეები იცავენ. როგორც საქართველო-თურქეთის საზღვარს იცავდნენ 1998 წლამდე; გარდა ამისა, ხომხეთს არ განუცხადებია NATO-სთან თანამშრომლობის სურვილი!

 ამ დროს რას აკეთებს აზერბაიჯანი? ОДКБ-დანაც და  ЕАЭС-დანაც დიდი ხნის წინ გავიდა; უფრო ზუსტად ЕАЭС-ში არც გაწევრებულა და......სტრატეგიულად თანამშრომლობს (სამხედრო ინტეგრაციის ჩათვლით) ჩრდილო - ატლანტიკური ალიანსის უძლიერეს სახელმწიფოსთან (მეორეა ამერიკის შემდეგ) - თურქეთთან!

მაშასადამე, პუტინს რომ ვკითხოთ, თურქეთთან ღრმა სამხედრო-პოლიტიკური ინტეგრაცია NATO-თან ინტეგრაცია არ არის?!

ეს ზოგადად ავტოკრატი და შიზოიდურ მარაზმში გადასული მმართველების თვისებაა: გარეგან სიმბოლოებს და პიროვნულ ურთიერთობებს უფრო აქცევენ ყურადღებას, ვიდრე შინაარსს.

ალიევთან პიროვნულად შესანიშნავი ურთიერთობა აქვს პუტინს: რაჰათ-ლუქუმს უგზავნის ხოლმე და უღიმის.

აი ფაშინიანი კი სხვა `ტიპაჟია`, სხვაგვარი პიროვნული, პოლიტიკური `ფაქტურა` აქვს, მით

უმეტეს საძულველი` რევოლუციის` შედეგად მოვიდა...... ამიტომაც სძულს პუტინს.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკის ვაჭრობის სამინისტრომ, რომელიც აშშ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად `სასანქციო` მიმართულებით საკვანძო უწყებაა, დაასანქცირა ოცამდე რუსული და ბელორუსული საწარმო, რომლებიც რუსული არმიისთვის დრონებსა და რაკეტებს ამზადებენ.

ეს გასაგებია, მაგრამ.....გაუგებარი მხოლოდ ის არის, რომ ახლა, 2023 წლის ბოლოს ასანქცირებენ, როცა პუტინმა უკრაინას უკვე ათი ათასობით რაკეტა ესროლა.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

საინტერესო განცხადება გააკეთა აშშ შეიარაღებულ ძალთა `შტაბების მეთაურთა გაერთიანებული შტაბის` ყოფილმა უფროსმა გენერალმა მარკ მილიმ, რომელსაც (და ეს ნიშანდობლივია) კვლავინდებურად იწვევენ ევროპაში სამხედრო წვრთნებსა და სწავლებებზე. მათ შორის უკრაინელთა მონაწილეობით.

გენერალმა მილიმ უკრაინელებს მიმართა და უთხრა: `ყველა რუსმა ოკუპანტმა უნდა იცოდეს და შიში უნდა ჰქონდეს,  რომ დაიძინებს და...შესაძლოა კისერი გამოჭრანო`.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააუქმა ვიდეო-ჩართვა აშშ სენატში, სადაც დაგეგმილი იყო მისი ონლაინ-გამოსვლა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების შესახებ, რასაც კონგრესი ბლოკავს.

ოღონდ წარმომადგენელთა (ქვედა) პალატა ბლოკავს და არა სენატი.

მიუხედავად ამისა, ზელენსკიმ, როგორც ჩანს ჩათვალა, რომ ამგვარი დემარში აუცილებელი იყო: კვლავინდებურად ჭიანურდება უკრაინისთვის 63 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფა აშშ ბიუჯეტიდან, რის გამოც უკრაინულ არმიას თანდათან უმწვავდება შეიარაღების დეფიციტი.

იმავე დღეს, როცა ზელენსკიმ სენატის წინაშე გამოსვლა გააუქმა, მისმა `მარჯვენა ხელმა`, ერმაკმა (ადმინისტრაციის უფროსია) პირდაპირ თქვა: თუ უკრაინა ამ ფულს ვერ მიიღებს წლის ბოლომდე, დამარცხება რეალური გახდება.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ვაშინგტონი და მოსკოვი აგრძელებენ მოლაპარაკებას ორი ამერიკელის, უილანისა და გერშკოვიჩის გათავისუფლებაზე.

რუსული გენპროკურატურა და სპეცსამსახურები მათ შპიონაჟში ადანაშაულებენ.

ირკვევა, რომ რუსეთი, ამ ორი ამერიკელის გათავისუფლების სანაცვლოდ მოითხოვს ბერლინში პანკისელი ქისტის, ზელიმხანს ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლებას და რუსეთში დაბრუნებას.

კილერის რეალური სახელი და გვარი უცნობია; ცნობილია მხოლოდ ის, რომ ნამდვილად რუსია და ნამდვილად მკვლელია.

ზოგადად ამგვარ საქმეებზე რომ კილერს უშვებს, რუსული სპეცსამსახური მას ჰპირდება მუდამ: `რაც არ უნდა დაგემართოს გამოგიხსნითო`. ანუ  გაცვლიან ვინმეში; ამ შემთხვევაში ამერიკელებზე გაცვლას ცდილობენ, თუმცა....გერმანელებს აღარ ეკითხებიან? ის ხომ გერმანიაში დააპატიმრეს და იქ მიუსაჯეს `სამუდამო?`

რუსების აზრით, გერმანელები, რასაც ამერიკა ეტყვით იმას გააკეთებენ მუდამ.

და ამ თეზისში თუ ეჭვი შეიტანეს,  არ არის გამორიცხული, გერმანელი მძევლებიც აიყვანონ.