როდის იყო ქართული ფეხბურთი საამაყო?

როდის იყო ქართული ფეხბურთი საამაყო?

 

გვეშველა! როგორც იქნა, დიდი ჯახირითა და ლამის სამოქალაქო ომით, «აირჩა» ჩვენი ეროვნული ფეხბურთის ახალი წინამძღოლი, რასაც თან სდევდა მრავალთვიანი ინტრიგა და წმინდად ქართული «ურთიერთჭმა», რომლის ილუსტრაციაც გახდა წინა ადმინისტრაციის მხარდამჭერი დელეგატის, გეგა გობეჯიშვილის დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით.

თუ გავითვალისწინებთ, რომ სუბოტექსი არა ჯიბეში, არამედ შარდში აღმოაჩნდა, ტრადიციულად უნდა ვივარაუდოთ, რომ პოლიციელებმა, დაკავების შემდეგ «ხახაში ძალით ჩააყარეს» ან «შპრიცით შეუყვანეს».

მეორეს მხრივ, უტრირება იქეთ იყოს და, ნამდვილად ლეგიტიმურია კითხვა: თუკი პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ეს გობეჯიშვილი ნარკომანი იყო (დავუშვათ ერთი წუთით) რაღა მაინცდამაინც იმ დღეს დააკავეს, როდესაც სწორედ მისი ხმა იქნებოდა გადამწყვეტი ლევან კობიაშვილსა და რეზი არველაძეს შორის ისტორიულ დაპირისპირებაში?

თუმცა, ეს ყოველივე უკვე უმნიშვნელო წვრილმანია. რაც მთავარია, უკვე მერამდენედ სახელმწიფოებრივი (მათ შორის საფეხბურთო) დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, «საფეხბურთო პრეზიდენტის» არჩევას თან ახლავს აყალ–მაყალი, დედის გინება, გენდერული ორიენტაციის წამოძახება, მრავალშრიანი ინტრიგები და მტკიცება, თითქოს სწორედ ამ არჩევანზეა დამოკიდებული ქართული ფეხბურთის

მომავალი და თუ სწორ არჩევანს გააკეთებს ყრილობა, მაშინ საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო გრანდთა პირველ ათეულში დაიმკვიდრებს კუთვნილ ადგილს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

1989 წელს, როდესაც თბილისის «დინამომ» და ქუთაისის «ტორპედომ» საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი დატოვეს და აუცილებელი გახდა პირველი, ნამდვილად დამოუკიდებელი წინამძღოლის არჩევა, დაახლოებით ასეთივე დაპირისპირება იყო ნოდარ ახალკაცსა და კახი ასათიანს შორის.

ლეგენდარული «დინამოს» ფეხბურთელთა აზრიც ორად გაიყო. «უბრალო ხალხი» უფრო ახალკაცს უჭერდა მხარს. «სვეცკები» – კახი ასათიანს.

ამგვარი დაპირისპირება რამდენჯერმე განმეორდა უკვე პრეზიდენტ შევარდნაძის ეპოქაში და საქმე იქამდეც მივიდა, რომ წარმოიშვა რეალური საფრთხე საქართველოს გარიცხვისა «ფიფა»–დან. ეს ორგანიზაცია ვერ იტანს, როდესაც სახელმწიფო ერევა ფეხბურთის საქმეებში.

ხშირად კითხულობენ: «რატომ არ თქვა გიორგი ნემსაძემ ერთ ერთი არჩევნების შემდეგ, რომ მას პირადად პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაურეკა და აიძულა არჩევიდან მეორე დღესვე გადამდგარიყო? ან საერთოდ რატომ გადადგა?

სინამდვილეში მიზეზი პიროვნული შიში არ ყოფილა. ნემსაძემ იმოქმედა, როგორც ქართული ფეხბურთის პატრიოტმა, ვინაიდან რომ დარჩენილიყო, იმდროინდელი ხელისუფლება ქართულ ფეხბურთს ამას არ აპატიებდა, ხოლო თუ იტყოდა, «პრეზიდენტმა დამირეკაო», საქართველოს დაუყოვნებლივ გარიცხავდნენ «ფიფა»–დან! ანუ მისი მდგომარეობა მართლა გამოუვალი იყო

ისიც უნდა ითქვას, რომ სააკაშვილმა მაშინ იმოქმედა მისთვის ჩვეული შაბლონური სწორხაზოვნებით: «გერმანიაში განათლებამიღებული, «ფრიადოსანი» ახალკაცი–უმცროსი სჯობს ნაძველბიჭარი საფეხბურთო ელიტის კანდიდატს».

რა თქმა უნდა მცდარი აღმოჩნდა. თუმცა, როდესაც ამ მეორე ფრთამ გაიყვანა თავისი კანდიდატი სიჭინავას სახით, მანაც ვერაფერი უშველა ქართულ ფეხბურთს და მოღვაწეობა დაასრულა «დამოუკიდებელი აფხაზეთის» სადღეგრძელოთი, რამაც მთელს ისტორიას არა იმდენად ტრაგიკული, რამდენადაც კომიკური ელფერი შესძინა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

და მაინც, რატომ უნდათ ასე მძვინვარედ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა? რატომ აღვარღვარებენ სიხარულის ცრემლებს ან ვერ მალავენ ბოღმით კბილთაღრჭენას და ჰიუგოსეული «გუიმპლენის ღიმილს» დამარცხების შემთხვევში?

მარტო ფული არ არის. თუმცა ფულიცაა რასაკვირველია, ოღონდ ბევრად მნიშვნელოვანი სხვაა: «უეფას» ელიტას ძალიან საინტერესო ცხოვრება აქვს – ხშირი მოგზაურობა შვეიცარიაში, მსოფლიო საფეხბურთი ბომონდის წევრობა, ლეგენდარულ ფეხბურთელებთან კონტაქტი, როდესაც თვითმფრინავში სულ იოლად შეიძლება გადაეყარო რუმენიგეს, ფიოლერსა და ტიგანას;   უმნიშვნელოვანეს მატჩებსა თუ ტურნირებზე პრივილეგირებული სტატუსით დასწრება და სხვა მრავალი სიკეთე.

აი, ამიტომ იბრძვიან და «ჭამენ ერთმანეთს», თორემ ქართულ ფეხბურთს რაღა უნდა უშველონ? არც ეშველება, სანამ «საფეხბურთო პრეზიდენტის» არჩევისას ისეთი შთაბეჭდილება რჩება გარეშე დამკვირვებელს, თითქოს არა მსოფლიო რეიტინგის მეორე ასეულში მოჩანჩალე, არამედ რომელიღაც საფეხბურთო ზესახელმწიფოს  ბედისწერა ირკვეოდეს.

ეს მუდმივი, აშკარად პათოლოგიური დაპირისპირება, რომელიც წლების მანძილზე, ყრილობიდან–ყრილობამდე მეორდება, სინამდვილეში, ქართული ფეხბურთის განვითარებას ბევრად მეტად უშლის ხელს, ვიდრე უფულობა და სტადიონების ან ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ნაკლებობა.

თან იმის პასუხისმგებლობა–უნარიც კი არ ჰყოფნის ამ ჩვენს საფეხბურთო ელიტას, მთელი მარაზმი «გარეთ» არ გამოიტანოს, ბოლოს და ბოლოს ნორმალური, არასკანდალური არჩევნები ჩაატაროს და ისედაც გულგატეხილ ხალხს კიდევ უფრო არ გაუცრუოს იმედი.

თუმცა, ქართული ელიტები როდის, რომელ სფეროში ამჟღავნებდნენ ამგვარ პასუხისმგებლობასა და უნარს – მაინცდამაინც საფეხბურთო სფეროში რომ აღმოაჩნდეთ მოულოდნელად?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

და კვლავ ეს «პროვოკაციული» კითხვა: როდის იყო ქართული ფეხბურთი მართლა საამაყო? როდის გვყავდა ამ პატარა ქვეყანას რამდენიმე მსოფლიო კლასის ფეხბურთელი (მიშა, სლავა, დათო, საშა), რომლებიც ნებისმიერ გრანდ–ნაკრებს გააძლიერებდნენ? როდის მოვუგეთ საბედისწერო, თითქმის დიდგორის ტოლფასი მატჩი გერმანელებს გერმანიაში? როდის უწოდა გენიალურმა ლუის ცეზარ მენოტიმ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს («თბილისის დინამო» რომ ერქვა) «ევროპის საუკეთესო გუნდი?»

პასუხი: მხოლოდ მაშინ, როდესაც არანაირი არჩევნები არ ტარდებოდა, არავითარი დემოკრატია არ არსებობდა, საქართველოს «სპორტკომიტეტის» ფეხბურთის სამმართველოს უფროსს ნიშნავდა საქართველოს კომპარტიის «ცკ»–ს სპორტის განყოფილების გამგე, მას, თავის მხრივ, ნიშნავდა იმავე ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, ხოლო პირველ მდივანს ნიშნავდა მოსკოვი!

აი, მხოლოდ მაშინ ცოცხლობდა ქართული ფეხბურთი.

2015