რადიკალური ნაბიჯების გარეშე ეკონომიკური კრახი გარდაუვალია

რადიკალური ნაბიჯების გარეშე ეკონომიკური კრახი გარდაუვალია

 

        საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის მონაცემებით, 29 მარტისათვის დეპარტამენტმა ბიუჯეტში (თვის დასაწყისიდან) აკრიფა 20 მლნ ლარზე მეტი, მათ შორის ცენტრალურ ბიუჯეტში - 0,7 მლნ ლარი. სულ წლის დასაწყისიდან ბიუჯეტში მოზიდულია 73 მილიონ 700 ათასი ლარი, რაც შარშანდელ პერიოდზე 13 მილიონ 100 ათასი ლარით ანუ 24,4\%ით მეტია.
        ზრდა თითქოს თვალშისაცემი და საგრძნობია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ლარის დევალვაციას, გამოდის, რეალური შემოსავლები შარშანდელთან შედარებით არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა კიდეც.
        სარწმუნო წყაროს ცნობით, ეს ვითარება პრეზიდენტის თავმჯდომარეობით ჩატარებული რამდენიმე საგანგებო თათბირის ძირითადი თემა გახდა. მაისში ჩამოდის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია (მსოფლიო ბანკი ერთი თვით ადრე გვეწვევა), რომელმაც ძირითადად უნდა შეაფასოს გადასახადების აკრეფის სფეროში არსებული მდგომარეობა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ანუ კვლავ გაუხსნას ან არ გაუხსნას საქართველოს საკრედიტო ხაზი.
        თუ საქართველომ იანვარ-აპრილის საბიუჯეტო შემოსავლების გეგმა ვერ შეასრულა, ახალ კრედიტებს სავალუტო რეზერვთა შესავსებად ეროვნული ბანკი ვერ მიიღებს.
        თითქოსდა, იმ პირობებში როცა ბანკი აღარ ახორციელებს ინტერვენციებს ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე, - ეს კატასტროფას არ მოასწავებს, მაგრამ საქმე ის არის, რომ უკლებლივ ყველა დონორი (პირველ რიგში მსოფლიო ბანკი), რომელიც საქართველოს ეკონომიკასა და ბიუჯეტს აფინანსებს, სავალუტო ფონდის რეკომენდაციას ელის, რათა განაახლოს დაფინანსება.
        ეს ვითარება ამჟამადაც საგრძნობია. იანვრიდან დაწყებული საქართველომ ვეღარ მიიღო დაპირებული გრანტები სხვადასხვა წყაროდან; შედეგად კი სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. სირთულეს - სირთულე ემატება, პენსიებისა და ხელფასების დავალიანება არათუ კლებულობს, არამედ იზრდება კიდეც და ეს ყოველივე ხდება საარჩევნო წელს.
        კიდევ ერთი «დამამძიმებელი გარემოება» ისაა, რომ ეროვნული ბანკი იძულებულია «მოჭრას» თანხა ხაზინიდან - საბანკო დავალიანების ანგარიშში, რათა არ დაუშვას ბაზარზე ფულადი მასის მეტისმეტი ზრდა, რაც აუცილებლად გამოიწვევს ინფლაციურ აფეთქებას.
        თუმცა, ინფლაციური ალბათობა მაინც მაღალია, მაგრამ «ნათელი წერტილივით» ჩანს ლარის «გათავისუფლების» დადებითი შედეგი, ანუ საფინანსო ბაზარი გათავისუფლდა ფინანსური წურბელა-სპეკულანტებისაგან, რომლებმაც 1995-1998 წლებში ეროვნულ ბანკს სისხლი (დოლარები, სავალუტო რეზერვი) გამოსწოვეს.
        შედეგად, ფინანსურ სისტემას თავისუფლად სუნთქვის საშუალება მიეცა და დოლარის კურსიც დასაშვებ ფარგლებში მერყეობს. მიუხედავად ამისა, მთლიანობაში, მდგომარეობა კატასტროფულია. ქვეყანა მართლაც «ბეწვზე» ჰკიდია. არ არის გამორიცხული, შეიქმნას ისეთი ვითარება, როდესაც ხელისუფლება, უბრალოდ, იძულებული გახდება (თავად რომ არ სურდეს) წავიდეს ემისიაზე, რათა თავიდან აიცილოს სამოქალაქო ომი.
        ემისია, რამდენიმე თვით, ზოგიერთ პრობლემას გადაწყვეტს, მაგრამ შემდგომ გარდაუვალია სრული კრახი, განადგურება და სახელმწიფოებრივი კოლაფსი.
        როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ამ საზარელი (არა მხოლოდ მისთვის, მაგრამ უპირველესად ქვეყნისათვის საზარელი) პერსპექტივის გაცნობიერება დაიწყო. ამიტომ, უახლოესი მომავლისთვის დამუშავებულია რამდენიმე რადიკალური გეგმა. უპირველეს ყოვლისა, სააქციზო მარკების შემოღებამ უნდა გადაჭრას კონტრაბანდის პრობლემა. თბილისსა და საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე კონტროლი მართლაც გამკაცრებულია. 20 მარტიდან ბაზარში თითქმის ვერ შეხვდებით უაქციზო სასმელს. 1 აპრილიდან (!) ასევე აიკრძალება არამარკირებული სიგარეტით ვაჭრობა, რაც გაცილებით ძნელი იქნება. სააქციზო მარკების გაყიდვით ბიუჯეტმა უკვე მიიღო 5-6 მილიონი ლარი; ეს, რასაკვირველია, წვეთია ზღვაში. თუმცა, სააქციზო მარკების მეშვეობით, შესაძლებელი გახდა ზოგიერთი სხვა «მომიჯნავე» პრობლემის გადაწყვეტა; მაგალითად, უკვე უაზრობაა ცხინვალის გავლით კონტრაბანდული სიგარეტისა და სასმელის შემოზიდვა, მაგრამ ეს საქონელი ცხინვალიდან შემოტანილი კონტრაბანდის საერთო თანხის (ჩანჩქერის, ზვავის!!!) მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს.
        ძირითადად კი ცხინვალიდან კონტრაბანდული გზით შემოაქვთ ფქვილი, ბენზინი. იქმნება ანეკდოტური სიტუაცია: ბენზინი საქართველოში გაცილებით იაფია, ვიდრე აზერბაიჯანში! აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ რაკი საქართველოს ხელისუფლება ვერ ახერხებს როკის გვირაბის გაკონტროლებას, ის სხვა ხერხებით შეეცდება კონტრაბანდის აღკვეთას.
        მაგალითად, უკვე მომზადებულია პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს ტერიტორიაზე ეთილირებული ბენზინის შემოტანის აკრძალვის შესახებ, ვინაიდან ასეთი სახის ბენზინი მხოლოდ რუსეთიდან შემოდის - ცხინვალის რეგიონის გავლით.
        ანალოგიური ხერხები და მეთოდები შესაძლებელია გამოიყენონ ფქვილის კონტრაბანდისტთა წინააღმდეგაც; ვთქვათ, აიკრძალოს გარკვეული სახეობის ფქვილით ვაჭრობა, რომელიც ცხინვალიდან შემოდის; მაგრამ აქ არის მეორე საშიშროება. ცხინვალის ხვრელის «ჩაკეტვა» უეჭველად გააძვირებს საქართველოში როგორც პურს, ასევე ბენზინს, რასაც შეიძლება სერიოზული სოციალური შედეგები მოჰყვეს; თუმცა, მეორე მხრივ, 700 გრამიანი პური თბილისში (ლარის დევალვაციის მიუხედავად) უკვე 35 თეთრი ღირს, მაშასადამე გააფთრებულ კონკურენციას პურის დიდი ქარხნები ვერ გაუძლებს.
        ეს ურთიერთდაკავშირებული პროცესია და დარწმუნებით ვერავინ იტყვის, რა მდგომარეობა შეიქმნება ქვეყანაში ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით.
        ყველაზე უარესი სწორედ ეს გაურკვევლობაა. ხელისუფლებას შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკური სტრატეგია, მაგრამ სახელმწიფოებრივ სტრუქტურათა სიმყიფემ, კორუმპირებულობამ, აგრეთვე ტაქტიკურმა შეცდომებმა (თუნდაც უნებლიემ) - ქვეყანა დაღუპოს.
        დღეს ვერც ერთი ეკონომისტი თუ პოლიტიკური მოღვაწე დარწმუნებით ვერ იტყვის (ვინაიდან ვერ გათვლის), რას მოუტანს ქვეყანას «სამხრეთ ოსეთში» ფაქტობრივად არსებული ოფშორული ზონის გაუქმება.
        მიუხედავად ამისა, მაინც მზადდება ძალზე სარისკო გადაწყვეტილება («სარისკო» არ ნიშნავს «არასწორს») რომლითაც პრეზიდენტს მიეცემა შესაძლებლობა, კონფლიქტურ ზონებთან დააწესოს დროებითი საბაჟო პუნქტები, ვინაიდან ბევრი ქართველი და ოსი მეწარმე (ისინი ხომ, როგორც ცნობილია, საქართველოს «გულმხურვალე პატრიოტები» არიან), დემაგოგიურად იყენებს ამ გარემოებას, რომ ცხინვალის რეგიონი ფორმალურად (სამწუხაროდ, მხოლოდ ფორმალურად) საქართველოს ტერიტორიის ნაწილია, ამიტომ ვითომდაც ცხინვალში შეძენილი საქონელი საბაჟო დაბეგვრას არ ექვემდებარება.
        უახლოეს მომავალში, შევარდნაძის პირადი მითითებით, დაჩქარდება «თბილსრესის» პრივატიზება. ამერიკული «აეს»-ი სურვილს გამოთქვამს, შეიძინოს ელექტროსადგური, რომლის ნომინალური ღირებულება 50 მილიონი დოლარია (ასეთი ობიექტისთვის თითქმის უმნიშვნელო თანხაა), დაჩქარდება აგრეთვე პრივატიზება ტელეკომუნიკაციების სფეროში.
        უდიდესი ფირმა «ერიქსონი» მზადაა სერიოზული ინვესტირებისათვის. რაც მთავარია, საქართველოს ხელისუფლება, როგორც იქნა მიხვდა, რომ ყოველთვის არ არის მიზანშეწონილი ტენდერების ჩატარება; ამიტომ უახლოეს მომავალში დაინერგება «პირდაპირი მიყიდვის» პრაქტიკა.
        რაც ყველაზე საინტერესოა, როგორც ჩანს, ხელისუფლებაში სერიოზულად განიხილება სახელმწიფო მონოპოლიის გამოცხადების საკითხი იმ დარგებში, რომელთა ფუნქციობა პირდაპირ არ უკავშირდება საბაზრო ეკონომიკას.
        მაგალითად, მზადდება გადაწყვეტილება «სათამაშო ბიზნესის» მონოპოლიზაციის თაობაზე სახელმწიფოს მიერ. დღევანდელ ვითარებაში ეს უაღრესად დროული შეიძლება აღმოჩნდეს, ვინაიდან არაბული ქვეყნების დიდ ნაწილში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში სათამაშო ბიზნესი აიკრძალა.
        მაშასადამე, გვაქვს შესაძლებლობა მთელი ეს უზარმაზარი თანხები საქართველოს ბიუჯეტში დაილექოს, ვინაიდან «კერძო ბიზნესი» ისე გაეშმაკდა, მიზერული თანხის (მაგიდიდან 2000 ლარის) გადახდაც არ სურდა ბიუჯეტის სასარგებლოდ და ე.წ. - «თბილისის საკრებულოში» ლობისტური ჯგუფები აამოქმედა ამ მიზნით.
        კიდევ ერთი პროექტია ლატარეების მონოპოლიზაცია, რამაც ისეთი შემოსავალი შეიძლება მოიტანოს, რომ სპორტისა და კულტურის დოტირება საჭირო აღარ იქნება.
        თუმცა, სამწუხაროდ, ყველა (თუნდაც კეთილშობილური) პროექტი იმავე კორუმპირებულმა ბიუროკრატიამ არ უნდა განახორციელოს?!

7 დღე, 30 მარტი, 1999 წელი