საერთაშორისო მიმოხილვა. 8 ივნისი. 2023 წელი
უკრაინის ხელისუფლება (მიხაილ პოდოლიაკი) აცხადებს, რომ რუსეთის მიერ კახოვკის კაშხლის აფეთქებისა და უდიდესი ტერიტორიების დატბორვის შემდეგ კონტრშეტევის გეგმები შეიცვლება, რადგან კონკრეტულ მიმართულებაზე შეტევა გართულებულია წყლის გამო.
მეორეს მხრივ, უკრაინულ არმიას გაუჩნდა შანსი დესანტი გადასხას დნეპრის მარცხენა ნაპირზე იმ ტერიტორიების დასაკავებლად ხერსონის რაიონში, სადაც ჯერ კიდევ რუსები იყვნენ გამაგრებულნი.
დნეპრზე არის შეჭრილი ნახევარკუნძულები, რომლებსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ, რაკი მათი მეშვეობით კონტროლდება მარშრუტი დნეპრის დელტასკენ შავი ზღვის შესართავამდე.
ახლა ეს ლოკაციები მთლიანად მოწყვეტილია რუსეთის არმიის ძირითადი დისლოკაციის ადგილებს.
ფაქტობრივად, ყირიმის ბედი გადაწყვეტილია. ანუ პუტინმა. კახოვკის აფეთქებით, შესაძლოა დრო მოიგო და შეაფერხა უკრაინის დიდი შეტევა, მაგრამ სამაგიეროდ,როგორც გუშინ ვწერდით, ყირიმს მოუსპო მტკნარი წყლის შედინება (ეს სტრატეგიული პრობლემაა) და ახლა რუსეთმა თუ ვერ შეძლო კიევის აღება და უკრაინის სახელმწიფოს სრული განადგურება (რასაც ვეღარ შეძლებს რასაკვირველია) ყირიმი დაიცლება იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინა ვერ მოახერხებს მთელი დონბასის და ყირიმის ძალით განთავისუფლებას.
შეიძლება ითქვას, პუტინმა `ცუდსა` და `უარესს` შორის აირჩია `ცუდი`.
ანუ ქართულად თუ ვიტყვით,`ვაისა` და `უის` შო რ ი ს აირჩია `ვაი`, თუმცა ეს ვერ უშველის.
თვით ყველაზე თავგადაკლული რუსი პროპუტინისტი ექსპერტები აღარ მალავენ და `ტელეგრამზე` წერენ (მაგალითად სერგეი მარკოვი), რომ რუსეთი სასტიკად დამარცხდა ამ ომში.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები ადასტურებს, რომ `შიშნეულობის` დონით რუსეთის მოსახლეობა უკვე იმ ქვეყნებს უახლოვდება, სადაც ომია და მუდმივი არასტაბილურობა.
`შიშნეულობის ინდექსი` ისედაც მაღალი იყო 2014 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა ყირიმი დაიპყრო - 42%. მაგრამ მას შემდეგ, რაც უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე რეიდები დაიწყო, რაც კრემლს დაარტყა და დიდ სასახლეზე (სენატის სასახლეზე) დროშას ცეცხლი წაუკიდა, რაც მოსკოვის Спальный район-ები დაიბომბა, შიშნეულობის ინდექსი 53%-მდე გაიზარდა რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, როდესაც ვლაპარაკობთ არა აფრიკისა და აზიის ქვეყანაზე, არამედ იმ სახელმწიფოზე, რომელსაც Superpower ანუ ზესახელმწიფოდ მოაქვს თავი.
აქ არის საინტერესო ნიუანსი: რუსულ სოციუმს, რუსულ ეთნოფსიქოლოგიას და მენტალობას ახასიათებს განსაკუთრებულად მტკივნეული რეაგირება სოციალურ უსამართლობაზე, როგორც ეს მათ ესმით.
ზოგ შემთხვევაში არასწორად ესმით, თუმცა ზოგ შემთხვევაში სრულიად ადეკვატურად.
მაგალითად, უკრაინამ რომ მოსკოვი დაბომბა, მან დრონები მიმართა რუბლიოვკას დასახლებისკენ, სადაც რუსული ელიტა, რუსეთის მაღალჩინოსნები და რუსი მილიარდერები ცხოვრობენ. რუსულმა ჰაერსაწინააღდმეგო სისტემებმა უკრაინული დრონების ჩამოგდება შეძლეს. სამაგიეროდ ვერ ჩამოაგდეს მოსკოვის Спальный район-ებში. ამან ხალხის მასებში უკმაყოფილება გამოიწვია: `ამ ჩვენმა კორუმპირებულმა ელიტამ თავისი თავი, თავისი ოჯახები, თავისი შვილები კარგად დაიცვა, `უბრალო ხალხს` კი არ იცავს - ჩვენი შვილების სიკვდილი ან დაჭრა არ ადარდებთო`.
ნაციონალ-სოციალისტური მისწრაფებები რუსეთში იმდენად ძლიერია, რომ მან შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეუქმნას პუტინს თუ ეს ომი კიდევ თუნდაც 1-2 წელი გაგრძელდა.
უკრაინული სოციუმი, უკრაინული საზოგადოება, უკრაინელი ერი ბევრად შეგნებული და კონსოლიდირებული აღმოჩნდა. როგორც ჩანს ეს არის მთავარი მოულოდნელობა როგორც პუტინისთვის, ასევე ყველა იმ პერსონაჟისთვის დასავლეთში, ვისაც არ სჯეროდა, რომ უკრაინა თუნდაც 1 თვეს გაძლებდა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ძალიან საინტერესო დეტალები ირკვევა რუსეთში სომხეთის `პარალელურ იმპორტთან` დაკავშირებით საქართველოს პორტების გამოყენებით.
მოგეხსენებათ, პარალალური იმპორტი ქვია `ნაცრისფერ` სქემას, როდესაც რუსეთისათვის განკუთვნილი ტვირთები ჯერ ჩამოდის საქართველოს პორტებში (როგორც ვითომ სომხეთისთვის განკუთვნილი), მიდის სომხეთში რკინიგზით ან საავტომობილო ტრანსპორტით; სომხეთში ხდება ამ ვითომ სომხეთისთვის განკუთვნილი ტვირთების განაბჟება` ე.წ. `ევრაზიული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის` (ЕВРАЗЭС) შეღავათიანი ტარიფებით, რაც ეკონომიკურად და ფინანსურად ძალიან მომგებიანია და შემდეგ ეს ტვირთი, უკვე როგორც `სომხური`, ტრანზიტად იგზავნება რუსეთში - ან საავტომობილო გზით, ანუ ლარსის გავლით, ან იმავე საქართველოს პორტებით.
აქ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სანამ უშუალოდ სომხეთი არ არის დასანქცირებული დასავლეთის მიერ, საქართველოს ხელისუფლებას მართლა არა აქვს უფლება გააჩეროს ეს ტრანზიტი ან თუნდაც შეამოწმოს სატრანზიტო ტვირთი, რომელიც დალუქული შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე და ასევე დალუქული კვეთს საზღვარს. საერთაშორისო სამართლის თანახმად, ეს სომხეთის ბლოკადა იქნება.
მაგრამ თუ სომხეთს დაასანქცირებს დასაველთი - მაშინ სხვა საქმეა.
თუმცა დასავლეთს სომხეთის დასანქცირება არ აწყობს - სომხებს დიდი და ძლიერი დიასპორა ჰყავთ ევროპაში, უპირველესად საფრანგეთში.
სომხებისთვის განსაკუთრებით მომგებიანი იქნებოდა ამ `პარალელური იმპორტის` განხორციელება ფოთისა და ბათუმის პორტების გავლით - ნოვოროსიისკის მიმართულებით.
მაგრამ....... ევროპულმა კომპანიამ, რომელიც ფოთის ტერმინალებს ფლობს, სომხეთისგან მოითხოვა ყველა გადასაგზავნი ტვირთის `ვიზირება` ევროკომისიის ანუ ბრუსელის მიერ. ბუნებრივია ერევანი ამგვარ `ვიზას` ბრიუსელისგან ვერ მიიღებდა და სწორედ ამიტომ გადაერთვნენ ახლა ბათუმის პორტზე, რომლის მფლობელებმა შესაძლოა არც მოსთხოვონ ამგვარი `ვიზირება`.
როგორც კი საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის ჩინოსნები საყვედურს ეუბნებიან: `რატომ ატარებთ პარალელურ იმპორტსო`, ისინიც ხელებს შლიან თეატრალურად და თვალებს ნაივურად ნაბავენ: `კი მაგრამ, განა სომხეთი დასანქცირებულია და სომხური ტრანზიტი აკრძალეთო?`
არა.
ჰოდა ფორმალურად მართლებიც არიან.
ეს `ნაცრისფერი სქემა` სომხეთის გარეშე ვერ იარსებებს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ჯერ კიდევ მოსკოვის დაბომბვამდე, რუსეთი გულმოდგინედ მალავდა ინფორმაციას კრასნოდარში (!) ე.წ. `ამოუცნობი` დრონების აფეთქების შესახებ.
ეს დრონები უტევენ ნავთობის ტერმინალებს და რამდენიმე კიდეც ააფეთქეს.
ირკვევა, რომ ასეთივე შეტევები განხორციელდა რუსეთის სხვა ტერიტორიაბზეც. და ეს ტერიტორიები არა 300 კილომეტრით, როგორც კრასნოდარი, არამედ 600-700 კილომეტრით არიან დაშორებულნი ფრონტის ხაზიდან.
ყველა ამ დრონს ანუ უპილოტო-კამიკაძე აპარატს აქვს თვითგანადგურების ოფცია ანუ როდესაც რუსები მათ ჩამოაგდებენ ან ცდილობენ აიძულონ რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებებით დასვან მიწაზე, ირთვება თვითგანადგურების რეჟიმი და მერე რუსებს უჭირთ იმის გარკევა, რა აპარატებია ეს, ვისი დამზადებულია, რა ტენოლოგიით და ასე შემდეგ.
სწორედ ასეთმა აპარატმა წაუკიდა ცეცხლი კრემლის სასახლეს რამდენიმე კვირის წინ.
ექსპერტთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ეს დრონები არა დასავლური, არაემდ უკრაინული წარმოებისაა.
რამშტეინის ბაზაზე გამოსვლისას აშშ შტაბების მეთაურთა გაერთიანებული შტაბის მეთაურმა (უკვე ყოფილმა) მარკ მილიმ განაცხადა: წესები, რომლებიც ჩვენ დავადგინეთ უკრაინელებთან თანამშრომლობისთვის, გულისხმობს რომ ისინი არ გამოიყენებენ აშშ-ს მიერ მიწოდებული იარაღს რუსეთის გეოგრაფიულ სივრცეში თავდასხმებისთვის. მაგრამ, გავითვალისწინოთ, რომ ისინი (უკრაინელები) ომში არიან და რუსულ აგრესიას იგერიებენ..... მათთვის ეს ეგზისტენციალური საფრთხეა...... ისინი იბრძვიან გადარჩენისთვის! ამიტომ, ახლა დარწმუნებით ვერ გეტყვით არის თუ არა ასეთი ფაქტები (რომ ამერიკული იარაღი გამოიყენება რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში-დ.). თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვთხოვეთ უკრაინელებს, არ გამოეყენებინათ აშშ-ს მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთზე პირდაპირი თავდასხმებისთვის.
რატომ? იმიტომ, რომ ეს არ არის ომი აშშ-სა და რუსეთს შორის. ეს არ არის ომი ნატოსა და რუსეთს შორის. ეს არის ომი უკრაინასა და რუსეთს შორის. ჩვენ მხარს ვუჭერთ, ვამარაგებთ, ვეხმარებით, ვავარჯიშებთ, ვურჩევთ და ვეხმარებით უკრაინას. მაგრამ ეს არ არის პირდაპირი კონფლიქტი შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. (ციტატის დასასრული)
გენერალ მილის ეს განცხადება განსხვავდება ანალოგიური განცხადებებისაგან გასული წლის მარტ-აპრილში, როცა დასავლეთი თავდაცვითი იარაღის მიწოდებისგანაც კი თავს იკავებდა და მზად იყო მხოლოდ სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა უკრაინისთვის.
გიგანტური მანძილია - დღეს უკვე სამხედრო თვითმფრინავთა გადაცემამდე.
ბოლოს და ბოლოს, არც ერთ სპეციალისტს არ ეპარება ეჭვი, რომ ეს დრონები, რაც კრასნოდარს და მოსკოვს ბომბავენ, უკრაინული წარმოებისაც რომ იყოს, მათი `დამიზნება` ხდება აშშ და NATO-ს თანამგზავრული სისტემების მეშვეობით