რესპუბლიკელები შევარდნაძეს თანამშრომლობას ჰპირდებიან

რესპუბლიკელები შევარდნაძეს თანამშრომლობას ჰპირდებიან

        გუშინ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ოთხდღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, მის რეზიდენციაში აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯორჯ ბუში-უმცროსის მთავარი მრჩეველი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, რობერტ ზოლეკი შეხვდა.
        შეხვედრა გაიმართა ამერიკული მხარის ინიციატივით. ბუშის გამარჯვების შემთხვევაში, რობერტ ზოლეკს უწინასწარმეტყველებენ უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას, რომელიც ამჟამად სემ ბერგერს უკავია. ეს კი ერთ-ერთი საკვანძო პოსტია ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში.
        როგორც ჩანს, დემოკრატებთან (როგორც კლინტონთან, ასევე პრეზიდენტობის მეორე კანდიდატ ელ გორთან) კარგი დამოკიდებულებისა და აქტიური თანამშრომლობის მიუხედავად, შევარდნაძე არ ივიწყებს, რომ აშშ-ში დემოკრატების ერა უსასრულო არ არის და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატთა ჰეგემონიით გადაღლილმა ამერიკელებმა, მიუხედავად ეკონომიკური ბუმისა, (რაც 22 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნაში გამოიხატა), შეიძლება მაინც რესპუბლიკელი ჯორჯ ბუშ-უმცროსი ამჯობინონ.
        ექსპერტთა უმრავლესობა ჯერჯერობით სწორედ ამ მოსაზრებას იზიარებს. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანია მხოლოდ ახლა ჩაღდება და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ბუში და გორი თითქმის თანაბარ ხმებს აგროვებენ.
        იმ შემთხვევაში, თუ მართლაც, ჯორჯ ბუში გაიმარჯვებს, საქართველოს პრეზიდენტს ამ ბანაკშიც სერიოზული კონტაქტები აქვს, გამომდინარე ჯორჯ ბუში-უფროსის ფაქტორიდან, რომელიც 1988-1992 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო.
        ამავე დროს, ბუში-უმცროსის «ჩრდილოვანი ადმინისტრაციის» ინტერესებიც გასაგებია, ვინაიდან ბუშის გუნდის წევრები მომავალი საგარეო პოლიტიკის კონტურებს სახავენ.
        აქვე უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო საგარეო პოლიტიკა ჯორჯ ბუში-უმცროსისათვის ჯერჯერობით უცხო ხილია. იგი ტეხასის გუბერნატორია და დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ არ აინტერესებდა რა ხდებოდა მისი შტატის ფარგლებს გარეთ, მით უმეტეს, რა ხდებოდა აშშ-ს საზღვრებს მიღმა, მაგრამ მსოფლიოს ერთადერთი ზესახელმწიფოს ლიდერი, უბრალოდ, ვალდებულია (რომც არ სურდეს) ყურადღება მიაპყროს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და ერთგვარი განზრახულობათა სქემაც «შეადგინოს».
        ამ პრობლემებზე ამჟამად აქტიურად მუშაობენ ბუშის თანაშემწეები და მის გუნდის გავლენიანი წევრები, მათ შორის, რობერტ ზოლეკიც. ხოლო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან მომავალი სტრატეგიის გამომუშავებისას წინასწარ შედგენილ კონსულტაციათა გეგმაში, ბუნებრივია, ედუარდ შევარდნაძის ფიგურა უკანასკნელი არ იქნებოდა – ამერიკულ ისტებლიშმენტში მისი პირადი იმიჯისა და ამიერკავკასიის მზარდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გათვალისწინებით.
        თუმცა, ნიუ-იორკში «ათასწლეულის სამიტის» მსვლელობისას საქართველოს პრეზიდენტი დემოკრატთა ლიდერებსაც შეხვდება. საერთოდ, «ათასწლეულის სამიტის» ფარგლებში ედუარდ შევარდნაძემ უკვე არაერთი საინტერესო შეხვედრა გამართა.
        მათ შორის, ცნობილ ფინანსისტ, მულტიმილიარდერ ჯორჯ სოროსთან, რომელმაც თვითონ გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი და მას სასტუმროში ეწვია. ეს შეხვედრა ბევრმა ნიშანდობლივად მიიჩნია იმ აზრით, რომ ჯორჯ სოროსის ინტერესი სამხრეთ კავკასიისადმი თანდათან იზრდება.
        თუმცა მნიშვნელოვანი საფინანსო ოპერაციები ჩვენს ქვეყანაში მას ჯერ არ წამოუწყია, მაგრამ გარკვეული რისკის საფასურად 200-300 მილიონი დოლარის «გათამაშება» სოროსისათვის სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს. აქ ქართულ მხარეს უფრო მართებს სიფრთხილე, ვინაიდან ჯორჯ სოროსი მეტისმეტად რისკიანი მოთამაშეა, თუმცა მასთან თანამშრომლობას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია.
        გუშინვე, შევარდნაძე შეხვდა კასპიის ზღვის აუზის ენერგორესურსების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის სპეციალურ თანაშემწეს, ჯონ ვულფს.
        სარწმუნო წყაროთა ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა მას სთხოვა დაჩქარდეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის რეალიზაცია. საქართველომ ამისთვის უკვე ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. ახლა საჭიროა აზერბაიჯანმა და თურქეთმა გადალახონ მოლაპარაკებებისას წარმოშობილი სირთულეები.
        აზერბაიჯანელი და თურქი პოლიტიკოსების ამბიციებმა არ უნდა შეაფერხოს საუკუნის პროექტის განხორციელება. შევარდნაძემ ვულფს აგრძნობინა, რომ, თუ სიტუაცია გამწვავდა, საქართველოსაც შეიძლება გაუჩნდეს დამატებითი პრეტენზიები, თუმცა უკიდურეს გამწვავებამდე საქმე არ მივა.
        ვულფი, უეჭველად, გადასცემს შევარდნაძის პოზიციას როგორც თურქულ და აზერბაიჯანულ მხარეებს, აგრეთვე იმ კომპანიათა ხელმძღვანელებს რომლებიც პროექტში მონაწილეობენ.
        პრინციპში, ამჟამად განსაკუთრებული ეკონომიკური მიზეზები მშენებლობის დაწყების გაჭიანურებისათვის არ არსებობს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი უეჭველად მომგებიანი იქნება. ექსპერტთა აზრით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი უახლოეს მომავალში არ შემცირდება, პირიქით, შეიძლება გაიზარდოს კიდეც და 38-40 დოლარს მიაღწიოს ერთ ბარელზე.
        ამ ფაქტორმა უაზრობად აქცია რუსი პოლიტოლოგების წინასწარმეტყველება, რომ «დიდი ნავთობსადენი» არარენტაბელური იქნებოდა, მაგრამ შესაძლებელია საბოლოო მოლაპარაკებისას, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებს (აზერბაიჯანსა და თურქეთს, რომელთა პორტებიც იქცევა მთავარ ტერმინალად) შორის იმან გაამწვავა სიტუაცია, რომ საქართველომ ტარიფების საკითხზე მტკიცე პოზიცია დაიკავა და აზერბაიჯანი იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო – სატრანზიტო ტარიფები საქართველოსათვის გადაეცა.
        ამ პრობლემის საბოლოო გადაწყვეტა მხოლოდ დროის საკითხია და ვერანაირი უთანხმოება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის, აგრეთვე დასავლურ კომპანიათა თავდაჭერილობა «საუკუნის პროექტს» ვეღარ ჩაშლის.
        მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ყაზახეთში ნავთობის ახალი საბადოები აღმოაჩინეს და ამ ქვეყნის ხელმძღვანელობამ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ, უეჭველად, დასჭირდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი საკუთარი ნავთობის გასატარებლად.
        ასე რომ, ჯორჯ ბუშს, ამჯერად უფრო «დიდი გაზსადენის» ბედი აღელვებს. უკანასკნელიო მონაცემებით, ამერიკელებმა, როგორც იქნა, ყურად იღეს ედუარდ შევარდნაძის არაერთგის გაფრთხილება, რომ თუ არ შეასრულებდნენ თურქმენეთის პრეზიდენტის პრეტენზიებს, რუსეთი «თურქმენბაშთან» გარკვეულ დათმობებზე წავიდოდა და უეჭველად მოიგებდა, ხოლო ამერიკა გეოპოლიტიკურად ბევრს წააგებდა.
        «თურქმენბაში» კი ფინანსურ გარანტიებს ითხოვს წინასწარ დიდი გაზსადენის ასაგებად კასპიის ზღვის ფსკერზე აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლით - ევროპისაკენ.
        როგორც იქნა, ამერიკელებს შევარდნაძის ეს რჩევა ჭკუაში დაუჯდათ და თანახმანი არიან შეასრულონ «თურქმენბაშის» მოთხოვნა, რომელიც მან არაერთგზის გამოთქვა სწორედ ედუარდ შევარდნაძესდთან საუბრის დროს. ასე რომ, «დიდი გაზსადენის» პროექტის გარდაცვალებაზე საუბარიც ნაადრევი აღმოჩნდა.
        გუშინდელი შეხვედრიდან აღსანიშნავია აგრეთვე შევარდნაძის საუბარი აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანთან ჰენრი კისინჯერთან და ამერიკელ ბიზნესმენთა ჯგუფთან, რომელიც საქართველოსთან თანამშრომლობას აპირებს ტელეკომუნიკაციათა სფეროში.

მერიდიანი, 6 სექტემბერი, 2000 წელი