ლტოლვილთა დაბრუნება ბლოკირებულია

ლტოლვილთა დაბრუნება ბლოკირებულია

    რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრთა მოლაპარაკების საფუძველზე, 14 ივლისს, გალის რაიონში ქართველი მოსახლეობის მასიური დაბრუნება უნდა დაწყებულიყო.
    იძულებით გადაადგილებულ პირთა მშვიდობიანი დაბრუნების გარანტიას იძლეოდა გენერალ-პოლკოვნიკი გიორგი კონდრატიევი, რომელიც, 12 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრ ფაცაციასა და თავდაცვის მინისტრ ნადიბაიძესთან ერთად ზუგდიდს ჩაფრინდა.
    მეორე დღეს, ზუგდიდის გამგებლის, ედიშერ ჩარგაზიას კაბინეტში, დახურულ კარებს მიღმა, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსთან ერთობლივი თათბირი გაიმართა.
    ტრანსპორტირების ორგანიზაცია ზუგდიდის გამგეობამ ითავა. ლტოლვილთა უიარაღო გადასვლის პასუხისმგებლობა კი ადგილობრივ პოლიციას დაეკისრა.
    მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, გალში უნდა გაზრდილიყო რუსეთის სამშვიდობო ძალების რაოდენობა, რომლებიც მოსახლეობის უსაფრთხოებას დაიცავდნენ. აგრეთვე, დაწესდებოდა პატრულირება და რეიდები.
    გალის რაიონში არსებული ყველა შეიარაღებული ფორმირების ლიკვიდაციისა და იარაღის ამოღებამდე, ენგურის მარჯვენა სანაპიროზე დარჩებოდა თორმეტკილომეტრიანი უსაფრთხოების ზონა.
    ლტოლვილთა დაბრუნების შემდეგ, თავისთავად წამოიჭრება მათი დაბინავებისა და შრომითი მოწყობის პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაც ადგილობრივმა ადმინისტრაციამ უნდა იკისროს. თუმცა, ჯერ-ჯერობით, გალში სამოქალაქო ხელისუფლება დარჩება.
    მშვიდობიანი დაბრუნების პროცესებზე პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ იკისრა, მაგრამ. . .
    14 სექტემბერს, მდინარე ენგურის მარცხენა სანაპიროზე, სოფელ რუხთან, ათი ათასამდე ლტოლვილი შეიკრიბა. მეორე ნაპირზე გადასვლის პროცესი ჭიანურდებოდა. გაეროს დამკვირვებელმა, ბ-ნმა საბომ აღნიშნა, რომ ისინი არ იყვნენ ინფორმირებულნი, თუ ვის მიერ, როგორ და რა შეთანხმება მომზადდა. «მე მაქვს ზოგიერთი მონაცემი გალის რაიონიდან და ვიცი: ადგილობრივი აფხაზური ადმინისტრაცია არ არის მზად ლტოლვილთა მისაღებად. მეტიც, არსებობს ბრძანება, ყველა საშუალებით აღკვეთონ მათი დაბრუნება. ისინი არ აპირებენ ლტოლვილთა მიღებას, თუმცა რუსები აცხადებენ რომ, მზად არიან დაიცვან მათი უსაფრთხოება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთი ფორმით ამ პროცესების განვითარება, ცოტა არ იყოს, სარისკოა».
    იმ დღეს ლტოლვილთა დაბრუნება არ მოხერხდა. გენერალ-პოლკოვნიკი კონდრატიევი, საქართველოს ხელისუფლების მრავალი მოთხოვნის მიუხედავად, რუხში არ ჩამოვიდა.

«7 დღე», 17-22 ოქტომბერი, 1994 წელი.