რუსული პრესის ფურცლებიდან შოვინისტური შხამი წვეთავს...

რუსული პრესის ფურცლებიდან შოვინისტური შხამი წვეთავს...

 

    «ნეზავისიმაია გაზეტა» ბოლო დრომდე რუსეთის დემოკრატიული პრესის ფლაგმანად ითვლებოდა, მაგრამ უკანასკნელ ხანს რუსული საზოგადოების ცნობიერებაში მომხდარმა თვალსაჩინო ცვლილებებმა, - შოვინისტური, იმპერიული ტენდენციების გაძლიერებამ, როგორც ჩანს, ამ გაზეთსაც შეუცვალა მიმართულება.
    საოცარია: «ნეზავისიმაია გაზეტას» იგივე რედაქტორი ჰყავს, რაც 1990-1992 წლებში, მაგრამ მას შემდეგ თვით გაზეთი, მისი სახე და შინაარსი ძირფესვიანად შეიცვალა; დღეს «ნეზავისიმაია გაზეტა» რუსეთის ყველაზე ბნელი, შოვინისტური ძალების რუპორია.

    ამის ნათელი დადასტურებაა ანონიმური «მოხსენება» სახელწოდებით «დსთ: ისტორიის დასაწყისი თუ დასასრული». იგი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ოდესღაც «რესპექტაბელურად» მიჩნეულ გაზეთში. იმთავითვე უნდა ითქვას, რომ «მოხსენების» ავტორები ან არ მიიჩნევენ საჭიროდ თავიანთი ზრახვების დაფარვას და არად აგდებენ რუსეთის ხელისუფლების აშკარა დისკრედიტაციას, ან ელემენტარულად ჭკუა არ ჰყოფნით იმის გასათვლელად, რომ ამგვარი პასკვილის გამოქვეყნებით, შოვინისტურ-იმპერიული «ნააზრევის» სააშკარაოზე გამოტანით, თვითონ უთხრიან ძირს საკუთარ «დერჟავას» და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ტერიტორიაზე მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებს.
    თავად განსაჯეთ: მას შემდეგ, რაც ავტორები («მოხსენების» ტონისა და შინაარსის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ავტორები არიან «ნეზავისიმაია გაზეტას» მუდმივი რესპონდენტები - კონსტანტინე ზატულინი და ანდრონიკ მიგრანიანი) აღიარებენ, რომ რუსეთს ამჟამად არ გააჩნია დსთ-ს მიმართ გააზრებული პოლიტიკა. ისინი იქვე «ახეთქებენ» თავხედურ დებულებას: «რუსული სახელმწიფოებრიობის კონსოლიდაცია უეჭველად მოითხოვს პოსტსაბჭოური სივრცის მნიშვნელოვანი ნაწილის გაერთიანებას რუსული სახელმწიფოებრიობის ერთიან სივრცეში.» ასე პირდაპირ და თავხედურად არათუ «ნეზავისიმაია გაზეტას», არამედ თვით რუსი ფაშისტების რუპორ «ზავტრა»-საც კი არ გაუმჟღავნებია რუსეთის ყველაზე შავ-ბნელი ძალების გულისწადილი.
    იქვე, საერთაშორისო საზოგადოების «ნეგატიური როლის» თაობაზე მსჯელობას ენაცვლება ნაცნობი ფაშისტური ნოტა «რუსი ხალხის მწარე ხვედრისა და მისი დანაწევრების» შესახებ. ასევე წუწუნებდნენ გერმანელი ფაშისტებიც 30-იანი წლების დასაწყისში. იმ დროს კაცობრიობამ ამას ჯეროვანი ყურადღება არ მიაქცია და რაც მოიმკა - საყოველთაოდ ცნობილია.
    «ნეზავისიმაია გაზეტას» ავტორებს არც «ევრაზიული დერეფნის» იდეა ეპიტნავებათ და არც ახალი საკომუნიკაციო მაგისტრალის მშენებლობა ცენტრალური აზიიდან - ევროპაში, ვინაიდან, თურმე ნუ იტყვით, ამგვარი მაგისტრალი «...ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას რეგიონში და შეასუსტებს რუსეთის გავლენას». ანუ, რაც უფრო ღარიბი და ძალაგამოცლილი იქნებიან ცენტრალური აზიის და კავკასიის ქვეყნები - მით უკეთესი რუსეთისათვის, რომელმაც (ავტორის აზრით) უნდა იმოქმედოს პრინციპით: «რაც უარესი - მით უკეთესი» ჩეჩნეთის მაგალითი კი რუსეთმა იმისთვის უნდა გამოიყენოს, რომ ერთა თვითგამორკვევის პრინციპი დააყენოს ყველაზე მაღლა და ხელი შეუწყოს ახლადწარმოშობილი სახელმწიფოების დაშლას - მოახდინოს (მათ მიმართ) სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის იგნორირება, დასვას საკითხი პოსტსაბჭოური სივრცის ტერიტორიული გადანაწილების თაობაზე («თვითგამორკვევის» პრინციპიდან გამომდინარე).
    ძნელი მისახვედრი არ არის, რა საზარელ შედეგებს გამოიწვევს ამ «დოქტრინის» ამოქმედება ყველა ყოფილი «მოკავშირე რესპუბლიკისა» და თვით რუსეთისათვის. როგორც ჩანს, «ჩეჩნეთის გაკვეთილმა» ბევრი ვერაფერი ასწავლა რუსული ისტებლიშმენტის მნიშვნელოვან ნაწილს, ვინაიდან ანონიმი ავტორები (მადლობა ღმერთს) დარწმუნებულნი არიან, რომ მსოფლიო თანამეგობრობა არ დაუშვებს რუსეთის თავნებობას პოსტსაბჭოურ სივრცეზე. ამიტომ, ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ სხვაგვარ ტაქტიკას მიმართონ, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ ამ ტაქტიკის პირობებშიც კი, რუსეთს მოუწევს სერიოზულად დაუპირისპირდეს უკრაინას.
    «ახალი ტაქტიკა» კი «კარგად დავიწყებული ძველია» - ზატულინისა და მიგრანიანის «მოხსენება» მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, არ დაუშვან ახლადშექმნილი სახელმწიფოების «მყიფე სახელმწიფოებრიობის» განმტკიცება - ყველანაირად ეცადოს ამ ქვეყნებში არასტაბილურობის პროვოცირებას, მოუხსნას ბლოკადა აფხაზეთს, რათა გადმოიბიროს ჩრდილოეთ კავკასიის «არავაინახური» ნაწილი «საქართველოს ხარჯზე», ხელი შეუწყოს «ჩრდილოეთ» და «სამხრეთ» ოსეთის გაერთიანებას; გააძლიეროს სეპარატისტული ტენდენციები აჭარაში; დაეხმაროს ჯავახეთში მოქმედ სომეხ სეპარატისტებს, საქართველოს ტერიტორიაზე ძალით (!) შექმნას სომხეთისა და რუსეთის დამაკავშირებელი კორიდორი (!!!) ანუ, ფაქტობრივად, მოახდინოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია და ა.შ..
    «მოხსენების» დასკვნა «ნეზავისიმაია გაზეტას» რედაქტორის «წონა ოქროდ» ღირს: «მხოლოდ დესტაბილიზაციის პერსპექტივა საქართველოსა და აზერბაიჯანში შეუშლის ხელს ამ ქვეყნებში სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას რუსეთის საწინააღმდეგო საფუძველზე, მხოლოდ ამ გზით შეიძლება შევუშალოთ ხელი დიდი ფულის (ინვესტიციების) შემოსვლას რეგიონში და რუსეთის წასვლას ამიერკავკასიიდან».
    ნამდვილად სასიხარულოა (ვიმეორებ), რომ რუსული შოვინისტური ძალების რუპორები ასეთი უტიფრად თავხედები არიან და ესოდენ აშკარად აცხადებენ თავიანთ გულისნადებს - რაც საშუალებას გვაძლევს უკეთ მოვემზადოთ და ჩანასახშივე აღვკვეთოთ მათი ბინძური გეგმის განხორციელება საქართველოში.

«მოქალაქე» 28 მარტი, 1997 წ.